Loading

აგვისტო 2008 რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები

ციფრები

2008 წლის ომში ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოსური მხრიდან - 365. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამხედრო.

______

20 ათასი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა.

_______

საქართველომ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამატებით 125 სოფელზე.

_______

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ფოტო: ქართველი რეზერვისტები გორში. 2008 წლის 9 აგვისტო. REUTERS / გლებ გარანიჩი

ისტორია

საბჭოთა კავშირის დროს სამხრეთ ოსეთი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ოლქი იყო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდა, სამხრეთ ოსეთი კი რუსეთთან ერთად საბჭოთა კავშირში დარჩენას ამჯობინებდა; მალე საქართველოს სათავეში აღმოჩნდა ნაციონალისტურად განწყობილი ლიდერი ზვიად გამსახურდია, სამხრეთ ოსეთში კი, სეპარატისტული მოძრაობა გაღვივდა. თბილისსა და სამხრეთ ოსეთის ოლქს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ფოტო: მიტინგი ლენინგორში (ახალგორი) 1989 წელი. ჯემალ კასრაძე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

ფაქტობრივად 1980-იანების დასასრულიდან დაიწყო ქართულ-ოსური ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც 1990-1992 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ კონფლიქტში რუსეთი ფორმალურად საქართველოს უჭერდა მხარს, რეალურად კი, სამხრეთ ოსეთს ეხმარებოდა.

1991 წელს სამხრეთ ოსეთმა ცალმხრივად გააუქმა საქართველოს შემადგენლობაში მისი ავტონომიური ოლქის სტატუსი და თავი საქართველოს შემადგენლობაში არსებულ რესპუბლიკად გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა არათუ არ ცნო რესპუბლიკა, არამედ მას ავტონომიური ოლქის სტატუსიც კი გაუუქმა. საბოლოოდ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამხრეთ ოსეთი ქვეყნის შემადგენლობაში რაიმე ადმინისტრაციული სტატუსის გარეშე დარჩა.

1992 წელს სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლობა იმ მომენტისთვის არ სცნო მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც რუსეთმა.

90-იანი წლებში ომის შედეგად, საქართველომ სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაკარგა. ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად ქართული, რუსული და ოსური სამშვიდობო ძალები განლაგდა.

თითქმის ათი წლით დაისადგურა მყიფე მშვიდობამ, რომელიც რამდენჯერმე კონფლიქტის მოკლევადიანი გამწვავებებით დაირღვა. იმ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ნაწილზე თბილისის კონტროლი ვრცელდებოდა. კონფლიქტის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, აქტიურად ვაჭრობდნენ, სასაფლაოებზე დადიოდნენ და ნათესავებს სტუმრობდნენ.

2004 წელს, საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ინაუგურაციის დღეს განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნებოდა. მას და მისი მთავრობის წევრებს შემდგომშიც არაერთხელ უთქვამთ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს კონტროლქვეშ დაბრუნებას აპირებდნენ.

საერთაშორისო საზოგადოება უპირობოდ აგრძელებდა საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერას. ფორმალურად, იგივე პოზიცია ეკავა იმ მომენტში რუსეთსაც. თუმცა, იმავდროულად კრემლი აქტიურად ეხმარებოდა სამხრეთ ოსეთს ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც - მათ შორის, სამხრეთი ოსეთის მაცხოვრებლებს სთავაზობდა რუსულ პასპორტებს.

პრეზიდენტი სააკაშვილი არაერთხელ გამოვიდა სამშვიდობო ინიციატივით, რომლის თანახმადაც, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიას სთავაზობდა. ასევე, აფხაზეთის წარმომადგენელს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტსაც.

2006 წელს თბილისმა 90-იან წლებში გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი აღადგინა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ალტერნატიული პოზიცია შექმნა. რეგიონში ერთდროულად ჩატადა ორი საპრეზიდენტო არჩევნები: ერთს ცხინვალის ადმინისტრაცია ატარებდა, მეორეს კი, არაფორმალურად, თბილისი.

ცხინვალის მიერ მართულ არჩევნებში ედუარდ კოკოითიმ გაიმარჯვა, თბილისის მიერ მხარდაჭერილ კენჭისყრაში კი - დმიტრი სანაკოევმა.

იმ მომენტიდან სამხრეთ ოსეთს ორი ადმინისტრაცია გაუჩნდა; ისინი ერთმანეთს არ სცნობდნენ.

