Loading

ტურისტული ბილიკი: აზერბაიჯანელი მოხალისეები დივანზე მჯდომი ქვეყნის წამოყენებაზე ოცნებობენ მთაში მოგზაურობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიური დასვენების სფეროს არ იცნობენ, ტერმინი „ბილიკის თხრა“ ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც ტურისტული ბილიკი მთის ფერდობზე უნდა გაიჭრას, მართლაც მიწის თხრის აუცილებლობა დგება ხოლმე. ბილიკზე გადაადგილების გასამარტივებლად ნიჩბები და წერაქვებია საჭირო. ამ ინსტრუმენტებით მიწაში კიბისებურ საფეხურებს თხრიან და სპეციალურ მოედნებს აწყობენ.

ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვებმა აზერბაიჯანში, სოფელ „ილისუს“ მახლობლად ოცდახუთკილომეტრიანი სამთო-საფეხმავლო ბილიკი გათხარეს. მათ ამ საქმეს ორი წელი შეალიეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცდახუთკილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად არაა გათხრილი. ბილიკის დიდი ნაწილი საქონლის გადასარეკ გზებს ემთხვევა და ასეთ საერთო უბნებზე რელიეფის შეცვლა აუცილებელი არ არის. პერიოდულად ნაჯაფოვებს ტურისტულ პანსიონატ „ილისუს“ თანამშრომლები ეხმარებოდნენ. სწორედ პანსიონატი „ილისუ“ წარმოადგენს ამ ბილიკის საწყის წერტილს და მთლიანად პროექტის მთავარ „შტაბ-ბინას“. ეს ყველაფერი კი იმისთვის დაიწყო, რათა ტურისტული ბილიკი სასარგებლო გართობის ერთ-ერთ სახეობად იქცეს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ ტიპის დასვენება მოსწონს.

უკვე დიდი ხანია, ნაჯაფოვების წყვილი აქტიური დასვენების იდეის პროპაგანდას ეწევა. ისინი სპორტის რამდენიმე სახეობას მისდევენ. ალპინიზმი, მეკლდეურობა, სპორტული ორიენტირება, თხილამურებით სრიალი და თოვლში სიარული მათთვის სპორტის საკმაოდ კარგად ნაცნობი დისციპლინებია. უნდა აღინიშნოს, რომ მათი სპორტული პრაქტიკა ახალგაზრდებისათვის ცოდნის გაზიარებასაც მოიცავს (ამასთან, ნაჯაფოვების საქმიანობა მეტწილად „შიშველ ენთუზიაზმს“ ეფუძნება). ყოველ ზაფხულს ბავშვებისთვის სკაუტების ბანაკებს აწყობენ, წელიწადის დანარჩენ ნაწილს კი ბაქოში ატარებენ და აღსაზრდელებს სკაუტების მეთოდით წვრთნიან - იმ შემთხვევებში, როდესაც ამინდი ლაშქრობის, ან შეჯიბრებების მოწყობის საშუალებას არ იძლევა, ბავშვები ქალაქში ორიენტირებას სწავლობენ, ალპინისტური კვანძების გრეხაში ვარჯიშობენ და ბუნების წიაღში გამოსადეგ სხვა მნიშვნელოვან „საიდუმლოებებს“ ეცნობიან.

აზერბაიჯანის ტურისტული ბილიკი გლობალური პროექტია, რომელიც, ალექსანდრ ნაჯაფოვის თქმით, აზერბაიჯანული „აუთდორ კულტურის“ საფუძვლად უნდა იქცეს. „აუთდორ კულტურა“ ბუნებასთან ურთიერთქმედებასა და გარემოს მიმართ მზრუნველობას გულისხმობს. ამ ყველაფრის სწავლა კი მხოლოდ ტყეში, მთებსა და მინდვრებში შეიძლება. ეს პრაქტიკა დასვენების, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და საკუთარი თავის შეცნობის საშუალებას იძლევა.

«ყველაფერი, რაც ჩვენსა და ჩვენთვის ჩვეული ურბანული გარემოს გარეთ არსებულ ბუნებას შორის ურთიერთქმედებას გულისხმობს, მთლიანობაში „აუთდორ კულტურას“ ქმნის. ენერგიის გაცვლა აუცილებელია იმისათვის, რათა ადამიანმა მთისა და ტყის ნაწილად იგრძნოს თავი და ინტერესი გაუჩნდეს იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჰორიზონტის მიღმა იმალება. ამასთან, ბუნებასთან ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამ გზით გარემოში არსებული ჰარმონიული ბალანსის შენარჩუნებას, ბუნებისათვის საზიანო ქმედებებისგან თავის შეკავებასა და ჩვენ მიერვე დატოვებული მავნე კვალის გაქრობას ვსწავლობთ».

ამ წამოწყების მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ყველა ადამიანმა ცოცხალი სამყაროს ნაწილად იგრძნოს თავი და ეს პრაქტიკა-გამოცდილება მხოლოდ „ელიტისთვის ხელმისაწვდომ ფუფუნებად“ არ დარჩეს და დასვენების ისეთივე სახეობად იქცეს, როგორიცაა, მაგალითად, სამთო-სათხილამურო სპორტი, რომელიც ძალიან პოპულარულია ქაბალას საკურორტო ზონაში. იქ ყველა ტიპის დამსვენებელი ჩადის. ვისაც თხილამურებით სრიალი არ სურს, უბრალოდ სელფის იღებს და სუფთა ჰაერზე სეირნობს. ძალიან მარტივი მონაკვეთები ილისუს ბილიკსაც აქვს. ასეთ უბნებზე გადაადგილება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ამ ზონებში დამსვენებელს შეუძლია, სადილამდე ოჯახის წევრებთან გაისეირნოს. ამას გარდა, ბილიკს ისეთი მონაკვეთებიც აქვს, რომელთა დასალაშქრადაც რამდენიმე დღეა საჭირო. ასეთი მარშრუტების გასავლელად მოლაშქრე კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს.

