Loading

24 წლის ფერმერი ფერეთადან

ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს. მან, როგორც ახალგაზრდების უმეტესობამ, სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა და ცხოვრება ქალაქს დაუკავშირა. განათლების მიღების შემდეგ კი, ისევე როგორც ახალგაზრდების უმცირესობამ, ქალაქიდან სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. აქედან იწყება ერთი ჩვეულებრივი ბიჭის არაჩვეულებრივი ამბავი. . . გზა სტუდენტობიდან ფერმერობამდე.

ვახტანგ მერკვილიშვილი. 24 წლის. პროფესიით - მათემატიკოსი.

ვახტანგის ოჯახი წლებია მესაქონლეობას მისდევს. სწორედ ეს ოჯახური მეურნეობა გახდა მისი დედაქალაქიდან სოფელში დაბრუნების მიზეზი. მესაქონლეობის გარდა ის სოფლის მეურნეობის სხვა დარგებშიც ერკვევა, თუმცა ამ სფეროს განვითარებაზე ზრუნვა მთავარ მიზნად დაისახა.

ვახტანგთან ჩვენ სწორედ ამ ოჯახური მეურნეობის მოსანახულებლად ჩავედით. იმის გამო, რომ ახალგაზრდა ფერმერი ძირითადად მომთაბარე მეურნეობას ეწევა. მასთან ერთად ზღვის დონიდან 600 მეტრზე, სოფელ ბაბოთში ავედით. აქ ახლა ფერმის ნაწილია განთავსებული.

აქ, შინაური პირუტყვის მოსავლელად ამოსულ გლეხებს, არც შუქი აქვთ და არც სხვა კომფორტი. მთაში მყოფების დილა ფერმაში დილის 7-დან , ხოლო ზაფხულში 5 ან 6-ის ნახევრიდან პირუტყვის გადენვით და სადგომის დასუფთავებით იწყება. როგორც ვახტანგი ამბობს, მთავარი სირთულე მტაცებელი ცხოველებისგან თავის დაცვაა. ფერმას მგელი ზოგჯერ დღისითაც აკითხავს. ამიტომ დილიდან დაღამებამდე და მერე მთელი ღამე მათ უსაფრთხოებას მეცხვარე ძაღლები იცავენ. ერთ-ერთია ლომა.

ვახტანგს ფერმაში ძირითადად მეხორცული ჯიშის საქონელი ჰყავს. იმის გამო, რომ მომთაბარეობენ, რძისგან სხვადასხვა პროდუქტს აქტიურად ვერ აწარმოებენ. ყველს მხოლოდ ზაფხულში ამზადებენ.

მთავარი პრობლემა რასაც ახალგაზრდა ფერმერი ასახელებს, მესაქონელბის დარგში თანამედროვე განათლების პრობლემაა.

გარდა ამისა ამბობს, რომ ვეტ-ექიმების ნაკლებობაა, რომლებთანაც დროულ კონსულტაციებს გაივლიან. პრობლემებთნ გამკლავებას დამოუკიდებლად ცდილობენ, თუმცა დახმარება სამინისტროდანაც მიიღეს. მიაჩნია, რომ ამ დარგში პროფესიონალი კადრები ყველა რეგიონს საკმარისად უნდა ჰყავდეს.

ვახტანგის სურვილია თავისი ოჯახური მეურნეობა კიდევ უფრო გააფართოვოს. ბაზარზე არსებული სტანდარტები დააკმაყოფილოს, რძის პროდუქციაც აწარმოოს და კიდევ უფრო მეტი ჯანსაღი პროდუქტი მიაწოდოს მომხმარებლებს. მიაჩნია, რომ ამით საკუთარი თავის, ოჯახის გარდა წვლილს ქვეყნის განვითარებაშიც შეიტანს. ამასთან, ის თავისი საქმით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების მიუხედავად ახალგაზრდებს დასახული მიზნების მიღწევა მაინც შეუძლიათ.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.