Loading

1 წლის წინ, შუახევში, ჰიდროელექტროსადგურისთვის გათხრილი გვირაბის ძირში რამდენიმეტონიანი ქვის ლოდები მოწყდა.

ერთი, ადამიანის სიმაღლეზე უფრო დიდი მოცულობის ქვა ბორცვზე დაიმტვრა. სოფელში მხოლოდ ნატეხები ჩამოცვივდა.

მეორე, 3-4 ტონიანმა ლოდმა კი სოფელ მახალაკიძეებამდე ჩააღწია, გზად შემხვედრი მუხის ხე მოწყვიტა და თან ჩაიტანა, მერე ორად გადატყდა და ბერიძეების ბოსელს შეეჯახა. ბოსელი მათი სახლიდან სულ რამდენიმე მეტრში დგას.

ბერიძეების ბოსელი, სოფელი მახალაკიძეები
„კიდევ კარგი, დღე არ იყო და გარეთ ბავშვები არ იყვნენ, თორემ შეიძლება გადაესრისა“,

გვაჩვენებს ბოსლის დაზიანებულ კედელს სოფელ მახალაკიძეებში მიხეილ ბერიძე, თან პატარა შვილიშვილს აკავებს, რომელსაც სახლის გარეთ სირბილი და მთის ძირში თამაში განსაკუთრებით უყვარს.

მიხეილ ბერიძე, სოფელი მახალაკიძეები

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში იხსენებენ, რომ საშიში ლოდების ცვენა მეწყრულ სოფელში პროტესტის მიუხედავად დაწყებული ჰიდროელექტროსადგურის გვირაბის მშენებლობას მოჰყვა.

გვირაბების 38-კილომეტრიანი ქსელი, რომელიც 16-მდე სოფელს ფარავს, „მომავლის პროექტად“ შერაცხული, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის, „შუახევი ჰესის“ საკვანძო ნაწილია.

სოფელი მახალაკიძეები, შუახევი

გარეთ, გვირაბიანი მთის ძირში ჟივილ-ხივილით გამოშლილი ბავშვების გულისკანკალით თვალყურის დევნება ჰესის მიმდებარე დასახლებებში უკვე რამდენიმე წელია, ყოველდღიურობაა.

იქაურებს შიშს რთული გეოლოგია და მძიმე ისტორია უმძაფრებთ: რამდენიმე ათწლეულის წინ, ამ ხეობაში მეწყერმა სოფლები მიწისქვეშ 1 ღამეში ჩაიტანა.

ღურტა, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალი

თუმცა, მეწყრის შიში ერთადერთი არ არის, რის გამოც „მომავლის პროექტმა“ შუახეველების მომავალი ბუნდოვანი გახადა.

ღურტა, გორხანაული, ყინჩაური, მახალაკიძეები, ჩანჩხალო - შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში ჰესის მშენებლობის შემდეგ თითქმის ყველა წყარო დაშრა - მოსახლეობა სასმელი, ზოგან კი - სარწყავი წყლის გარეშე არსებობს, მოსავალი - ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო - სრულად მიილია, ან მნიშვნელოვნად შემცირდა. ჰაერი დაბინძურდა, ტყეში, გვირაბის გასწვრივ ზოლზე ხეებმა გახმობა დაიწყო, სახლები დაიბზარა და სიცოცხლისთვის საშიში გახდა.

***

„მომავლის“ პროექტი, რომელიც ჯერ ისევ წარსულშია

მიუხედავად იმისა, რომ მისი მშენებლობა 2 წლის წინ დასრულდა, აჭარის მეწყრულ ზონაში აგებული უზარმაზარი, 185-მეგავატიანი ჰესიდან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას ჯერ არ უხეირია.

არადა, 2013 წელს, როცა პროექტი დაიწყო, „შუახევიჰესით“ მთავრობა საქართველოს სწორედ ამას ჰპირდებოდა.

მიუხედავად მოსახლეობისა და გარემოსდამცველების, მათ შორის, „მწვანე ალტერნატივის“ გაფრთხილებებისა, რომ სარისკო გეოლოგიურ პირობებში, არასაკმარისი კვლევებით დაწყებულ პროექტს მძიმე შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, 2017 წელს ჰესი ოპერირებას მაინც შეუდგა. თუმცა, სატესტო რეჟიმში ამუშავებიდან, გვირაბების ჩამოშლის გამო, მალევე შეჩერდა.

ჰესის მმართველ კომპანიაში, „აჭარისწყალი ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ის ოპერირებას 2019 წლის შემოდგომით განაახლებს.

