Loading

ქუთაისის ჯამაათი ამბავი მეგობრობაზე

მე სულ ვიცოდი, რომ ებრაელები ცხოვრობდნენ ამ ქალაქში. ვიცოდი, იმიტომ რომ ჩემს მშობლებს, ბიძებს, ბებია-ბაბუებს ჰყავდათ ებრაელი, კლასელები, მეზობლები, მეგობრები. რაღაცნაირად ვიცოდი, განცდის დონეზე, პრაქტიკულად არავითარი გამოყენება არ ჰქონდა ამ ცოდნას. მათი წასვლა არ გამიგია, პატარა ვიყავი. ყველაზე მტკივნეულად ერთ-ერთ მათგანს ახსენებდნენ - გაბოს, ის ბაბუას კარგი მეგობარი იყო. გაბო წავიდა, როცა სხვები წავიდნენ, თუმცა ჩვენი ოჯახისგან არც არსად წასულა.

"ადამიანში უნდა ეძებდე კაცს და ჰპოვებდე ღმერთს." - ნაუმი შავიანიძე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

ხახამი ხაიმ ელიაშვილი. დაიბადა ისრაელში. 50-იან წლებში იყო ქუთაისელ ებრაელთა მთავარი რაბი. 1964 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია საფიჩხიის სასაფლაოზე. დიდი მეგობრობა აკავშირდება ქრისტიან სასულიერო პირებთან.

"ელინისტურ ეპოქაში ქართლის ქალაქებში მცხეთასა და ურბნისში უკვე არსებობდა `ებრაული რეგიონები~, სადაც ებრაული მოსახლეობა ცხოვრობდა. ეს ის ადგილები იყო სადაც მათი ეთნიკური და რელიგიური კომუნები მდებარეობდა. ანტიკური დროიდან მოყოლებული იქ ებრაელები ინარჩუნებდნენ თავიანთ საკულტო ცენტრებს, ეგრეთ წოდებულ "ებრაულ საკურთხევლებს", რომლებიც გამოიყენებოდა როგორც პირველი სინაგოგები. შესაძლოა მღვდელი აბიატარი, რომელიც მოიხსენიება წმინდა ნინოს ცხოვრებაში, ქრისტიანული სარწმუნოების მიღებამდე იყო ამ `ებრაული საკურთხევლის~ მსახური და იუდაიზმის მიმდევარი."

ბორის გაპონოვი - მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინის ქალაქ ევპატორიიდან გადმოვიდა ქუთაისში. მამა რაბინი იყო და შვილს პატარაობიდანვე შეასწავლა ივრითი. მოსკოვის უნივერსიტეტში სპარსულ ენას სწავლობდა იქამდე, სანამ უსახსრობამ უკან დაბრუნება არ აიძულა. ქუთაისში დაბრუნებულმა რედაქციაში მუშაობა დაიწყო. ამ წლებში მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი ქართულ, რუსულ და ებრაულ ენებზე. 1969 წელს გამოაქვეყნა ვეფხისტყაოსნის თარგმანი ებრაულ ენაზე და დიდი აღიარებაც მიიღო. 1971 წელს ისრაელში წავიდა და იქვე გარდაიცვალა, 38 წლის ასაკში.

ბორის გაპონოვის ძეგლი, სინაგოგა, ქუთაისი / ფოტო: ა.შალიკიანი
პროფესორი ზურაბ კიკნაძე: "ბორის გაპონოვმა შექმნა შინაარსობრივ-აზრობრივად და მხატვრულად სრულყოფილი, ქართულის ადეკვატური ებრაული თარგმანი. ებრაული ტექსტი ორიგინალის დამოუკიდებლივ თავისთავადი მოვლენაა..."
ექიმი თემურ ძიძიგურის ჩანაწერებიდან: "საბჭოთა კავშირს და ისრაელის სახელმწიფოს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ერთ ხანს ისე დათბა, რომ ორი ქვეყნის კალათბურთელთა ნაკრებები ერთმანეთს შეხვდნენ. ასპარეზობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მისი პირდაპირი რეპორტაჟი ტელევიზიითაც უჩვენეს. ამ მატჩს, თანატოლებთან ერთად, 12 წლის იუზა შამელაშვილი ადევნებდა თვალს. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და დიდ ვნებათაღელვას იწვევდა. ვის მხარეზე ხარ? - ყველას გასაგონად შეეკითხნენ იუზას. იუზამ ვერც იმის თქმა გაბედა, ისრაელის მხარეს ვარო, არც ის თქვა საბჭოთა კავშირს ვუდგებიო და მშვიდად ჩაილაპარაკა: ჩვენების მხარეს ვარ, დაგენაცვლეთ!
სინაგოგა გაპონოვის ქუჩაზე & ებრაული სასულიერო ბიბლიოთეკა ნიუპორტის ქუჩაზე, ქუთაისი / ფოტო: ა.შალიკიანი
ლია ვარდოსანიძე, ქუთაისის ოპერის თეატრის პირველი ვიოლინო და მიხაელ ბებერაშვილი, ბავშვთა პედიატრი / ფოტო: ლია ვარდოსანიძის ოჯახის არქივიდან
კოსტავას ქუჩა, ქუთაისი, ებრაელთა დასახლება / ფოტო: ა.შალიკიანი
ჩიტო ბუზიაშვილის სახლი, კოსტავას ქუჩაზე / ფოტო: ა.შალიკიანი
საბჭოთა ფრენბურთელები, მარჯვნიდან პირველი - გივი ახვლედიანი, ცნობილი ფრენბურთელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი / ფოტო სპორტის არქივიდან
თამარ და ქეთევან ბუნტურები, ცხოვრობენ მწვანეყვავილაზე / ფოტო: ა.შალიკიანი

