ერთ სოფელში, ერთ დღეს 150 წლის ისტორია ფიცარ-ფიცარ დაიშალა. იდგა ორი ადამიანი და ამას უყურებდა. ერთი ახალგაზრდა იყო, მეორე მოხუცი.
"არ მავიწყდება ამ სახლის დანგრევის ამბავი. განსაკუთრებით, თავზარდაცემული მოხუცი გლეხი, „სამოთხე გვეკარგებაო“, რომ ყვიროდა", - ყვება ახალგაზრდა.
ეს სამოთხე რაჭის სოფელი ღები იყო, მოხუცი - სამოთხის მკვიდრი, ახალგაზრდა - სამოთხეში ნალიის საყიდლად ასული ლეჩხუმელი.
"მიტოვებული რომ არ ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა. ამიტომ დანარჩენების გადარჩენა გადავწყვიტე", - გვიყვება ახალგაზრდა, ლეჩხუმური კილოთი.
მოხუცის ამოძახილმა ახალგაზრდა სოფლის დანგრეულ გზებს გაუყენა. სამ თვეში 8 ათასი კილომეტრი გაატარა, წყალტუბოდან – ცაგერამდე ათობით სოფელი მოატარა და 25 – მდე ძველი ოდისთვის ახალი მეპატრონე აპოვნინა.
ლექსო ჩარკვიანი 40 წლის არის. 15 წლისა, ოჯახთან ერთად, სოფელ აღვიდან ქუთაისში გადასახლდა. მაშინ ლეჩხუმში კერის მოდარაჯედ ბებია-ბაბუა დარჩა. წლების მერე სოფლის სახლი გამოიკეტა. ლექსო ქუთაისში დასახლდა. ოჯახს მოეკიდა და რამდენიმე სამსახურს ერთდროულად მოჰკიდა ხელი. აღვში პერიოდულად ადიოდა. ნალიაც იქ გადასატანად უნდოდა. მის თვალწინ „დაკარგულმა სამოთხემ“ სოციალურ ქსელში ამ სახელით გვერდი შეაქმნევინა, ტელეფონით შეაიარაღა და სოფლებში მიტოვებული სახლების აღწერა დააწყებინა. ჯერ გამოკეტილი ოდის პატრონს პოულობს და მერე სოფელში დაბრუნების თუ არა, აგარაკის ქონის მსურველს ფეისბუქში ეძებს.
სოფლებში მოძიებული ინფორმაციის გავრცელებისთვის გასამრჯელოს არ იღებს. ოჯახის ერთადერთი მარჩენალს მიაჩნია, რომ თუ ეს საქმე ბიზნესად იქცა, მადლს დაკარგავს. სამაგიეროდ, ძალიან სწყინს, როცა ამას სხვები არ იჯერებენ.
"პირიქით, საკუთარ ფინანსებს ვხარჯავ. ზოგჯერ გამიჭირდა თანხის დაზოგვა და სპონსორის მოძებნა ვცადე. მხოლოდ საწვავით დახმარებისთვის. რამდენჯერმე სამინისტროებსაც მივწერე. ზოგან არ მიპასუხეს, ან მიპასუხეს კარგია სოფლებზე რომ ვზრუნავ, მაგრამ ჩვენ ვერაფრით დაგიჭერთ მხარსო,"
იმერული სოფელი ცხუნკური ქუთაისიდან 40 წუთის სავალზეა. ვიდრე დასახლებაში შეხვალთ, ჯერ მოასფალტებულ, შემდეგ, ორმოებიან გზას გაივლით.
სამაგიეროდ დაგხვდებათ ფართოდ გაშლილი მინდვრები, გორაკები, ჩუქურთმებიანი პატარა ოდა სახლები. თითოეული პატრონის ხასიათზე, სოფლის ისტორიასა და ცხოვრებაზე მეტყველებს, მაგრამ სულიერის პოვნა გაგიჭირდებათ. სოფელი თითქმის ცარიელია.