შუახევის ჰესი მდინარე აჭარისწყლის ხეობაშია გაშენებული. ის მოიცავს ორ, 22 და 39 მეტრის სიმაღლის კაშხალს და 3 გვირაბს, რომლებშიც მდინარე გაივლის და ჰესის ნაგებობებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ერთი გვირაბი 5.8 კმ სიგრძისაა, მეორე - 9,1 კმ-ის, მესამე - 17.8 კმ-ის.

მისი მშენებელი კომპანიის, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მფლობელები, ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ინვესტი“ და ინდური „ტატა ფაუერი“ პროექტის 40-40%-იან წილს ინაწილებენ. „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ (IFC) მის 20%-ს ფლობს. კომპანიის ინფორმაციით, ინვესტიციის საერთო მოცულობა „420 მილიონ აშშ დოლარს აღემატება“.

ამ თანხის ნაწილი სესხია: $250 000 000 “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა” (EBRD) და “აზიის განვითარების ბანკისგან” (ADB), ხოლო $70 000 000 -- “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან” (IFC) .

2019 წლის ივლისში, „შუახევიჰესის“ ერთ-ერთი მთავარმა მეწილემ, “ტატა ფაუერმა” საქარველოდან გასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისმა დირექტორმა პრავეერ სინამ გამოცემა „ბიზნესლაინს“ უთხრა, რომ „ტატა ფაუერს“ საქართველოდან „დიდი სარგებელი არ აქვს".

დაკარგული წყლები

„აქ იყო, ამ ადგილას - წისქვილი. ეს იყო წლები - ჩემი წინაპრები რომ სარგებლობდენ, ბაბუაჩემი რომ სარგებლობდა, მამაჩემი... წყალი იმდენი იყო, რომ ერთ წისქვილს კი არა, სამს ეყოფოდა“, - გვაჩვენებს ერთ დროს სავარაუდოდ ნაკადულის კალაპოტს, ახლა კი ტოტებით და ფიჩხებით დაფარულ ადგილს სოფელ ყინჩაურში ილია ირემაძე.

ახლა აქ პატარა წყარო ჟონავს. ილია და მისი მეზობელი ჰყვებიან, რომ სოფლის მოსახლეობის 90 პროცენტი ღელის წყალს სვამს, ისე, რომ არც იციან - მასში რაიმე საზიანოა, თუ არა.

„სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - ამბობს ირემაძე.

ყინჩაურში, ისევე როგორც გვირაბის გასწვრივ რამდენიმე სოფელში, სასმელი და სარწყავი წყალი შუახევის ჰესის სამშენებლო გათხრების შემდეგ გაქრა.

სოფლები წყლის გარეშე რამდენიმე წელია ცხოვრობენ და ამის გამო მათი უმრავლესობისთვის არც ჰესის მშენებელ კომპანიას, არც ადგილობრივ მთავრობას ალტერნატივა, ან კომპენსაცია არ შეუთავაზებია.

შედარებით იმედიანად არიან ჩანჩხალოში - რამდენიმეწლიანი უწყლობის შემდეგ, სოფელთან წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ჩანჩხალოც ჰესის გვირაბის ძირშია გაშენებული… ის შედარებით დიდი სოფელია, სკოლაში 30-ზე მეტი ბავშვით.

***

„აღარ მოდის ხეხილი, აღარ მოდის მოსავალი, ხეები ხმება, სახლები დაიბზარა... წყლები დაშრა… რაც ჰესის მშენებლობა დაიწყო, ფაქტობრივად, გაზაფხული ჩვენთან აღარ მოდის ისე, როგორც მოდიოდა“, - ამბობს მზია კახაძე, მასწავლებელი სოფელ ღურტადან.

უწყლობამ მხოლოდ წყურვილი არ გამოიწვია. ჯიბესაც მნიშვნელოვნად დაეტყო.

სოფელი ღურტა

მოსარწყავი წყლის ნაკლებობამ და სხვა გეოლოგიურმა გავლენებმა სოფლებში ხეხილი და ბოსტნეული შეამცირა, ან გაახმო.

