Loading

ბორჯომი - ბოლო გაჩერება მარგო ლესკოს ბლოგი და ფოტორეპორტაჟი ბორჯომიდან, JAMnews

ზამთრის არდადაგებზე ბორჯომში დავდივარ. არ ვიცი რა ვნება გამიჩნდა ამ სრულიად დეპრესიული ქალაქის მიმართ. ძაღლიც კი მოწყენილია აქ. მთელი ხროვა ისე ჩაგივლის, ზედ არ შემოგხედავს, თავსაც კი არ ასწევს ზემოთ.

ერთი დათოვლილი ვერცხლისფერი ნაძვის ქვეშ გაბეღურებული მოხუცი ქალი შეყუჟულა და ჭრაჭუნა ვარდის მურაბას ყიდის. ვყიდულობ და ვნეტარებ. მოხვედი გენაცვალე? - ისე შემომძახებს ხოლმე თავისი გაპარული ხმით, რომ როგორ გინდა არ იყიდო? შავი პალტოს საყელოზე ბროში დაუსვამს, ოდესღაც მეც „ქალი“ ვიყავიო. მინდა ჩავეხუტო. რომ გავბეღურდები, მეც დავისვამ ბროშს პალტოს საყელოზე და თვალის შევლებისას გამახსენდება, ქალი რომ ვიყავი მეც ოდესღაც.

პარკის შესასვლელის ჯიხურში გოგო ზის და შესასვლელ ბილეთებს ყიდის. „ბილეთი ორი ლარი!“ - ისეთი ცივი ხმით გიპასუხებს, რომ აღარ გაბედო შეკამათება, რა ბილეთი? რისთვის? თოვლში რომ ნაფეხურები დატოვო იმისთვის? შენს მაგივრად ვიღაცა ქალი იჩხუბებს: „ყაჩაღები ხართ რაა, ზაფხულში რომ იყოს ეს ფასი გასაგებია, ეხლა როცა არაფერი არ მუშაობს რაში მახდევინებთ, კერძო პირისაა? სამი ბავშვი მყავს. აქვე ვიქირავე ბინა, პარკთან ახლოს ვიყო მეთქი და ყოველ დღე რვა ლარს ვიხდი იმაში რომ 50 მეტრი იქით გავიარო და 50 მეტრი აქეთ.“

სანამ პარკამდე მიხვალთ, იქვე მარჯვნივ სასტუმრო "ქრაუნ პლაზა" აღმრთულა, აზევსებულა, აზვინებულა. იმხელა კონტრასტია ზღურბლს იქით და ზღურბლს აქეთ, გული მოგიკვდება. მის მოპირდაპირე მხარეს მთელი ქუჩის გაყოლებაზე ნაირ-ნაირ ფარდაგებს, გირჩის მურაბებს, გირჩის მტვერს, ხის ჭურჭელს და ხელნაკეთ სამკაულებს ყიდიან. ფერადია ყველაფერი. თითქოს ამ ფერებმა უნდა გაგახალისოს, მაგრამ ვერა.

პარკის ბოლოში ულამაზესი ხეივანია, განსაკუთრებით ღამითაა შთამბეჭდავი - დიდი დათოვლილი ხეები, გრძელი სკამები და ლამპიონები. ხეივნის ბოლოში შენობა დგას, წინა ფასადზე უბადლო გრაფიტით:

- სოკო გიყვარს?

- კი.

- ფეხზე მაქვს.

ქუჩაში ყველგან კატებია მიხატული. აქაურ ქუჩის მხატვარს კატები უყვარს ეტყობა და თავის სიყვარულს ესე გამოხატავს.

მიყვარს ამ ქალაქის ყველაზე მიყრუებული, უპატრონო ადგილიც კი. მთელი ბორჯომის ხეობა ულამაზეს ყვავილს მაგონებს, რომელიც ეს-ესაა უნდა გაიშალოს, მაგრამ მივა იქაური მაწანწალა ძაღლი, მიაფსამს და გაახმობს მომდევნო წლამდე და ასე მეორდება წლიდან წლამდე.

დათოვლილი ბორჯომი ელენე ახვლედიანის ნახატებს ჰგავს, ტილოზე დაპაუზებულ გამოსახულებებს, რომელთა მიღმა სიცოცხლე თვლემს.

ადამიანებიც ლანდებივით დადიან, ყოველდღიური რუტინის უხალისოდ შესასრულებლად. ბორჯომის პარკსაც თითქოს სიცოცხლეს გამოაცლიან ხოლმე ზამთარში და მარტო სტუმრებს ახარებს აკეცილი კარუსელების, დაკეტილი კაფეების, უფუნქციოდ ჩამოკიდებული საბაგირო ვაგონის ირგვლივ ყიჟინა და სელფები.

ბორჯომის ცენტრში, ერთი ულამაზესი სახლია. საახალწლოდ ისეა მორთული, როგორც კევინის სახლი. აი ის, „მარტო სახლში“ რომ ცხოვრობს.

