Loading

2002-2014 წლებში შატილის თემის მოსახლეობა 81%-ით შემცირდა

ადამიანები რიცხვებს მიღმა

პირიქითა ხევსურეთში, შატილის საჯარო სკოლაში 8 მასწავლებელი 7 ბავშვს ასწავლის. ყველაზე უფროსი მოსწავლე დამამთავრებელ კლასშია, ყველაზე პატარა და ერთადერთი გოგონა კი, პირველკლასელი ქეთო დაიაურია. სასწავლო წლის დაწყებას შიში და სიხარული ერთდროულად ახლავს თან. პედაგოგებს უხარიათ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველკლასელი მიიღეს. თუმცა, მომავლისა ეშინიათ - შატილის თემის სოფლებში სკოლამდელი ასაკის ბავშვები აღარ არიან.

„შატილში მოსახლეობის დამაგრებას სკოლა უწყობს ხელს. მაგ კუთხითაც სავალალო მდგომარეობა გვაქვს - სასკოლო ასაკის ბოლო ბავშვი მივიღეთ წელს. სამწუხარო იქნება სკოლა თუ დაიხურა, ალბათ მოსახლეობაც დატოვებს სოფელს. არადა, შატილი სასაზღვრო სოფელია და არ უნდა დაიცალოს!“

უკვე წლებია, მიხა ექიმი, ზამთარ-ზაფხულ, თითქმის გაუსვლელად ცხოვრობს შატილში და მთაში დარჩენილთა თუ მესაზღვრეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი - ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, ორი უმცროსი ჯერ კიდევ სკოლაში დადის. ის ფაქტი, რომ ხეობაში ეგულებათ სანდო და გამოცდილი „დოხტური“ (როგორც მას დიდი და პატარა ეძახის) და მხოლოდ ღვთის იმედად არ უწევთ დარჩენა, უკვე დიდი იმედია ხევსურთათვის, მიუხედავად იმისა, რომ შატილიდან, სადაც მიხეილ ჭინჭარაული ცხოვრობს ოჯახით, ხევსურეთის სხვა სოფლები 15-20-22 კილომეტრითაც შეიძლება იყოს დაშორებული.

სოფელში რთული პერიოდი ნოემბრიდან იწყება. უღელტეხილი იკეტება და მაისის ბოლომდე სამანქანო გზა არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ შატილში ბუნებრივი აირი არ აქვთ, ამ პერიოდში, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელში დარჩენილთათვის, განსაკუთრებით მწვავედ უშუქობის საკითხი დგება.საბჭოთა პერიოდში აგებული შატილის ჰესი ამორტიზირებულია. გაფუჭდება - შეაკეთებენ, თუმცა გავა 3-4 დღე და კვლავ ფუჭდება.

„რა იქნება რომ ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება გვქონდეს?! რამე რომ მოხდეს, ან ზვავი, ან ვინმე გადაიჩეხოს, უცებ რომ მივიდეთ ჩვენ, მესაზღვრეები და ერთმანეთს დავეხმაროთ. ტრაქტორი გვჭირდება“.

ხევსურეთში მას მურღვას სახელით იცნობენ. მურღვა ხევსურულ დიალექტზე მღვრიეს, მეომარს, მშფოთვარეს ნიშნავს. მურღვაც სულ იბრძვის, იბრძვის იმისთვის, რომ მიღმახევის სოფლები არ მოკვდეს, „სოფელი თუ თუ მოკვდა, მერე ძალიან ძნელიაო მისი გაცოცხლება“.

„თაია სულ მარტოს მეყოლა ბახაოში. ჩემი ქმარიც არ იყო მაშინ სახლში, ხიდს აკეთებდა სხვა სოფელში. მახსოვს, იმ ღამეს მოთოვა და მთა ჩაიკეტა. ექიმთანაც ვერ მივედი. არც მანამდე მიმიღია არანაირი კონსულტაცია“, – 47 წლის მარინე დაიაური მშობიარობის ამბავს იხსენებს. თაია ახლა 16 წლისაა, თუმცა პირიქითა ხევსურეთში, მუცო–არდოტის ხეობაში თითქმის არაფერი შეცვლილა: ისევ არ არის შუქი, არ არის ტელეფონი, არ არის ექიმი, აღარ არის დაწყებითი სკოლა, არდოტს იქით სოფლებამდე სამანქანო გზაც აღარ მიდის.

„დათვიჯვარზე რომ გადმოდიხარ, პირველი სოფელი არის ლებაისკარი. მანდ კაციშვილი არ ცხოვრობს. მერე არის კისტანი, მერე ჩამოდიხარ გიორგიწმინდაში, მანდაც არავინ არ ცხოვრობს. შატილში არის 7-8 ოჯახი. ანატორი - კაციშვილი არ ცხოვრობს, მესაზღვრეები დგანან ზემოთ. ამოვდივართ მუცოში - 3 კომლი. არდოტში და ხონიჭალაში 3-4 კომლია. ანდაქში მე ვარ მთელი წლის განმავლობაში. არჭილოში არავინ ცხოვრობს, ხახაბოც დაცლილია.“

Created By
Mtisambebi .Ge
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.