2020 წელი საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წელია. ოქტომბერში ხალხი აირჩევს ხელისუფლებას, რომელმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ქვეყანა. ამ არჩევნებისთვის მზადება უკვე გასულ წელს დაიწყო. 2019 წელი საქართველოში დიდი ცვლილებებისა და პოლიტიკური კრიზისების წელი აღმოჩნდა.
რა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენებით დაგვამახსოვრდება და როგორ შევა ისტორიაში 2019 წელი?
11 მთავარი მოვლენა, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაზე.
1.
ამოქმედდა საპენსიო რეფორმა
2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
ყოველ თვე მოქალაქეებს ხელფასიდან გარკვეული თანხა ეჭრებათ, რომელიც საპენსიო ფონდში შეინახება და როდესაც ეს მოქალაქეები საპენსიო ასაკს მიაღწევენ, პენსიის სახით დაუბრუნდებათ.
საპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხელისუფლება ორი არგუმენტით ხსნის: პირველი – პენსიონერი უფრო ღირსეულ პენსიას მიიღებს და უზრუნველი სიბერე ექნება; და მეორე – ტვირთი შეუმსუბუქდება სახელმწიფო ბიუჯეტს.
რეფორმას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. რეფორმის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტია ის, რომ დაგრივილი ფული არ არის დაზღვეული რისკებისგან.
ფოტო: JAMnews
2.
გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებული კორპუსები
2019 წლის 16 იანვარს, საღამოს ცხრა საათზე დიდ დიღომში მაღალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. დაშავებულ რვა ადამიანს შორისაც უმეტესად არასრულწლოვანები იყვნენ. 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
19 ოქტომბერს აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ასევე მრავალსართულიან საცხოვრებელი კოპრუსში. მიზეზი - კვლავ გაზის გაჟონვა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
კორპუსში მოხდა აფეთქება ოქტომბერში თევდორე მღვდლის ქიჩაზეც.
2019 წელს რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა ასევე გაზის გაჟონვის შედეგად.
სულ 2016-2019 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებებისა და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი დაიღუპა.
ფოტო: პირველი არხი, რადიო თავისუფლება
3.
დაპირისპირება პანკისის ხეობაში
21 აპრილს პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ხეობაში არ შეუშვა მძიმე ტექნიკა, რომელიც ჰესის მშენებლობის სამუშაოებისთვის მიდიოდა.
პასუხად, პოლიციამ ხეობაში სპეცრაზმი შეიყვანა. მათ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს
ადგილობრივები სამართალდამცავებს ესროდნენ ქვებს, დაამტვრიეს და დაწვეს პოლიციის მანქანა.
დაშავდა 55 ადამიანი,17 ადგილობრივი მცხოვრები და 38 კი, პოლიციელი. დაზიანდა ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა.
ჰიდროელექტროსადგური “ხადორი -3”, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.
პროექტის თანახმად, ახალი ჰესის სოფელ ბირკიანთან უნდა აშენდეს. პროექტის თანახმად, 4,5 კილომეტრის მანძილზე მდინარე ალაზნის წყლის 90 პროცენტი მილსადენში მოექცევა.
პანკისელები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა გააუარესებს სასმელი წყლის ხარისხს, ხეობის ეკოლოგიას და საძოვრებზე აისახება, საძოვარი კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს.
ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონდა 27 ნოემბერს - პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირების მიზეზი ჰესი იყო. სატელევიზიო ინტერვიუებში ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის ნაწილის გადაბირებას და ჰესის მშენებლობაზე დაყოლიებას, რაც ადგილობრივებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება.
ფოტო: REUTERS/ ეკატერინა ანჩევსკაია
4.
"გავრილოვის ღამე", მშვიდობიანი მიტინგის დარბევა და ზაფხულის პროტესტები
2019 წლის საქართველოს პოლიტიკურ კალენდარში 20 ივნისი უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
20 ივნისს საქართველოში დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით დღემდეგ გრძელდება.
ქუჩის აქციები თბილისში სწორედ 20 ივნისს დაიწყო. ათასობით ადამიანის პროტესტის მიზეზი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გახდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა.
პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ეკითხებოდნენ ხელისუფლება – “რა უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? “
21 ივნისს, გამთენიას პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორმა თვალი დაკარგა. აქციის დაშლა ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აქციაზე მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა.
24 ივნისს ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა და მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მომიტინგეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა – მან პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.
ამ დაპირებიდან ხუთ თვეში ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯს გადადგამს - საკუთარ დაპირებას უკან წაიღებს, რაც პროტესტის ახალ ტალღას გამოიწვევს.
არ დაკმაყოფილდება მომიტინგეთა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა - თანამდებობიდან შს მინისტრის გიორგი გახარიას გათავისუფლება. ნაცვლად ამისა, გახარიას დააწინაურებენ და იგი პრემიერ მინისტრი გახდება.
მთელი ზაფხულის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო ორგანიზაცია "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული პერმანენტული აქციები მიმდინარეობდა. პროტესტების სიმბოლოდ იქცა ცალ თვალზე აფარებული ხელი, როგორც სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მიტინგის დაშლის დროს თვალში რეზინის ტყვია მოხვდათ.
ფოტო: REUTERS/ ირაკლი გედენიძე
5.
სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე და ორი ახალი ოპოზიციური ტელეარხი
2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელმაც შესძლებელი გახადა ოპოზიციურ არხს მფლობელი შეეცვალა და იგი პროსახელისუფლებო ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ბიძგი საქართველოში ახალი მედიარეალობა „რუსთავი 2“ – ის საქმეზე
ამგვარად, რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე თითქმის ოთხწლიანი დავა, რომლის უკან ხელისუფლება იდგა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
ახალმა მფლობელმა „რუსთავი 2“-დან გაუშვა დირექტორი ნიკა გვარამია, წამყვანი ჟურნალისტები და პროდიუსერები. იმავე დღეს არხი პროტესტის ნიშნად დატოვა საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა და ასევე სხვა თანამშრომლებმაც.
სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა საქართველოში ახალ მედიარეალობას.
ამ პროცესებიდან ზუსტად თვენახევარში მაუწყებლობა დაიწყო ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულმა ტელეკომპანიამ „მთავარმა".
ოქტომბერში კი, ეთერში გავიდა ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც სტუდია „ფორმულა კრეატივისა“ და სააკაშვილის დროინდელი ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ერთობლივი პროექტია.
სწორედ ამ ორ ტელევიზიაში გადანაწილდა "რუსთავი 2"-დან წასული ჟურნალისტების გუნდი.
შედეგად, 2019 წელს ქვეყანამ ორი ახალი კრიტიკული, ოპოზიციური არხი მიიღო.
6.
სიტუაციის გამწვავება კონფლიქტის ზონაში - ჩორჩანა-წნელისის კრიზისი
აგვისტოს ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი განათავსა.საპასუხოდ, ოსურმა მხარემ სოფელ წნელისის ერთ-ერთ სიმაღლეზე მოაწყო ახალი საგუშაგო.
ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნის ფაქტს ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ცხინვალმა ქართული საგუშაგოს გაუქმება მოიხოვა, რასაც ქართული მხარე არ დაეთანხმა.
ამის შემდეგ, ოსურმა მხარემ ჩაკეტა ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტები და აკრძალა გადაადგილება თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით.
ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ახალგორში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლის დიდ უმრავლესობას ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ.
ახალგორის მოსახლეობას რეგიონის დატოვების საშუალებას სამკურნალო მიზნითაც არ აძლევენ. მოსახლეობა ფაქტობრივად იზოლაციაში ცხოვრობს - ისინი ვერ გადმოდიან სამკურნალოდ, გადაუდებელი ოპერაციებისთვისაც კი. პენსიონერები ვერ ჩამოდიან პენსიის ასაღებად. ახალგორში ჩაკეტილები დარჩნენ სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც აგვისტოში საზაფხულო არდადეგებზე იყვნენ ჩასული. ადამიანები ვერ დადიან ოჯახის წევრების და ახლობლების დაკრძალვაზე.
