ეპილეფსია უამრავ ცრურწმენასთან დაკავშირებული უნიკალური დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის პირველიდან ბოლო დღემდე შეიძლება დაემართოს ადამიანს, მიუხედავად ასაკის, რასისა და განვითარებისა.
ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა. იგი ძალიან გავრცელებულია და მთელს მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 1% აღენიშნება.
ეპილეფსიის კლინიკური გამოვლინება ძალიან მრავალფეროვანია და მისი მარტივად და მოკლე დროში აღწერა შეუძლებელია. დაახლოებით 50-მდე ეპილეფსიური შეტევა არსებობს.
ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეპილეფსია დაკავშირებულია ადამიანის დავარდნასა და კრუნჩხვებთან. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეპილეფსიური გულყრა მრავალფეროვანია და გამომწვევი მიზეზიც მრავალნაირია. ნებისმიერი მიზეზი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თავის ტვინი შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრის გამომწვევი.
ეპილეფსია წარმოუდგენელია ეპილეფსიური გულყრის გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ეპილეფსია წარმოადგენს ეპილეფსიური გულყრების განვითარების შესაძლებლობის მქონე თავის ტვინს. როგორც ნებისმიერი დაავადება, ვთქვათ მიოკარდიუმის ინფარქტი, პნევმონია შეიძლება მრავალი გამომწვევით და მიზეზით იყოს განპირობებული, ეპილეფსიაც შეიძლება თავის ტვინის ნებისმიერმა აგენტმა ან დაავადებამ გამოიწვიოს, რაც განსაზღვრავს ეპილეფსიის სახეს.
ეპილეფსიური შეტევა საჭიროებს სხვადასხვა ტიპის შეტევებთან მნიშვნელოვან დიფერნციულ დიაგნოზს. ეპილეფსია ანუ ეპილეფსიური გულყრა არის პაროქსიზმული (უეცარი) მდგომარეობა. უეცარი განვითარებისა და დამთავრების ტიპის შეტევა შეიძლება ბევრნაირი იყოს. ამიტომ, თუ ექიმს ეპილეფსიის სინდომზე სპეციფიკური ტრენინგი არ აქვს გავლილი, პირველ ეტაპზე შეიძლება გაუჭირდეს ეპილეფსიის დიაგნოსტიკა.
პაციენტი ექიმთან მოდის დავარდნისა და კრუნჩხვის შემდეგ. ასეთი პაციენტების დაახლოებით 30% ეპილეფსია კი არა, სხვა ტიპის კრუნჩხვა აქვთ და ჰგონიათ ეპილეფსია. ეპილეფსიაზე ეჭვი უნდა ავიღოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აღენიშნება ხანმოკლე, სტერეოტიპული ანუ ერთმანეთის მსგავსი უეცარი შეტევითი ხასიათის სიმპტომი, რომელიც ძალიან მრავლფეროვანი შეიძლება იყოს. მაგალითად: 5-10 წლის ბავშვმა შეიძლება უეცრად, ვთქვათ მარჯვენა მხარეს, დაინახოს ფერადი ბურთები, რომელიც დაახლოებით 30 წმ. გრძელდება. ამ უმნიშვნელო მოვლენას შეიძლება ყურადღებაც არავინ მიაქციოს, მაგრამ იგი იყოს ეპილეფსიური შეტევა. ადამიანს შეიძლება აღენიშნოს მარჯვენა ხელის ან ფეხის დაბუჟება ან დაჭიმვა, რაც ასევე ეპილეფსიურ სიმპტომს წარმოადგენდეს. ეპილეფსიური გულყრის ასეთი შეტევითი ხასიათის მიმდინარეობა, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან მრავალფეროვანია.
თუ ადამიანის განვითარება შეესაბამება ასაკს, და მას აქვს ეპილეფსიური შეტევები, ეპილეფსიურ შეტევებს შორის შუალედში, ის ჯანმრთელი ადამიანისგან არაფრით განსხვავდება. მაგალითად, ნებისმიერი გენიოსი, ვისაც ჰქონდა ეპილეფსია, განვითარებით ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო მაღლა იდგა.
თუ ეპილეფსია ემართება ბავშვს, რომელსაც გონებრივი განვითარების შეფერხება, ან ჩამორჩენა აქვს, ამ შემთხვევაში მოხდება შეუღლება. ანუ ერთდროულად განვითარების ჩამორჩენაც იქნება და ეპილეფსიური შეტევებიც.
როგორც აღვნიშნეთ, ბევრი ტიპის ეპილეფსიური სინდრომი არსებობს, რომელთაგან მხოლოდ რამოდენიმე გადადის გენეტიკურად და მათი სიხშირეც არ არის მაღალი. ამიტომ თუ არ მოხდა პაციენტის ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოსტირება, შვილის გაჩენის აკრძალვა, ყოვლად დაუშვებელია.
