Loading

არჩევანწართმეულები

სოფელ იანეთში მცხოვრებ მესხ ქალებს არჩევანი თავად არ გაუკეთებიათ. მათი ბედი სხვებმა გადაწყვიტეს.

„მამაკაცებმა არჩინონ და ქალებმა მოუარონ,“ - ამ პრინციპით აქციეს დიასახლისობა რეპატრირებული მესხი ქალის „პროფესიად“, მესხმა მამაკაცებმა.

მათ ხელებს მძიმე შრომის კვალი ეტყობა, მზემოკიდებულ სახეს კი ღიმილი დასთამაშებს. მესხ ქალებს სტუმარი გულწრფელად უხარიათ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, იანეთის მეცხრე უბნის ოცდათხუთმეტივე ოჯახის ქალი თითქმის ერთნაირი ყოფით ცხოვრობს.

ფერად - ფერადი, გრძელი კაბებით და თავსაფრებით შემოსილები, კვირაში ერთ დღეს, სალოცავად ერთად მიდიან. მეჩეთისკენ მიმავალ გზას ლაპარაკ-ლაპარაკით და ხალისით მიუყვებიან.

ყურანის მიხედვით, ქალებს მამაკაცებთან ერთად ლოცვა ეკრძალებათ, ამიტომ მეჩეთში სხვადასხვა დროს დადიან.

გულნაზი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ლოცვის შემდეგ, ოჯახში ბევრი საქმე ელის. ამ დროს თავსაფრის მორგება ტრადიციული რიტუალია, ფერების შერჩევა კი თერაპია. როცა კარგ ხასიათზეა, წითელ თავსაფარს იკეთებს. ფიქრობს, რომ ამ ფერს წარმატებაც მოაქვს.

გულნაზი ოზურგეთში გაიზარდა. 16 წლისა იანეთში გათხოვდა. ახლა სამი შვილის დედაა.

გულნაზი ხოსაძე: „ბავშვობიდან კერვა მეხერხებოდა, მაგრამ იმ დროს არ შეიძლებოდა ქალს ესწავლა. ვერც მე ვისწავლე. ახლა დიასახლისივი ვარ. დიასახლისობა მძიმე საქმეა. შრომობ, შრომობ და საქმე არ ილევა.“

მესხი დიასახლისები ცოცხს საკუთარი ხელით კრავენ და სარეცხსაც თავისებურად ფენენ.

როცა სკოლიდან შინ გულნაზის უფროსი შვილები ბრუნდებიან, დედა გაკვეთლების მომზადების პროცესში ერთვება.

ამ დროს გულნაზის ოჯახის საქმეში დედამთილი ეხიდება. 52 წლის სურია საკუთარ თავზე უფრო მძიმე სამუშაოს იღებს. მისი დღე დილის ექვს საათზე იწყება. თოხით, წერაქვითა და ბარით, მიწის პატარა ნაკვეთს ამუშავებს. თესავს სიმინდსა და ბოსტნეულს.

სურიას ხელით მოყვანილი პროდუქტი ბაგბანოვების ოჯახის საკვებიცაა და შემოსავლის წყაროც.

რძალ-დედამთილი ვახშამს ერთად ამზადებს. მესხი ქალები, სამსახურიდან დაბრუნებულ ქმრებს აუცილებლად ნოყიერ საჭმელს ახვედრებენ.

როცა დროს პოულობს, სურია ძველ საკერავ მანქანასთან ჯდება. კერვა მისთვის განტვირთვაა.

სურია იზნო: „ახალგაზრდობას მახსენებს. ადრე ოჯახის წევრებისთვის ტანსაცმელს და თეთრეულს სიხარულით ვკერავდი. მაშინ დრო ბევრი მქონდა.“

ძველ დროში სურია ფოტოალბომითაც ბრუნდება და ნალჩიკში გატარებული ბავშვობის ისტორიას შვილიშვილებს უყვება.

ტრადიციული, სადღესასწაულო კაბები მხოლოდ სურიას ალბომს შემორჩა.

სურია იზნო: „ფენებიანი კაბები მარშის დროს გვეცვა, ბებომ შემიკერა და ძალიან მიყვარდა. მახსოვს სიამაყით ვატარებდით გოგოები.“

ბებოს მიერ მონათხრობს, პატარა მესხი გოგონები გატაცებით უსმენენ და ფენებიან კაბებზე ოცნებობენ.

შესაძლოა, ეს სწორედ ის გოგონები არიან, რომლებიც მომავალაში, თავიანთ ბედს თვითონ გადაწყვეტენ.

მესხი ქალები, დიასახლისობასთან ერთად, მწყემსის მძიმე საქმესაც ეჭიდებიან .

59 წლის კამილა ხუთი შვილის დედაა.

კამილა ბაგბანოვა: ” როცა კაცებს არ სცალიათ ცხვრებს ქალები ვუვლით. ამაში უცნაური არაფერია. არც მიფიქრია, რომ მესწავლა რა იქნებოდა. ვიცოდი, რომ არ ვისწავლიდი და 19 წლისა გავთხოვდი. მას შემდეგ ოჯახი, ძროხები, ცხვრები ეს ჩემი ცხოვრებაა.”

არჩევანწართმეული მესხი ქალები ბედნიერები არიან. მათ საკუთარი ცხოვრება სხვაგვარად ვერც წარმოუდგენიათ. ბევრი ახალგაზრდა გოგოც ეგუება ვითარებას. მაგრამ, არიან ისეთები, ვინც საკუთარი მომავლისთვის იბრძვის და ეს ბრძოლა ოჯახში იწყება.

ანა ჯანაშია, ბაია მიქაბერიძე

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.