Loading

საარსებო მინიმუმი საქართველოში როგორია საარსებო მინიმუმი და რამდენად პასუხობს ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის კვების მინიმალურ მოთხოვნებს.

საარსებო მინიმუმის ცნება საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამკვიდრდა. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და საჭირო აღმოჩნდა ქვეყანაში სხვადასხვა ეკონომიკური სტანდარტი დამკვიდრებულიყო. აუცილებელი გახდა განსაზღვრულიყო ხელფასების და პენსიების ოდენობა. საჭირო აღმოჩნდა, გარკვეულიყო, რა იყო ის მინიმუმი, რითაც ადამიანებს შეეძლოთ ეარსებათ.

სწორედ მაშინ გაჩნდა სამომხმარებლო კალათის ცნება. რა შემადგენლობის პროდუქტები უნდა მიეღო ადამიანს, რომ ერთი თვის განმავლობაში თავი ერჩინა, სწორედ ამ გამოთვლის შედეგებს მიაბა მაშინდელმა სახელმწიფომ სახელფასო და საპენსიო პოლიტიკა.

2019 წლის ივნისის თვისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მაისის თვესთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. თუკი ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.2 ლარი იყო, აგვისტოს თვეში ეს მაჩვენებელი 2 ლარით გაიზარდა და 189.2 ლარი გახდა.ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, აგვსიტოში 1 ლარითა და 70 თეთრითაა გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.5 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი აგვისტოში 317.3 ლარზე დაფიქსირდა.

რა არის საარსებო მინიმუმი? ამ ''ფენომენის'' შესახებ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ. ზოგი ფიქრობს, რომ საარსებო მინიმუმი არსებობისთვის საკმარისი თანხაა, იმისთვის რომ ადამიანმა არ იშიმშილოს. თუმცა სინამდვილეში საარსებო მინიმუმს ბევრად ოპტიმისტური დეფინიცია აქვს.

დაბალანსებული კვება სჭირდება ყველას. თუმცა არსებობს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი, რომლისთვისაც რაცონალური კვება უმნიშვნელოვანესია. ეს მოზარდები არიან. მათი ორგანიზმი შენების პროცესშია და, შესაბამისად, ამ პერიოდში განცდილი კვებითი დანაკლისი მათ მომავალსა და ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება.

ცალკე პრობლემაა პროდუქტების ფასები, რომელიც დოლარის კურსიდან გამომდინარე დღითიდღე იზრდება, რაც დახლის ორივე მხარეს მდგომ ადამიანებზე – გამყიდველზე და მყიდველზე ერთნაირად მძიმედ აისახება.

როგორც სამედიცინო ცენტრ ''მედალფას'' პედიატრი მარიკა ზარნაძე ამბობს, მოზარდობა ადამიანის ცხოვრების ის პერიოდია, როცა ორგანიზმი შენების პროცესშია, ამ პერიოდს უკავშირდება სწავლისა და გონებრივი განვითარების პროცესი, შესაბამისად, ორგანიზმს სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება სჭირდება. აღნიშნული სახის კვება კი პირველ რიგში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და სხვადასხვა მიკროელემენტების საკმარისი ოდენობის მიღებას გულისხმობს. მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორც–პროდუქტებისა და თევზის მიღება.

არაბალანსირებული კვება მოზარდებში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან დარღვევას იწვევს, მათგან განსაკუთრებით საშიშია გონებრივი ჩამორჩენილობა, სიმაღლეში ზრდის შეფერხება, რკინადეფიციტური ანემია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები და მრავალი სხვა.

ოზურგეთის აგრარული ბაზარი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების ოდენობა ქვეყანაში 20,1 % –ია. ძნელი წარმოსადგენი არ არის დაახლეობით რამდენი შეიძლება უყვნენ მათ შორის ბავშვები და მოზარდები. ასევე, არც ის არის ძნელი წარმოსადგენი, იმ შემთხვევაშიც, თუ მაგალითად ხუთსულიან ოჯახს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოთვლილი საარსებო მინიმუმი 377 ლარი შემოსავლის სახით აქვს, როგორ მოახერხებენ მშობლები ამ თანხით თვიდან თვემდე თავის გატანას და განსაკუთრებით შვილებისთვის დაბალანსებული, სრულყოფილი კვებით უზრუნველყოფას.

გიო მენაბდის ფოტოები.