მასშტაბური ხანძრები საქართველოში - ქრონიკა

სადგურის მოედანზე მდებარე "ბავშვთა სამყარო" თითქმის მთლიანად დაიწვა. განადგურებულია 10 000 კვ.მ. ფართობი. საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილია დაახლოებით 1000 მცირე მეწარმე. ეს სტატისტიკა დღეს დილით თბილისში გაჩენილი ხანძრის პირდაპირი შედეგია. დაზარალებულები დახმარებას მთავრობისგან ელიან. წინასწარი დათვალიერებით, სეიფებში დაცული ოქრო-ვერცხლი გადარჩენილია.

"ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. თბილისის მერი კი დაზარალებულებისა და შენობის მფლობელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებების შინაარსით ინტერესდება.

დაზღვევის ექსპერტის გიორგი გიგოლაშვილის შეფასებით, საქართველოში დაზღვევის სერვისით ბიზნესკომპანიების დაახლოებით 10% სარგებლობს. ამ შემთხვევაში, "ბავშვთა სამყაროს" შენობა კომპანია "ალდაგშია" დაზღვეული, თუმცა დაზღვევა არ მოქმედებს "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე მოვაჭრე მცირე მეწარმეების ქონებაზე. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ აუნაზღაურებს მოვაჭრეებს მიყენებულ ზიანს. წინ გამოძიების პასუხი გველოდება, რომელიც ხანძრის გაჩენის მიზეზებს დაადგენს. შედეგებს დაზარალებულებთან ერთად სადაზღვევო კომპანიაც ელოდება.

საქართველოში ბოლო დროის განმავლობაში მომხდარი, ყველაზე მასშტაბური ხანძრის შემთხვევები:

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "საბაში"

2013 წლის 26 თებერვალს ცეცხლი გაუჩნდა თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრ "საბას". ხანძარმა 6000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა. სავაჭრო ცენტრის მეპატრონე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავდა. ის ვარაუდობდა, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. დაზარალებულთა უმეტესობისთვის ზარალი ამ დრომდე არავის აუნაზღაურებია. მათი ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს მხოლოდ რამდენიმე მოვაჭრემ მიმართა და ამ გზით კომპენსაციის გადახდის პრეცედენტი უკვე მოხდა. 6 მოსარჩელიდან ჯერჯერობით მიყენებული ზიანი მხოლოდ ერთ მათგანს აუნაზღაურეს.

ხანძარი ლილოს ბაზრობაში

2012 წლის 15 ნოემბერს ლილოს ბაზრობის ტერიტორია დაიწვა. განადგურდა, დაახლოებით, 30-მდე საბაჭრო ობიექტი. ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 2016 წელსაც გაჩნდა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, დამწვარია შერეული საქონლის საწყობი.

ლილოს ბაზრობა
ხანძარი "აკვაპარკში"

შემთხვევა 2013 წლის 17 ივლისს მოხდა. ძლიერი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ბუნგალოები, კონსტრუქციები. დაზიანდა აკვა-პარკის გვერდით მდებარე დევნილთა საცხოვრებელიც. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

აკვაპარკი
ხანძარი ნავთობბაზაზე

2014 წლის 30 ივლისს ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე. ცეცხლი წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზას გაუჩნდა. ადგილზე აფეთქებების ისმოდა. შემთხვევის შედეგად კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ხანძარი ბათუმში

2015 წლის 13 მაისს აფეთქება მოხდა ბათუმში, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარი კაფე-ბარ "მალიბუში" გაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ჯერ აფეთქება მოხდა, რის შედეგად ჩაიმსხვრა ბარის მინები და ადგილზე ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი დაშავდა, რომელსაც ავტომობილი კაფე-ბარის წინ ჰყავდა გაჩერებული.

ხანძარი ზესტაფონში
ზესტაფონის ბაზრობა

ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში მდებარე ობიექტებზე წუხელ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის ლოკალიზებაზე ზესტაფონის სახანძრო სამსახურის გარდა ქუთაისისა და თერჯოლის სახანძრო ბრიგადებიც მუშაობდნენ. ადგილობრივი ვაჭრების თქმით, ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა. ეს სპეციალურად დაგეგმილი "შემთხვევითობაა", რომლის მთავარი ინტერესი ბაზრის ტერიტორია იყო.

ხანძარი დიდუბეში

დიდუბეში, ყოფილი კიროვის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ობიექტზე შერეული ტიპის საქონლის საწყობები და საამქროები იყო განთავსებული. ხანძარი 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობდა. ქარხანა დაზღვეული არცერთ სადაზღვევო კომპანიაში არ ყოფილა. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა გახდა.

ხანძარი დიდუბეში
ხანძარი კომპანია "გაგრა პლუსის" ქარხანაში

კომპანია "გაგრა პლუსის" საწყობში ხანძარი 2015 წლის ივლისში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა.

კომპანია "გაგრა პლუსი"
ხანძარი სამებაში

სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. დაიწვა სტამბის ტერიტორია - 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის, საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო.

ბოლო სტატისტიკური მონაცემები

საქართველოში ხანძრების რაოდენობა ერთ წელში დაახლოებით 3 300 შემთხვევით გაიზარდა. „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ 2014 წელს საქართველოში ხანძრის 11 082 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2015 წელს ეს რაოდენობა გაიზარდა და 14 440 შეადგინა. 2016 წლის მონაცემები შსს-ს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.