Loading

რა გავლენას ახდენს საომარი თამაშები ბავშვებზე

თანამედროვე მოზარდთა დიდმა ნაწილმა ეზო კომპიუტერზე გაცვალა და საყვარელ გასართობად საომარი თამაშები აქცია. ფსიქოლოგები წლებია საუბრობენ იმაზე, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ბავშვის ფსიქიკა ძალადობრივმა თამაშებმა.

ამერიკულ ფსიქოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, მსგავსი ტიპის გართობა ბავშვებში აგრესიას ზრდის, მაგრამ მშობლების ჩარევას ნეგატიური ზემოქმედების შემცირება შეუძლია. გარდა აგრესიულობის გამოვლენისა ასეთ ბავშვებს სხვა პრობლემებიც უჩნდებათ

5 რამ, რაც შესაძლოა საომარმა თამაშებმა გამოიწვიოს

აგრესიის გაზრდა

ინდიანას სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა საომარ თამაშებზე დამოკიდებული მოზარდების ტვინის სკანირება მოახდინეს და მონაცემები სხვა ტიპის კომპიუტერული თამაშებით გატაცებული ბავშვების იმავე მონაცემებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ საომარი თამაშების მოყვარულების ტვინის უჯრედები უფრო ემოციური და აღგზნებულია. ამასთან, ტვინის იმ ნახევარსფეროების აქტივობა, რომელიც რაიმეზე ყურადღების გამახვილებაზე, კონცენტრირებასა და საკუთარი თავის კონტროლზე ახდენს გავლენას, შემცირებულია.

თვითკონტროლის შემცირება

აგრესიის ზრდა თვითკონტროლის შემცირების ხარჯზე ხდება. ეს ტენდენცია ვლინდება გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ კლასელების მიმართ და საკუთარი თავის კონტროლს ვერ ახერხებენ, იგივე შეინიშნება ოჯახის წევრების მიმართ. საინტერესოა ისიც, რომ საომარი თამაშების მოყვარულები კარგავენ ინტერესს ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.

უძილობა

კიდევ ერთი გამოკვლევის თანახმად, ვიდეო თამაშებით გატაცებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ძილის სურვილი. პირველ ეტაპზე კი ძილის ის ტიპი იწყებს კლებას, რომელსაც "ღრმა ძილს" ვუწოდებთ და რომლის დროსაც ადამიანი თვალებს არ ამოძრავებს. ჯერ კიდევ არააა ცნობილი, თუ რატომ აქვს მსგავსი ეფექტი ამ თამაშებს, თუმცა აშკარაა ძილის ნაკლებობა ადამინზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ვერბალური მეხსიერების შემცირება

აღმოჩნდა, რომ საომარი თამაშების მოყვარულებს ვერბალური მეხსიერება, ხმამაღლა ნათქვამი სიტყვების დამახსოვრების უნარი უქვეითდებათ. ეს კი სკოლაში, მათი აკადემიური მოსწრების დასუსტების პირდაპირპროპორციულია. ამასთან, უჭირთ მშობლებთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ ვერ მიჰყვებიან მათ მითითებებს, რადგან უბრალოდ ავიწყდებათ. შედეგად, კომპიუტერული თამაშებით გატაცებულ ბავშვებთან ურთიერთობა სპეციფიკურია, როგორც მშობლებისთვის, ისე პედაგოგებისა და თანატოლებისთვის.

განვითარების პრობლემები

იმის ნაცვლად, რომ მოზარდებმა დრო გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარებას მოახმარონ, ისინი კომპიუტერული თამაშებით არიან დაკავებულები, რაც მათ ჩვევებს აყალიბებს. კომფლიქტურ სიტუაციაში მათ საკუთარი აზრის აგრესიულად გამოხატვის სურვილი უჩნდებათ და დაბრკოლებების მშვიდობიანი გზით გადალახვის ნაცვლად, ისინი ამას ძალადობრივი მექანიზმებით აკეთებენ.

და ბოლოს, ძალადობრივი ვიდეო თამაშები ძალადობის საუკეთესო მასწავლებლები აღმოჩნდნენ. ისინი არაპირდაპირი გზით ეუბნებიან მოთამაშეს, როგორ უნდა იფიქრონ და როგორ უნდა იმოქმედონ.

წყარო: edu.aris.ge