Loading

პროპორციული საარჩევნო სისტემა - დადებითი და უარყოფითი მხარეები

საარჩევნო სისტემა ფართო გაგებით სახელმწიფოს არჩევითი ორგანოს ფორმირების წესია. ვიწრო გაგებით კი, საარჩევნო სისტემა კენჭისყრის შედეგების საფუძველზე არჩევით ორგანოში ადგილების განაწილების წესია, საარჩევნო ფორმულაა. სწორედ ის პრინციპები და მეთოდები, რომელთა საფუძველზე ხდება მიღებული ხმების მანდატების რაოდენობაში გადაყვანა, წარმოადგენს საარჩევნო სისტემას.

საარჩევნო პროცესისთვის საარჩევნო სისტემას ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური ელფერი აქვს, რამდენადაც კანდიდატებსა და პარტიებს შორის ხმათა ერთი და იმავე განაწილებისას სხვადასხვა სისტემის გამოყენებას სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე მივყავართ. საარჩევნო სისტემას შეუძლია, გავლენა მოახდინოს არჩევითი ორგანოს არამარტო დაკომპლექტებაზე, არამედ მისი შემდგომი საქმიანობის პოლიტიკურ მიმართულებასა და ეფექტიანობაზე, მთავრობის და მთელი აღმასრულებელი მექანიზმის სტაბილურობაზე. ამდენად, საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ პროცესში სულაც არ არის ნეიტრალური ფაქტორი. ზოგიერთი სისტემა ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს გადამწყვეტ უპირატესობას და ხელს უწყობს ერთპარტიული ან ორპარტიული პოლუსის ჩამოყალიბებას; სხვა -- საშუალო პარტიებს აძლევს წარმომადგენლობის საშუალებას, რითიც ამკვიდრებს მრავალპარტიულ სისტემას.

საარჩევნო სისტემების საკვანძო განმასხვავებელი ნიშნებია: საარჩევნო ოლქების მასშტაბი, ბიულეტენის სტრუქტურა, საარჩევნო ზღურბლი (ბარიერი), პარტიული სიების ტიპი, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და ა.შ. საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი საარჩევნო ფორმულაა, რომელიც განსაზღვრავს მიღებული ხმების მიხედვით მოპოვებული მანდატების რაოდენობას.

პროპორციული საარჩევნო სისტემის არსი

  • ამომრჩეველთა ხმებისთვის კანდიდატები იბრძვიან არა უშუალოდ და პერსონალურად, არამედ პოლიტიკური პარტიების მეშვეობით;
  • პარტიები წარადგენენ პარტიულ სიებს, რომელშიც მითითებული იქნება კანდიდატების რიგითობა, რომლის მიხედვითაც განაწილდება მანდატები;
  • ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას და მაშასადამე საარჩევნო სიას მთლიანად, აღნიშნული რიგოთობის გათვალისწინებით.

ამავდროულად, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს პარტიების ინსტიტუციურ გაძლიერებას სუსტი პარტიული სისტემების პირობებში და შესაბამისი პარტიული სტრუქტურის ჩამოაყლიბებას.

პროპორციული საარჩევნო სისტემების უპირატესობები

  • უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოსახლეობის ჯგუფთა სამართლიანი წარმომადგენლობის არჩევა. კერძოდ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციულია;
  • შესააბამისად, პროპორციული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, ჩამოყალიბდეს ხელისუფლების ისეთი ორგანოები, რომელთა შემადგენლობაც უფრო ადეკვატურად ასახავს პარტიული ძალების ფაქტობრივ თანაფარდობას ქვეყანაში;
  • პროპორციული სისტემა, თუკი არ მახინჯდება რამე დამატებითი წესებით, უზრუნველყოფს პატარა პარტიების წარმომადგენლობასაც. შესაბამისად, მცირეა „დაკარგული" ხმების რაოდენობა;
  • პროპორციული სისტემა ხელს უწყობს მოქალაქეთა გააქტიურებას არჩევნების დროს და მთლიანად პოლიტიკაში;
  • პარტიას შეუძლია, პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა;
  • პროპორციული არჩევნებით, ამომრჩეველი პირდაპირ და უშუალოდ განსაზღვრავს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პასუხისმგებელ სუბიექტს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები

  • სუსტია კავშირი პარლამენტარებსა და ამომრჩეველს შორის
  • ამომრჩევლისთვის ნაკლებად შესაძლებელია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა და გადაწყვეტილებას იგი, ჩვეულებრივ, ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი, არცთუ იშვიათად, არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა და ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე (ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ე.წ. „ახალი დემოკრატიის" ქვეყნებისთვის);
  • თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც ძალიან „ჭრელი" გამოვა, რაც, როგორც წესი, პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს. თუმცა, არსებობს მეთოდი, რომლითაც ხდება „სიჭრელის" თავიდან აცილება. ეს კეთდება ე.წ. საარჩევნო ზღურბლის შემოღებით. ამგვარი „სიჭრელის" პირობებში, ხშირი სამთავრობო კრიზისები და სირთულეები მთავრობის ფორმირების დროს
  • ჩვენს შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ე.წ "ელიტების" პარტიები რომელიც მოახერხებენ ფინანსური რესურსის მოზიდვას.