View Static Version
Loading

ქალები ავანგარდიდან

გრძელ, ფრიალა ქვედაბოლოში გამოწყობილი ბოშა, მხრებზე მოგდებული ჭრელი თავსაფრით, უდარდელი, მხიარული ხასიათით, მომღერალი და მოცეკვავე მხოლოდ ფილმებსა და დღესასწაულებს შემორჩა.

ამ ქალების რეალური სახე დღეს სხვაგვარია, - დიდ ფერად ჩანთებთან ერთად, თითოეული საკუთარ მძიმე ისტორიას დაატარებს.

დარსა თუ ავდარში, ქუთაისის ქუჩებში დადიან და წინდებს ყიდიან. ხშირად ბაზრის კუთხეში იკრიბებიან და ბოშურ ენაზე ხმამაღლა საუბრობენ. ესეც მათი სახასიათო თვისებაა.

ქუჩაში ვაჭრობის გარდა არცერთს არაფერი უკეთებია, რადგან არც განათლება აქვთ და არც პროფესია. ასე აღიზარდა ქუთაისელი ბოშა ქალების თაობები.

.სარფიანი დღის იმედით, ქუჩაში დილაუთენია გადიან. მთელი დღე ფეხით დადიან და ფეხზე დგანან.

ხანა ქუთაისში დაიბადა და რაც თავი ახსოვს, ქუჩაში ვაჭრობს. მთელი დღე ფეხზე დგომით, ხვეწნა–მუდარით გაყიდული წინდებით დღიურად 10 ლარს შოულობს. მისთვის ყოველი დღე ერთნაირია, რადგან არც მარშუტი და არც გარემოება იცვლება. ამის მიუხედავად, მხიარულია.

ხანა 54 წლის. წინდებით მოვაჭრე ბოშა ქალი.

„კარგი სამსახური საიდან უნდა მქონდეს. მაგაზე ვერც ვიოცნებებ. მე არასოდეს მისწავლია, მაგრამ აწი ჩემმა შვილებმა მინდა ისწავლონ. ასე კალგოტკებით რომ არ იარონ,“ – ამბობს ხანა, რომელიც ოჯახმა ადრეულ ასაკში გაათხოვა.

ხანას მსგავსს ისტორიებს ყვებიან ბაზრის კუთხეში მდგომი სხვა ბოშა ქალებიც. ქართულად წერა–კითხვა არცერთ მათგანს უსწავლია. მათ ოჯახებში პრიორიტეტი „ქალის პატრონს ჩაბარება“ იყო.

პატრისია 48 წლის. ქუთაისში მცხოვრები ბოშა.

„მაშინ კაცებს არ უდოდათ, რომ გვესწავლა. მე 16 წლის გავთხოვდი. შვილები რომ ჩნდებიან მერე რთულია ცხოვრება. ოჯახი უნდა არჩინო, ქმარს დაეხმარო,“ – ამბობს პატრისია, რომელიც ხანასთან და დანარჩენ ბოშა ქალებთან ერთად, ოჯახის რჩენას გაყიდული წინდებით ცდილობს.

მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, უმეტესობისთვის შინ დაბრუნებაც რთულია.

რაისა ალიმოვას ფიცრული ავანგარდში (უბანი ქუთაისში), სასაფლაოებს შორის დგას. ირგვლივ სულიერი არავინ ცხოვრობს.

რაისას სახლიდან მის სამუშაო ადგილამდე ძალიან შორია. თოვლიან და წვიმიან ამინდშიც ფეხით, ანუ „საკუთარი ავტობუსით“ სიარული უწევს და სულ ტალახიანია.

55 წლის რაისა მძიმე პირობებში ცხოვრობს. ალიმოვების ოჯახი გათხბობას ისევ შეშით ახერხებს.

"ბოშების ცხოვრება გაჭირვებულია. ჩვენ მაინც ციგნებად მიგვიჩნევენ და თან რომ არავინ არ გადაგვყვება, ამას მივეჩვიეთ," – ამბობს ღმერთის იმედად დარჩენილი რაისა.

რაისა ხშრად ლოცულობს.

14 წლის ასაკსი გაათხოვეს. მანამდე რუსულ სკოლაში მხოლოდ ერთი წელი იარა. ამას დღეს ძალიან ნანობს და უნდა, განათლება მისმა ძმისშვილმა მაინც მიიღოს. ლოლიტა მამიდის თხოვნას არ ასრულებს და სკოლაში სიარულზე კატეგორიულ უარს ამბობს.

„სკოლაში სამი თვე ვიარე. აღარ მინდა იქ წასვლა,“ – ამბობს ლამაზი ლოლიტა, რომელიც ფოტოზე მხოლოდ სილუეტის აღბეჭდვას დათანხმდა.

ლოლიტა 17 წლის.

ალიმოვებთან მეორედ სტუმრობის შემდეგ ლოლიტამ გაგვიმხილა, რომ სკოლაში სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ დადის. არ აქვს არც ამის განწყობა და არც სახლიდან გასასვლელი ფეხსაცმელი.

