რა ხდება თსუ-ში პროტესტის გზა - აუდიტორია 115, თვითმმართველობა და ადმინისტრაცია

"აუდიტორია 115"-ის აქციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის მარტში დაიწყო. დამოუკიდებელი სტუდენტური გაერთიანება განათლების სისტემის რეფორმირებას ითხოვს. მათი აქციები თსუ-ში, თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პროტესტის გზა - ქრონოლოგია

07.03.2016 – „ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილიეგიებს“ – ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

08.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით მას რექტორი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა, თუმცა ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას.

ირაკლი კუპრაძე, "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი წევრი:

"რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლში მივიდა ორი უშიშროების/პოლიციის (უფორმოდ იყვნენ) სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც პიკაპის ჯიპით იყვნენ და პირადად მე მომიკითხეს, მოითხოვეს ყველა ტიპის ინფორმაცია ჩემზე და ოჯახის სხვა წევრებზე ისე, რომ არაფერი არ აუხსნიათ, რა ხდებოდა"

9.03.2016 – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის შესაძლო არსებობას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის შესაძლო მუშაობის ფაქტი და მისი მხრიდან საუნივერსიტეტო/სასწავლო და მმართველობით პროცესებზე აქტიური გავლენის მოხდენის მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა საგანმანათლებლო სივრცეში.

სოციალური ქსელის საშუალებით გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. სტუდენტების ნაწილთან შეხვედრისას რექტორმა აღიარა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ოდეერის ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ივა კავსაძე, გიორგი გაფრინდაშვილის კურსელი იყო.

10.03.2016 – თსუ-ს კანცლერობის კანდიდატის არჩევნები სტუდენტების აქციის ფონზე გაიმართა. მათ სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, სადაც კანცლერი უნდა აერჩიათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება, აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტები სენატის შეთავაზებას არ დათანხმდნენ და მათმა ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩა.

11.03.2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

11.03.2016 – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა. სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

12.03.2016 – აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან შეხვედრას დათანხმდნენ.

13.03.2016 – თსუ-ს სტუდენტების საპროტესტიო აქციის მონაწილეებმა, სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებმა “რუსთავი 2”-ს ბოიკოტი გამოუცხადეს. სტუდენტთა ნაწილი ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა გააღიზიანა.

13.03.2016 – თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო.

14.03.2016 – თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.

სტუდენტური გაერთიანების წევრი, გიორგი არობელიძე აცხადებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს ხელს აძლევს უნივერსიტეტში დესტაბილიზაცია. ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის და სენატის წევრის, პაატა ბახტურიძის განცხადებით, უნივერსიტეტის კანცლერი სამართლებრივი პროცედურით უნდა აირჩიონ და არა აქციებით.

სტუდენტური თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა რექტორის კაბინეტის წინ გადაინაცვლეს და ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს.

შალვა საბაური - თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი

შალვა საბაურმა განაცხადა, რომ ისინი კომპრომისზე მიდიან და 15 მარტიდან მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისათვის არც ერთი ღონისძიება არ ჩატარდება, ასევე დაწესდება ბიუჯეტზე ზედა ზღვარი.

14.03.2016 – გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან ტავისი კანდიდატურა მოხსნა. მან განაცხადა, რომ უკან იხევს. აუდიტორია #115-ში და უნივერსიტეტის ეზოში გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას სტუდენტთა ნაწილი ოვაციებით შეხვდა.

თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა, რომლებიც უნივერსიტეტში აქციას 12 საათიდან მართავენ, ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს.

თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატთან. ისინი აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ დაშლას, სანამ აკადემიური საბჭო არ მიიღებდა რექტორის გადაყენების გადაწყვეტილებას. მეორე მხარეს იმყოფებოდნენ აუდიტორია #115-ის აქციების მონაწილე სტუდენტებიც, რომლებიც პაპავას თანამდებობაზე დარჩენას თხოვდნენ.

