Loading

კორონავირუსის გავლენა სასკოლო განათლებაზე

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში ადამიანების ყოველდღიურობა და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. ისინი დღეებს თვითიზოლაციაში ატარებდნენ და საკმაოდ აქტუალური გახდა მოწოდება „დარჩი სახლში“.
მალევე საქართველოც აღმოჩნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა და ქვეყნის მთავარ მიზნად პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა იქცა. Covid - 19-ით დაავადებული პირი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა, თუმცა მთავრობამ მოქალაქეებს მკაცრი შეზღუდვები 31 მარტიდან დაუწესა.

დროთა განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკლო ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა. გამკაცრებულმა რეგულაციებმაც შემსუბუქება დაიწყეს. 2020 წლის 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია, თუმცა კვლავ რჩება შეზღუდვების ნაწილი.

პანდემიასთან უკვე ორ თვიანმა თანაცხოვრებამ ადამიანებისთვის ბევრი რამ შეცვალა. გქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ იმოქმედა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვა.

განათლების სფერომ მცირე დროსა და ექსტრემალურ პირობებში რადიკალური ცვლილებები განიცადა. სკოლებში დასაქმებული ადამიანებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა დიდ გამოწვევად იქცა.

„ჩემთვის რთული აღმოჩნდა შევგუებოდი სახლში ყოფნას, რადგან საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი კარანტინამდე და ამ დამძაბველ სიტუაციამდე. ყოველდღიურად მიწევდა ასობით ადამიანთან კონტაქტი დღეს კი სახლში ვარ,“ _ ყვება 18 წლის სკოლის მოსწავლე, რუსუდან ბუზიაშვილი.

როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის დღის განრიგი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ახლა მას ადამიანებთან არ აქვს უშუალო შეხება და დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ონლაინ განათლების მისაღებად ატარებს. ეს ყველაფერი კი მისთვის, როგორც სკოლის მოსწავლისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა.

მოსწავლეებთან ერთად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესი პედაგოგებისთვისაც არ იყო მარტივი. კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის გამო მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაშიც ბევრი რამ შეიცვალა.

„განსხვავება ის არის, რომ ფიზიკურად საკლასო ოთახებიდან უკვე ონლაინ რეჟიმზე გადმოვედით და ჩვენი სახლები, ფაქტობრივად, სკოლად იქცა. თავიდან ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ უზარმაზარი ნახტომით გავუმკლავდი ამ გამოწვევას. ძალიან მახარებს ის, რომ დავძლიე პრობლემები და საინტერესო გაკვეთილები გამომდის“,-ამბობს ლიზა ყაზიშვილი, გორის, მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგი. პანდემიის პირობებში მუშაობა მისთვის ახალი გამოცდილება იყო და თვლის, რომ როცა ყველაფერი ჩაივლის და სკოლებში დაბრუნდებიან უკეთესი პედაგოგი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

ფაქტია, რომ საქართველოს სკოლებში სწავლა დისტანციურად გრძელდება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი შედეგი, რადგან არ ჩატარებულა კვლევა, რაც სწავლის ხარისხს ან მოსწავლეების მიერ საგნების ათვისების დონეს დაადგენს. უცნობია სწავლისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგები, ასევე არ დათვლილა თუ რამდენი მოსწავლე დარჩა განათლების მიღების გარეშე. ერთ-ერთი საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა „ჩართე" -ს ინფორმაციით დღეს 78 000 -მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი, რაც მათ განთლების მიღმა ტოვებს.

„დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მათი 95% ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.” - წერია საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმის ვებ გვერდზე.

სწავლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებზე საუბრობს განათლების სფეროს ექსპერტი, თამარ მოსიაშვილიც. როგორც ამბობს, სკოლებიდან მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველაზე კარგ შემთხვევაში მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა 70%-ს არ სცილდება. ამის მიზეზად კი სწორედ ე.წ „ციფრულ დაყოფას“ - ასახელებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან ხელმიუწვდომლობის გამო მოსწავლეები თავიანთ თანატოლებთან არათანაბარ პირობებში არიან.