„მე გამიხმა ამ წელში 4 ძირი ვაშლი, რომელიც ახლები იყო და ჩემი გამოთვლით 50 წელი მაინც უნდა ყოფილიყო... ყურძნები გამიხმა 4 ძირი, თვითონ მოსავალი რაც არის - სიმინდია, ლობიოა, ყველაფერზე მოქმედებს“, - გვეუბნება ილია ირემაძე და თან ტყის გამხმარ ზოლს გვაჩვენებს, რომელსაც ის ასევე მშენებლობას უკავშირებს.
ტყის გამხმარი ზოლი, ყინჩაური

ის საფრთხე, რომ ნაგებობებს შუახევში მძიმე შედეგები შეეძლო გამოეწვია, ჰესთან დაკავშირებული მხარეებისთვის წინასწარვე ცნობილი იყო.

ამის შესახებ მთავრობას და ინვესტორებს „მწვანე ალტერნატივაც“ აფრთხილებდა. ორგანიზაციაში ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე, 2013 წლამდე ამბობდნენ, რომ მშენებლობა მსგავს მეწყერსაშიშ ზონაში გეოლოგიური დასკვნის გარეშე დაუშვებელი იყო. იმ ადგილის გეოლოგიური კვლევა კი, სადაც მძიმე ინფრასტრუქტურის აგება იყო დაგეგმილი, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს უბრალოდ არ ჰქონდა.

„წარმოუდგენელია მასშტაბური პროექტი წინასწარი სათანადო გეოლოგიური კვლევის გარეშე იწყებოდეს; მით უფრო - ასეთი პრობლემური ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში, დასახლებულ ადგილებთან ახლოს შენდება. ამ ყველაფერს კი გვირაბების გაყვანისთვის აფეთქების მეთოდის გამოყენება დაემატა, რაც ამ სარისკო არეალში კომპანიამ განახორციელა“, - ამბობს დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი.

კრიტიკულ შეფასებაში „მწვანე ალტერნატივა“ მარტო არ იყო. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ტარიელ ტუსკიამ მშენებლობამდე განაცხადა, რომ ამ ტერიტორიებზე მიუღებელი იყო არათუ ჰესის, არამედ ნებისმიერი მძიმე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რადგან მას შეიძლებოდა გეოლოგიურად საზიანო პროცესები გამოეწვია.

სოფლებში „ტუსკიას და მის დასკვნას“ ახლაც იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მისი გამოქვეყნების შემდეგ, ტუსკია თვალით აღარავის უნახავს. მისი დოკუმენტიც არავის გახსენებია - არც მთავრობას, არც კომპანიას. მოგვიანებით, ტარიელ ტუსკიამ განაცხადა, რომ სამსახური დატოვა.

პროექტის რისკების შესახებ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, „მწვანე ალტერნატივამ“ არაერთხელ აცნობა ჰესის მშენებელ კომპანიას და მის დამფინანსებელ ბანკებს, გამოაქვეყნა პროექტის პრობლემური საკითხების მიმოხილვა, ანგარიშები, მოამზადა კომენტარები და გააგზავნა საჩივრები ჰესის გარემოზე ზემოქემდებასთან დაკავშირებით.

გარემოსდამცველების პროტესტის საპასუხოდ, 2014 წელს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ილია ელოშვილმა შენიშნა:

„გეოლოგიის დასკვნა არსებობს, თუ არა არსებობს - ამიტომ აჩერებდე 400-მილიონიან ინვესტიცას, ეს უკვე ცივილურ ფორმებში არ ჯდებაო“.

და პროექტიც გაგრძელდა.

თუმცა, დიდი ხნით - ვერა.

ამუშავებიდან 2 თვეში, წყლით გავსება რომ დაიწყო, ჰესის გვირაბები რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი წყლის ქანებთან ურთიერთქმედება და „არადამახასიათებელი გეოლოგიური მდგომარეობა” გახდა.

ბზარები

გურამ იაკობაზე საკუთარ ეზოში. სოფელი ღურტა.

გურამ იაკობაძე სოფელ ღურტაში, თავისი ხელით აშენებულ სახლში, 50 წელი ცხოვრობდა. ეზოში თვითონვე გააშენა ხეხილი, ბოსტნეული, სიმინდი.

სულ რაღაც 2 წელი დასჭირდა სახლის ქვეშ გამავალ გვირაბს, რომ ეს ადგილი მისი მეპატრონის სიცოცხლისთვის საშიშად ექცია.

შუახევის ჰესის გვირაბისთვის თითოეული აფეთქება სახლში ბზარებს კიდევ უფრო აღრმავებდა და იაკობაძის ხელით დადებულ აგურებს ერთმანეთს აშორებდა. უკვე რამდენიმე თვეა, გურამ იაკობიძე და მისი მეუღლე ადგილობრივმა მთავრობამ დროებით სხვაგან გადაასახლა, მათი უსაფრთხოების მიზნით.

