View Static Version
Loading

საქართველო 2018. წლის ათი მთავარი მოვლენა JAMnews, თბილისი

ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების, გამარჯვებებისა და დამარცხებების, რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირების და მძიმე ადამიანური ტრაგედიების 365 დღე.

რით დაგვამახსოვრდება და როგორ შევა ისტორიაში 2018 წელი?

10 მთავარი მოვლენა, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაზე.

1

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი

რა მოხდა: თითქმის ერთი წელია, რაც აქამდე ყველასათვის უცნობი ორი კაცი თბილისის ცენტრში მრავალათასიან აქციებს აწყობს, შიმშილობს და პარლამენტის შენობის წინ კარვებში ცხოვრობს. შვილმკვდარი მამები - ასე მოიხსენიებენ პანკისელ მალხაზ მაჩალიკაშვილს და თბილისელ ზაზა სარალიძეს. მათ ერთმანეთი პარლამენტის წინ, მიტინგზე გაიცნეს და მას შემდეგ თანამებრძოლები გახდნენ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - დაისაჯონ მათი ახალგაზრდა შვილების მკვლელები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ ერთი წლის განმავლობაში ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოში სისტემასთან ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ. მათი შვილების მკვლელობები ყველაზე გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეებია, რომელიც “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოხდა. შვილმკვდარი მამები გაჩუმებას არ აპირებენ. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ საქმეების გამოძიებისას დაშვებული შეცდომები, შესაძლოა, საბედისწეროც კი აღმოჩნდეს “ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ისტორიები სრულიად განსხვავებულია:

ფოტო: დავით ფიფია/ JAMnews

დათუნა სარალიძის ისტორია

ზაზა სარალიძის 16 წლის შვილი დათუნა სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს მისივე თანატოლებმა თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკვლელობას ათეულობით მოწმე ჰყავდა, დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის დღემდე არავინ დასჯილა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობაში პროკურატურის მაღალჩინოსნის ნათესავია გარეული, ამიტომ გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე ჩაეფარცხა. სარალიძის სიტყვებს საქმის მრავალი საეჭვო დეტალი ამყარებს.

“სისტემა დამეჯახა მე. ყველა შემომიერთდით ამ სისტემის წინააღმდეგ. მე ამ სისტემას დავანგრევ”, - ეს ზაზა სარალიძის სიტყვებია.

ფოტო: ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ. დავით ფიფია/JAMnews

თემილრან მაჩალიკაშვილის ისტორია

მალხაზ მაჩალიკაშვილის 19 წლის ვაჟი თემირლანი 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა ის თავში დაჭრა.

სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილების ოჯახში გვიან ღამე შეიჭრნენ, როცა ოჯახს ეძინა. თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ საძინებელში ესროლეს ისე, რომ მან ლოგინიდან ადგომაც ვერ მოასწრო.

სამართალდამცავთა მტკიცებით, თემირლანს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი და მას იმ მომენტში ესროლეს, როდესაც ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა.

ყუმბარის არსებობას, ასევე კავშირს ტერორისტებთან კატეგორიულად უარყოფს ოჯახი. სამართალდამცავებთან ასევე ბევრი კითხვა აქვთ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სახალხო დამცველსაც. მათი აზრით, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ წარმოადინა თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ფოტო: მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციაზე. ლევან მიქაძე/ JAMnews

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ფოტო: ლევან მიქაძე/ JAMnews

2

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

რა მოხდა: 2018 წლის 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს. მეორე დღეს 35 წლის ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილი ოსური და რუსული მხარეების მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში ცხოვრობდა. იგი ახალგორის მაღაზიებს თბილისიდან ჩატანილი პროდუქტებით ამარაგებდა.

ოსური მხარის ვერსიით, ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლეს და იგი ძალადობის მსხვერპლია.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოსური მხარე თითქმის ერთი თვის განმავლობაში არ უბრუნებდა ოჯახს. დაბრუნებულ ცხედარს კი, როგორც ექსპერტიზა ასკვნის, მრავალი დაზიანება ეტყობოდა. ცხედარს ამოცლილი ჰქონდა გული, ტვინი და სხვა შინაგანი ორგანოები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კონფლიქტის ზონაში რუსი და ოსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა თუ დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. დაკავებები რეგულარულად ხდება. ტატუნაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი მყიფე და სახოფათოა იმ ადამიანთა ყოფა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ და როგორი დაუცველია იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები.

ფოტო: მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

3

კამპანია #metoo საქართველოში

რა მოხდა: სულ მცირე ათმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (სიდა) ხელმძღვანელი და ცნობილი უფლებადამცველი ზვიად დევდარიანი.

სექსი დასაქმების სანაცვლოდ, შევიწროება სამსახურში, არასასურველი მესიჯები სოციალურ ქსელებში სექსუალური შინაარსის შეთავაზებებით, არასასურველი ფიზიკური კონტაქტი – ეს ის ბრალდებებია, რომლებსაც ქალები დევდარიანს უყენებენ. თავად ზვიად დევდარიანი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ხუთ საქმეს სახალხო დამცველი სწავლობდა. აქედან სამ საქმეზე სექსუალური შევიწროება დაადგინა, დანარჩენი ორი კი, ხანდაზმულობის და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქალები, რომლებიც დევდარიანს შევიწროებაში ადანაშაულებენ, საკუთარ ვინაობას საჯაროდ არ ასახელებენ. მათ საკუთარი ისტორიები მხოლოდ ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთან მოყვნენ. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი დიდი გამბედაობა იყო.

