Loading

"მასწავლებელთა სახლის" ახალი სიცოცხლე ავტორი: ხვიჩა ვაშაყმაძე

მე-19 და მე-20 საუკუნეების დასაწყისში ქუთაისში აგებული შენობების უმრავლესობა ევროპული და ადგილობრივი სტილის ნაზავია. ეს გავლენა შესამჩნევია როგორც სამშენებლო, ასევე დეკორატიულ ნაწილში. ამ დროს სახლებს ძირითადად, ქვისგან აგებდნენ, რიგ შემთხვევაში ხისგან შესრულებულ დეკორსაც იყენებდნენ.

რუსთაველის 4 ნომერში არსებული შენობა, რომელიც ქუთაისელებს "მასწავლებელთა სახლის" სახელით ახსოვთ, სავარაუდოდ, 1910 წელსაა აგებული. მოდერნის ტიპის ელემენტებით შემკული და ფართო ფანჯრებით დაყოფილი ფასადიანი ნაგებობა უჩვეულოდ გამოიყურებოდა. იგი ე.წ ფრიკეს პროექტებთან ამჟღავნებს სიახლოვეს.

ინჟინერმა ფრიკემ ქუთაისს რამდენიმე პროექტი დაუტოვა, რომელთა ნაწილი დღესაც დგას ქალაქის ცენტრალურ უბნებში. თუმცა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მას აღნიშნული ნაგებობის ავტორობა, არავინ იცის.

"მასწავლებელთა სახლის" ყოფილი შენობის რამდენიმე ფოტო ეროვნულ არქივშია დაცული

შენობა, რომელიც საინტერესო არქიტექტურული ფორმებით გამოირჩეოდა და უხვად იყო დატვირთული დეკორატიული ელემენტებით, ევროპული არქიტექტურული სტილის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა.

თავდაპირველად იგი სასტუმროსთვის აუგიათ და ქალაქში ჩამოსულ უცხოელ თუ ქართველ ვიზიტორებს შორის პოპულარობითაც სარგებლობდა. ძველი ქრონიკები იუწყება, რომ სასტუმრო „პალას ჰოტელი“ სტუმრებს იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი დონის მომსახურეობასაც სთავაზობდა. ჩვენამდე არ მოაღწია მასალამ, რომელშიც ვიხილავდით, თუ როგორ გამოიყურებოდა შენობის ინტერიერი. არქივში მხოლოდ ფასადის რამდენიმე ძველი ფოტო შემორჩა.

ასე გამოიყურებოდა შენობა მე-20 საუკუნის ბოლოს

2009 წელს დაუდგენელი მიზეზებით გამოწვეულმა ხანძარმა "მასწავლებელთა სახლი" სრულად გაანადგურა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სილუეტის გარკვევა მხოლოდ ნახევრად შემორჩენილი ფასადის კედლებით იყო შესაძლებელი. აბსოლუტურად წაიშალა ძველი დიდების კვალი. წლების განმავლობაში იგი გამვლელთათვის საშიშროებას წარმოადგენდა და ამიტომ მისი დემონტაჟის საკითხიც განიხილებოდა.

საფრთხისშემცველი ობიექტის გასხვისება ხელისუფლებამ 2014 წელს გადაწყვიტა. იგი აუქციონის წესით „HB“ ჯგუფმა 151 ათას ლარად შეიძინა. ვინაიდან „მასწავლებელთა სახლი“ ქუთაისის ისტორიულ ზონაში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაშია შეტანილი, აუქციონში გამარჯვებულს რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება და მშენებლობის წარმართვა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაევალა.

ხედი ხანძრის შემდეგ ცისფერყანწელების ქუჩის მხრიდან
ხედი ხანძრის შემდეგ რუსთაველის პროსპექტის მხრიდან

„HB“ ჯგუფის წარმომადგენლის, რამაზ სოფრომაძის განცხადებით, მშენებლობის დაწყებამდე შესწავლილი იქნა საარქივო მასალები. მისივე თქმით, აღდგენა-რესტავრაციასთან დაკავშირებული ყველა დეტალი მსგავსი პროფილით მომუშავე სპეციალისტებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

შენობის აღდგენა რამდენიმე წელი გრძელდებოდა

„პალას ჰოტელის“ ყოფილი შენობის გარე ფასადის აღდგენა-რესტავრაცია უკვე დასრულებულია. შენარჩუნებული იქნა ყველა ის ჩუქურთმა, რომელიც ფასადზე იყო განთავსებული. მოთხოვნის შესაბამისად, დამზადდა ხის ფანჯრების ზუსტი ასლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიგა ინტერიერის მოწყობა. იგი კლასიკურ სტილში იქნება გადაწყვეტილი და გარკვეული დროით მე-19 საუკუნის ქუთაისში მოგახვედრებთ. მესაკუთრეთა განცხადებით, შენობა პირვანდელ ფუნქციას დაიბრუნებს და მასში სასტუმრო განთავსდება. ოპერის თეატრის სიახლოვის გამო მას „გრანდ ოპერა“უწოდეს. შენობის პირველ სართულზე კი , რომელსაც სხვა მეპატრონე ყავს, კაფე-ბარი ფუნქციონირებს. ამ შემთხვევაშიც მესაკუთრემ უპირატესობა ძველ ვინტაჟურ სტილს მიანიჭა , რაც სახლის გარეგობას ორგანულად ერწყმის.

აღდგენილი შენობა დღეს

ქუთაისის ისტორიულ უბანში უამრავი მნიშვნელოვანი ნაგებობაა. მათი უმრავლესობა სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებს. რამდენიმე წლის წინ არაკვალიფიციურად განხორციელებული სამუშაოების გამო, თამარ მეფის და ფალიაშვილის ქუჩებზე განლაგებულმა სახლებმა არათუ დაიბრუნეს ძველი სახე, არამედ კიდევ უფრო დაკარგეს იგი. აღნიშნული ქუთაისელთა კრიტიკის საფუძველი გახდა. მათი აზრით, მნიშვნელოვანია ძეგლების აღდგენა მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს ვანდოთ.

ძველი ქუთაისის ხედი გაბაშვილის სახელობის პარკიდან