Loading

One Caucasus - ფესტივალი, რომელიც მარნეულს ტურისტების მოზიდვაში ეხმარება

გააერთიანო და შეარიგო. მთავარი იარაღი მუსიკა და შემოქმედებაა. საქართველო თავად არის ჩაბმული მრავალწლიან კონფლიქტში რუსეთთან, აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი კი ერების შორის სიძულვილეში გადაიზარდა. ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ საქართველოში მეექვსედ იმ მიზნით ტარდება, რათა მოსახლეობას დაანახოს, რომ მშვიდობა მიღწევადია და ამის გაკეთება ერთობლივი, მუსიკალური სინთეზითაც არის შესაძლებელი. მიუხედავად კონფლიქტებისა, საქართველო იდეალური ადგილია სადაც ერთ სცენაზე სომეხ და აზერბაიჯანელ მუსიკოსებს მშვიდად შეუძლიათ სიმღერა.

სოფელ წერაქვის საჯარო სკოლა

ერთიანი კავკასიის ფესტივალის დამაარსებელმა ვიტეკ ჰებანოვსკიმ სტერეოტიპებისა და საზღვრების დასანგრევად არც ისეთი პოპულარული ადგილი აირჩია - პატარა სოფელი წერაქვი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი, რომლის არსებობის შესახებ მხოლოდ სკოლის პერიოდში, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ექსკურსიის გამო თუ გსმენიათ. გზა ამ სოფლამდე მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ გაკეთდა, თუმცა სოფლის შიდა გზებზე სიარული ჯერ კიდე პრობლემატურია. სოფელში შესვლისას მხოლოდ ერთ ადმინისტრაციულ შენობას დაინახავთ - სკოლა.

„ერთ სცენაზე დაინახო მომღერლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან. ერთ სცენაზე ბას-გიტარით, ბარაბანით, ეროვნული ინსტრუმენტებით. ერთ სცენაზე გაერთიანდე ისე, რომ არ საუბრობდე ერთ ენაზე და გესმოდეს მხოლოდ ნოტების, რომლებიც მშვიდობისთვის და პოზიტივისთვის ჟღერს“ - ამბობს ფესტივალის ავტორი ვიტეკ ჰებანოვსკი

„ერთიანი კავკასიის“ „ასაშენებლად“ წერაქვში ჩამოდის 50-მდე მოხალისე სხვადასხვა ქვეყნებიდან: რუსეთი, პოლონეთი, ბელორუსია, უკრაინა და ეგვიპტეც კი. მოხალისეები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ადგენენ აქტივობებს და უზიარებენ ცოდნას მარნეულის სხვადასხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებსა და თემის მაცხოვრებლებს. ასეა ბარტეკ კიბოვიჩიც, რომელმაც წელს ორ მეგობართან ერთად, ძველი, საბჭოთა პერიოდის სკოლის შენობის კედლები სექტემბრისთვის მოსწავლეებს გაუხალისა და მოუხატა.

„მე და ჩემს შეყვარებულს არდადეგების საქართველოში გატარება გვინდოდა. ჩვენ ფესტივალის შესახებ გავიგეთ ინფორმაცია და გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავით რადგან ძალიან გვიყვარს ადამიანებთან მუშაობა და ახალი კულტურის გაცნობა. სწორედ კულტურათა მრავალფეროვნებამ მოგვიზიდა წერაქვში. ეს ჩვენთვის ძალიან ეგზოტიკურ და ამაღელვებელ მოგზაურობას ნიშნავს“ - გვითხრა ბარტეკ კივბოვიჩმა

მოხალისეები ერთმანეთს აცნობენ საკუთარ კულტურას, სამზარეულოში ერთმანეთს უმზადებენ ეროვნულ კერძებს და მარნეულის მეშვეობით იცნობენ საქართველოს.

დამსვენებლები შლიან კარვებს სპეციალურ „კემპინგ ზონაში“. საღამოობით კოცონთან კვლავ ისმის მშვიდობის მუსიკა. 2017 წელს ფესტივალზე ჩამოსული ცნობილი აზერბაიჯანული ჯგუფის „ნატიგ რიტმ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ნატიგ შირინოვი, რომელიც მსოფლიოს ცნობილ სცენებზე არის გამოსული, იხსენებს რომ ცხოვრება კარავში, კვება საერთო სასადილოში და ურთიერთობა დამწყებ მუსიკოსებთან იყო მისთვის ყველაზე კარგი დასვენება და ამბობს, რომ ბედნიერებ ყოველთვის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში არ არის.