ცხუნკურში საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2014 წელს 500 – მდე ადამიანი ცხოვრობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 2016 წლამდე დასახლება 40 ოჯახამდე შემცირდა.
მიმდინარე წელს, სოფელში 20 ოჯახიღა ცხოვრობს.
ამ რეალობის ფონზე, ბოლო ორ თვეში, ცხუნკურში ოთხი სახლი გაიყიდა. შესაბამისად, დაცლის ზღვარზე მყოფ სოფელს, გაცოცხლების პერსპექტივაც გაუჩნდა.
"დაცარიელებულ სოფელს განსაკუთრებული სმენა აქვს. უცხო ხმას ფანჯრიდან ეჭვიანი მზერა მოჰყვება. თუმცა, როცა გაგიცნობენ, ეჭვი ნდობით ეცვლებათ. მომდევნო ჩასვლაზე იმედიანი თვალით გიყურებენ. თითოეული გაყიდული სახლი უზომოდ უხარიათ. ჩემთვის ამაზე დიდი ანაზღაურება არ არსებობს," – გვიამბობს ლექსო, რომელიც ვერ გვეუბნება, თუ რას აპირებენ სოფელ ცხუნკურში შეძენილი 4 სახლის ახალი მეპატრონეები.
"საზაფხულო „დაჩას“ მოვაწყობთო, ასე გვითხრა ერთმა ოჯახმა. ესეც ხომ შეღავათია. სახლები უპატრონობით არ დაინგრევა და სეზონურად მაინც გაივსება სოფელი," – ამბობს სოფელ ცხუნკურში მცხოვრები გულნაზი პაიკაძე.
არასეზონურად სოფელში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. ახალგაზრდები ჯერ უმაღლესი განათლების მისაღებად მიდიან, მერე სამუშაოდ რჩებიან და სახლში მხოლოდ ზაფხულობით ბრუნდებიან. სოფელში დარჩენილები თან ახალგაზრდებს გულშემატკივრობენ, უნდათ უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ - სამსახურით და ღირსეული შემოსავლით, თან „სამოთხეს“ დარდობენ, მათ თვალწინ რომ იკარგება. ამიტომაც ლექსო ჩარკვიანს ემადლიერებიან, ფიქრობენ, რომ მისი ძალისხმევით, ყოველი მომდევნო ზაფხული წინაზე ხმაურიანი იქნება.
"კეთილი კაცია. მისნაირად სხვებიც რომ იქცეოდნენ, დაცარიელებას გადარჩებოდა სოფლები. მაგალითად, ჩვენს სოფელში უკვე რამდენიმე სახლი გაყიდა, იმედი მაქვს, სხვებიც გამოჩნდებიან და სოფელიც გადაგვირჩება", – ემოციას გვიზიარებს ცხუნკურელი იასონ მხეიძე.
ვიდრე მოხუცები გულისტკივილით გვაჩვენებენ უპატრონოდ დარჩენილ სახლებს, ლექსო ფოტოებს იღებს, სოციალურ ქსელში ასატვირთად და მათთვის ახალი პატრონის მოსაძიებლად.
იმერული ხის სახლების განსაკუთრებულმა სიყვარულმა საგარეჯოში მცხოვრები ირინა ლექსომდე მიიყვანა. საკუთარი მეურნეობის განვითარებისთვის ისეთ სახლს ეძებდა, რომლის დაშლას და თავის სოფელში გადატანას შეძლებდა. სოციალურ ქსელში „დაკარგულ სამოთხეს“ მალევე მიაგნო და ხონის რაიონის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში ხის პატარა ოდა შეიძინა.