კოსოვოს აღიარება

2008 წლის 17 თებერვალს ისტორიული მოვლენა მოხდა - მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. მანამდე კოსოვო სერბეთის შემადგენობაში იყო.

რუსეთი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. კრემლმა პირობა დადო, რომ თუ დასავლეთი კოსოვოს აღიარებდა, მოსკოვი ამ ნაბიჯს „უპასუხოდ არ დატოვებდა".

სწორედ კოსოვოს აღიარებით დაიწყო მოსკოვმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოსამზადებლად იყო მიმართული.

  • 2008 წლის 6 მარტს რუსეთმა დატოვა 1996 წლის დსთ-ს შეთანხმება, რომელიც დსთ-ს წევრ ქვეყნებს აფხაზეთთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთერთობების დამყარებას უკრძალავდა.
  • 21 მარტს სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობას საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობის გადახედვისკენ მოუწოდებდა.
  • 16 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება რუსეთის ოფიციალურ ორგანოებსა და სოხუმსა/ცხინვალს შორის პირდაპირი ურთერთობების დამყარების შესახებ.

ფოტო: ქალები სამხრეთ ოსეთში თავიანთი დანგრეული სახლის წინ დგანან. ცხინვალი, 11 აგვისტო, 2008 წელი. REUTERS/ დენის სინიაკოვი

2008 წლის ზაფხული – როგორ იწყებოდა ომი

2008 წლის ზაფხულიდან რეგიონში რეგულარული ორმხრივი სროლები დაიწყო. ქართული და ოსური სოფლების მოსახლეობა ჩიოდა, რომ ღამ-ღამობით სოფლებში სროლები გახშირდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და მოკლულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებოდნენ.

3 ივლისი. 2008

თავს დაესხნენ დმიტრი სანაკოევს. სანაკოევის მანქანა სამხრეთ ოსეთში, ქართული სოფლების ტერიტორიაზე აფეთქდა (მსხვერპლი არ ყოფილა). თბილისმა მომხდარში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება დაადანაშაულა. ცხინვალმა და მოსკოვმა კი განაცხადეს, რომ აფეთქება საქართველოს მიერ იყო ინსცენირებული. თბილისში ამას უარყოფდნენ.

ბევრი ექსპერტის აზრით, სანაკოევის აფეთქება ის შემთხვევა იყო, რომელმაც განსაკუთრებით დაძაბა ვითარება რეგიონში და ომი გარდაუვალი გახდა.

ფოტო: ქართველი სამხედრო სოფელ ერგნეთში. 5 აგვისტო 2008, REUTERS/ ირაკლი გედენიძე

10 ივნისი. 2008

საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. მან განაცხადა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის საომარი გზით გადაწყვეტის დაშვება არ შეიძლება.

"კონფლიქტების მოგვარების გზა მშვიდობიანი უნდა იყოს, ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის კონტაქტი არამხოლოდ უნდა ნორმალიზდეს, არამედ უნდა გაუმჯობესდეს და უკეთესი მომავლისა და პერსპექტივისკენ წავიდეს"

რუსეთმა ეს ვიზიტი უკიდურესად ნეგატიურად აღიქვა. მაშინაც და დღემდეც რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი იმას ნიშნავდა, რომ ვაშინგტონმა თბილისს სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დასწყებად „მწვანე შუქი“ აუნთეს.

ფოტო: რუსი სამშვიდობოები სოფელ ერგნეთთან. 5 აგვისტო, 2008. REUTERS/ ირაკლი გედენიძე

15 ივლისი. 2008

რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „კავკასია-2008“ დაიწყო. წვრთნებმა მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოიცვა. "კავკასია" მანამდეც ჩატარებულა, თუმცა 2008 წელს ეს წვრთნები განსაკუთრებით მასშტაბური იყო. სამხედროები და მძიმე ტექნიკა უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს განლაგდა. წვრთნებში 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვრთან საველე ჰოსპიტალის კი გაიხსნა, სადაც შემდგომ აგვისტოს ომში დაჭრილებს მკურნალობდნენ.

იმავე დღეს საქართველოში დაიწყო სამხედრო წვრთნები „Immediate response-2008“. სწავლება საერთაშორისო იყო და მასში აშშ-ის, სომხეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

1 აგვისტო. 2008

შიდა ქართლში დისტანციური მართვის ნაღმზე აფეთქდა ავტომობილი, რომელსაც ქართველი პოლიციელები გადაჰყავდა. ხუთი მათგანი დაიჭრა.