ქეთევან ბუნტური თავისი ქორწილის ამბებს იხსენებს და ამბობს, რომ უძვირფასესი საქორწინო კაბა და ფეხსაცმელი მეზობელი ხახამის - მოშე ძოვრელაშვილის ოჯახმა შეუძინა.

რა ენატრებათ აქაურებს ებრაული სამზარეულოდან? ყალია, იხვის გარო, მშრალი ნამცხვრები. კრემიან ნამცხვრებს არ აკეთებდნენ. სუფრაზე ყველს და ხორცს ერთად არ დებდნენ, რაც ჯანსაღი კვების ნორმებითაც გამართლებულია.

ექიმი თემურ ძიძიგურის ჩანაწერებიდან: "პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი აბონ ციციაშვილი კაპიტალისტური ქვეყნების პოლიტიკას უარყოფითად აფასებდა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გინებით იყო სახელგანთქმული. ერთხელ, შაუმიანის ქუჩის (ებრაელთა დასახლება, ამჟამინდელი ნიუპორტის ქუჩა. შენ:ა.შალიკიანი) სახლის წინ ორი მეზობელი - იერემია კაკიაშვილი და რუბენ გურიელაშვილი იყვნენ ჩამომსხდარი და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. კაცო, ე ჩვენი აბონა, ამ რეიგან რო აგინებს, რას აგინებს?! - დასვა კითხვა რუბენმა. რა ქნას რუბენ მაგანაც... ავალებენ და მაგიც აგინებს. კი მარა, მაინც რეიგანია, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტია, სალანძღავი და საგინებელი სხვა ვერავინ ნახა?! მაგხელა ქვეყნის პრეზიდენტი როა, ჩემო რუბენ და აგინებს, მაგიტო აძლევენ მაყუთს, თვარა მე და შენ რო გვაგინოს, მაგაში, ვინ რას მისცემს?! - მიუგო იერემიამ.

რონალდ რეიგანის ძეგლი, თბილისი / ფოტოს ავტორი უცნობია

აბონ ციციაშვილმა ეთერში წარმოსთქვა “ცნობილი ტექსტი”: - ამერიკის პრეზიდენტს რეიგანს ნუ დაავიწყდება ქართული ანდაზა: “ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.

დანიელა ურია - დანიელ იოსების ძე ჯანაშვილი. დაიბადა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კულაშში. მამას დუქანი ჰქონდა. სადუქნო საქმის შესწავლაზე მეტად, დანიელას სიმღერა ჰყვარებია. ბულბულის ხმით და იშვიათი შესრულების მანერით, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში სახელი გაუთქვამს, როგორც თავისთვის, ისე დუქნისთვის.

ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან
ილო ფოტოგრაფის ძეგლი / ფოტო: ანა შალიკიანი
საფიჩხიის სასაფლაოს ებრაული ნაწილი / ფოტო: ანა შალიკიანი

1993 წლის დასასრულისათვის საქართველოში ცხოვრობდა 14,500 ებრაელი. საქართველოდან ისრაელში ებრაელთა იმიგრაცია იყო მაღალი: 1992 წელს საქართველოდან ისრაელში წავიდა - 2,595 კაცი, ხოლო 1993 წელს - 3,750. ებრაელთა იმიგრაციამ საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეადგინა 1992 წელს 305 კაცი, ხოლო 1993 წელს - 345.

ადგილები, სადაც ცხოვრობნდნენ / ფოტო: ანა შალიკიანი

აღდგომის დღესასწაული ყოველთვის შობაზე მეტად მიყვარდა. ახლა რომ ვფიქრობ, მგონია რომ, ამაში წვლილი ებრაულს მაცასაც მიუძღვის, იმის ხრატუნი უხდებოდა იმ დღეებს.

ებრაული მაცა

მადლობა რესპოდენტებს! კოტე ჭარხალაშვილს, ტურიზმის ექსპერტი (ბატონი კოტე, რომელთანაც ჯაზზე საუბარს ვასწრებ როცა ის შვილიშვილებს ელოდება მესამე სკოლასთან, მე კი შვილს); ლია ვარდოსანიძეს, ოპერის თეატრის პირველ ვიოლინო იგივე ლია დედია (დედასა და დეიდას შორის განურჩევლობიდან გამომდინარე შერქმეული სახელი). ზურაბ ყაველაშვილს, ფრენბურთის მწვრთნელი (ზურია ბიძია). ქეთევან და თამარ ბუნტურებს, საყვარელი დები მწვანეყვავილას მოკირწყლული აღმართიდან.

Created By
ანა შალიკიანი
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.