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების კორდონებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმდჯომარე, შალვა საბაური ამბობს, რომ შექმნილი კრიზისი რექტორის, ვლადიმერ პაპავას დამსახურებაა. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა პაპავას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. სტუდენტები, რომლებიც თვითმმართველობის დაფინანსების შეწყვეტასა და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ, რექტორს მოუწოდებენ, რომ არ გადადგეს თანამდებობიდან. ლადო პაპავამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს. რექტორმა უნივერსიტეტი დატოვა, რასაც სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრების შეძახილები მოჰყვა – “არ გადადგე!”

თსუ-ს წინ შეკრებილი სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრები და მათი მხარდამჭერები დაიშალნენ. მათი ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. შენობის წინ და უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებს გაერთიანება სურდათ, თუმცა პოლიცია მათ პირველ კორპუსში არ უშვებდა.

15.03.2016 – თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, სტუდენტებს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. მათი თქმით, გავრცელებულ ვიდეოებში ნულოვან სართულზე შეიმჩნეოდა გაურკვეველი ჯგუფი, რომლის ქმედებასაც სტუდენტური თვითმმართველობა კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ისინი მათ არ მიუყვანიათ. მათი განცხადებით, ეს ჯგუფი უნივერსიტეტში სპეციალურად იყო შეგზავნილი პროვოცირებისთვის.

15.03.2016 – თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. ერთ-ერთი პროფესორის, დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელია და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს შიმშილობის დაწყებას რექტორ ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით.

15.03.2016 – პაპავა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებოდნენ და შიმშილობას გააგრძელებდნენ. რექტორის თქმით, მან პირობა მისცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომ პოლიცია და უნივერსიტეტის დაცვა აკადემიური საბჭოს ოთახის დატოვებას მათ არ მოსთხოვდნენ.

15.03.2016 – პაპავა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებოდნენ და შიმშილობას გააგრძელებდნენ. რექტორის თქმით, მან პირობა მისცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომ პოლიცია და უნივერსიტეტის დაცვა აკადემიური საბჭოს ოთახის დატოვებას მათ არ მოსთხოვდნენ.

15.03.2016 – საქართველოს პრემირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პრემიერის თქმით, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. პრემიერის განცხადების შემდეგ განათლების სამინისტროში სპეციალური შეხვედრა დაიგეგმა.

აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებმა ახალი, 5-პუნქტიანი მოთხოვნები საჯაროდ წაიკითხეს თსუ-ს პირველი კორპუსის წინ.

15.03.2016 – არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტის შენობაში „აუდიტორია 115″-ის მხარდამჭერებს პოლიცია თსუ-ს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, თვითმმართველობასთან ასოცირებული ცალკეული ჯგუფები, მათ შორის, ნიღბიანი აგრესიული ჯგუფები, ახერხებენ უნივერსიტეტის შენობაში შეღწევას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტური თვითმმართველობის და მათი მხარდამჭერი წრეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ინციდენტი, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა.

16 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს, უნივერსიტეტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზება; საქართველოს მთავრობამ დაიწყოს გამოძიება საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. ოდეერების უკანანო საქმიანობის შესახებ; მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა.

15.03.2016 – თსუ-ს პირველი კორპუსის წინ მდგარი სტუდენტების ნაწილი შენობაში შევიდა ნულოვანი სართულიდან, სადაც იმ დროისთვის დაცვის ცოტა თანამშრომელი იმყოფებოდა. სტუდენტები პირველ კორპუსში შესვლას ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

16.03.2016 – თსუ-ს სტუდენტური პროტესტის, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორს და განათლების მინისტრის მოადგილეს გიორგი შერვაშიძეს შეხვდნენ. სტუდენტური გაერთიანების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა შეწყვეტს აქციას ლადო პაპავას მიერ რექტორის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლები გამოთქვამენ მზაობას, რომ მათაც შეაჩერონ პროტესტი და აუდიტორია დატოვონ.

16.03.2016 – თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ ლადო პაპავას ულტიმატუმი წაუყენა და ერთ საათში გადადგომა მოსთხოვა.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ პაპავასთვის გადადგომისათვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა, თუმცა რექტორი არ გადადგა.

16.03.2016 – აუდიტორია #115-ის წევრების განცხადებით, მათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “უნივერსიტეტში ვიღაცები პროვოკაციებს გეგმავენ”. სტუდენტები პოლიციას და პრემიერ-მინისტრს თსუ-ში სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებენ.