ამ მოვლენამ მკვეთრად გაამწვავა სიტუაცია - როგორც ქართული, ისე ოსური სოფლების მიმართულებით სროლები მთელ დღეს გრძელდებოდა. ცხინვალმა განაცხადა, რომ იმ დღეს ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 კი - დაიჭრა.

უშუალოდ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ქართული და ოსური სოფლების მიმართულებით სროლები არ შეწყვეტილა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ფოტო: ქართველი მოხუცები ავტობუსში სხედან. ისინი გორისაკენ მიემგზავრებიან და სამუდამოდ ტოვებენ მშობლიურ სოფელ ხეითს. 21 აგვისტო, 2008. სოფელი ხეითი ოსურმა ქვედანაყოფებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს. REUTERS/ დენის სინიაკოვი

3 აგვისტო. 2008

ქართულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთის ფედერაცია) ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონში რუსული საჯარისო ნაწილები შედიან.

ამავდროულად შიდა ქართლის მაცხოვრებლები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში აცხადებდნენ, რომ რეგიონში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა მატულობდა.

ფოტო: ქართველი სამხედროები რუსი სამშვიდობოების საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან. ცხინვალი, 8 აგვისტო, 2008. REUTERS/ირაკლი გედენიძე

4 აგვისტო. 2008

ამ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა:

  1. რუსული საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელი“ იუწყებოდა, რომ ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთიდან ევაკუირებული ქალები და ბავშვები ჩავიდნენ.
  2. არაღიარებული სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ საქართველოს სპეც-სამსახურები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას გეგმავენ. მისი თქმით, ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთიდან უკვე ჩავიდა 300 მოხალისე, და კიდევ ორი ათასი ადამიანის ჩასვლას ელიან. მან ასევე თქვა, რომ უახლოეს ხანში სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან ავღანეთის ომის ვეტერანთა ფედერაციის წევრები ჩავლენ. ცხინვალის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვეს დონის კაზაკებმაც.
  3. თბილისმა განაცხადა, რომ უარს ამბობს შერეული საკონტროლი კომისიის (შსკ) ფარგლებში მუშაობაზე. შსკ იმ მომენტისთვის მოლაპარაკებების ერთადერთი ოფიციალური სივრცე იყო, სადაც თბილისი, ცხინვალი, ვლადიკავკაზი და მოსკოვი მონაწილეობდნენ. თბილისმა განაცხადა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების პროცესიდან უნდა გავიდეს და სამშვიდობო პროცესისთვის ახალი ორმხრივი ქართულ-ოსური ფორმატი უნდა შედგეს.
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის ზონაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა. გორის სამხედრო ჰოსპიტალი. 7 აგვისტო, 2008. REUTERS /ირაკლი გედენიძე

7 აგვისტო. 2008

1. ოსური და ქართული სოფლების მიმართულებით სროლები გრძელდება. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

2. გრძელდება დისკუსია შერეული საკონტროლო კომისიის ირგვლივ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თაემურ იაკობაშვილი და რუსეთის მხრიდან შერეული კომისიის თანათავმჯდომარე იური პოპოვი სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე ერთობლივად მუშაობენ. იაკობაშვილი და პოპოვი მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომ 8 აგვისტოს 13.00 რუსეთის შუამავლობით კომისიის სხდომა შედგეს.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა რუსეთს, სადაც სთხოვდა, რომ „სამხრეთი ოსეთის კრიმინალურ რეჟიმზე“ გავლენა მოეხდინა, რათა ქართული სოფლების მიმართულებით სროლა შეეწყვიტათ და ორმხრივ ქართულ-ოსურ ორმხრივ მოლაპარაკებებში ჩართულიყვნენ.

4. საღამოს 19:10 საათზე ყველა ქართულ არხზე გადაიცემა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა. მისი განცხადებით, მან გამოსცა განკარგულება, რომ

„არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად".

ომამდე რამდენიმე საათით ადრე თავის გამოსვლაში სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთს „შეუზღუდავი ავტონომია“ შესთავაზა და ასევე განაცხადა:

"მე ასევე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იყოს სამხრეთ ოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე".

