Loading

აზრის და გამოზატვის თავისუფლება

აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს:

  • აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;
  • პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;
  • ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;
  • ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები; სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
  • ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;
  • ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;
  • ქველმოქმედების უფლებას;
  • მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;
  • თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი.

ცილისწამება

პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში, ამის გარდა განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.

საქართველოს კანონი შეკრების და მანიფესტაციის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია უფლების განხორციელება − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

აღნიშნული უფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში.

ამ კანონით მე-5 მუხლით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისაგან ან მანიფესტაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან

  • ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები;რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები.
  • პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
  • სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
  • შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.