Loading

პოლიტიკოსი ქალები სამცხე–ჯავახეთიდან by sknews

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, საქართველოში მხოლოდ ერთი ქალი გახდა მერი – სამცხე–ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი ანივარდ მოსოიანი აირჩიეს. ქალი დეპუტატების რაოდენობა კი, რეგიონში, წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ, მაინც გაიზარდა.

ამ მასალაში რეგიონის რამდენიმე ქალ პოლიტიკოსს გაგაცნობთ.

ანივარდ მოსოიანი ერთადერთი ქალი მერია საქართველოს 64 მერს შორის.

ანივარდ მოსოიანი საგანამანათლებლო სფეროდან მოდის – ამ სფეროში 20 წლიდან, 23 წლის განმავლობაში მუშაობდა – იყო სკოლის დირექტორიც და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელიც.

ამბობს, რომ ეს ერთ–ერთი ფაქტორია გამარჯვების – მას იცნობდნენ და ენდობოდნენ. თუმცა, მიუხედავად მისი ამ ცნობადობისა, ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა,მისი, როგორც ქალის მომავალ მერად წარმოდგენა უჭირდათ.

„იყო შემთხვევები როცა შეხვედრებზე პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ ქალი ვიყავი და ამიტომ მათ მოლოდინებს ვერ გავამართლებდი“.

შეთავაზებაზე, ნინოწმინიდის მერად ეყარა კენჭი, ბევრი არ უფიქრია. არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება 2014 წლის არჩევნებზე მიიღო, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი გახდა. ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ოთხი წელი იგი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

„გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე ვისაუბრე მეუღლესთან, შვილებთან და ერთად შევჯერდით, რომ შემოთავაზება უნდა მიმეღო“.

მერობის ქალი კანდიდატი იხსენებს, რომ ყველაზე მეტად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ოჯახის წევრების დახმარება აძლიერებდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ოჯახის წევრების გვერდში დგომა. ამას მთელი კამპანიის პერიოდში ვგრძნობდი“.

ერთადერთი ქალი მერი საქართველოში ამბობს, რომ მისი მიზანია გაზარდოს ქალების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ძალიან მინდა ირგვლივ ბევრი ქალი იყოს, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალები ნაკლებად არიან ჩართულნი“.

ანივარდ მოსოიანი გამონაკლისია. სამცხე–ჯავახეთში ქალები წამყვან პოზიციებზე ნაკლებად გვხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სამცხე–ჯავახეთში, წინა, 2014 წლის მოწვევის თვითმმართველობებთან შედარებით, არჩეულ ქალთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა – 9%–დან 12.6%–მდე.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივებმა 23 ქალი დეპუტატი აირჩიეს და რა თქმა მერი – ანივარდ მოსოიანი, ეს მაშინ, როცა, 2014 წელს არჩეულ თვითმმართველობებში, არცერთი მერი/გამგებელი ქალი არ იყო.

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2017 წლის არჩევნების შედეგად, 182 დეპუტატია და ამათგან, 23 ქალია (12.6%)

2014 წელს, სამცხე–ჯავახეთში შვიდი თვითმმართველობა დაკომპლექტდა, ვინაიდან ქალაქი ახალციხე მაშინ ცალკე, თვითმმართველ ქალაქად გავიდა. წინა მოწვევის საკრებულოებში 190 დეპუტატი იყო და მათგან მხოლოდ 18 იყო ქალი (9%).

ინფოგრაფიკა: ifact.ge სპეციალურად sknews-ისთვის

თამარ გოგოლაძე ახალციხის საკრებულოს მეორე მოწვევის დეპუტატია.

წინა მოწვევის საკრებულოში, იგი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამბობს, რომ მისი, როგორც ქალი პოლიტიკოსის გზა მარტივი არ ყოფილა – სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ხშირად ხდებოდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ ოპოზიციიურ ფლანგს წარმოადგენდა – წლების განმავლობაში იგი „რესპუბლიკური პარტიის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, – 2006 წლიდან 2014 წლის თებერვლამდე.

ოპოზიციიდან პოზიციაში 2012 წელს, მაშინ გადაინაცვლა, როცა არჩევნები კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. ამ კოალიციაში სხვა პარტიებთან ერთად, „რესპუბლიკური პარტიაც“ შედიოდა. თამარ გოგოლაძემ პარტია 2016 წელს დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზები მაშინ თამარ გოგოლაძეს, რომელიც იმ პერიოდში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, არ განუმარტავს, თუმცა, თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში რჩებოდა და ასეც მოხდა, – იგი მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალციხის ერთ–ერთი ქუჩის მაჟორიტარად იყარა კენჭი.

თამარ გოგოლაძე, საკრებულოში მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილებიდან გამომდნარე, ამბობს, რომ ამ მოწვევის საკრებულოში მისი მთავარი პრიორიტეტი სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება იქნება.

პოლიტიკაში ყოფნის 10–წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა, წარმომადგენლობით ორგანოში პირველად მოხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნატო დარბაიძე.

ნატო მრავალშვილიანი დედაა. ამბობს, რომ მისი მუშაობის ერთ–ერთი, მთავარი მიმართულება, მრავალშვილიანი დედების დახმარება იქნება.

„მეც მრავალშვილიანი დედა ვარ და მიმაჩნია, რომ ასეთი ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. თუმცა, ცხადია, არამარტო მრავალშვილიანი დედები, – ქალები ბევრ რამეს არიან მოკლებული და აუცილებლად ვიაქტიურებ საკრებულოში როგორც ქალი, ქალების საჭიროებებისა და უფლებებისთვის“.

განსხვავებით დეპუტატებისგან, ამ არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთში, არ გაუმჯობესებულა ქლაების მონაწილეობის მაჩვენებელი საჯრებულოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, – რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, არცერთში, არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც მისი მოადგილე, ქალი არ არის. 12–ვე კაცია.

სახარბიელო მდგომარეობა არც ქვეყნის მასშტაბითაა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2017 წლის არჩევნებში, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით წარდგენილ კანდიდატთა უმეტესობა კაცი იყო.

ინფოგრაფიკა: cec.gov.ge

და, არჩევნების შედეგების მიხედვითაც, უმეტესად კაცი კანდიდატები აირჩიეს

ინფოგრაფიკა: cec.gov.ge

და ეს მაშინ, როცა, საქართველოში, ამომრჩევლების უმეტესობა ქალია.

ინფოგრაფიკა: cec.gov.ge

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.