Loading

დამოუკიდებლობის 1 წელი 100 წლის წინ, 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკა ერთი წლის გახდა.

„გასული ეს ერთი წელიწადი საუკუნეს უდრის თავის შინაარსით და სიმწვავით; ელვისებური თავბრუდამხვევი სისწრაფით ერთი მოვლენა მეორეს სცვლიდა და ითხოვდა შესაფერის პასუხს: გასალკლდევებული ნებით, გაკაჟებული ენერგიით საქართველო ყველას პასუხს აძლევდა: მტკიცეთ იდგა იგი თავისუფლების პოსტზე და იგერიებდა გარედან და შიგნიდან მოსულ მტერს: ბრძოლა თავდაცვისათვის, ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისათვის – ეს დიადი ბრძოლა იყო და ამ ბრძოლით ხასიათდება გასული წელიწადი. 26 მაისიდან 26 მაისამდე არ შეჩერებულა ქართველი ხალხის ხელი, არ შეწყვეტილა მძიმე ბრძოლა, და თამამათ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ ბრძოლიდან საქართველო გამარჯვებული გამოდიოდა და გამარჯვებას აგვირგვინებდა მომხიბლელი იდეალი: სამშობლოს თავისუფლება, თავისუფლების დაცვა, რევოლუციის განმტკიცება. უჩვეულო სასტიკ პირობებში სწარმოებდა ეს ბრძოლა... ქართველმა ხალხმა თამამათ შესძლო ანარქიის მოწყვეტა და მოშორება, ქართველმა ხალხმა შესძლო გამორშემორტყმულ მტრების შეჩერება, ქართველმა ხალხმა შესძლო კანონმდებლობითი მუშაობა. და ყველაფერი ეს მიმართულია დემოკრატიზმის განმტკიცებისაკენ, რადგან დემოკრატიზმია ის ერთად ერთი გზა, რომელზეც ბრწყინვალე მომავლისკენ მიმავალმა უნდა გაიაროს და საითკენაც საქართველო ისწრაფვის.“ - წერდა 1918 წლის 26 მაისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.

პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ერთი წლის ამბებს დღეს რესპუბლიკა100, civil.ge-ს სპეციალური პროექტის დახმარებით მოგიყვებით.

დამოუკიდებლობა 2018 წელს, მაისში, ასე დაიწყო:

22 მაისი, 1918

ბათუმში, ოსმალეთთან მოლაპარაკებაზე მყოფი აკაკი ჩხენკელი მთავრობას დამოუკიდებლობის გამოცხადებას ურჩევს.

"ასეთ კრიტიკულ მომენტში პირდაპირ დანაშაულია ზიგ-ზაგი, შიში. საჭ[იროა] გამჭრიახობა, სიმტკიცე და გამბედაობა. საჭიროა თვალის დახამხამებაზე ზომების მიღება სიმშვიდის დასაცავათ. ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ. მაშ საჭიროა გამბედაობა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა."

24 მაისი, 1918

მოლაპარაკებები ჩიხშია, ოსმალეთის არმია თბილისისკენ მოიწევს

26 მაისი, 1918

ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა

სხდომას დაესწრო 42 წევრი და 36 კანდიდატი. ლოჟებში და ქანდარაზე მრავალრიცხოვანი საზოგადოებაა. მოედანი სასახლის წინ და უახლოესი ქუჩები გაჭედილია ხალხით. სასახლის თავზე ფრიალებს ქართული დროშა. სხდომას თავმჯდომარეობს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში არიან: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე. მდივნად არის ეროვნულ საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი. სხდომა იხსნება ნაშუადღევის 4 ს. და 50 წუთზე. როცა თავმჯდომარე თავის ალაგს იჭერს, საბჭო და დამსწრე ხალხი მიესალმებიან მას ფეხზე ადგომით, ხაანგრძლივი მქუხარე ტაშით და უმართავენ ოვაციას.

"მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწამენი იყავით იშვიათი ისტორიული და ამავე დროს ტრაგიკული აქტის. ამ დარბაზში დღეს მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, დღესვე, ამავე დარბაზში ეყრება საძირკველი მეორე სახელმწიფოს.ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა, მეორე კი იბადება, არ არის ინტერესთა წინააღმდეგობა. და თუ პირველი აღსდგა ოდესმე მკვდრეთით, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა (ტაში). ახალი სახელმწიფო – საქართველო, რომელიც დღეს არსდება, არ წავა რომელიმე ერის, ხალხის ან სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. მისი მიზანია – თავი გადაირჩინოს თანამედროვე ისტორიულ ქარიშხალში….”

