საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა 2020 წლის 26 თებერვალს. COVID-19-ით დაავადებული პირველი პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა 2020 წლის 26 თებერვალს, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 16 მარტს.
ტესტირება
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით:
სულ ქვეყანაში 9 მილიონ 151 ათას 235 ტესტი ჩატარდა
ეს არის PCR და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირების ჯამი.
მთელ მოსახლეობაზე რომ გადავანაწილოთ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე 2.5 ტესტი გამოდის.
საშუალოდ, დღეში 1579 ტესტი ტარდებოდა.
გაკეთებული 9 მილიონზე მეტი ტესტიდან 6.7 პროცენტი იყო დადებითი. ანუ 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ტესტირების სრული დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში 6.7 პროცენტია.
COVID-19-ზე ტესტირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს 58 ლაბორატორია.
ვინ ხდებოდა ავად
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ინფიცირებულთა შორის:
• 0-დან 15 წლამდე ბავშვები - 10 %
• 15-24 წ. მოზარდები და ახალგაზრდები - 12 %
• 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანები - 22 %
სიკვდილიანობა
თუკი ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო შედარებით აქტიური ასაკის მოსახლოებაში 29-50 წელი, სიკვდილიანობის მაჩვენებლი უფრო მაღალი იყო 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში, ყველაზე მაღალი კი - 80 წელს ზემოთ ადამიანებში.
სიკვდილიანობის მაქსიმალური მნიშვნელობები დაფიქსირდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში.
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე 2 399 შეადგენს
ოქტომბრის მონაცემებით, საქართველო მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში 1 მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელით.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 48.9 პროცენტი ქალია, 51,10 პროცენტი - კაცი.
გარდაცვლილთა 69 პროცენტს ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.
ქრონიკულ დაავადებებს შორის სჭარბობდა კარდიო-ვასკულარული დაავადებები (69.1%), ჰიპერტენზია (- 35.3%), დიაბეტი (25.5%), ონკოლოგიური დაავადება - (5.8%), ფილტვის ქრონიკული დაავადება (4.4%).
ყველაზე ხშირად ინფიცირებულები იღუპებოდნენ შემდეგი გართულებებით: პნევმონია (74.7%), სუნთქვის უკმარისობა (73.6%), რესპირაციული დისტრეს სინდრომი (- 25.8%), გულის უკმარისობა (19%).
ფოტო: AFP
ბავშვები და კოვიდი საქართველოში
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკის 90 680 ბავშვი დაინფიცირდა. ეს არის ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა 7 ათას 708 ბავშვს. ეს ინფიცირებული ბავშვების 8,5% პროცენტია.
საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 8 ბავშვი.
კოვიდი და ორსულები
COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 85 ათას 345 ორსული.
მათგან 7 ათას 338 ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი - 8.6 პროცენტია.
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
ორსულები კორონავირუსით ყველაზე ხშირად ავადდებოდნენ ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
სრულად ვაქცინირებულ ორსულებში COVID-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია.
კოვიდი და სამედიცინო პერსონალი
COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 6.4%-ს შეადგენს.
პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა
გარდაცვლილთა შორის 40.2 პროცენტი იყო კაცი, 59.8 პროცენტი ქალი. გარდაცვლილთა 68.4 პროცენტი 30-დან 70 წლამდე იყო.
ინფიცირებულ ჯანდაცვის მუშაკებს შორის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ეს იმიტომ, რომ ექთნები და სანიტრები, რომლებიც ავადმყოფებს უვლიან, ძირითადად ქალები არიან.
რომელი შტამები ცირკულირებს
საქართველოში უმეტეს წილად ეს სამი შტამი ცირკულირებდა:
2020 წლის ნოემბერში საქართველოში პირველად დაფიქსირდა ალფა / ე.წ. ბრიტანული შტამი, ხოლო 2021 წლის თებერვლიდან მისი ინტენსიური გავრცელება დაიწყო.
2021 წლის მაისის ბოლოს საქართველოში გამოჩნდა დელტა / ე.წ. ინდური შტამი. ეს შტამი 2021 წლის აგვისტოში უკვე სრულად დომინირებდა მანამდე გავრცელებულ ყველა სხვა შტამთან შედარებით.
გარდა ამისა, მალევე გამოჩნდა ე.წ. დელტა+ ვარიანტი დამატებითი მუტაციებით. ეს შტამი მუდმივად განიცდის ცვლილებებს და სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული მუტაციებით განაგრძობს გავრცელებას.
ლუგარის ცენტრი ქვეყანაში გავრცელებული შტამების სისტემატიურ მონიტორინგს ახორციელებს, რათა შესაძლო ახალი მუტაციებისა და ვარიანტები გამოავლინოს. ამ მიზნით ყოველკვირეულად 50-ზე მეტი ნიმუშის სექვენირება ხდება
COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო 2021 წლის 15 მარტს.
1 ოქტომბრის მონაცემებით, ანუ ვაქცინაციიდან თითქმის შვიდი თვის თავზე ჩატარებულია 1 მილიონ 802 ათას 566 დოზა აცრა, აქედან სრულად აცრილია 813 ათას 437 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.7 პროცენტს შეადგენს.
დღეში დაახლოებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 85 დოზა აცრა კეთდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით კი, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყანამ აღადგინოს თავისი ეკონომიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობა, საჭიროა, სრულად აიცრას მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზით აცრების 52 პროცენტი თბილისში ჩატარდა.
ვაქცინაციის შემდგომი გართულებები
2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული 1 802 612 აცრიდან, იმუნიზაციის შემდგომი გართულების (იშგამი) 1699 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 6 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის შუალედში „ფაიზერის“ ვაქცინაციისას 892 გართულება გამოვლინდა, „სინოვაკისას“ - 135, „სინოფარმისას“ - 309 და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისას - 363.
გართულებების ყველაზე მეტი, 30.1 პროცენტი, 60 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებს გამოუვლინდათ.
აცრის შემდგომი გართულების 1 699 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 180 შემთხვევა. აქედან ჰოსპიტალიზებულია 156 პაციენტი (44- სტაციონარში, 112- ამბულატორიაში). გარდაიცვალა 6 ადამიანი (სტაციონარში - 5, ბინაზე - 1).
დოკუმენტის მიხედვით, ექვსი ლეტალური შემთხვევიდან 5 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია. ერთი შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.
იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა იშგამის 102 შემთხვევა განიხილა: იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადი აღმოჩნდა 60 შემთხვევა; არათავსებადი - 29; გაურკვეველი - 12.
გართულებებს შორის იყო 9 სავარაუდო ანაფილაქსიის შემთხვევა. 213 - ალერგიული რეაქცია, 360 შემთხვევა ტემპერატურის მატების და სხვა.