Loading

ბავშვი გზაზე სიცოცხლისთვის საშიში ვითარება სკოლებთან

7 წლის ელენეს ერთი თვის წინ მანქანა დაეჯახა. გოგონა მუსიკალურ სკოლასთან გზას მარტო კვეთდა, როცა ავტომობილმა არ გაატარა. ელენე გადარჩა. სხეულის მსუბუქი დაზიანება და ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, დედას დაჰყავს.

7 წლის ელენემ ავტოავარიის დროს განცდილი შიში ნახატით გადმოსცა.

„ვარდისფერი იმიტომაა, რომ გადავრჩი,“ - გვეუბნება ელენე

„სტრესი მიიღო, თორემ გზის გადაჭრა დამოუკიდებლადაც შეუძლია. განცდებისგან განთავისუფლებისთვის ვთხოვე ჩემთან ელაპარაკა და ვარდისფრად დანახული ავარია დახატა,“ - ამბობს ელენეს დედა.

ელენეს დედა სკოლასთან მისასვლელ გზაზე საგზაო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ძალიან ვიწრო ქუჩაა, თანაც ორივე მხრიდან მანქანებია გაჩერებული. ავტომობილები სწრაფად მოძრაობენ. საჭიროა ბარიერი გაკეთდეს, “ - ამბობს ელენეს დედა.

ელენეს მსგავსად, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მუსიკალურ სასწავლებელში 450 მოსწავლე დადის. მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ქუჩაზე სიჩქარის შემაკავებელი ბარიერის მოწყობის აუცილებლობაზე სკოლის დირექტორიც საუბრობს.

მუსიკალურ სასწავლებელთან ორი წლის წინ დამონტაჟებული სიჩქარის შემაკავებელი მიმდინარე წლის ზაფხულში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს აიღეს. სამუშაოები სამი თვის წინ დასრულდა. თუმცა, შემზღუდველი ბარიერი ამდრომდე არ გაუკეთებიათ.

მუსიკალური სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე „პარკინგსერვისის“ მიერ დაკავებულია ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი ადგილიც. მოსწავლეები საქალაქო ტრანსპორტს პირდაპირ შუა გზაზე ელოდებიან.მერიის საკუთრებაში არსებულ შპს „პარკინგსერვისში“ განმარტავენ, რომ ტერიტორია ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული გაჩერებისთვის, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სწორედ ამ ადგილით სარგებლობენ გაჩერებისთვის მძღოლებიც და ქვეითებიც, მონიშვნას უახლოეს მომავალში გააუქმებენ.

უსაფრთხოების ნორმების არარსებობას უკავშირებენ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლასთან მომხდარ კიდევ ერთ ავარიას.როგორც სკოლის დირექტორი გვიყვება, ავტოავარია ორი თვის წინ მოხდა, თუმცა ეს შემთხვევა ელენეს მსგავსად "ვარდისფრად" არ დამთავრებულა.

„მე-6 და მე-7 კლასელები გზას ჭრიდენ. ბავშვებს მსუბუქმა ავტომობილმა დაუთმო გზა, თუმცა გვერდით მომავალმა ავტობუსმა არა და მოზარდებს გადაუარა,“ - ამბობს N33-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა.

ავარიის შედეგად მცირეწლოვნებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ბავშვები გადარჩნენ. N33-ე საჯარო სკოლა, ქუთაისში ცენტრალურ ქუჩაზე, გზის პირას მდებარეობს. ტერიტორიაზე არც სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი, არც ქვეითთა გადასასვლელი და არც გამაფრთხილებელი ნიშნებია მოწყობილი.

ახალგაზრდობის ქუჩის მსგავდად, გადაადგილება უჭირთ მეორე საჯარო სკოლასთანაც.

ნინო, 14 წლის: „როცა ძალიან წვიმს უზარმაზარი გუბეები დგება, სახლიდან გამოპრანჭული კი მოვდივართ, მაგრამ თუ შესასვლელთან დიდზე არ ვისკუპეთ, მთელ დღეს სველი ფეხსაცმელებით გავატარებთ.“

მეორე საჯარო სკოლასთან გზის ორმოული შეკეთების აუცილებას ქუთაისის მერიაშიც ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში აპირებენ.

ამ დრომდე, კურიოზული ვითერბა იყო მე-12-ე საჯარო სკოლასთან. უკუღმა დამონტაჟებულ შუქნიშანს ფეხით მოსიარულეები ვერ ხედავდნენ.

მერიაში არასწორად დამონტაჟებული შუქნიშნის შესახებ ქუთაისიპოსტისგან შეიტყეს. საქმის გასარკვევად რამდენიმე საათი ითხოვეს, რაც რეაგირებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„ავტომობილი დაეჯახა ბოძს, რის გამოც შეტრიალდა ნიშანი, თუმცა უკვე შემოატრიალეს“,- თეონა გიორგაძე, პრესსამსახურის უფროსი.

მე-12-ე საჯარო სკოლასთან პრობლემაა „ზებრა“ გადასასვლელიც. ის იმდენად გაცრეცილია, ვერც ქვეითად მოსიარულე ხედავს და ვერც ავტომობილის მძღოლი. მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" გვითხრეს, რომ ამ პრობლემითაც დაინტერესდებიან.

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით, საპატრულო პოლიციას, ქუთაისის ათი სკოლის (N6, N7, N 38, N 17, N 29, N 30, N31, N32, N 33, N35) დირექტორმა მიმართა. მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. ყოველდღიურად კი თითოეულ საჯარო სკოლაში სულ მცირე ასორმოცდაათი, ხოლო დიდ სკოლებში ათასხუთასამდე ბავშვი დადის. სამწუხაროდ, ყველა ავტო-საგზაო შემთხვევა, „ვარდისფრად“ არ მთავრდება.

როდის მოხდება სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების ნიშნების განთავსება, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამაზე პასუხს მოგვიანებით მოგვაწვდიან, თუმცა იმასაც განმარტავენ, რომ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან.

ავტორი: ანა ჯანაშია

NextPrevious

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.