31 მაისი, 1918

მთავრობის თავმჯდომარე: გერმანიის მთავრობა სცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას

მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს 29 მაისს მოახსენა:

“საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ეროვნულმა საბჭომ დააკისრა მთავრობას დიდი მოვალეობა. მას უნდა ემცნო ეს აქტი ყველა ქვეყნის სახელმწიფოებისათვის, რომ ჩვენი რესპუბლიკა გამხდარიყო საერთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მთავრობამ იცოდა, რომ გერმანიის დელეგაცია ამ ჟამათ ფოთში იმყოფებოდა და ამიტომ იქ გაგზავნა თავისი წარმომადგენელი მასთან მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკების შედეგი ასეთია: გერმანიის მთავრობა სცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას, რის დასამტკიცებლათ აქ ნიშნავს თავის დიპლომატიურ წარმომადგენელს. გერმანია აღგვითქვამს აგრეთვე უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიისა გარეშე მტრებისაგან (ტაში)."

11 ივნისი, 1918

აღლუმი გოლოვინზე: გერმანიის ჯარები საქართველოშია

“ერთობის” სარედაქციო სტატია ამ ცნობას იმედით ეხმიანება: “მას შემდეგ, რაც გერმანიამ ჩვენი დამოუკიდებლობა სცნო, ეჭვი არ არის, ოსმალეთის ხელში არავინ დასტოვებს ჩვენს ქვეყანას. საერთაშორისო კონგრესი საბოლოვოთ გადასწყვეტს ჩვენი ქვეყნის საკითხს და ოსმალეთს საქართველოდან გააძევებენ. ეს კარგათ იცის თავად ოსმალეთმა.

გაზეთ ერთობა, N119, 11 ივნისი "თბილისში 9 ივნისს ფოთიდან ჩამოვიდა გერმანელთა ჯარის ერთი ნაწილი. ქვეითთა ჯარის სამხედრო დროის ერთი ბატალიონი და ერთიც საიერიშო ბატალიონი

13 ივნისი, 1918

ქუთაისი: მომრიგებელი კამერის შუამავლობით გაფიცვები შემცირდა

რევოლუციამ სხვა მრავალ ორგანიზაციებთან ერთად წარმოშვა მომრიგებელი კამერაც. ამ ორგანიზაციის დანიშნულება იყო და არის კაპიტალსა და შრომას შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების მოწესრიგება, მშვიდობიანობის გზით. კამერის დადგენილებას თუ არ დაემორჩილებოდა ვინმე, ადმინისტრაციული წესით მოყავდათ სისრულეში.

28 ივლისი, 1918

მთავრობა გადადგა, ახალ მთავრობას პარტიის ლიდერი ჟორდანია უხელმძღვანელებს

კენჭისყრის შემდეგ, დამსწრეებმა ოვაცია გაუმართეს ნოე ჟორდანიას, რომელმაც გამოსვლაში განაცხადა:

  1. “მთავრობის ცვლილება არ არის პოლიტიკური ხასიათის. მინისტრები ადგილზე დარჩებიან, მათი ამხანაგები [მოადგილეები] შეიცვლებიან."
  2. “ახალი კაბინეტი იქნება ორგანო ძალთა კონცენტრაციის, შეერთების. ჩვენ გვაქვს ერთი პარლამენტი და უნდა გვქონდეს ერთი აღმასრულებელი ორგანოც.”
  3. "მთავრობა უნდა იყოს მარტივი და მასთან სწრაფი, არც ნამეტანი სიჩქარე ვარგა, მაგრამ არც დაგვიანებაა სასურველი”
  4. “ქალაქებმა…სადაც კულტურული და პოლიტიკული ცენტრები იყო, შესძლეს თავისი მართვა-გამგეობის მოწყობა, აგრეთვე იმ სოფლებმაც, სადაც კულტურული ძელები იყო და ქალაქების ახლოს მდებარეობდნენ, თავს უშველეს, მოაწყვეს მართვა-გამგეობის საქმეები. სხვაგან – ანარქიაა"

