View Static Version
Loading

აზერბაიჯანი 2020 წელს: რისი გადატანა მოგვიწია? არჩევნები, პროტესტი, პანდემია, ომი

2020 წელი აზერბაიჯანისთვის მოვლენებით ძალიან დატვირთული და, საერთო ჯამში, არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა.

წელი აზერბაიჯანში წინასაარჩევნო რბოლით დაიწყო.

9 თებერვალს, ქვეყნის პარლამენტის არჩევნები გაიმართა. ხელისუფლების მიერ დაპირებული მილი მეჯლისის შემადგენლობის დიდი ნაწილი არ განახლებულა.

პარლამენტში, რეალური ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი აირჩიეს - ერქინ გადირლი პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივიდან“.

არჩევნების დასრულებისთანავე, ახალგაზრდა აქტივისტებმა და ოპოზიციონერებმა რამდენჯერმე სცადეს საპროტესტო აქციის გამართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ. ყველა აქცია პოლიციამ დაშალა, ზოგიერთი აქტივისტი დააპატიმრეს.

28 თებერვალს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი მოქალაქის შესახებ განაცხადა, მომდევნო დღეს, ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

2 მარტიდან დაიხურა ყველა სასწავლო დაწესებულება. ისინი დაკეტილია ამ დრომდე.

12 მარტს, აზერბაიჯანში, კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტის შესახებ განაცხადეს.

ამავდროულად, 8 მარტს, ფემინისტებმა ქალთა უფლებების დასაცავად და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ტრადიციული მარში გამართეს. აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

18 მარტს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პოლიტპატიმარი აფგან მუხთარლი გაათავისუფლა და ის მაშინვე გერმანიაში გაფრინდა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს. მუხთარლი 2017 წელს საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში იყო ბრალდებული.

23 მარტს, აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო პირველი ლოკდაუნი გამოცხადდა - ადამიანებს სახლიდან გამოსვლა აუკრძალეს. წლის განმავლობაში ეს აკრძალვა რამდენჯერმე დაწესდა, სახლიდან დღე-ღამეში 2-3 საათით გამოსვლის ნებართვის მიღება SMS-ით შეიძლება.

1 აპრილს, COVID-19-ის გამო, ბაქოს მეტროპოლიტენი დაიკეტა. ზაფხულის ბოლოს, ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობა მცირე ხნით გაიხსნა, მაგრამ მალევე ისევ დახურეს. ბაქოში მეტრო ამ დრომდე არ მუშაობს.

ივნისის დასაწყისში, ბაქოში პოლიციამ იმ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლების წინააღმდეგ ჩაატარა სასტიკი ოპერაცია, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. ადამიანები პირდაპირ საკუთარ სახლებში დააკავეს და ქუჩაში საცვლების ამარა გამოიყვანეს.

12-16 ივლისს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა. საბრძოლო მოქმედებები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა. აზერბაიჯანულმა მხარემ „ოთხდღიანი ომის“ შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოსახლე.

14-დან 15 ივლისის ღამით, ბაქოში არასანქცირებული აქცია გაიმართა ყარაბაღში ომის დაწყებისა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით. პროტესტის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტის შენობაში შევიდნენ. საბოლოოდ, არასანქცირებული აქციის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ 45 წევრი დააკავეს. ნოემბერში, ოპოზიციონერებს აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეუცვალეს და გაათავისუფლეს.

16 ივლისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი. სომხეთთან საზღვარზე ომის დღეებში ის სამსახურში არ იმყოფებოდა. ქვეყნის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი, განათლების ყოფილი მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი გახდა.

აგვისტოს ბოლოს, აზერბაიჯანში საქორწილო სკანდალი აგორდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რამიზ მეხტიევის სიძემ თავისი ქალიშვილის ქორწილი გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, მეხტიევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახდა.

9 სექტემბერს, ბაქოს ცენტრში, საპროტესტო აქცია გაიმართა ოპოზიციონერი ტოფიკ უაგუბლუს დაკავების წინააღმდეგ, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა საგამოძიებო იზოლატორში. დააპატიმრეს და მალევე გაათავისუფლეს აქციის, დაახლოებით, 40 მონაწილე. რამდენიმე დღის შემდეგ, ხელისუფლებამ იაგუბლუს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და შინაპატიმრობა შეუფარდა. ეს ოპოზიციონერის შიმშილობის მე-18 დღეს მოხდა.

სექტემბრის შუაში, აზერბაიჯანში, რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევა გამოცხადდა. ამავდროულად, ქუჩებში „პიკაპების“ კონფისკაცია დაიწყეს, რომლებიც საბოლოოდ მაინც დაუბრუნდათ მფლობელებს.

27 სექტემბერს, ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო. აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი დაწესდა.

ყარაბაღის მეორე ომი, 10 ნოემბერს, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერით დასრულდა. ომის შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა იმ ტერიტორიების დიდ ნაწილზე, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. ყარაბაღის მეორე ომის დროს, აზერბაიჯანის არმიამ 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, დაიღუპა 100 მშვიდობიანი მოსახლე.

10 დეკემბერს, ბაქოში, გამარჯვების აღლუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღეს.

Created By
JAMnews Baku
Appreciate