პატრონი როგორც ჩანს გავიდა არსებული რეალობიდან. ერთი ეგაა, რომ გარემოს ფონზე ეს მორთული სახლი ისე ჩანს, როგორც ქორფა მწვანილი მკვდარი გოჭის პირში, საახალწლო სუფრის შუაში რომ ჩაუდგამთ.

ძველი სახლების „სასაფლაოა“ აქაურობა, არ აქვს მნიშვნელობა მიტოვებულია თუ ცხოვრობენ შიგნით.

ულამაზესი, შუშაბანდიანი სახლები, მთებზე იარუსებად გაშლილი, ლეგოს ფიგურებივით რომ მიწყობილან ერთმანეთზე, ყველა ფიგურა რომ სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა.

ეზოებზე ეტყობათ რომ ადამიანები აქ კი არ ცხოვრობენ, არსებობისთვის იბრძვიან. სად ტაშტი გდია, სად ცოცხი, სად შეშა, სად ძველი ავეჯი, სახლიდან გამოყრილი, ისევ ძველმანების ბუდედ რომ ქცეულა. ვუყურებ და სულ ვფიქრობ რა სილამაზეა ჩაკარგული.

ერთი სახლი მომწონდა, მწვანე დიდი შუშაბანდით და წითელი ფარდებით. ერთ წელსაც გავიარე და შუშაბანდი ამოშენებული დამხვდა, ორი მეტალოპლასტმასის ფანჯრით. ვერც გაამტყუნებ. შუშაბანდი სითბოს ვერ იჭერს. იმ ეზომ კი საერთოდ დაკარგა ხიბლიცა და ავთენტურობაც. მაგრამ მშიერ კაცს ავთენტურობაზე ვერ დაელაპარაკები.

პირველ ფოტოზე შუშაბანდი ჩანს, მეორეზე უკვე მოშენებაა.

აი, ამ კარზე, დროს აქა-იქა შერჩენილი ცისფერი საღებავი ქვად უქცევია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ ერთ დროს ფოსტალიონს სამკუთხედი ბარათები დაჰქონდა. ერთხელაც ოთხკუთხედი მოიტანა და იმის მერე აქ კარი აღარ გაღებულა.

ყველაზე სევდიანად მაინც ქალაქის სამკერვალო სალონი გამოიყურება. ერთი და იგივე დღეს და საათზე გავიარე შარშანწინ და შარშან. თითქოს არც გასულა ერთი წელი. ძველებური კედლის საათის დიდი ისარი რომ პატარა ისარს წამოედება, ვეღარ იძვრის და ერთ ადგილას წიკწიკებს, იმას გავს აქ დრო.

ყველაფერი იგივეა, ფანჯარაზე გაკრული „წვიმით“ დაწყებული, მკერავი ქალის ჯემპრითა და თმის სიგრძე-ვარცხნილობით დამთავრებული. ბოლოს აქ ვნახე რაფაზე შემოდებული ბარაბნიანი ტელეფონი, რომელიც ფუნქციონირებს.

ვინ იფიქრებს რომ ამ ორ ფოტოს შორის ერთი წელია სხვაობა?

მდინარეზე დიდი თეთრი ხიდი გადადის, სილამაზის ხიდს ეძახიან. ღამით განათებულია. ეს ხიდი მაგონებს იმ პირველ აგურს, რომელიც პატარა ევროპული ქალაქის ასაშენებლად დადეს, მაგრამ მერე მიატოვეს მშენებლობა. მიყვარს ამ ხიდზე გადასვლა-გადმოსვლა, იმედით მავსებს, რომ ოდესმე ქალაქის მშენებლობა გაგრძელდება.

ამ ფოტოს "ქართლის ცხოვრება" დავარქვი:

კიდევ უფრო სევდიანია ბორჯომის რკინიგზის სადგური. მატარებლის ძველი ვაგონები და მგზავრობის დრო ბორჯომიდან თბილისამდე და პირიქით, რომელიც ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება. მანქანით ორი საათის სავალს, მატარებელი ხუთსაათნახევარს რომ უნდება.

სამაგიეროდ კუკუშკა მატარებელი მაბრუნებს ბავშვობაში. ფანჯარასთან მოვკალათდები და გავყურებ თოვლიან პეიზაჟებს. მივყვები და უკან მოვყვები ისევ. როგორც კი ფეხს ჩამოვდგამ ვაგონიდან, ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ბუხრის პირას გავეხვიე საბანში.

მაინც თბილა ამ ქალაქში. იმიტომ რომ სული აქვს, სული, რომელიც სახლების საკვამურებიდან ამოდის. სული, რომელიც ფანჯრებზე ფიფქებად და საახალწლო აპლიკაციებადაა გაკრული და გიხარია, რომ აქაც უხარიათ ახალი წელი.
Created By
JAMnews თბილისი
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.