სააკაშვილმა შემდეგი სიტყვებით მიმართა სამხრეთი ოსეთის მაცხოვრებლებს:

"გთხოვთ, ჩვენ არ გვაქვს სურვილი, რომ გიპასუხოთ. ამდენი წელი ვითმენდით და არ გიპასუხეთ, ხომ? ძალიან გთხოვთ ნუ ცდით საქართველოს სახელმწიფოს მოთმინებას... მოდით შევწყვიტოთ, შევაჩეროთ ძალადობის სპირალი, მოდით ყველას, ვისაც ეს ეხება, ადილზე ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს ეს ესკალაცია და დაუჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდას... მოლაპარაკებების ყველანაირ ფორმატს - პირდაპირს, მრავალმხრივს..."

5. 20:30 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა განცხადებით, რომ იბომბებოდა ქართული სოფლები.

"ყველა ქართული პოზიცია ცხინვალის გარშემო ამჟამად ცეცხლის ქვეშაა," - განაცხადა ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ შოთა უტიაშვილმა.

6. 23:35 საქართველომ ცხინვალის მასობრივი დაბომბვა დაიწყო და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მანამდე თბილისი ვერ აკონტროლებდა, ქართული ჯარი შევიდა.

7. შუაღამისკენ ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოსურმა მხარემ არ გაითვალისწინა თბილისის გადაწყვეტილება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლების დაბობვა განაახლა, რის გამოც:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი მთელს რეგიონში“, - თქვა ყურაშვილმა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ ნებისმიერი ვარაუდი უარყვეს. თავად ყურაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი განცხადება იმპულსური იყო.

ქართული ჯარი ისვრის სოფელ ერგნეთთან. 8 აგვისტო, 2008.REUTERS / ირაკლი გედენიძე

8 აგვისტო. 2008

მიდის ბრძოლები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართულ არმიასა და სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფებს შორის.

დღის პირველ ნახევარში თბილისმა განაცხადა, რომ ქართული ძალები ცხინვალის გარშემო არსებულ ყველა სოფელს და ქალაქის 70 პროცეტს აკონტროლებენ.

დამწვარი ქართული ტანკი ცხინვალის ქუჩაში. 9 აგვისტო, 200 8REUTERS / საიდ ცარნაევი

რუსეთის იმდროინდეი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ

“სამხრეთი ოსეთის მიმართ საქართველოს ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“.
დაჭრილები ცხინვალის ჰოსპიტალის სარდაფში. 10 აგვისტო, 2008. REUTERS/ დენის სინიაკოვი
ადამიანები თავს აფარებენ სარდაფს. ცხინვალი. 10 აგვისტო, 2008. REUTERS/ დენის სინიაკოვი
დაჭრილები ცხინვალის ჰოსპიტალის სარდაფში. 10 აგვისტო, 2008. REUTERS/ დენის სინიაკოვი
ქალი დასტირის დაღუპულ ოჯახის წევრს. ცხინვალი. 11 აგვისტო, 2008. REUTERS/ ვასილი ფედოსენკო
ოსი და რუსი ჟურნალისტები, ქალები და ბავშვები სარდაფში. ცხინვალი. 9 აგვისტო, 2008. REUTERS/ საიდ ცარნაევი

8 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოს ქალაქები, სოფლები და მათ შორის ეს ობიექტები დაბომბეს:

  • ქალაქი გორი;
  • სამხედრო ბაზა ვაზიანში (თბილისის მახლობლად);
  • სამხედრო აეროდრომი მარნეულში;
  • სამხედრო აეროდრომი, სამხედრო ბაზა და რკინიგზის სადგური სენაკში;
  • • პორტი, გემსაშენი ქარხანა და სარკინიგზო კვანძი შავიზღვისპირა ქალაქ ფოთში

ობიექტები, რომლებსაც რუსეთი ბომბავდა, კონფლიქტის ზონას ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით კილომეტრით იყო დაშოლებული.

ასე მოედო ომი მთელს საქართველოს.

ქართველი სამხედროები გორში, რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი სახლის წინ. 9 აგვისტო, 2008. REUTERS/ გლებ გარანიჩი
ექიმებს გორიდან დაჭრილები გაყავთ. 9 აგვისტო, 2008. REUTERS / დავით მძინარიშვილი
ქართველი ქალი გორის დაბომბვის დროს. 11 აგვისტო, 2008 REUTERS / გლებ გარანიჩი
ქართველი კაცი ძმის ცხედარს დასტირის. გორი. 9 აგვისტო, 2008. REUTERS / დავით მძინარიშვილი
ქალი და ბავშვი გორში, რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი სახლის წინ. 10 აგვისტო, 2008. REUTERS / დავით მძინარიშვილი

დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა დაგმეს ომის დაწყება და მხარეებს შეტაკებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდეს.

