ბალახანი - დასახლება ბაქოს ცენტრიდან 15 წუთის გზაზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებაა, რომელიც ცნობილია თავისი ნავთობის ჭაბურღილებით.
ბალახანს საუკეთესო დროება არ ედგა, ამიტომ ახალმა ამბავმა მისი რესტავრაციის დაწყების შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პირველი ფოტოსურათები ისეთი კარგი იყო, რომ ბალახანს თავიდან „ადგილობრივი საბერძნეთი“ უწოდეს.
არის თუ არა ეს ჭეშმარიტად ასე, თუ რეალობა სავსეა იმედგაცრუებით?
გულია ხანუმი ბალახანის ჯერაც ხელშეუხებელ ნაწილში ცხოვრობს.
მისი სახლი 1914 წელს აშენდა და ის რესტავრაციას შეშფოთებული უყურებს.
„ამდენი წელი გავიდა ამ სახლის აგებიდან და საღებავი ისევ ახალივით გამოიყურება. იმ დროს განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს იყენებდნენ. ასე იქნება ახლაც? გაძლებს საღებავი ამდენი ხანი?“.
რეკონსტრუქციას ერთდროულად სამი ორგანიზაცია ახორციელებს - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტო - KOBİA, ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო და ბაქოს კეთილმოწყობის სამსახური.
არქიტექტორი და დიზაინერი საბინა აბასოვა:
„ის, რაც ახლა ბალახანში ხდება - არის პირველი მოუხერხებელი მცდელობა, გაკეთდეს რაღაც მიმზიდველი უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანების თვალისთვის. მაგრამ, საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ადგილობრივ საზოგადოებასთან, მათ ცხოვრებასთან, ტრადიციებსა და ჩვეულებებთან“.
თუკი ტურისტულ სანახაობას აკეთებ - მაშინ, ასეც იქნება და მხოლოდ ტურისტული კომპანიები მოიყვანენ ავტობუსებით ადამიანებს ფოტოსესიისთვის.
ისინი კი, ვინც თვითონ არჩევენ მარშრუტებს, ვინც ადგილობრივი კულტურით ინტერესდება, არ მოისურვებენ მორიგი ბუტაფორიის სანახავად წასვლას. ისინი ჯერ კიდევ გადაუკეთებელ აფშერონის სოფლებში წავლენ და იქ დაიწყებენ ადგილობრივი თვითმყოფადობის ძებნას. რადგან ადამიანები აზერბაიჯანის გასაცნობად ჩამოდიან და არა იმისთვის, რომ ბალახანურ გუტაბებს შეექცნენ ალაჩატისებურ გარემოში, ამბობს საბინა.
რა თქმა უნდა, მყიდველი ყველა საქონელს გამოუჩნდება. მაგრამ თუკი ხვალინდელ დღეზე, კულტურის შენარჩუნებაზე ვიფიქრებთ, თუკი გრძელვადიან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ ადამიანებისთვის - მაშინ მიდგომა უნდა გადაიხედოს. და შემდეგი სოფლები სხვა პრიორიტეტით, კომპეტენტურად უნდა გაკეთდეს.
აფშერონი - ასკეტური ადგილია. აქ კი ადგილობრივი ესთეტიკა იცვლება. აი, ქვაფენილი, მართალია, არც ისე მოსახერხებელია, მაგრამ ის აფშერონში არსებობდა. ისევე როგორც სუროშემოხვეული აფშერონის ქვის ფასადები.
მაგრამ ფერადი ქოთნები და ჩარჩოები, იტალიური დარაბები და ფილები - ეს ყველაფერი უფრო დამახასიათებელია ისეთი რაიონებისთვის, როგორებიცაა შაქი და ზაქათალა. აქ კი უადგილოა ტექნიკის გამოყენება.
Credits:
JAMnews