28 ივლისი, 1918

თბილისში ავტომობილების რეგისტრაცია იწყება

ყველა უწყების ავტომობილებს, რეგისტრაციის შემდეგ ექნებათ საჭირო მოწმობები, შესაფერისი ნიშნები და წარწერები; რომლებიც გარკვეულათ უნდა ჩანდეს როგორც დღისით, ისე ღამით. რეგისტრაციის ადგილი დანიშნულია უმთავრეს საავტომობილო სახელოსნოებში (პავლოვის ქუჩა N 10). ის ავტომობილები და მოტოციკლეტები, რომლებიც არ გამოცხადდებიან სარეგისტრაციოთ, მთავრობის განკარგულებით დაჭერილი იქნებიან და მათი პატრონნი კი პასუხისგებაში მიცემულნი.მათი პატრონნი კი პასუხისგებაში მიცემულნი.

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ავტომობილისკენ მიემართება. საქარე მინაზე რეგისტრაციის ნომერი "2. მ.თ."

8 აგვისტო, 1918

მთავრობა იწყებს "ნაციონალიზაციას": ქართული სახელმწიფო ენაა

"რუსული ენის ბატონობა დემოკრატიულია მხოლოდ იქ, სადაც ხალხი ლაპარაკობს ამ ენაზე, ე.ი. რუსეთში, ხოლო ჩვენში, სადაც ხალხის დიდი უმეტესობა სხვა ენის და სხვა და სხვა კულტურის არის, რუსული ენის ბატონობა, მისი ხმარების გამტკიცება ადმინისტრატიულ-პოლიტიკურ დაწესებულებებში, მისთვის სახელმწიფოებრივი ატრიბუტების შენარჩუნება იქნებოდა დემოკრატიის სიკვდილი და დასამარება, კულტურის და ინტერნაციონალიზმის ღალატი და რუსული ნაციონალიზმის ბრძანებლობის გაგრძელება. რაც უმთავრესია, ეს იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოებრივობის შელახვა და გაუქმება." - წერდა საქართველოს რესპუბლიკა

10 აგვისტო, 1918

საქართველოში არსდება სახალხო და მოძრავი უნივერსიტეტები

განზრახულია საქართველოს ყველა პროვინციალურ ქალაქებში მოძრავი სახალხო უნივერსიტეტების დაარსება. ამისათვის აუცილებელია სამი რამ:

  • მთავრობის მიერ ფინანსიური დახმარების აღმოჩენა
  • დემოკრატიის თვითმოქმედება
  • ინტელიგენციის გულმოდგინე მუშაობა ხალხში ცოდნის შესატანად.
7 წლიანი, სამხატვრო სახელოსნო სკოლის "განათლების" პედაგოგი და მოწაფეები. ეროვნული ფოტომატიანეს კოლექცია

15 აგვისტო, 1918

იწყობა სასამართლო რეფორმა

ნესტორ საყვარელიძე (1884-1971) კოლეგებთან ერთად ხარაგაულის სასამართლოში. ეროვნული ფოტომატიანეს კოლექციიდან.

29 სექტემბერი, 1918

ლატარია ქართული უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად

"მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული უნივერსიტეტი და თეატრი შეიძინონ ლატარიის ბილეთები და ამითი ხელი შეუწყონ ესეთ კულტურულ საქმეების აღორძინებას."  ლატარიის საბჭოს თავმჯდომარე – დეკანი ქართულ უნივერსიტეტისა – პროფესორი ივ. ჯავახიშვილი.

20 სექტემბერი, 1918

ტყიბულელი მუშების გაფიცვა

"ასეთივე გაფიცვა მოახდინეს მათ, თუ არ ვცდებით, ამ ერთი თვის წინათ და მთავრობამ რამდენათაც კი შეეძლო დააკმაყოფილა მათი დროის და გარემოების შეუფერებელი ეკონომიური მოთხოვნები. დღეს ისინი ხელ-ახლათ გაფიცულან და მეტად შეუსაბამო მოთხოვნები წამოუყენებიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელფასის მომატებასთან ერთად მოითხოვენ სხვადასხვა საგნების ნატურით გადახდას, რაიც მთელ რესპუბლიკაში მეტათ ძნელი საშოვარია."

დავით საბელაშვილის ფოტო: ტყიბულელი მუშები გაზეთით ხელში. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. დაცულია ეროვნული ფოტომატიანეს კოლექციაში.

