თბილისში უფასო სასადილოების მომსახურებით 40 446 ადამიანი სარგებლობს.
თუმცა, მსურველი გაცილებით მეტია. დედაქალაქის მასშტაბით 4 992 ადამიანი სათადარიგო სიაშია რეგისტრირებული და დღიური ულუფის მისაღებად თავის რიგს ელოდება.
თბილისის მერიის უფასო სასადილოებით მომსახურების 2019 წლის ბიუჯეტი 18 511 800 ლარია. ეს თანხა 2 მილიონი ლარითაა გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, თუმცა მაინც არასაკმარისია.
საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 20, 1 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
______________________
თბილისში 63 უფასო სასადილოა. ყოველ დღე, დღეში ერთხელ აქ სპეციალურ სიაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ადამიანები მიდიან და საკუთარ ულუფას იღებენ.
ძირითადი სიის გარდა, არსებობს დამატებითიც. დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები იმ შემთხვევაში შეხვდებათ, თუ ძირითადი სიის ბენეფიციარების დაკმაყოფილების შემდეგ რამე დარჩება.
არსებობს მესამე, სათადარიგო სიაც. ამ სიაში მყოფებს საკვებს არ აძლევენ. ისინი თავის რიგს ელოდებიან, რომ ძირითად სიაში მოხვდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 1.30 ლარია გათვალისწინებული.
და ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი იხარჯება უშუალოდ საკვებზე, რადგან ამ ერთი ლარითა და ოცდაათი თეთრით იფარება სასადილოს კომუნალური გადასახადები, იჯარა, თანამშრომლების ხელფასი და სხვა ხარჯები.
ხშირად უფასო სასადილოებში ისეთი უხარისხო საკვებია, რომ შეთავაზებული დღიური ულუფიდან ბენეფიციარები მხოლოდ პურს ჭამენ.
ძალიან პატარაა ულუფების ზომაც.
იმისთვის, რომ სასადილოს სადილი საკვებად ვარგისი და ნოყიერი გახდეს, ბენეფიციარები ხშირად თავად უმატებენ გარკვეულ ინგრედიენტებს. რა თქმა უნდა, იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ეს დამატებითი პროდუქტები აქვთ.
ნათია
ნათია ბაბუნაშვილი ორ შვილთან ერთად კოჯორში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
ის სოციალურად დაუცველია. მისი შემოსავალი 400 ლარია. ამ ფულის ნახევარი სოციალური დახმარებაა, მეორე ნახევარი კი, შვილების ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის თანხა.
ნათია ამბობს, რომ სოციალური დახმარებიდან მიღებული ფული საკვებად მხოლოდ ათი დღე ჰყოფნის.
დანარჩენი ოცი დღე კი, უფასო სასადილოთი სარგებლობს.
უკვე მეცხრე წელია, რაც საკვები კოჯრის უფასო სასადილოდან მოაქვს. აქაურ მენიუს კარგად იცნობს.
ამბობს, რომ საკვები ხშირად იმდენად უვარგისია, რომ მისი შვილები უმეტესად პურის გარდა ვერაფერს ჭამენ.
როგორია დღიური მენიუ
უფასო სასადილოების დღიური მენიუ ერთი მთავარი და ერთი დამატებითი კერძისგან შედგება.
მთავარი კერძი, როგორც წესი, წვნიანია.
მენიუში ასევე შეხვდებით ხილს ან ხილის კომპოტს.
უფასო სასადილოს დღიური საკვების კალორიულობა 1090-დან 1200-მდე მერყეობს. ხოლო ცილებთან და ცხიმებთან შედარებით ნახშირწყლები ჭარბობს.
მაგალითად, ორშაბათი დღის სადილი 1090 კალორიას შეიცავს. საკვებში ყველაზე დიდი წილი - 186.73 გრამი - ნახშირწყლებზე მოდის. ხოლო ყველაზე ნაკლები - 25.15 გრამი - ცხიმებზე.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი წერს, რომ ზრდასრული მამაკაცის საშუალო დღიური ნორმა 2500 კალორიაა, ხოლო ქალისთვის - 2000.
სასადილოს ბენეფიციარების დღიური ნორმა ამ ციფრზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი ასევე წერს, რომ ნახშირწყლები საკვების მთლიანი პორციის მესამედს უნდა შეადგენდეს. უფასო სასადილოს დღიურ მენიუში კი ნახშირწყლები ყველაზე მეტია.
ფოტოებზე ასახულია 3 ადამიანის ულუფა ერთი დღისთვის. ამ საკვებს ემატება თითო ბენეფიციარისთვის დღეში 250 გრამი (ნახევარი) პური, რომლის კალორიაც 550-ს უდრის.
კოჯრის უფასო სასადილოს ყოველკვირეული მენიუ ნათია ბაბუნაშვილმა ზეპირად იცის.
ის თითოეული დღის მენიუს შესახებ გვიყვება:
“მაწვნის სუპი წყალწყალაა"
ხორცს ხორცის გემო არ აქვს.”
"პურში სხვადასხვა უცხო საგნებს ვპოულობთ"
რას ამბობს კომპანია?
კოჯრის უფასო სასადილოს, სადაც ნათია ბაბუნაშვილი და მისი შვილები იკვებებიან, საკვებით შპს "ნილი" ამარაგებს.
შპს “ნილმა” თბილისის სამი რაიონის - მთაწმინდის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონების გამგეობებთან ხელშეკრულება მიმდინარე წელს გააფორმა.
შპს “ნილი” პასუხიმგებელია, რომ ამ სამი რაიონის სასადილოები საკვებით 2020 წლის დასაწყისამდე მოამარაგოს. ამისთვის კომპანია ჯამში 5 მილიონამდე ლარს აიღებს.
ამ კომპანიაში აცხადებენ, რომ საკვების დაბალ ხარისხთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს.
კომპანიაში არც პურში სხვადასხვა "უცხო სხეულების" აღმოჩენის შესახებ იციან რაიმე.
"ვერ იქნება ცუდი ხარისხის პური... იგივე პურია, რაც შეგვაქვს ბაგა-ბაღებში," - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი გიორგაძე.
აღნიშნული კომპანია მართლაც ამარაგებს თბილისის ბაგა-ბაღების ნაწილს საკვებით. 2019 წლის იანვარში შპს "ნილი" 30 ათასი ლარით დაჯარიმდა იმისა გამო, რომ მათ მიერ ბაგა-ბაღებში შეტანილ პროდუქტებს ნორმაზე ნაკლები ცხიმიანობა ჰქონდა.
ნონა
ნონას სამი შვილი ჰყავს. ისიც სოციალურად დაუცველია.
ნონა უფასო სასადილოს ბენეფიციართა სიაში სამი წლის წინ ჩაეწერა.
ამბობს, რომ სასადილოდან მხოლოდ პური მოაქვს, რადგან სხვა საკვებს ვერც თვითონ და ვერც მისი შვილები ვერ ჭამენ.
ნონას დიდი მანძილის გავლა უწევს ფეხით, რომ სასადილომდე მივიდეს.
“კილომეტრები უნდა გაიარო წყალწყალა საჭმლისთვის, რომელიც სახლში მოტანის შემდეგ თავიდან უნდა გააკეთო... ჯობია ფული მოგვცენ და ჩვენ თვითონ გავიკეთებთ სადილს," - ამბობს ნონა.
ნონას თხოვნით მისი სახელი და ხმა შეცვლილია.