Loading

"ლამარიას მადლი" ქალი სვანეთში

აქ ამბობენ, რომ "ოდითგანვე, სვანეთში ოჯახის სიძლიერე მამაკაცების რაოდენობით განისაზღვრებოდა, ოჯახის ღირსება კი - ქალების რაოდენობით." ამიტომ, მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომელშიც ქალებიც და მამაკაცებიც სწორად გადანაწილებული ფუნქციებით თანაცხოვრობენ, სვანურ წარმოდგენაში, ოჯახის იდეალურ მოდელს წარმოადგენს. 80 წელს გადაცილებული გურამ გოშხეთელიანი, რომელიც წლების განმავლობაში მესტიაში ე.წ. "მედიატორის" როლს ასრულებდა, "კარგი სვანური ოჯახის" ისტორიას იხსენებს:

მესტია

ისტორიული სვანეთი ზემო და ქვემო სვანეთად იყოფოდა. ზემო სვანეთში 13 თემი შედიოდა, ხოლო ქვემო სვანეთში - სამი. თემში, ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა. რიყის ქვითა და ლოდებით აშენებულ ამ ნაგებობას ჰქონდა როგორც საცხოვრებელი, ისე თავდაცვითი ფუნქცია. კოშკის გამძლეობა და სიმყარე სვანური ოჯახის სიძლიერეზე მიანიშნებდა. დღემდე სვანეთში 200-მდე კოშკია შემორჩენილი.

თემის სიძლიერე კი, პირველ რიგში, დიდძალი შთამომავლობით იყო განპირობებული. სვანური დალოცვაც შთამომავლობის გამრავლებას გულისხმობს. სწორედ ამას უკავშირებენ სვანები ნაყოფიერების ქალღმერთ ლამარიას კულტს, რომელიც მოგვიანებით, ქრისტიანობის გავლენით, ღვთისმშობლის ცნებას შეერწყა. სვანეთის მუზეუმის დირექტორი, ნინო წერედიანი სვანეთში, ზოგადად, ქალის და დედის კულტის დამკვიდრებას სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებს:

"დედე" - დედის ქანდაკება, მესტია

ქალის კულტი სვანეთის რელიგიურ ცხოვრებაში ქრისტიანობის შემოდინებასაც ჰარმონიულად შეერწყა, ღვთისმშობლის გარდა, ოჯახის მფარველობასა და კეთილდღეობას სვანები უმეტესად ქალ წმინდანებს - წმ.ბარბარეს, წმ.ივლიტას, წმ.ანასტასიას ავედრებენ.

უშგულის ლამარია, ღვთისმშობლის ხატი (სვანეთის მუზეუმი), დედათა ხატი (უშგულის მუზეუმი)
„აქ როგორი იმუნიტეტი აქვს ქალბატონს, იცით? აი, ხელშეუხებელია, სირცხვილად ითლება, თუ ქალზე ძალადობაა... ჩვენ, ვკარგავთ, კაცები, იმის შეგნებას, რომ ქალბატონი ჩვენზე მაღლა დგას და მათ გარეშე ჩვენს ცხოვრებას არ აქვს აზრი. ტოლი გავხდე ქალბატონის?-ვერ გავხდები. ძაანაც რომ მოვინდომოთ, ვერ გავხდებით. დედა კაცობას შეიფერებს, მაგრამ მამა ქალობას? წარმოიდგინეთ, თვითონ ქართული სიტყვა („დედაკაცი“) გვეუბნება თავის სამართალს.“ - კახა ჟორჟლიანი, მესტიის მერი

80 წელს გადაცილებული უშგულელი პედაგოგი, სპეციალობით გერმანისტი, ვალია ჩარკვიანი ვერ იხსენებს სვანეთში მომხდარ ქალზე ძალადობის ერთეულ შემთხვევასაც კი:

მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობის შემთხვევები ან მათთან დაკავშირებული საკითხები, ხანში შესული ადგილობრივების მეხსიერებასაც არ შემოუნახავს, აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, სვანი ქალები აღნიშნულ თემაზე აქტიურად მსჯელობდნენ. საარქივო დოკუმენტიდან, რომელიც 1927 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ აღნიშნული წლის 21 აგვისტოს, ზემო სვანეთის ეცერის მკვიდრ ქალთა კრება გაიმართა. კრების დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ეცერის მკვიდრი რ.კ.-ს განცხადებაა. განცხადების ავტორი საკუთარ მეუღლეს, სოფ.ბეჩოს მკვიდრ ა.კ.-ს ძალადობასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.

