Loading

ფუეტე ქართულად ნაწილი მეორე. როგორ გადაარჩინა ცნობილმა პრიმამ თეატრი

რატომ არ მიდიან ბალეტში ბიჭები? იმიტომ, რომ მათი მამები დარწმუნებულები არიან, რომ ბალეტი კაცის საქმე არაა, - ამბობს ქართული საბალეტო დასის მხატვრული ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.
ნინო ანანიაშვილი

ცოტა მამაკაცი და ბევრი ძლიერი ქალი

არადა იყო დრო, როდესაც ბალეტი საქართველოში ძალიანაც მამაკაცურ ცეკვად ითვლებოდა - 30-იან წლებში, როდესაც ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და არტისტი ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ჩაუდგა სათავეში.

“მაშინ ნამდვილი ბუმი იყო: ყველა მშობელი ოცნებობდა, მათი ვაჟი ბალეტის არტისტი გამხდარიყო”, - ჰყვება ნინო ანანიაშვილი.

დღეს კი, დეფიციტის შევსება ხშირად უცხოელი არტისტებით ხდება - დასში ისინი მრავლად არიან. ბევრი ისეთი ქვეყნიდან ჩამოდის, სადაც ბალეტი მამაკაცებისთვის პრესტიჟულად ითვლება.

“მაგლითად, კუბა, ესპანეთი - ამ ქვეყნებში ბალეტი “ქალურად” ნამდვილად არ ითვლება. მშობლები იქ ხშირად საბალეტო განათლებას ბავშვებს არა ხელოვნების სიყვარულით, არამედ პრაგმატული მოსაზრებებით აძლევენ: სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას მათი შვილები პროფესიას ეუფლებიან”.

“ბალეტი ჯოჯოხეთური შრომაა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ბალეტში ამდენი ქალია. ქალები ხომ მამაკაცებზე ძლიერები არიან, ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად”.

“ბალეტი საკმაოდ ავტორიტარულია. აქ მკაცრი ჩარჩოები, წესები და მოთხოვნები მოქმედებს და ეს მხოლოდ მოცეკვავეების გარეგნობას როდი ეხება”.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტების ნუცა ჩეკურიშვილისა და იონენ ტაკანოს რეპეტიცია, რეპეტიტორების ანატოლი კუჩერიუკის და ირინა ჯანდიერის ხელმძღვანელობით.

როგორ გადაარჩინა ცნობილმა პრიმამ თეატრი

ნინო ანანაშვილი საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო სცენებზე წარმატებული საბალეტო კარიერის შემდეგ დაბრუნდა. იგი მოსკოვის დიდი თეატრის, მარიინსკის დიდი თეატრის, დანიის სამეფო ბალეტის, ლონდონის სამეფო ბალეტის სოლისტი იყო, ასრულებდა სოლოს რომის ოპერის, ლა სკალას, შვედეთის სამეფო ბალეტის, გეტებორგის ბალეტის, მონტე კარლოს ბალეტის, ნორვეგიის, ფინეთის, პორტუგალიის და მრავალ სხვა ნაციონალურ დასებში.

ნინო ანანიაშვილის კაბინეტში

“2004 წელს სააკაშვილმა დამიძახა და დავბრუნდი. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მთელი ცხოვრების გადაწყობა მომიხდა. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა - არც არტისტები იყვნენ, არც ფული იყო. ბევრი არტისტი თბილისიდან წავიდა, ვინც დარჩა, ისინი ნამდვილ გმირებად მიმაჩნია - ისინი არა მხოლოდ დარჩნენ, არამედ თეატრის უანგაროდ გადარჩენას მოჰკიდეს ხელი”.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფასადი

“საქართველოში იმ დროს [90-ნი წლების ბოლო და 2000-ანების დასაწყისი] ბევრმა არც იცოდა, რომ თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრი არსებობს. ახალგაზრდებს გულწრფელად უკვირდათ, როდესაც ამას იგებდნენ. ეს გასაგებია, ომის, შიმშილისა და სიბნელის ათწლეულის შემდეგ”.

თეატრის შესასვლელთან სპექტაკლის წინ

“თეატრში სახურავი დაზიანებული იყო და როდესაც გარეთ წვიმდა, წვიმდა სცენაზეც. გათბობას მხოლოდ სპექტაკლების დროს რთავდნენ და ამით ბევრი არაფერი იცვლებოდა - საშინლად ციოდა. სცენაზე მხოლოდ ის არტისტები გამოდიოდნენ, ვისაც პუანტების საშუალება ჰქონდა. ეს ფუფუნება იყო”.

ნინო ანანიაშვილი სპექტაკლის წინ არტისტებს ბოლო მითითებებს აძლევს

“გამომიყვეს ბიუჯეტი, შევკრიბე არტისტები და ვთქვი - უნდა ვიმუშაოთ ბევრი, დაცემამდე, სხვანაირად არაფერი გამოგვივა. თუ თეატრში ღამის გათევა დაგვჭირდება, გავათევთ.”

“გადარჩენისთვის ბრძოლა უკომპრომისო უნდა ყოფილიყო - ან დიდი თეატრისა და მარიინკის დონე უნდა გვეჩვენებინა, ან პროვინციული ფილარმონიის დონით დავკმაყოფილებულიყავით. მე პირველი ავირჩიე.”

“ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობები და ჩემი კავშირები საბალეტო სამყაროში. ეს უპრეცედენტო იყო, მთელი საბალეტო სამყარო თბილისის თეატრის გარშემო დაირაზმა”.

“ახლა ეს დაუჯერებლად ჯღერს, მაგრამ პირველ სამ წელიწადში 27 სპექტაკლი დავდგით! წარმოგიდგენიათ, რამდენს ვმუშაობდით?”

“იმ ფულით, რაც ამ 27 სპექტაკლზე დავხარჯეთ, დღევანდელი ფასებით ალბათ ხუთსაც ვერ დავდგამდით.”

“არ გეგონოთ ვწუწუნებდე, ფულს გვაძლევს ბიუჯეტიც და ცოტ-ცოტას კერძო სპონსორებიც გვაფინანსებენ. ჩვენ მათი მადლობელი ვართ. მაგრამ მეცენატობის კულტურა საქართველოში ჯერ არ არის განვითარებული".

“თბილისში უკვე მე-13 სეზონია ვმუშაობ. საზღვარგარეთ მრავალი წელი გავატარე, მაგრამ სახლი ყოველთვის მენატრებოდა”.

“ჩემს პროფესიულ ბიოგრაფიაში ნამდვილი გარდატეხა, ალბათ, მოსკოვში გადასვლა იყო. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მშობლებისგან შორს წასვლა რთული იყო. ეს მხოლოდ ბებიაჩემის დამსახურებით შევძელი, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და წამომყვა. სხვათაშორის, ის მთელი ცხოვრება მეხმარებოდა, იმის მიუხედავად, რომ ბალერინა არ ყოფილა.”

“რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, თუ ბალერინას ამა თუ იმ მიზეზით კარიერა არ გამოუვა. მაგრამ იმისთვის, რომ ბალეტი გიყვარდეს, არ არის აუცილებელი იცეკვო. შეიძლება თეატრს რაიმე სხვა როლში გამოადგე. ამაში დარწმუნებული ვარ”.

ტექსტი და ფოტო: დიანა პეტრიაშვილი, “რუსულენოვანი მედიაქსელი”, სპეციალურად JAMnews-ისთვის

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.