29 სექტემბერი, 1918

„ქართული უნივერსიტეტი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა

15 ნოემბერი, 1918

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალი

თბილისის სამაზარო ერობის ყარაიაზის ოლქში არჩეული ფერი-ხანუმ სოფიევა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. პარი-ხანუმ სოფიევი (ფერი-ხანუმ სოფიევა) 34 წლისა იყო, როდესაც 1918 წელს თვითმმართველობის (მაშინდელი ერობის) არჩევნებში თბილისის მაზრის ყარაიაზის (დღევანდელი გარდაბანი) ოლქიდან აირჩიეს. 34 წლის ყარაჯალელმა უპარტიო ქალმა ყველა კანდიდატს აჯობა და ყარაიაზის ხმოსანი გახდა თბილისის მაზრაში. მას დღემდე მოიხსენიებენ "ყარაიაზის მატრიარქად". ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სოფიევის ოჯახს მძიმე ბედი ერგო. პარი-ხანუმის სამი ძმა 30-იანებში დახვრიტეს. ყარაიაზის მატრიარქს ამის შემდეგ ძმიშვილების აღზრდა დაუსახავს ცხოვრების მიზნად. 1951-ში მისი ძმისშვილი დაუპატიმრებიათ კომუნისტებს, პარი ხანუმს ეს ვერ გადაუტანია და გარდაცვლილა.

პარი ხანუმი მაინცდამაინც ვერ ჯდებოდა საზოგადოებისაგან მოთხოვნილ ქალის ტრადიციულ როლში, ამბობენ, სულ აბოლებდა ჩიბუხსო. თანასოფლელები სწორედ მას მიაწერენ, ყარაჯალას რომ რკინიგზაზე სადგური აქვს.

29 ნოემბერი, 1918

საქართველოს რესპუბლიკის ახალი თავსატეხი: გერმანელები მიდიან, ბრიტანული ჯარები მოდიან

ბრიტანული ჯარის მსვლელობა ბაქოს ქუჩებში. ივლისი 1919

ბაქოს გაზეთებში დაბეჭდილია ბაქოში შემოსულ ინგლისის ჯარის უფროსის გენ. ტომსონის მოწოდება და ბრძანება, რომლებიც რამდენათმე ფარდას ხდიან ინგლისელთა პოლიტიკურ განზრახვებს კავკასიაში.

29 ნოემბერი, 1918

უქმდება საღვთო სჯულის სწავლება

მღვდელი მიხეილ ხელაშვილი მოწაფეებთან ერთად. გადაღებული თელავში 1910 წელს

12 დეკემბერი, 1918

იწყება სომხეთ-საქართველოს ომი

1918 წლის დეკემბრის პირველივე რიცხვებიდან ლორეში ახლდება სომხურ-ქართული დაპირისპირება, რომელიც ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. ისტორიულ პრინციპზე დაყრდნობით, ქართული მხარე ახალქალაქს, ლორესა და ბორჩალოს მაზრას საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევდა, სომხური მხარე კი ეთნიკურ პრინციპზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ეს მიწები სომხეთის სახელმწიფოს უნდა დაეკავებინა, რადგანაც იქ მცხოვრებთან უმრავლესობა ეთნიკურად სომხები იყვნენ.

ჯერ კიდევ 1918 წლის ოქტომბერში ოსმალური ჯარების ლორიდან გასვლას მცირე შეიარაღებული სომხურ-ქართული დაპირისპირება მოჰყვა, რაც მალევე განიმუხტა. ნოემბერში კი ქართული მხარის დიპლომატიური მცდელობები, კონფლიქტი თბილისში გამართულ კონფერენციაზე დარეგულირებულიყო, უშედეგო აღმოჩნდა.

2 თებერვალი, 1919

თბილისის ქალაქის საბჭოს არჩევნებში ქალაქის მოურავი ბენია ჩხიკვიშვილი გახდა

ამ არჩევნების შედეგად თბილისის თვითმმართველობის უმრავლესობაში, შეიძლება ითქვას, ალბათ ისტორიაში პირველად მოექცნენ ეთნიკურად ქართველები.