ბზარი გურამ იაკობაძის სახლზე, ღურტა

გვირაბებმა ძილი დაუფრთხო სოფელ ყინჩაურსაც.

„ნაბზარები, ნაფლეთები, ეს თვალითაც ჩანს…აფეთქებები როცა ხდებოდა ჩვენი სახლები ზანზარებდა. სერვანდიდან რამდენიმეჯერ ჭიქებიც გადმოვარდა...უმეტესად ღამეში ხდებოდა“, - ამბობს ყინჩაურელი ნადია სურმანიძე.
ყინჩაურელები

ყინჩაურელებს არ ეზარებათ, წინ გაგიძღვნენ და სოფლისკენ მიმავალი გზის გასწვრივ ერთი ყავისფერი ხევი გაჩვენონ. მწვანე მთებში უცნაურად გამოკვეთილი ეს მუქი ფერდობი - ახალგაზრდა მიწა- მეწყრული კვალის მაჩვენებელია... და თავის ქვეშ ერთ სოფელს მალავს. 1986 წელს, ამ მიწამ ყინჩაურის მეზობლად, 22 კომლი შეიწირა.

ყინჩაურში 55 კომლი ცხოვრობს. თუმცა, არც ერთი მათგანის საფრთხის შესახებ პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს ჰესის მშენებელი კომპანია.

სოფელი ღურტა, ადგილი, სადაც 1971 წელს მეწყერმა 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა

ნადია სურმანიძე ამბობს, რომ მათი სოფელი „სრულიად ექვემდებარება განსახლებას“.

“მთელი სოფელი - და არა მისი ნაწილი”, - ფრთხილად აზუსტებს სურმანიძე. მას თანასოფლელებიც ეთანხმებიან.

ზოგიერთი კი იმასაც ამატებს, რომ განსახლების შემდეგ მათ ცხოვრება ისევ აჭარაში, სოფელთან ახლოს ურჩევნიათ, რადგან, ზოგჯერ, მათი ოჯახის წევრების საფლავებთან ამოსვლა შეძლონ.

ყინჩაური

***

ჰესის არეალში მოქცეული სოფლების პრობლემებზე, 2019 წლის ივლისში გამოცემა „ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს ჰკითხა.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ რაზეც მოსახლეობა საუბრობს, არავითარ კავშირში არაა პროექტთან. არ არის ეს ჰესის მიერ გამოწვეული. როდესაც პროექტი ჯერ კიდევ დიზაინის ფაზაზე იყო, მაშინ გამოვლინდა, რომ ეს ტერიტორია არის მეწყრულად საშიში, სადაც ხდება ეროზიები, ქვების ცვენა და ა.შ. ხალხი ამბობს, როცა ასეთი მეწყრული ადგილია, როგორ შეიძლება იქ პროექტის დაგეგმვაო...

"პროექტები, განსაკუთრებით ჰიდროპროექტები, მთელ მსოფლიოში გადის მთაში და ამ ადგილებშიც იგივე პრობლემებია, ქვების ცვენა, მეწყერი… ჰიდროპოტენციალი არის მთებში – ისე ხდება დიზაინის შემუშავება, მეთოდოლოგიის შერჩევა, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშ არ დადგეს. როდესაც ხალხი წინააღმდეგია ჰიდროპროექტების, ქმნიან ასეთ ამბებს”, - უპასუხა პრაშატ ჯოშმა „ბათუმელებს“.

ხმაური და მედიაცია

„4 თვე ვიყავით ქუჩაში სათაო ნაგებობასთან და ბოლოს პოლიციის ძალით დაგვშალეს“, - გვიყვება ისკანდერ ფუტკარაძე სოფელ მახალაკიძეებიდნ იმის შესახებ, თუ როგორ აპროტესტებდა მოსახლეობა მშენებლობას და საკუთარ უსაფრთხოებას,-„ჩვენ მერე მოვთხოვეთ რომ არც თქვენი თანხა გვინდა, არაფერი არ გვინდა, მოგვეცით უსაფრთხოების რუკა, რომ საშიშროება არ გვემუქრება“.

მოგვიანებით, საქმეში ადგილობრივი მთავრობა ჩაერია და მახალაკიძეელებს განსახლებისთვის კომპენსაცია 25 000 ლარი შესთავაზა. მაგრამ მათმა ნაწილმა - საფრთხესთან ყველაზე ახლოს მცხოვრებმა ადგილობრივებმა - ამაზე უარი თქვეს.