საქართველოში, სადაც საზოგადოება პატრიარქალურია, ქალები თითქმის არ საუბრობენ სექსუალურ ძალადობაზე, რადგან ხშირად საზოგადოების მხრიდან არაადეკვატურ რეაქციას აწყდებიან – ხშირია შემთხვევები, როდესაც საზოგადოება არა მოძალადეს, არამედ თავად მსხვერპლს ადანაშაულებს. #metoo-ს ქართულ ანალოგს მოწინააღმდეგეებთან ერთად ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, რომლებიც ამ ისტორიას საქართველოში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ახალ ფურცლად მიიჩნევენ.

ფოტო: იანა კორბეზაშვილი/ JAMnews

4

ტყიბული - მუშების სასაკლაო

5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულის შახტში ავარიის შედეგად ექვსი მუშა დაიღუპა.

2 ივნისს, ტყიბულში კიდევ ორი მუშა დაიღუპა. 16 ივლისს დილით კი, ისევ მინდელის სახელობის შახტში, აფეთქების შედეგად ოთხი მეშახტე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. მხოლოდ 2018 წელს საქართველოში შახტში უბედური შემთვევების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა.

ტყიბულისა და ჭიათურის შახტები და მაღაროები არასათანადო და მოძველებული უსაფრთხოების ნორმების გამო სასაკლაოდ იქცა.

მიუხედავად ამისა, 1500 ადამიანისა და მათი ოჯახებისთვის ამ სამუშაოდან მიღებული შემოსავალი ერთადერთი საარსებო წყაროა. მეშახტეების საშუალო ხელფასი დღეს დაახლოებით 800 ლარია, თუმცა არის კატეგორია, რომელთა ანაზღაურება მხოლოდ 350 ლარს შეადგენს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: იმიტომ, რომ ყოველი ახალი შემთხვევა გვახსენებს, როგორი დაუცველია საქართველოში მუშა და როგორ არ იცვლება სიტუაცია წლიდან წლამდე.

ფოტო: 8 წლის ლიზა ბაბუის, 55 წლის მეშახტის, არჩილ გამეზარდაშვილის ცხედართან. არჩილი მინდელის შახტში ავარიის დროს დაიღუპა. 2018 წლის 20 ივლისი, ტყიბული. დავით მძინარიშვილი/REUTERS

ტყიბული მინდელის შახტში ავარიის შემდეგ. 2018 წლის ივლისი. ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

5

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა თამბაქოს მოწევა

რა მოხდა: საქართველოსთვის, სადაც სიგარეტის მოწევა შეიძლებოდა აბსოლუტურად ყველგან, პირველი მაისი მართლაც ისტორიული დღეა. ამ დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თბილისური გაბუღული კაფეები და რესტორნები წარსულს ჩაბარდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 33 პროცენტი მწეველია და ყოველწლიურად 31 ათასი ადამიანი თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით იღუპება.

ფოტო: JAMnews

6

რეიდები ღამის კლუბებში და რეივ-რევოლუცია

რა მოხდა: 12 მაისს, ღამის პირველ საათზე პოლიციამ ღამის კლუბ "ბასიანსა" და თბილისის კიდევ რამდენიმე კლუბში ანტინარკოტიკული რეიდი მოაწყო. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს ადამიანებზე იძალადეს. დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს. იმავე ღამეს თბილისში სტიქიური აქციები დაიწყო. ახალგაზრდები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაც იყო. აქციებზე უკრავდა ელექტრონული მუსიკა, მომიტინგეები კი ცეკვავდნენ ისე, როგორც ღამის კლუბში.

იქვე ულტრანაციონალისტებმა კონტრაქციაც გამართეს. პარლამენტთან შეკრებილ ახალგაზრდებს ნარკომანებს ეძახდნენ და ხელისუფლებას მათი დარბევისკენ მოუწოდებდნენ.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მომიტინგეებთან შს მინისტრი მივიდა, ხისტი სპეცოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა და ულტრანაციონალისტებთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მომიტინგეებს დაშლა სთხოვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მომიტინგეებისთვის ამ აქციას განსაკუთრებული შედეგი არ მოუტანია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თბილისის რეივ-რევოლუცია ბევრმა დასავლურმა მედიამ გააშუქა. შს მინისტრის დაპირების მიუხედავად, არც ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ამ შემთხვევამ კარგად გამოკვეთა ხელისუფლების ტაქტიკა -აქციას სამართალდამცავები არ დაშლიან, თუმცა ნებისმიერ აქციასთან ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ე.წ. კონტრაქცია, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფია და რომლის მიზანია შექმნას “სამოქალაქო დაპირისპირების” ილუზია, დააშინოს დემონსტრანტები და აიძულოს ისინი წავიდნენ მოლაპარაკებებზე.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

7

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოწევის ლეგალიზაციაზე

რა მოხდა: 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელის საფუძველზე გააუქმა მუხლი, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარება აკრძალული იყო და მისი მოხმარება “ექიმის დანიშნულების გარეშე” ისჯებოდა ადმინისტრაციული სასჯელით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შედეგად მარიხუანის მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა.