პროფესიონალებისთვის აქ უკვე ჩატარდა შეჯიბრი ტრეილრანინგში (ანუ მთის ბილიკებზე სირბილში). რბოლაში მონაწილე ათლეტთაგან ყველაზე ადრე სოფელ კაშკაჩაიში (სწორედ ამ დასახლებაში მთავრდება ამჟამად ნაჯაფოვების ტურისტული ბილიკი) ბრიტანელი სპორტსმენი ჩავიდა. მან 25 კილომეტრი რამდენიმე საათში დაფარა. მეოთხე ადგილზე კი კახში - ილისუდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში - მცხოვრები ყმაწვილი გავიდა. ევგენია ნაჯაფოვის თქმით, მეოთხე ადგილზე გასულ სპორტსმენს.

«არც ნორმალური ფეხსაცმელი ჰქონდა, და არც სათანადო აღჭურვილობა; მარტშუტის ბოლოს საერთოდ დაუსისხლიანდა ფეხები, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან ცოტა დააკლდა საპრიზო ადგილზე გასასვლელად».

ორიოდე სიტყვა ადგილობრივ მოსახლეობაზეც უნდა ითქვას. იდეალურ შემთხვევაში, ამ ბილიკმა მეზობელ სოფლებს დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს. თუკი ამ ზონაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნება - ისეთი, როგორიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ „სოლიდურ“ ბილიკებს აქვს - ადგილობრივებისათვის ასობით სამუშაო ადგილი და ბიზნესის დაწყების მშვენიერი პერსპექტივები გაჩნდება. ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს სუვენირებით ვაჭრობის, ბინების გაქირავებისა და საკუთრივ ბილიკზე მუშაობის საშუალება მიეცემათ.

ბილიკს „საგანმანათლებლო“ ფუნქციაც აქვს - გზაზე უკვე დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფები, რომლებზეც ხეების სახელები წერია. აქაურ მთებში მცხოვრები გარეული ცხოველების ნაკვალევის სახით კი თოვლზე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკითხება. გამყოლებმა სტუმრებს ტყეში მოქცევის წესები უნდა ასწავლონ - იმისათვის, რათა მომხდურებმა აქ მცხოვრები ნადირები არ განარისხონ.

ნაჯაფოვებს ძალიან ამბიციური გეგმები აქვთ. მათ სურთ, რომ ბილიკი გაგრძელდეს და კავკასიონის ქედზე გავლით დაღესტანში გადადიოდეს. მათი გათვლებით, საბოლოდ ამ პროექტმა საერთაშორისო ხასიათი უნდა მიიღოს. მაგრამ ბილიკს ფინანსური და საინფორმაციო მხარდაჭერა არ ყოფნის. პროექტის სრულფასოვნად ამოქმედებისათვის თანამშრომლების დაქირავება და მათთვის სათანადო განათლების მიცემაა საჭირო. ამას გარდა, უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფაც აუცილებელია. ამჟამად ბილიკზე გასეირნების მსურველებს ნაჯაფოვები საკუთარ აღჭურვილობას უზიარებენ, თავად კი უბრალოდ ინსტრუქტორების სახით, ანუ ჯერაც „შინაურულად“ მიჰყვებიან ხოლმე.

ამას გარდა, უფრო გლობალური პრობლემაც არსებობს.

აზერბაიჯანში ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა აქტიური დასვენების (და, მითუმეტეს, აქტიური ოჯახური დასვენების) ტრადიცია. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტყეებისა და მთების წარმოუდგენელი სილამაზისა და უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის მიუხედავად, ადამიანები აქაურ ბუნებასთან მჭიდრო „ურთიერთობის“ დაწყებას არ ჩქარობენ. ახალმა სამთო-სათხილამურო კურორტმა „ჰაშდაგმა“აზერბაიჯანელები და თხილამურები ოდნავ დააახლოვა ერთმანეთს, მაგრამ ტყით დაფარული ფერდობები მაინც პეიზაჟის ნაწილად რჩება. რეგიონებში ბაქოელი ტურისტებისთვის სპა-სალონებს, სასტუმროებსა და რესტორნებს აშენებენ, ბუნება კი უბრალო „ფონად“ რჩება.

ბაქოდან ილისუში მოსახვედრად კახისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთი უნდა შეიძინოთ. მთელ ღამეს მატარებელში გაატარებთ და დილით კახში ჩახვალთ. მაგრამ სადგურზე გადასვლას ნუ იჩქარებთ - კახის შემდეგ მატარებელი ჩამოდგება გაჩერებაზე, რომელსაც რატომღაც „პავილიონი“ ჰქვია. უნდა აღინიშნოს, რომ მატარებელი ზუსტად ხუთ წუთში დაიძრება და ამიტომ სწრაფად უნდა ჩახვიდეთ. „პავილიონს“ რკინიგზის სადგური არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქ ყოველთვის მორიგეობენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც სიმბოლურ ფასად ჩაგიყვანენ ილისუში.

მთის ფერდობებზე შეფენილი ტყე არასდროს კარგავს მიმზიდველობას. შემოდგომობით აქ ყვითლისა და წითლის ყველა ელფერის ნახვა შეიძლება, გაზაფხულობით მთელი ტყე ყვავის და ათასფერადაა აჭრელებული, ზაფხულობით კი მთები ხასხასა მწვანე „ქათიბით“ „იმოსება“. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ლამაზი ხედი მთის ზედა ნაწილიდან იშლება.

Created By
JAMnews Caucasus
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.