სხვადასხვა ეპილეფსიურ სინდრომს განსხვავებული მკურნალობა აქვს. არსებობს ისეთი ტიპის ეპილეფსიური სინდრომები, რომლებიც ანტიეპილეფსიურ მედიკამენტოზურ მკურნალობას კარგად ემორჩილება. თუმცა მეორე საშიშროება იქმნება - როდესაც ადამიანი კარგად გრძნობს თავს, დიდია ალბათობა იმისა, რომ შეწყვიტოს წამალის მიღება და ეპილეფსიური შეტევის ხელახლა განმეორების რისკიც იმატებს.
არსებობს ეპილეფსიური სინდრომების მეორე ტიპი (გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების ან თავის ტვინის დაზიანების შემთხვევაში), რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებს ანტიეპილეფსიურ მკურნალობას.
მკურნალობაში ძირითადი მნიშვნელობა ეპილეფსიური სინდრომის დადგენას ენიჭება, რაც მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში ხდება.
ეპილეფსია არის ისეთი დაავადება, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ მოეძებნება ცრურწმენებში: შავი ნაჭრის გადაფარება, თითის გაჭრა, ჩხვლეტა, პირის ძალდატანებით გახსნა ენის დასაჭერად, რომ არ გადაყლაპოს და ა.შ. ეს ყველაფერი მოგონილია და ადამიანისთვის თავისთავად საფრთხის შემცველია, რადგანაც ხშირად გვინახავს, რომ ეპილეფსიური გულყრის დროს ადამიანისთვის კბილები ჩაუმტვრევიათ, ხელები დაუჭრიათ და ა.შ.. კრუნჩხვის დროს დიდი რაოდენობით გამოყოფილი ნერწყვის გადაცდენა და ადამიანის დახრჩობა რომ არ მოხდეს, ერთადერთი რაც შეგვიძლია, კრუნჩხვის დროს, თავი უნდა დავუდოთ გვერდზე. თუ ეპილეფსიური შეტევა ძალიან გახანგრძლივდა და ადამიანი თვითონ ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, მაშინ აუცილებლად სასწრაფო დახმარებას უნდა დავუძახოთ. საბედნიეროდ, ადამიანი თვითონ გამოდის ამ მდგომარეობიდან 2-3 წუთში.
არსებობს ისეთი ეპილეფსიური სინდრომები, რომლებიც ძალიან კარგად ექვემდებარება მკურნალობას, ზოგიერთი ტიპი ნაკლებად ექვემდებარება და არსებობს ისეთი, უფრო ხშირად ბავშვებში, რომელებიც სამწუხაროდ საერთოდ არ ექვემდებარება მკურნალობას. საბედნიეროდ ასეთი ცოტაა.
საბოლოო ჯამში რეზიუმეს სახით შეგვიძლია ვთვათ, რომ თუ სწორად არის დასმული ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოზი, შესაბამისი ანტიეპილეფსიური მედიკამენტის მიღებისას, პაციანტთა დაახლოებით 70% ეპილეფსიური შეტევისგან განთავისუფლდება.
ეპილეფსიის დიაგნოსტიკა აუცილებლად გულსხმობს მულტიდისციპლინურ მიდგომას. ანუ ამ დაავადების დიაგნოსტიკაში ექიმების მთელი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას. მასში უნდა შედიოდეს: ნევროპათოლოგი, რომელსაც ეპილეფსიის საკითხში სპეციალური ტრენინგი ექნება გავლილი, ელექტროენცეფალოგრაფიის ინტერპერატაციაში გათვითცნობიერებეული კვალიფიციური ელექტროფიზიოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სპეციალისტი, რომელიც კარგად შიფრავს თავის ტვინის ნეიროვიზუალურ გამოკვლევას - თავის ტვინის ბირთვულ მაგნიტური რეზონანსულ ტომოგრაფიას. ასეთი გუნდის პირობებში, ეპილეფსიური სინდრომის დადგენის სიზუსტეც მაღალია.
არსებობს ეპილეფსიური სინდრომის მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი. ძირითადი ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით მკურნალობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე მიღებულია. როგორც აღვნიშნეთ, შემთხვევათა 1/3-ში ანტიეპილეფსიური მკურნალობა არ ამართლებს, ანუ პაციენტი ვერ თავისუფლდება ეპილეფსიური შეტევებისგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს თავის ტვინის რა ადგილია დაზიანებული და შესაძლებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა. საქართველოში ჯერჯერობით ამგვარი ჩარევა ვერ კეთდება, თუმცა გერმანელ კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობით და დახმარებით არ არის გამორიცხული, საქართველოში ამ მეთოდის დანერგვა.
მსოფლიოში ხშირად მიმართავენ ეპილეფსიური სინდრომის ოპერაციული გზით მკურნალობას.
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოფიის ინსტიტუტი
თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11; მე-3 სართ.
ტელეფონი: 2 912 947; 2 183 317