ალიმოვების სახლთან მისასვლელი გზა.

„რკინებს თუ ჩაიცვამ ამ ტალახებიანი გზიდან სკოლამდე ლამაზად რომ მიხვიდე. არ მიძლებს ტუფლები და არც მაქვს. არის კიდევ სხვა რამეები, რატომაც არ დავდივარ,“ – ამბობს ლოლიტა ალიმოვა.

ბოშა ქალების მძიმე ყოფა უმიროვების ოჯახშიც თვალსაჩინოა. იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ, უფროსი დიასახლისი, სხვა ბოშა ქალების მსგავსად, ქუჩაში გასაყიდი წინდებით სავსე ჩანთით დადის. საოჯახო საქმეებს კი მისი რძალი უძღვება.

უმიროვების სახლი, სადაც ფანჯრებს მინები არა აქვს და ოთახებში სითბოს დაკავებას აკრული ცელოფნებით ცდილობენ.

ანჟელა დოცენკო 14 წლის იყო, როცა უმიროვების რძალი გახდა. ახლა ოთხ შვილს ზრდის. ქართულად ლაპარაკი უჭირს, თუმცა თავისი ისტორიის მოყოლას მაინც ახერხებს.

ანჟელა დოცენკო 23 წლის ოთხ შვილთან ერთად.

„არასოდეს მისწავლია. ოჯახი არ მიშლიდა, მაგრამ მე თვითონ არ მინდოდა. ახლა ვნანობ ამას. ვიცი, შეცდომა დავუშვი. ნასწავლი რომ ვიყო, ვიმუშავებდი, რაღაცას გავაკეთებდი, უფრო მეტს ჩემი შვილებისთვის,“ – ამბობს ანჟელა.

ანჟელას ოთხი შვილის დამოუკიდებლად გაზრდა ძალიან უჭირს.

ანჟელა საკუთარი შეცდომის გამოსწორებას შვილებზე ცდილობს. უფროსი გოგონა სკოლაში დაჰყავს. 6 წლის პატრინა ქუთაისის 38–ე საჯარო სკოლის პირველკლასელია. მეცადინეობა მოსწონს. როცა რამეს ვერ იგებს დედა ვერ ეხმარება, მაგრამ აუცილებლად ეკითხება მასწავლებელს.

პატრინა 6 წლის.

პატრინას ხათრით სკლაში ნაჩოროც დადის. ისინი მეზობლები და მეგობრები არიან. ზოგჯერ ერთად მეცადინეობენ და ერთმანეთს ეხმარებიან.

პატრინა და ნაჩორო

ნაჩოროსაც მთელი დღე ჯართის ძებნას სკოლაში სიარული ურჩევნია.

ნაჩორო 7 წლის
პატრინა

„ნაჩორო ჩემი მეგობარია. მე ყოველდღე გაგვუვლი, ხოლმე მას და ერთად მივდივართ სკოლაში. ბებიამისი ამის გამო ძალიან ბედნიერია. ნადია ბებოს აზრი კი აქ ყველასათვისაა მთავარი,“ – ამბობს პატრინა.

ნაჩოროს ბებია ბოშათა დასახლებაში მთავარი ქალია. ის თემის ბელადის ცოლია. ამიტომ ნადია, იგივე დაშა იბრაგიმოვას აზრს თემის ყველა ქალი ითვალისწინებს.

დაშა 57 წლის. პირველი ქალბატონი ბოშათა თემში.

დაშა 17 წლის გათხოვდა. 40 წელია თემის ბელადის, მამაჩი იბრაგიმოვის ცოლია. ამბობს, რომ ბოშა ქალებმა განსაკუთრებული სიყვარული იციან.

ხელზე ქმრის სიყვარულის ნიშნად ამოტვიფრულ სვირინგს სიამაყით გვიჩვენებს.

სამუდამო სიყვარულის ნიშნად, დაშამ საკუთარი და ქმრის სახელის ინიციალები ხელზე ამოიტვიფრა.

ნადიას ცხოვრებაც რთულია. მას განათლება არ მიუღია, თუმცა ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შესძინა და იცის, რომ უკეთესი მომავალისთვის სწავლა აუცილებელია.

„ისეთი დრო მოვიდა ყველამ უნდა ისწავლოს. ჩემს დროს ასე არ იყო, ბავშვებმა კი უნდა იმეცადინონ უკეთესად ცხოვრებისთვის,“ – გვეუბნება დაშა იბრაგიმოვა.

დაშა და მამაჩი

ქუთაისის სკოლებში ბოშა გოგონების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რადგან ახლა, თემში, თუ მის გარეთ ყველა იბრძვის, რომ ამ მოსწავლეებმა საშუალო განათლების მიღება მაინც მოახერხონ.

Created By
Ana Janashia
Appreciate
NextPrevious

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.