„ვნახე, რომ სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლები ინტერნეტის დახმარებით ბავშვებს ელაპარაკებოდნენ და უხსნიდნენ გაკვეთილებს. მეც მინდა, რომ ჩემს სოფელშიც შემოვიდეს ინტერნეტი“ _ ამბობს მე-6 კლასის მოსწავლე, თენგო ბოლათაშვილი. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები დაიკეტა ის საკმარის განათლებას ვეღარ იღებს.

დასახლებაში სადაც თენგო ცხოვრობს ინტერნეტი არ არის, შესაბამისად, ონლაინ განათლების პროცესშიც ვერ ჩაერთო. ერთადერთი მეთოდი, რომლითაც თენგო ბოლოთაშვილი და მსგავს სიტუაციაში დარჩენილი მოსწავლეები იღებენ განათლებას „ტელესკოლა“ არის. თუმცა, მოზარდი ამბობს, რომ ეს მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის რადგან, საგაკვეთილო პროცესში სრულად ვერ ერთვებიან და კითხვებს ვერ სვამენ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ სწორედ პროექტი „ტელესკოლა“ შესთავაზა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. განათლების, მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსაზრებით ამ მეთოდით მიღებული განათლება ეფექტური იქნება, რადგან ტელესკოლის გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

განცხადებას იმის შესახებ, რომ ტელესკოლა არსებობს და ყველა ბავშვისთვის განათლება ხელმისაწვდომია, ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ფაქტის მიჩქმალვას უწოდებს და აღნიშნავს, რომ დღეს ყველა ბავშვისთვის ნამდვილად არ არის ხელმისაწვდომი განათლება. მისივე თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის და აღნიშნული გამოწვევის წინაშე განვითარებული ქვეყნებიც დგანან. განსხვავემა მხოლოდ იმაშია, რომ სხვა ქვეყნებში პრობლემის აღმოფხვრის მიზნით დისკუსიები გააქტიურდა. ჩვენთან კი, ასე არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლების დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, კვლავ რჩებიან მოსწავლეები, ვისთვისაც დისტანციური სწავლება მიუწვდომელია. სკოლაში სიარულისას მოსწავლეები სოციალიზაციას გადიან, ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას სწავლობენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის, თუმცა, მეორეს მხრივ ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი სოციალური დისტანცირება იყო. იმისათვის, რომ ქვეყნის განათლების სისტემა მზად იყოსმომავალი გამოწვევების წინაშე, საჭიროა დისტანციური სწავლების ელემენტების ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

„ჩვენ არ ვიცით კორონავირუსი როგორი საფრთხის შემცველი იქნება სექტემბერში. მაგრამ, კორონავირუსიც რომ არ იყოს, დისტანციური სწავლების ელემენტების ინტეგრირება სასწავლო პროცესში გადაუდებელი აუცილებლობაა. დაახლოებით იგივეა, გუტენბერგმა საბეჭდი მანქანა რომ გამოიგონა, მაშინ რომელიმე ჯიუტ ადამიანს ისევ ბატის ფრთით ეწერა წიგნები. ცხადია ჩვენ ისიც ვიცით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლის მიზანი მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის, საუბარია აღზრდაზეც და ამიტომ ვსაუბრობთ ინტეგრირებაზე და არა სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმში გადატანაზე“_ აღნიშნავს განათლების ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში წარმოშობილი კორონავირუსი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. ვირუსი მწვავე მძიმე რესპირატორულ სინდრომთან არის დაკავშირებული და ინფექცია ადამიანიდან-ადამიანა გადაეცემა. პანდემიის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, მსოფლიოს 210 ქვეყანაში ინფიცირებულია 4 000 000 მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 288 000 და გამოჯანმრთელდა 1 500 000 ადამიანზე მეტი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იგივე „ჯანმო“-მ ვირუსს ოფიციალურად COVID-19 უწოდა. ვირუსით გამოწვეული ვითარება თავდაპირველად „საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“, ხოლო მოგვიანებით „პანდემიად“ შეაფასა. კორონავირუსული პანდემია განსაკუთრებული ინტენსიობით აშშ-ში, ესპანეთში, რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბრაზილიაში, თურქეთში და ირანში გავრცელდა. პანდემიის პირველწყარო ქვეყანამ, ჩინეთმა დაზიანების მაღალი მაჩვენებლის მქონე ათი ქვეყნის მონაცემების შემდეგ გადაინაცვლა.