16.03.2016 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგი ერთი მხრივ, ეთანხმება სტუდენტების მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლების სისტემა რეფორმებს საჭიროებს, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება სიტუაციის ესკალაციით.

16.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქციები დასრულდა. სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მათ მიერ შედგენილი მანიფესტი წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც, აუდიტორია #115 მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში.

17.03.2016 – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა სტუდენტების გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი აზრი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება.

18.03.2016 – კონსერვატორიის სტუდენტების ნაწილმა გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლის მიხედვითაც, სოლიდარობას უცხადებენ “აუდიტორია 115”-ს და საგანამანათლებლო სისტემის ცვლილებებს ითხოვენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ინიციატივას თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაციას, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით.

18.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რექტორის გადაყენების საკითხი განიხილება. ვლადიმერ პაპავას თანამდებობის დატოვება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისი გადაყენების საკითხს.

30.03.2016 - ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა

16.04.2016 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. მათ 4 მოთხოვნა წარმოადგინეს.

"VI კორპუსი დაკავებულია შემდეგი მოთხოვნებით:

1. უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს;

2. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა;

3. ვითხოვთ პრემიერმინისტრის მოსვლას I კორპუსის #115 აუდიტორიაში (პირობითად 16:00 საათზე). მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:

- არის თუ არა მზად მმართველი ძალა, წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად. კანონი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა შეცვალოს!

- გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეგერირების მექანიზმის დასანერგად; რა იგეგმება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;

- გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება;

4. ოდეერების საქმის გამოძიება"

17.04.2016 - პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

კვირიკაშვილი: პირადად ჩავერთვები განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში

17.04.2016 - სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115 საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე თსუ-ს მე-6 კორპუსიდან გამოვიდა. ეს გადაწყვეტილება მათ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

"აუდიტორია 115"-ის წევრებმა მინისტრთან შეხვედრისას საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. "აუდიტორიის" წევრები მინისტრს რამდენჯერმე შეხვდნენ.

01.07.2016 - „აუდიტორია 115“ განათლების მინისტრთან მოლაპარაკებებს წყვეტს

23.09.2016 - თსუ-ის ახალი რექტორი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე გახდა.

26.09.2016 - თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. მათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ხლადარჩეულ რექტორს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მინისტრები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვას გეგმავდა.

24.11.2016 - თსუ-ის მე-6 კორპუსი ბლოკირებულია - "აუდიტორია 115"-მა აქციები განაახლა

24.11.2016 - ”აუდიტორია 115” მოთხოვნათა სიას აქვეყნებს, სადაც განმარტავენ იმ მიზეზებს თუ რატომ დაიკავეს თსუ-ს მე-6 კორპუსი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.

24.11.2016 - „აუდიტორია 115“-ის მიმართვა ხელისუფლებას: 2017 წლის განათლების წლად გამოცხადება ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს.

2016-11-25 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

თსუ-ს რექტორისთვის სტუდენტების პროტესტის ფორმა მიუღებელია

2016-11-25 13:12:00 - "აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ში საარჩევნო უბნების პიკეტირებას ცდილობენ

2016-11-25 14:11:00 - „აუდიტორია 115"-ის წევრები მე-2 კორპუსში შევიდნენ

2016-11-25 15:32:00 - თსუ-ში საარჩევნო პროცესი 9 უბანსა და 4 ფაკულტეტზე ჩაიშალა

2016-11-25 15:56:00 - "აუდიტორია 115" საქართველოს მთავრობას აღებული ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს

2016-11-25 16:14:00 - ჯეჯელავა: "აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლები ათასობით სტუდენტს თავისი კანონიერი უფლების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ

განახლებული პროტესტი და პიკეტირებული შენობები - თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა ჩაიშალოს

„აუდიტორია 115"-ის წევრებმა მე-2 კორპუსში პიკეტირებული ოთხივე უბანი დატოვეს

"აუდიტორია 115" პრესკონფერენციას გეგმავს... (განახლებადი)

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.