„25 000 ლარით დღევანდელ პირობებში რას გააკეთებს ადამიანი?“, - კითხულობს ფუტკარაძე.

2018 წელს სოფელ მახალაკიძეების მაცხოვრებლებმა, სხვადსხვა პრობლემით - პირველ რიგში კი უსაფრთხოების მოთხოვნით, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საერთაშორისო ბანკებში უჩივლეს. იგივე საკითხზე, EBRD-ში სარჩელი შეიტანეს „მწვანე ალტრნატივამ“ და CEE Bankwatch Network-მაც.

შედეგად, სოფელ მახალაკიძეებში „მედიაციის“ პროცესი დაიწყო: მოსახლეობის და კომპანიის ურთერთობების მოსაგვარებლად, დავაში დამფინასნებელი ბანკები ჩაერთნენ. „7-8 შეხვედრა გვქონდა“, - იხსენებს ფუტკარაძე.

ბანკებთან არა, მაგრამ საქალაქო სასამართლოში უჩივლა კომპანიას სოფელ ღურტას მოსახლეობამ.

მახალაკიძეელების, ყინჩაურელების და ჩანჩახალოელებისგან განსხვავებით, ღურტელებს საკუთარი სოფლის დატოვება არ სურთ. ამიტომ ისინი, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ, კომპანიისგან მუდმივ კომპენსაციას მოითხოვენ.

ამ სოფლებში, „მწვანე ალტერნატივის“ და “CEE Bankwatch Network“-ის წარმომადგენლებმა 2019 წლის ზაფხულში მოკვლევა ჩაატარეს.

„სამწუხაროა, რომ პროექტის განახლებას ისე აანონსებს შუახევი ჰესის მშენებელი კომპანია, რომ კიდევ არ წარმოუდგენია ინფორმაცია და საჭირო კვლევები პროექტის მდგომარეობის შესახებ. რა შეცდომები გამოასწორა „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ 2017 წლის შემთხვევის შემდეგ? რა გაითვალისწინა? რაზე დაყრდნობით უნდა გვჯეროდეს, რომ ახლა პროექტი უსაფრთხო იქნება და კვლავ არ შეუქმნის საფრთხეს გარემოს და მოსახლეობას? ამაზე პასუხები ისევ არ გვაქვს“,

ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ დამფუძნებელი მანანა ქოჩლაძე, - „კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ, როგორც ჩვენი ბოლო მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, კომპანია არც ჩატარებული სამუშაოების და არც მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის მოსახლეობასაც“.

სოფლებში ამბობენ, რომ ბოლო 2 წელია, კომპანიის წარმომადგენლები მათთან აღარ გამოჩენილან. მხოლოდ ყურმოკვრით იციან, რომ პროექტის განახლება იგეგმება. თუმცა, ამ ერთი შეხედვით კარგ სიახლეს, ადგილობრივები შიშით ელიან.

„კომპანია, რომელმაც საკუთარი ნაგებობის სწორად აშენება ვერ შეძლო, ჩვენს უსაფრთხოებაზე როგორ იზრუნებს?“, - კითხულობენ ყინჩაურში.

„წითელი ზონა“

ბოლო დროს, აჭარის მთებით და ხეობებით მოხიბლული, მომრავლებლი ტურისტების ფონზე, სოფელ მახალაკიძეებში იფიქრეს, მოგზაურებს ჩვენც ვუმასპინძლებთო.

მიხეილ ბერიძე გვიყვება, რომ სოფელში ტურისტული შემოსავლის იმედი გაჩნდა. თუმცა, საბოლოოდ, ეს საქმე ვერ გამოვიდა. მახალაკიძეელებს მასპინძლობის ნება არ მისცეს: „წითელ ზონაში ხართო“.

„არ შეძლება ღამის გათენებაო... როგორ გეკადრებათო, რა ოჯახური სასტუმროვო, მერე ჩვენ პასუხს მოგვთხოვენ, რამე რომ ჩამოვარდეს და რამე დაემართოს ტურისტსო”, - გვიხსნის უარის მიზეზს მიხეილ ბერიძე და ამატებს:

„მე ვუთხარი, ტურისტი კარგი, მაგრამ მაშინ აქ ბავშვები რომ ათენებენ - აქ 23 ბავშვია სკოლამდელი ასაკის - მათ რას ეუბნებით-მეთქი?“

Credits:

ტექსტი: რუსუდან ფანოზიშვილი ფოტო, ვიდეო: დევიდ ჰოფმანი, ჟენია ცოი