საარქივო მასალა მოწოდებულია მადონა ჩამგელიანის მიერ

“...გამუდმებით მცემდა, მეჩხუბებოდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მე, როგორც ობოლს, არ შემეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მეშინოდა, რომ პატარა ძმას მომიკლავდა. ბოლოს, მან ექვსი სასიკვდილო ჭრილობა მომაყენა. ორსულობისას მიყენებული ჭრილობების შედეგად, მესტიის საავადმყოფოში მუცელი მომეშალა," - აცხადებს რ.კ.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულმა ქალთა კრებამ დაგმო ძალადობრივი ქცევა და სხდომა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

“თუკი დღემდე არაფერი ვიცოდით და ვერ ვსარგებლობდით საკუთარი თავისუფლების უფლებით, დღეიდან ვიმედოვნებთ, რომ ასეთი უმსგავსობის წინააღმდეგ სათანადო ზომები იქნება მიღებული, რათა ყოფაში მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს.”

არც ისე ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საუკუნის წინანდელი სვანური ყოფა. ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის შექმნამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე, 1926 წელს, ამერიკელმა ცოლ-ქმარმა უილიამ და მერიონ ვასერმანებმა სვანეთში იმოგზაურეს. სწორედ ვასერმანები აღმოჩდნენ პირველები, ვინც ვიდეო ფირზე აღბეჭდა, თუ როგორი იყო იმდროინდელი სვანეთი, როგორ გამოიყურებოდნენ სვანი ქალები და მამაკაცები, როგორ ხდებოდა სტუმრების დახვედრა, როგორი იყო სვანური დროსტარება და ადათ-წესები. ფირზე აღბეჭდილია სვანი ქალისა და მამაკაცის ცეკვაც, რომელსაც ამერიკელი ცოლ-ქმრის ცეკვა მოჰყვა. მოგვიანებით, თავის დღიურში, ვასერმანი იგონებს, რომ იმ “არაჩვეულებრივი ხალხისთვის” ის იყო ყველაზე “ამორალური” ადამიანი, რადგან ცეკვისას, ის ქალს, თავის მეუღლეს ეხებოდა.

"მე მგონია, რომ აქ ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ქალს... მე ასე მგონია... ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 90%-თან მაქვს შეხება, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ მეუღლეს ცოლისთვის დაერტყას... ვინმე მოსულიყო და ჰქონოდა ან თვალი ჩალურჯებული, ან წარბი გახეთქილი, არც ბავშვი, არც დიდი... ასეთი რამ არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში.“ - თინა ყუზალაშვილი, სოფ.ბეჩოს ამბულატორიის ექიმი.

სოფ. ბეჩოს გამგებელი, სიმონ არღვლიანი ამბობს, რომ მთის კანონის მიხედვით, "ოჯახის შიდა საქმის" უცხო ადამიანებისთვის გამხელა მიუღებელია. როდესაც სვანურ ოჯახში სირთულეებია, ოჯახის წევრები უმეტესად ახლობლებსა და ნათესავებს მოიხმობენ მათ მოსაგვარებლად. მისივე თქმით, მთაში, ოჯახის უფროსი მამაკაცია და ოჯახიდან "სიტყვის გამოტანა" მხოლოდ მას შეუძლია.

"ოჯახის საქმეში თუ პოლიცია ჩაერია, ის ოჯახი უკვე ოჯახი აღარაა, იმ ოჯახისგან აღარაფერი გამოვა... ჩემ ოჯახში პოლიციელი თუ შემომივიდა და ქალმა დაუძახა, მე იმ ოჯახში რანაირად უნდა ვიცხოვრო? ან მე თუ დავუძახე პოლიციას, მე იმ ადამიანთან როგორ უნდა ვიცხოვრო? სხვას როცა რევს ქალი და კაცი თავის ურთიერთობაში, მე ის ოჯახი არამყარი მგონია... ოჯახიდან ქალის და კაცის ხმაური ძაან ნაკლებად გადის მეორე ოჯახში და ძაან ნაკლებად იგებს სოფელი." - სიმონ არღვლიანი, სოფ.ბეჩოს გამგებელი.
სოფ. ბეჩოს ეკლესია

მარიამ არღვლიანი მესტიაში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტია. მისი თქმით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ცდილობს იმ ტრადიციების შენარჩუნებას, რაც მათი აზრით, საზოგადოებას უკეთესობისკენ შეცვლის. არღვლიანის თქმით, ქალთან დამოკიდებიულების ჭრილში, სვანეთი სამაგალითო კუთხეს წარმოადგენს:

მიუხედავად იმისა, რომ პირად საუბრებში ადგილობრივი მოსახლეობა ქალზე ძალადობის ფაქტებს ვერ იხსენებს და შესაბამისად, ასეთი ფაქტების არსებობას არ ადასტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევები 2016 წლიდან ფიქსირდება და მზარდი დინამიკით ხასიათდება.

თამარ მეფის ქანდაკება, მესტია

მდ. მესტიაჭალა, მესტია

სვანეთის მუზეუმი

უშგული

მესტია, ლანჩვალის ქუჩა

სოფ. ლატალი

სოფ. ლატალის მკვიდრი

უშბა

წინამდებარე პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

პუბლიკაცია მომზადებულია "ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის" პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს. იხ. ვებ გვერდი www.femicide.ge

Created By
ია შალამბერიძე
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.