ფოტოზე კოპლებიან პერანგში გამოწკეპილი ახალგაზრდა მამაკაცი ბენია ჩხიკვიშვილია, ერთ-ერთი გამოჩენილი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატი, ერთ დროს გაციმბირებული და კატორღამისჯილი, 1905 წელს აჯანყებული გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც 100 წლის წინ, 1919 წლის 17 თებერვალს თბილისის მოურავად, ანუ დღევანდელ ენაზე მერად, აირჩიეს.

14 თებერვალი, 1919

საქართველოში ტარდება დამფუძნებელი კრების არჩევნები

არჩევნების დღეს სამთავრობო გაზეთის ფურცლებზე მსხვილი შრიფტით გაცხადებული იყო – 14,15 და 16 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებია! მოქალაქენო! ამ დღეს უნდა გადასწყდეს საქართველოს ბედი! თქვენ თვითონ უნდა გამოსჭედოთ იგი! საქართველოს ერთი დიდი მტერთაგანი იქნება არჩევნებისადმი გულცივობა! ამ საბედისწერო მომენტში, როდესაც მრავალი მტერი გარს გვარტყია და სიკვდილით გვემუქრება, საქართველოს მოქალაქენო, თქვენ უნდა გასცეთ მათ შესაფერისი პასუხი! იქ სადაც საჭიროა – იარაღით ხელში და იქ, სადაც სიტყვაა – სიტყვით. დამფუძნებელი კრების არჩევნებში თქვენ უნდა გამოსთქვათ თქვენი მტკიცე სურვილი და უდრეკი ნება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის და დემოკრატიული წესწყობილებების დასაცავათ. ერთ წუთსაც არ დაივიწყოთ, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნები უდიდესი მოვლენაა ჩვენი ერის ცხოვრებაში! არჩევნების დღეებში არც ერთი არ დარჩეთ შინ! ყველამ მიაშურეთ საარჩევნო ყუთებს! არც ერთმა არ დაჰკარგოთ ხმა!“.

დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი ხმოსანია

1919 წლის 12 მარტს დემოკრატიულად არჩეული პირველი ქართული პარლამენტის/დამფუძნებელი კრების წევრი გახდა ხუთი ქალი სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიიდან:

  • მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)
  • ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)
  • ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)
  • ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒)
  • ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973)

21 თებერვალი, 1919

ოპერაში "აბესალომ და ეთერის" პრემიერაა

ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა თავის ვაჟს, 9 წლის ასაკში გარდაცვლილ ირაკლი ფალიაშვილს მიუძღვნა.

14 მარტი, 1919

თბილისში ზეიმია, გაიხსნა დამფუძნებელი კრება

ოთხშაბათს, 12 მარტს, დილა ადრიანვე, ტფილისმა სადღესასწაულო სახე მიიღო. ქუჩებში დიდი მოძრაობა იყო, ნამეტნავათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. სხვა და სხვა განაპირა უბნებიდან მოქალაქენი მიეშურებოდნენ რუსთაველის (ყოფილ გოლოვინის) ქუჩაზე, რომ სასახლესთან ახლო მოთავსებულიყვენ ზეიმზე დასასწრებათ. დილის 11 საათზე სასახლესთან დაიწყო მოსვლა სხვა და სხვა პროფესიონალურ და მუშათა ორგანიზაციებმა თავიანთ სარევოლიუციო და საერო დროშებით და სიმღერით. აქვე მოვიდნენ სხვა და სხვა სასწავლებლების მოსწავლენი გაფრიალებულ დროშებით და მუსიკით, ინტერნაციონალის და ქართულ ჰიმნის დაკვრით და სარევოლიუციო სიმღერებით. ქალაქის ყველა კუთხიდან მოსული ყველა პროფესიის და ეროვნების და ორივე სქესის მასსა გამწკრივდა და შემოერტყა სასახლეს, სადაც ამ დღეს დანიშნული იყო დიდი ისტორიული პირველი სხდომა დამფუძნებელ კრებისა.

20 აპრილი, 1919

ქუთაისში მუსიკალური სასწავლებელი დაარსდა

"საქართველომ როგორც კი აიყარა მონობის ბორკილი, ხელოვნებას და მეცნიერებას დაეტყო აღორძინება, დაარსდა ქართული ოპერა და სხვა მრავალი. შარშან თბილისის ქართული ფილარმონიული საზოგადოება გადაკეთდა მუსიკალურ საზოგადოებად, რომელმაც დაისახა მიზნად ქართულ პროვინციაში თავისი განყოფილების და სკოლების გახსნა დამფუძნებელ კრებაზე. სალამი და გამარჯვება ახალ და ნორჩ სასწავლებლებს" ჟურნალი: თეატრი და ცხოვრება

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

24 აპრილი 1919

ვალიკო ჯუღელის გვარდიამ გაგრა აიღო, გიორგი კვინიტაძის ჯარებმა არტაანი

ვალიკო ჯუღელი გვარდიელებთან ერთად - სოჭის ოლქი.