"ვაშლის და მაყვლის ბაღები მაქვს და ხის სახლი მჭირდებოდა. ერთი, რომ ძალიან მიზიდავს ხის სახლები და მეორეც, უფრო იაფია, ვიდრე ბლოკის სახლის აშენება. ლექსოს პოსტები რომ ვნახე, დავუკავშირდი, ჩამოვედი ქუთაისში. დამხვდა, წამიყვანა და რამდენიმე სახლი მაჩვენა. უკვე შერჩეული ჰქონდა. მაშინვე არ მიყიდია. ეს სახლი, რომელიც საბოლოოდ შევიძინე, ადგილზე არც მინახავს, ფეისბუკზე მქონდა მხოლოდ ნანახი, მაგრამ უკვე ისე ვენდობოდი ლექსოს, ვიცოდი, რასაც მეტყოდა, ისე იქნებოდა. ადამიანს ამდენი შეეძლოს, ამდენს ასწრებდეს, გასაკვირია. მარტო გაყიდვაში კი არ ეხმარება ხალხს, თვითონ დადის და ეძებს. თანაც უფასოდ. ასეთი პოზიტიური ადამიანი არც მინახავს", – გვიყვება ირინა მშვენიერაძე.
განადგურებას გადარჩენილი იმერული ოდა ამჟამად საგარეჯოში დგას, სადაც შეშის ღუმელში ცეცხლი, სახლში კი სიცოცხლე დაბრუნდა. ფიცრულ სახლში ახლა ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ირინას მეურნეობას უვლიან.
"ახლაც რომ ჩავდივარ, შეშის ღუმელს ანთებენ. ისეთი კარგი და სასიამოვნოა. თავისი ხიბლი აქვს, თავისი ისტორია ამ სახლს და საოცრად პოზიტიური განწყობა იქმნება", – ამბობს საგარეჯოელი ირინა მშვენიერაძე.
ოდა- სახლების გულშემატკივარის, ლექსო ჩარკვიანის მშობლიური სოფელიც სხვებივით დაცლილია. აღვში 350 ოჯახიდან მხოლოდ თხუთმეტია დარჩენილი.
ცარიელია ოდესღაც ყველაზე ხმაურიანი ადგილიც, სოფლის კალო.
"გონებით ახლაც ვხედავ კალოზე მოთამაშე პატარა ფატის, თეას, თამრიკოს, საკუთარ თავს. ცხელ პურს ვჭამთ და ბედნიერებისგან გიჟებივით ვიცინით", - გვიყვება ლექსო და თავის ახალ გეგმებს გვაცნობს, რომელიც აღვის გაცოცხლებას ეხება.
სოფელი, აღვი ხვამლის მთაზე გადადის. ანტიკური წყაროების მიხედვით, ხვამლი, იგივე ხომლი, არგონავტების მოგზაურობის მისტიკური ადგილი და ის მთაა, სადაც ზევსმა პრომეთე მიაჯაჭვებინა, რომელიც შემდეგ ჰერაკლემ დაიხსნა. ლექსოს ამ ლეგენდის გაცოცხლება სურს. ფიქრობს, ტურისტები თავისი სოფლის გავლით იმ მთით დააინტერესოს, რომელიც ჟიულ ვერნმა თავის რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ აღწერა. ასე სოფელს სიცოცხლეს დაუბრუნებს, ლეგენდარულ მთას კი პოპულარობას.
"სოფელი აღვიდან ხვამლის მთაზე გადადიხარ. ულამაზესი სანახაობაა. ეს ახლა არ დევს აქ ქვა ქვაზე, თორემ ადრე სამკურნალო აბანოებიც იყო. ზაფხულიდან სწორედ აქ ავიყვან ხალხს ვისაც გეგმაში აქვს ტურისტული პროექტი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომავალში ლეჩხუმი ტურისტულად მიმზიდველ მხარედ გადაიქცეს", – ამბობს ლექსო, რომელსაც სჯერა მცდელობას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
სოფელში გადასახლებაზე ჯერ არ ფიქრობს. საქმეც ბევრი აქვს და გეგმაც. ლეჩხუმში ხშირად ადის და საკუთარ ჭიშკარზე ბოქლომს დაჟანგების საშუალებას არ აძლევს. უკვე სამი თვეა ერთი მოხუცის სასოწარკვეთილი წამოძახილი მოსვენებას აღარ აძლევს და როგორც შეუძლია, ისე ცდილობს სამოთხე არ დაიკარგოს.
ანა ჯანაშია, მარიამ პატარაია