"რაც სიტყვით ვერ ვთქვი" - ივანე კეზუას შემოქმედება

მისთვის მხატვრობა სამყაროსთან კომუნიკაციისა და ადამიანების შემეცნების ხელოვნებაა. ხატავს მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი ახსოვს. თავიდან ეს თუ ბავშვური გართობა იყო, შემდეგ უკვე, შემოქმედებად და თვითგამოხატვის საშუალებად იქცა. მისთვის ინსპირაციის წყარო ემოციებია და ეს მის ნახატებში კარგად იგრძობა - ადამიანები მწიფე ემოციებით, თანამედროვე სამყარო ქაოუტური გამოვლინებებით - ივანე კეზუას ნამუშევრები სწორედ ასეთია.

- ივანე, ხატვა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება, რისი თქმის საშუალებას გაძლევს? არის ეს შენი კომუნიკაციის ხერხი?

ნებისმიერი ხელოვნების დარგი თავისებურად კომუნიკაციის ხერხია სამყაროსთან, კონკრეტულ ადამიანებთან. ამავდროულად, ჩემთვის მხატვრობა სიცოცხლის შემეცნებაცაა, ადამიანის ფსიქოლოგიის ამოცნობა და ფერებით ამაზე საუბარი.

რა ასაკში დაიწყე მხატვრობა და თუ გახსოვს რა იყო პირველი ნამუშევარი?

ვხატავდი როგორც ყველა ბავშვი ხატავს, შემდეგ ჩემი თავი ქანდაკებაში ვცადე, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ფერწერა ჩემი მოწოდება იყო. მახსოვს 15 წლის ასაკში პირველად გავაკეთე ფერებში ნამუშევარი. კონკრეტულად, პორტრეტი პასტელში, რომელიც დღესაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. შემდეგ გავიმარჯვე კონკურსში რომელიც ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეებში ჩატარდა. ამან თავისებური სტიმული მომცა.

რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

ჩემთვის ინსპირაციის წყარო ემოციური განწყობებია. გააჩნია დღე როგორ ჩაივლის და რა ხდება იმ დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი.

რის თქმას ცდილობ შენი ნახატებით?

ჩემი ნახატებით ვცდილობ თუ ადამიანის პორტრეტს ვხატავ მისი სულიერი მხარე ამოვიცნო და ტილოზე გადმოვიტანო. ჩემი ბოლო დროის ნახატები კი თანამედროვე ქაოსურ სამყაროში ჰარმონიის, ერთიანობის თავისებური ძებნაა. ასეთია ჩემი ნახატები - "ეს იყო ხვალე" "პაემანი" და "მეოცნებე" სწორედ ამ მოტივებზეა შექმნილი.

ივანე კეზუა
როგორ დაასათაურებდი მოკლედ შენს შემოქმედებას?

"რაც სიტყვით ვერ ვთქვი".

როგორ ფიქრობ, რატომ მოსწონს საზოგადოებას შენი ნახატები?

ეს ალბათ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, მე ვფიქრობ რომ ჩემი შემოქმედება გულწრფელია.

რამდენად მარტივია საქართველოში მხატვრობა? შეიძლება ეს იყოს შენი შემოსავლის მთავარი წყარო?

ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ხალხს საკმაოდ უჭირს მხატვრობა შემოსავლის წყაროდ იქცეს, მითუმეტეს ახალგაზრდა მხატვრისთვის.

რას ფიქრობ ქართულ ფერწერულ სკოლაზე და აკადემიაზე?

ქართული აკადემია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლებელი იყო ოდითგანვე, დღესაც არაერთი ქართველი მხატვარი სწორედ ამ აკადემიის აღზრდილი ან სტუდენტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმკვიდრებს სახელს.

თუმა, პრობლემები მაინც არსებობს. ამ პრობლემებზე მინდა რომ მომიყვე. რას შეცვლიდი შენ?

ვფიქრობ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ახალაგაზრდების, სტუდენტების ინიციატივებს. უნდა იყოს მხარდაჭერა მათი პროექტების. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გაცვლით პროგრამებს. ურთულესია იმ ახალგაზრდების ბედი, რომლებიც ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას.

კარგი იქნება თუ აკადემიაში მოწვეული იქნებიან დიდი ხელოვანები, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე, უცხოეთიდან რომლებიც მასტერკლასებს ჩაგვიტარებენ.

კარგი იქნება კონურსები ახალგაზრდა მხატვრებისთვის, სადაც გამოავლენენ საკუთარ ხელწერას...

რა გეგმები გაქვს?

ვიყავი პროექტის ავტორი წიგნისა "დრო ჩვენი პაემანისა", რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლისთავს. პროექტში მონაწილეობას ვიღებთ 7 ახალგაზრდა მხატვარი და 15 ახალგაზრდა პოეტი. 26 დეკემბერს მწერალთა სახლში გვექნება წიგნის პრეზენაცია და გამოფენა.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს გაზაფხულზე ვაპირებ გავაკეთო პერსონალური გამოფენები საბერძნეთსა და მალტაში.

შენი ცხოვრების მთავარ ნახატს რომ ქმნიდე, რა იქნებოდა?

21 საუკუნე ვირტუალური სამყაროს საუკუნეა. ადამიანები თავისებურად ჩაიკეტნენ საკუთარ თავთან და უფრო დეპრესიული გახადა პიროვნება. ადამიანი და დღევანდელობა - აი ჩემი ტილოს თემაც.

და ბოლოს, სამი სიტყვა, რომლითაც შენ შემოქმედებას დაახასიათებ

"ეს ჯერ დასაწყისია"

იხილეთ ივანე კეზუას ნამუშევრები:

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.