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მოთხოვნით სასწრაფო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ტექსტი არ მიიღეს.

სხდომის შედეგების მიხედვით, გაერომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ომის დაწყების გამო, თუმცა სპეციალური რეზოლუცია არ მიუღია.

9 აგვისტო. 2008

გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, სადაც ის ცხინვალსა და რუსეთს მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ მასობრივ შეტევაში ადანაშაულებდა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „საქართველომ ადეკვატური ზომები მიიღო“.

დოკუმენტში პირველად გაისმა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ რუსული ჯარი სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე შევიდა. თუმცა, იუწყებიან, რომ ეს 8 აგვისტოს მოხდა.

რუსული თვითმფრინავები საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქებისა და ობიექტების დაბომბვას აგრძელებდნენ:

  • აეროპორტი „კოპიტნარი“ ქუთაისის მახლობლად;
  • რკინიგზის სადგური და საცხოვრებელი სახლები გორში, რის შედეგადაც დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი, რომელიც ომის დაწყების დროს ჩინეთში, ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე იმყოფებოდა, ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთი) ჩავიდა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე პირდაპირი მინიშნება გააკეთა:

“„სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების ქმედება, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რადგან სასიკვდილო დარტყმა მიადგა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. და დიდი ზიანი განიცადა საქართველოს სახელმწიფოებრიობამ. მომხდარის შემდეგ ძნელად წარმოსადგენია, სამხრეთი ოსეთი დაარწმუნო საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს“.

პარალელურად, უკიდურესად მწვავდება ვითარება დასავლეთ საქართველოში, კოდორის ხეობაში, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს.

ფოტო: რუსი სამხედროების კოლონა სამხრეთ ოსეთისკენ მიემართება. 9 აგვისტო, 2008. REUTERS/ დენის სინიაკოვი

10 აგვისტო. 2008

10 აგვისტოს დილით მოსკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ცხინვალში რუსეთის ჯარის ქვედანაყოფები შევიდნენ, მათ შორის - მძიმე ტექნიკა.

თბილისმა ცხინვალიდან ჯარის გაყვანა დაიწყო.

რუსული ქვეითი ჯარი კონფლიქტის ზონას გასცდა და გორისკენ დაიძრა.

რუსული თვითმფრინავები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ისევ ბომბავდნენ. ამ დღის დაიბომბა:

  • თბილისის საავიაციო ქარხანა;
  • ურთის მთა ზუგდიდის მახლობლად, სადაც კავშირგაბმულობის ანძაა განთავსებული.

რუსეთის სამხედრო გემებმა შავ ზღვაში საზღვაო კორდონი მოაწყვეს. და ზღვის მხრიდან საქართველოს სანაპირო დაბლოკეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი საპასუხოდ საქართველოს სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ფოტო: ქართველი დევნილები სატვირთო მანქანით ტოვებენ მშობლიურ სახლებს ცხინვალის მახლობლად. 8 აგვიტო, 2008. REUTERS / დავით მძინარიშვილი

11 აგვისტო. 2008

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ

„რუსეთი საქართველოში მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციას ატარებს და მას ბოლომდე მიიყვანს".

რუსეთის ავიაციამ თბილისში საქართველოს კავშირგაბმულობის კვანძი დაბომბა.

რუსეთის ჯარის ქვედანაყოფები შედიან აფხაზეთში, ასევე ზუგდიდსა და სენაკში და იქ ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობას იკავებენ.

საქართველოს ჯარი მთლიანად გამოსულია კონფლიქტის ზონიდან.

ფოტო: დაჭრილი ქალი სოფელ ჯავასთან. 10 აგვისტო, 2008 წელი. REUTERS/ საიდ ცარნაევი

12 აგვისტო 2008

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთის არმიას სამხედრო ოპერაციის დასრულებისკენ მოუწოდებს.

ქართულმა ჯარმა დატოვა არამხოლოდ სამხრეთი ოსეთის ტერიტორია, არამედ კოდორის ხეობაც - აფხაზეთის ერთადერი ნაწილი, რომელსაც მანამდე თბილისი აკონტროლებდა.

ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე - რუსეთის ავიაცია გორის ცენტრალურ მოედანს ბომბავს. დაიღუპა რვა მშვიდობიანი ადამიანი, 15 დაიჭრა. სწორედ ამ ავიაიერიშის დროს დაიღუპა ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორი სტან სტორიმანსი. სტორიმანსი რუსულმა ისკანდერმა იმსხვერპლა. ამ საქმეს დღეს ჰააგის სასამართლო იხილავს.

რუსულმა ვერტმფრენმა გორში ცეცხლი გაუხსნა სამგზავრო მიკროავტობუსს. დაიღუპა ცხრა უდანაშაულო ადამიანი, მგზავრები, რომლებიც თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მიდიოდნენ.

თბილისში ჩადიან ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის, უკრაინის პრეზიდენტები, ასევე - ლატვიის პრემიერ-მინისტრი, რათა საქართველოს მიმართ სოლიდარობა გამოხატონ და თბილისში რუსეთის ჯარის შემოსვლა არ დაუშვან.

კრემლთან მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. თბილისში მან სამშვიდობო გეგმა ჩამოიტანა.

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

სამშვიდობო გეგმა, რომელიც სარკოზის ხელმძღვანელობით შეიქმნა, ექვსი პუნქტისგან შედგებოდა და რუსეთის ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებული იყო.

თუმცა, როგორც სარკოზიმ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, და გეგმიდან მეექვსე პუნქტის ამოღება მოითხოვა.

მეექვსე პუნქტი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პოლიტიკური სტატუსის თაობაზე საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას გულისხმობდა.

სააკაშვილმა სარკოზის მეექვსე პუნქტის სხვა ვერსია შესთავაზა. ის ასე ჟღერდა:

„საერთაშორისო დონეზე დაიწყოს მსჯელობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების მყარი მექანიზმების უზრუნველსაყოფად."

სწორედ ეს ფორმულირება შევიდა საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც ხელი სამი ქვეყნის- საქართველოს, რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს.

ფოტო: 73 წლის ნადეჟდა პლიევა საკუთარი სოფლის დაბომბვის შემდეგ ჯავაში ნათესავებთან ჩამოვიდა. 11 აგვისტო, 2008

აგვისტოს ომის შედეგები

ევროკავშირის მიერ შექმნილი საგანგებო საერთაშორისო კომისიის ანგარიშის თანახმად, 2008 წლის ომში საქართველოს მხრიდან დაიღუპა 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი, ოსური მხრიდან კი - 365 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

Грузинские военнослужащие хоронят неизвестных грузинских солдат, убитых в вооруженном конфликте. Тбилиси 19 августа 2008 г. REUTERS / Дэвид Мдзинаришвили

რუსეთის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასევე დაიღუპა 67 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

დაახლოებით 80 ათასი ეთნიკური ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი. ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა, თუმცა 20 ათასი ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს აგვისტოს ომის შემდეგ შინ დაბრუნებას.

26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ფოტო: აგვისტოს ომის წლისთავის აღნიშვნა ცხინვალში 2015 წელს. REUTERS/ ყაზბეგ ბასაევი, ცხინვალი 2015.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვის ეს გადაწყვეტილება ასე განმარტა:

„დამოუკიდებლობის აღიარება მიზნად არ გვქონია. მაგრამ თბილისიდან რევანშისტული სიგნალები გაისმოდა. მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომ დაზავება შენარჩუნებულიყო, და , რაც მთავარია, დაწყებულიყო საერთაშორისო დისკუსიები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსასაზღვრად (ჩვენ მზად ვიყავით, რომ სტატუსის შესახებ საერთაშორისო კონტექსტში გვემსჯელა). სააკაშვილმა თქვა: „არავითარი მსჯელობა“. მისმა მომდევნო რევანშისტულმა განცხადებებმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენი შეფასებით, ამ ხალხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა გზა არ არსებობდა“.

მოსკოვის მიერ აფხაზთისა და სამხრეთი ოსეთის აღიარების შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთერთობები გაწყვიტა.

2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ომის გარემოებების გამომძიებელი საერთაშორისო კომისიის მოხსენება

დღესდღეობით არსებობს მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებს უკეთებს ანალიზს. ეს არის ომის გარემოებათა გამომძიებელი საერთაშორისო კომისიის მოხსენება, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა.

კომისია, რომელსაც დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, 10 თვეს არსებობდა, და 2009 წლის 30 სექტემებრს გამოძიების შედეგები წარმოადგინა.

ინგლისურ ენაზე მთელი ამ მოხსენების წაკითხვა შესაძლებელია აქ

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.