ახლა სიზმარში ვცეკვავ
“დიახ, ბევრი ჩემი კლასელი წავიდა, - ჰყვება ბალერინა ელენა შილო. იგი სახელმწიფო საბალეტო დასში 2000-აი წლების დასაწყისში ცეკვავდა, - საერთოდ, ისეთები რჩებიან, ვისაც ოჯახში შემოსავლის ალტერნატიული წყარო აქვს, რადგან ბალეტის არტისტის ხელფასით ცხოვრება ძნელია”.
ელენამ თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა. დედაც ბალერინა ჰყავს. ირინას დედის კარიერა წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ ცეკვისადმი სიყვარული დარჩა და გადაწვიტა საბალეტო სკოლაში შვილი მიეყვანა.
“მერე კასტიგიც გავიარე - ეს დიდი ბედნიერება იყო! დავიწყე თეატრში მუშაობა, ეს 2000-ანი წლების დასაწყისია, ჯერ კიდევ ნინომდე [ანანიაშვილი]. პრაქტიკულად უფასოდ ვმუშაობდი. მერე მოვიდა ნინო, დაიწყო რეფორმები. ყველა არტისტი დასში ვერ დარჩებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით. იყო შემოწმება და სცენაზე რომ გავედი, ნინომ მთელი დარბაზის გასაგონად განაცხადა: “შილო, თქვენ დასში რჩებით”.
“დავიწყე ცეკვა - რა ბედნიერი დრო იყო! თუმცა, გაჭირვებულიც. ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა. მახსოვს, ერთხელ შემოწმების დროს ჭარბი წონის გამო მისაყვედურეს და სწორად კვებეო, მითხრეს. “ამ ხელფასით რა კვება მექნება?" - ვუპასუხე მე.
"კიდევ ჩინეთში გასტროლები მახსოვს. მაშინ პირველად გავემგზავრე სახლიდან შორს, თან რამდენიმე თვით! მთელი ჩინეთი, 24 ქალაქი მოვიარეთ. ისეთ განსხვავებულ დარბაზებში ვცეკვავდით. რამდენი მოგონებაა!"
“შემდეგ კი, ზურგის პრობლემები დამეწყო. მაშინ “მაკნატუნას” ვდგამდით, შანდლებით უნდა მეცეკვა. საერთოდ, ეს მამაკაცის პარტიაა, შანდლები მძიმეა. მაგრამ ბიჭები ხომ მუდმივად არ გვყოფნიდა და გოგონებს გვიწევდა მათი პარტიის შესრულება. ყოველ ჯერზე, როდესაც მაკნატუნას ვცეკვავდი, ვიცოდი რომ ერთი კვირით ჩავწვებოდი. შემდეგ ისე გამირთულდა ზურგი, რომ რამდენიმე თვე ვერ დავდიოდი. თითქმის ნახევარი წელი ბიულეტენზე ვიყავი. ვიფიქრე, მორჩა, სცენას ვეღარ ვეღირსები-თქო”.
"შემდეგ უკეთ გავხდი, ექიმებმა თქვეს, რომ ნელ-ნელა რეპეტიციების დაწყება და შემდეგ სცენაზე დაბრუნებაც შემეძლო.
"თავდაპირველად მაძლევდნენ როლებს, რომლებშიც ბევრი ცეკვა არ მიწევდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ თეატრის გარეშე ცხოვრება საერთოდ არ შემეძლო. ბედნიერი ვიყავი, რომ დავბრუნდი, თითქოს თავიდან დავიბადე".
"მაგრამ, პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. ძველებურად არაფერი გამომდიოდა. 2010 წელს, როდესაც თეატრი რემონტის გამო დაიხურა, შემამცირეს. კაპიტალური რემონტი რამდენიმე წელს უნდა გაგრძელებულიყო, დასს სხვადასხვა სცენებსა და სარეპეტიციო დარბაზებში მომთაბარეობა მოუწევდა. ზოგიერთ არტისტს სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს".
"არ ვიცოდი, რა მექნა. აღმოჩნდა, რომ ბალეტის გარდა არაფრის გაკეთება არ შემიძლია და არც მინდა. იმ პერიოდში დავორსულდი, მაგრამ ბავშვი დავკარგე. ეს საშინელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში".
"თავი მაინც ხელში ავიყვანე, ვცადე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ქულები დამაკლდა. განსაკუთრებით ქართული გრამატიკა მიჭირდა. თავისუფალ მსმენელად მიმიღეს - ვესწრებოდი ლექციებს, ვაბარებდი გამოცდებს, მაგრამ არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იქ ვსწავლობდი, არ მეკუთვნის".
ფოტო და ტექსტი: დიანა პეტრიშილი