7.
საეკლესიო სკანდალი - პატრიარქის დადანაშაულება პედოფილიაში
2019 წელს საქართველოს ყველაზე გავლენიანი და ჩაკეტილი ინსტიტუტი - მართლმადიდებლური ეკლესია ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური მოვლენების ეპიცენტრად იქცა.
თუ აქამმდე ეკლესიის, საპატრიარქოს და კონკრეტული სასულიერო პირების კრიტიკა საქართველოში ტაბუდადებული თემა იყო, ამჯერად ვითარება შეიცვალა და რაც ყველაზე მთავარია – ტაბუ ამ თემას თავად სასულიერო პირებმა მოხსნეს.
წელს ეკლესიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სასულიერო პირებმა შიდა დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანეს და ღია ომი გამოუცხადეს ერთმანეთს.
გავლენიანმა სასულიერო პირმა მეუფე პეტრემ ქვეყნის პატრიარქი ამხილა ეკლესიაში “პიდარასტული ცოდვის” გამო. “ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი პატრიარქი ” - თქვა მან.
ამ განცხადების შემდეგ კიდევ რამდენიმე სასულიერო პირმა ღიად ისაუბრა ქართლ ეკლესიაში გამეფებულ პედოფილიაზე, განუკითხაობასა და კორუფციაზე.
კიდევ ერთმა სასულიერო მაღალჩინოსანმა, სინოდის წევრმა, მეუფე იაკობმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჩამოშორებას ცდილობდნენ. მისი თქმით, კონკრტეტული გეგმა 2016 წელს სახელმწიფო კანცელარიაში, იმჟამინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მუშავდებოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროცესები, რომლებიც ეკლესიაში მიმდინარეობს პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას უკავშირდება.
86 წლის პატრიარქი ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სულ უფრო იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში. იმაზე, თუ ვინ დაიკავებს პატრიარქის სავარძელს ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკლესიის ბედი, არამედ გარკვეულწილად ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვექტორიც.
ფოტო: REUTERS/ დავით მძინარიშვილი
8.
საარჩევნო რეფორმის ჩაგდება პარლამენტში და საპროტესტო აქციების მეორე ტალღა
14 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ჩააგდო მის მიერვე ინიცირებული საარჩევნო რეფორმა, რომლის თანახმადაც ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადასულიყო.
სწორედ ეს იყო მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა პროტესტის პირველი ტალღისას – 2019 წლის ზაფხულში.
მაშინ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, პირადად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაპირდა დემონსტრანტებს, რომ მაჟორიტარული სისტემა, რომელიც დიდ უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას არჩევნების დროს, გაუქმდებოდა.
თუმცა, ხუთ თვეში მან ეს პირობა დაარღვია - პარლამენტში კენჭისყრისას, სწორედ ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილმა დეპუტატებმა მისცეს ხმა რეფორმის წინააღმდეგ.
სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილი ტყუილსა და არჩევნების მოპარვაში დაადანაშაულეს და 14 ნოემბერს ქუჩაში გამოვიდნენ.
მათ შეუერთდა მთელი ქართული ოპოზიცია, რომელიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა.
პარლამენტთან განახლდა საპროტესტო აქციები, დაიდგა კარვები. 18 ნოემბერს მომიტინგეები სპეცრაზმმა კვლავ ძალის გამოყენებით – წყლის ჭავლით დაშალა.
თუმცა, მას შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მღელვარება არ შეწყვეტილა.
მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა. ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
საარჩევნო კანონის ჩავარდნის გამო ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს მთელმა რიგმა დეპუტატებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. წლის განმავლობაში ორ ათეულამდე დეპუტატმა დატოვა უმრავლესობის რიგები.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერშია.
ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
9.
"და ჩვენ ვიცეკვეთ" - ლგბტ თემაზე გადაღებული ფილმის ჩაშლის მცდელობა
თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში ლგბტ ურთიერთობების თემაზე გადაღებული პირველი ქართული ფილმის სამდღიანი ჩვენება ხმაურიანი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.
ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები, ასევე ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი და მათი მომხრეები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას შეეცადნენ. კინოთეატრებს სამი დღის განმავლობაში პოლიციის კორდონი იცავდა. კინოსეანსზე შემსვლელ მოქალაქეებს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ, ზოგმა კი, ვისაც ბილეთი ჰქონდა, საერთოდ ვერ მოახერხა ჩვენებაზე შესვლა.
ულტრანაციონალისტებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცების სიყვარული მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის.
ფილმი, რომელზეც არის საუბარი, ქართული წარმოშობის შვედმა რეჟისორმა, ლევან აკინმა გადაიღო. სურათში ნაჩვენებია ტრადიციული ქართული ცეკვების ორი მოცეკვავის სიყვარულის ისტორია.
კინოთატრ "ამირანთან" აქციის დროს ულტრანაციონალისტებმა კინოჩვენებაზე მისულ ერთ-ერთ მოქალაქეს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მიუხედავად ამისა, კინოჩვენება ყველგან ჩატარდა და არც ერთი სეანსი არ ჩაშლილა.
არ ჩაშლილა საქართველოში პირველი ლგბტქ პრაიდიც, რომელიც შს სამინისტროს შენობასთან 9 ივნისს ჩატარდა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მასში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა.
აქციას "ღირსების მარში" ერქვა.
უსაფრთხოების მიზნით აქციის ორგანიზატორებმა “ღირსების მარშის” შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელეს, ამიტომ მარშზე ბევრი მსურველი ვერ მოხვდა, მათ შორის ვერც ჟურნალისტები.
ფოტო: დავით ფიფია/ JAMnews
10.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება და გათავისუფლება
საქართველოს ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში, ახალგორთან 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალი აცხადებდა, რომ მან ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და ოსურ მხარეს გადავიდა. ის საზღვრის განზრახ დარღვევაში დაადანაშაულეს და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
დაკავების შემდეგ გაფრინდაშვილი არ აღიარებდა დანაშაულს და ცხინვალის ციხეში ყოფნის დროს აცხადებდა, რომ სახელმწიფო საზღვარი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა.
ცხინვალი გაფრინდაშვილის ამ ნაბიჯს პროვოკაციას და კარგად დაგეგმილ ქმედებას უწოდებდა.
9 ნოემბრის შემდეგ ექიმი ცხინვალის იზოლტორში იმყოფებოდა. 20 დეკემბერს ცხინვალის სასამართლომ მას ერთი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ექიმის გათავისუფლების საქმეში საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოება.
თბილისში პერმანენტულად იმართებოდა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები, სადაც ექიმის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქტივისტების აზრით, საქართველოს ხელისუფლება არასაკმარისს აკთებდა ექიმის ციხიდან გამოსახსნელად.
28 დეკემბერს გაფრინდაშვილი მოულოდნელად გაათავისუფლეს. ოსური სამთავრობო მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
11.
მოზარდის თვითმკვლელობა
2019 წლის ბოლოს ქვეყანა შეძრა 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულმა ისტორიამ.
მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტდა. ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე იგი პოლიციაში რამდენიმესაათიან გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მოზარდის ადვოკატები და ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა - მას აშინებდნენ და ემუქრებოდნენ. თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, მან სწორედ ამის შემდეგ მიიღო.
მეათე კლასის მოსწავლე პოლიციაში თბილისის ერთ-ერთი სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოხვდა.
მოზარდი ღამე შეიპარა სკოლაში და წარწერები დატოვა რამდენიმე ადგილას: დერეფნებში, საკლასო ოთახებში.
“ამ ცხოვრების დედაც” – დაწერა მან ერთ-ერთ კედელზე.
აღნიშნული შემთხვევის გამო დაკავებულია გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელმაც მოზარდი დაკითხა. ჩოლოიანი მანამდეც იყო შემჩნეული დაკავებულებთან ძალადობრივ დამოკიდებულებაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც რჩებოდა სისტემაში.
ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს აქციები პოლიციასთან. ისინი სისტემაში ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ.
ფოტო: აჭარის ტელევიზია