18 მაისი, 1919

დამფუძნებელი კრება უმაღლესი სასამართლოს (სენატის) დაარსების კანონპროექტს განიხილავს

დგას დავით ხელთუფლიშვილი (185?-1921) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე.

"სენატი, როგორც რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, დაგვირგვინება იქნება მთელი შენობის, მაგრამ ის თავის თავად ვერას გახდება, თუ არ გადახალისდა სასამართლო უწყების მთელი აპარატი და არ მოისპო ძველი წყობილების მიერ ნაანდერძავი საგანგებო სასამართლოები. ჩვენ გავაუქმეთ სასოფლო სასამართლო, საჭიროა გაუქმდეს სამხედრო, სასულიერო და სხვაგვარი იუსტიცია, რომ ამ გზით შეიქმნეს ერთი ორგანო, რომლის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორად იქნება პასუხისმგებელი. ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკაა, რაიც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ხალხის, დემოკრატიის ხელით უნდა მოეწყოს.რიგიანი სასამართლო კი ერთი უძლიერეს იარაღთაგანია დემოკრატიულ მართვა გამგეობის სისტემაში. " - გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 18 მაისი, N108.

26 მაისი, 1919

დამოუკიდებლობის 1 წელი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები მოქალაქეებს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს, 1919 წლის 26 მაისი. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

"გასული ეს ერთი წელიწადი საუკუნეს უდრის თავის შინაარსით და სიმწვავით; ელვისებური თავბრუდამხვევი სისწრაფით ერთი მოვლენა მეორეს სცვლიდა და ითხოვდა შესაფერის პასუხს: გასალკლდევებული ნებით, გაკაჟებული ენერგიით საქართველო ყველას პასუხს აძლევდა: მტკიცეთ იდგა იგი თავისუფლების პოსტზე და იგერიებდა გარედან და შიგნიდან მოსულ მტერს: ბრძოლა თავდაცვისათვის, ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისათვის – ეს დიადი ბრძოლა იყო და ამ ბრძოლით ხასიათდება გასული წელიწადი.

26 მაისიდან 26 მაისამდე არ შეჩერებულა ქართველი ხალხის ხელი, არ შეწყვეტილა მძიმე ბრძოლა, და თამამათ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ ბრძოლიდან საქართველო გამარჯვებული გამოდიოდა და გამარჯვებას აგვირგვინებდა მომხიბლელი იდეალი: სამშობლოს თავისუფლება, თავისუფლების დაცვა, რევოლუციის განმტკიცება. უჩვეულო სასტიკ პირობებში სწარმოებდა ეს ბრძოლა. იარაღით ხელში გვიხდებოდა მტერთან გამკლავება, სისხლით ირწყვებოდა თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს დაუდგრომელი სახელმწიფოებრივი მუშაობით მტკიცდებოდა და მკვიდრდებოდა იგი, ერთი წამითაც არ შეწყვეტილა სახელმწიფოებრივი მუშაობა. და თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ საშინელ პირობებს, რომელშიც საქართველოს უხდებოდა ამ მუშაობის გაწევა, ნათელი გახდებოდა ამ მუშაობის გაწევა, ნათელი გახდება იმ უნარის სიდიადე, რომელიც საქართველოს ხალხმა გამოიჩინა. ანგრეული – დაშლილი, გაპარტახებული ცხოვრება, ომის მიერ გამწვავებული, განადგურებული მდგომარეობა – და ამ დროს სახელმწიფოს შენება, სახელმწიფოებრივი მუშაობა, – პირდაპირ წარმოუდგენელი ნიჭი და ენერგია ჰქონდა საქართველოს, რომ ასეთ ჯოჯოხეთურ პირობებში მართლა თავი არ მოეკლა და თავისუფლება არ დაეკარგა." - „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წელი, 26 მაისი, N 144

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.