სომხურმა ჯგუფმა „ნემრა“ ფესტივალზე მეორედ, მაგრამ წერაქვში პირველად დაუკრა. ჯგუფი რომელიც სომხეთში რევოლუციის დღეებში სცენიდან მოქალაქეებს ამხნევებდა ამბობს, რომ ყველაზე მეტად აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრა აინტერესებდათ.

„ჩვენ გავიცანით აზერბაიჯანელი კოლეგები. ასეთ დროს ხვდებით, რომ ადამინები არ არიან დამნაშავები იმ პოლიტიკურ თამაშებში რომლებსაც პოლიტიკოსები ხლართავენ“ - ამბიბს ჯგუფის სოლისტი ვანი კაზარიანი

წელს წერაქვში ჩამოვიდა აზერბაიჯანული ჯგუფი „დიჰაჯი“ მისი სოლისტი დიანა გაჯიევა ამბობს, რომ პირველ რიგში მუსიკალურ ფესტივალზე ჩამოვიდა და არ სურს მუსიკაში პოლიტიკური საზღვრები მოხაზოს. ჯგუფის დრამერი ალი ნასიბი იმედოვნებს, რომ თუ მათ მიერ დაკრული მუსიკა ადამინებს გააერთიანებს მათთვის ეს მხოლოდ სასიხარულო იქნება.

„მუსიკას არ გააჩნია ორმაგი სტანდარტები. მაგალითად, პოლიტიკოსებს შეუძლიათ ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვანაირად „გვიმღერონ“ მუსიკაში კი ეს შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ გვირჩევნია ხალხთან საუბარი ნოტებით“ - ამბობს ალი ნასიბი

ერთადერთი საერთაშორისო მაშტაბის ფესტივალი, რომელიც მარნეულში 2014 წლიდან ტარდება. იზიდავს ტურისტებს სხვადასვა ქვეყნებიდან და აცნობს ქვეყანას, მარნეულს. ფესტივალის და რეგიონის პოპულარიზაციაზე შესაძლოა ითქვას, რომ მხოლოდ ფესტივალის ორგანიზატორები ზრუნავენ. მარნეულის მერიამ 2018 წელს ჩათვალა, რომ ფესტივალის მარნეულში ჩატარება არამიზნობრივი დროის და ფინანსების კარგვაა.

იმდროინდელი მერი, თემურ აბაზოვი და მისი მოადგილეები ჩვენთან საუბრს დროს ფესტივალზე უარის თქმის მიზეზებს არ ასახელებდნენ. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა მერიის უარის მიზეზი.

ფესტივალმა, ერთი წლით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა თუმცა ONE CAUCASUS-ის ორგანიზატორებმა წერაქვის მოსახლეობისა და მარნელელების თხოვნის გათვალისწინებით იბრძოლეს და სხვადასხვა პოლიტიკური წრეების შეწუხებით ფესტივალი კვლავ წერაქვში დააბრუნეს.

მარნეულის მერია და ქვემო ქართლის გუბერნია აცხადებს, რომ ტურიზმი და ტურისტებისთვის მარნეულის პოპულარიზაცია მათთვის პრიორიტეტულია. მაგალითად, ფესტივალის დაწყების დღიდან განახლდა გზების დაგება. რაც ტურისტებს უშლიდა ხელს კომფორტულად ჩამოსულიყვნენ საფესტივალო ქალაქში. მერიას დღემდე არ აქვს მომზადებული ღირსშესანიშნაობების რუკა, რომელიც ფესტივალის დროს ტურისტებისთვის ინფრომაციის მიწოდებაში დაეხმარებოდა. მერიის ოფიციალურ გვერდზეც კი ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ განთავსდა, როდესაც One Caucasus-ზე მარნეულის მერი, ქვემო ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ.

2019 წლის ფესტივალი დასრულდა, თუმცა მომავალი წლის „ერთიანი კავკასიის“ მოსაწყობად მზადება უკვე დაწყებულია. ევროკავშირის მხარდაჭერით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ფესტივალი კვლავ წერაქვში ჩატარდება.