სასამართლოს ამ გადაწვეტილებას შს სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონი მოყვა, რომელიც მარიხუანის მოხმარების რეგულაციებს და წესებს აწესებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, რომლის შეცვლასაც უკვე წლებია ითხოვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტები. ევროპის საბჭოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში საშუალოდ ყოველი მე-3 პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდის.

ფოტო: აქცია პარლამენტთან მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. ლევან მიქაძე/ JAMnews

8

საქართველო - საპატიო სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

რა მოხდა: 2018 წელს ფრანკფურტის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველო იყო. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული თავყრილობა ადამიანებისთვის, რომლებიც წიგნის ინდუსტრიაში არიან ჩართული - მწერლებისთვის, მკითხველებისთვის, გამომცემლებისთვის. იგი ყოველ წელს, ოქტომბერში იმართება და ტრადიციულად, ყოველ წელს, წიგნის ბაზრობას ჰყავს გამორჩეული სტუმარი-ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. 2018 წელს ასეთი ქვეყანა საქართველო იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ეს იყო დიდი შანსი, უკეთ გაეცნო მსოფლიო მკითხველისთვის თავისი ლიტერატურა და კულტურა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი ადვილი მოსაპოვებელი არ არის. ამ საკითხზე მუშაობა საქართველომ ჯერ კიდევ 2010 წელს, მაშინდელი კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას ინიციატივით დაიწყო.

ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

9

სასტიკი მკვლელობები და კრიმინალის ზრდა

რაიან და ლორა სმიტები და მათი პატარა ბიჭუნა

6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ოჯახის დაკარგვის შესახებ. იმავე დღეს, დუშეთში, ხადას ხეობაში დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები იპოვეს, მომდევნო დღეებში კი ოჯახის სამივე წევრის - რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის გვამები. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის მწემსი მალხაზ კობაურია, რომელმაც წინასწარი ვერსიით, მკლელობები ლორა სმიტზე სექსუალური ძალადობის მოტივით ჩაიდინა.

ნანა ბერიაშვილი მშობლებთან ერთად

25 ოქტომბერს გორში 8 წლის ნანა ბერიაშვილი დაიკარგა. გოგონა სახლთან ახლოს სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, თუმცა გაკვეთილზე არ მისულა. შუაღამისკენ ბავშვის გვამი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში, მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს. ბავშვს ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა შემოხვეული. სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევი, 34 წლის იაგო ნებიერიძეა, რომელიც გორში ერთ-ერთ სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სიკვდილის წინ მან გოგონაზე იძალადა.

ამ ორმა ისტორიამ განსაკუთრებით შეძრა მთელი საქართველო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2018 წელს საქართველოში კრიმინოგენული ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა და ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს. შსს-ს 2018 წლის პირველი ათი თვის სტატისტიკა ამბობს, რომ რეგისტრირებული დანაშაული 60 პროცენტით არის გაზრდილი. 2018 წლის ათ თვეში სულ რეგისტრირებულია 49 057 დანაშაული, როცა 2017 წელს, დროის იმავე მონაკვეთში, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 30 659 იყო. სტატისტიკის თანახმად, დანაშაულის ზრდის პარალელურად შემცირებულია მისი გახსნის მაჩვენებელიც. თუ 2017 წელს შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის 53.56 პროცენტის გახსნა შეძლო, ეს მონაცემი 2018 წლისთვის 35.29 პროცენტამდე შემცირდა.

10

საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია

რა მოხდა: 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველომ რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. იგი 66 წლის სალომე ზურაბიშვილი გახდა.

არჩევნების მეორე ტურში ხმები ასე გადანაწილდა: სახელისუფლებო კანდიდატი და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, სალომე ზურაბიშვილი – 59. 52 %; გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი, გრიგოლ ვაშაძე – 40. 48 %.

ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ საქართველომ პირველივე ტურში ვერ აირჩია პრეზიდენტი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა სამართლიანი არ ყოფილა.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი პირველად აირჩიეს 6 წლის ვადით (აქამდე ხუთი წლით ირჩევდნენ). თუმცა, ახალ პრეზიდენტს გაცილებით ნაკლები უფლებები და ფინანსები აქვს, ვიდრე მის წინამორბედს ჰქონდა. ამასთან, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეს არის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა აირჩია. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება, რომლებიც საქართველოში 2020 წელს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები კი სწორედ საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყო, მიიჩნევენ ექსპერტები.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

ეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. საქართველოს პრეზიდენტებს შორის ის პირველია, ვინც საკუთარი ნებით უარი თქვა მეორე ვადაზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში. ფოტო: ირაკლი გედენიძე/REUTERS
Created By
JAMnews, თბილისი
Appreciate
NextPrevious

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.