1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისის ქუჩებში 15 დღიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობით დასრულდა.
ეს 15 დღე საქართველოს ისტორიაში “თბილისის ომის” სახელითაა ცნობილი.
იმ დროს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი ბედი. სამოქალაქო ომს 113 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაიწვა და განადგურდა თბილისის ცენტრი. ქვეყანა კი მრავალი წლით სრულ ეკონომიკურ რეცესიაში, ენერგოკრიზისსა და ქაოსში გადაეშვა.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებისკენ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიდიოდა. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გადადგა. 20 დეკემბერს კი პრეზიდენტმა გამსახურდიამ ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გააუქმა. გვარდიის სარდალი იმ დროს თენგიზ კიტოვანი იყო.
ფოტო: ჯემალ კასრაძე
კიტოვანი პრეზიდენტის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და გვარდიის დიდ ნაწილთან - დაახლოებით 15 ათასს ჯარისკაცთან ერთად ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.
“გადაეცით, რომ მე იარაღას არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ” - კიტოვანის ეს სიტყვები ისტორიამ შემოინახა.
ფოტო: შაჰ აივაზოვი
ოპოზიცია გამსახურდიას ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში, განსხვავებული აზრის დევნაში, არადემოკრატიულ მმართველობასა და “გეკაჩეპესადმი” ლოიალობაში ადანაშაულებდა. ტელევიზიის წინ ოპოზიციურად განწყობილმა ინტელიგენციამ პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყო. მათ სტუდენტური მოძრაობებიც შეუერთდნენ. დაპირისპირებამ, პრაქტიკულად საზოგადოების ყველა შრე მოიცვა.
თავის მხრივ, ზვიად გამსახურდია საჯარო გამოსვლებში თავის ოპონენტებს რუსეთის აგენტებსა და მოღალატეებს უწოდებდა.
ფოტო: საპროტესტო აქცია გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისთან.
ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად გადამწყვეტი მომენტი 22 დეკემებრის დილის 8 საათი გახდა - ამ დროს რუსთაველის გამზირზე მოულოდნელად გამალებული სროლა ატყდა. კიტოვანმა თბილისის ცენტრში რამდენიმე სტრატეგიული შენობა დაიკავა. ასე დაიწყო თბილისის ომი.
“მე მოგეცით თქვენ ბატონო გამსახურდია ბოლო შანსი, აწიეთ თეთრი დროშა და ჩაგვბარდით. თუ გინდა სიცოცხლე შეინარჩუნოთ, თუ არადა, ამოგბუგავენ ყველას” - ეს სიტყვები 1991 წლის 22 დეკემბერს გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ ტელეფონით უთხრა პრეზიდენტ გამსახურდიას. ამ დროს გამსახურდია თავის მომხრეებთან ერთად უკვე უზენაესი საბჭოს "ბუნკერს" აფარებდა თავს.
ფოტო: შაჰ აივაზოვი
რუსეთის შტაბის მიერ მეამბოხეებისთვის იარაღით მიწოდებასთან ერთად, დაპირისპირებაში გადამწყვეტი ფაქტორი, ციხიდან ყოფილი კანონიერი ქურდის, ჯაბა იოსელიანის გამოსვლა და პროცესებში მისი გასამხედროებული, შეიარაღებული ფორმირების - “მხედრიონის” ჩართვა აღმოჩნდა. იოსელიანი კიტოვანმა 26 დეკემბერს გამოუშვა ციხიდან. “მხედრიონის” სახით, შეიარაღებულ ოპოზიციას ათასზე მეტი მებრძოლი დაემატა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
თბილისის ცენტრში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა - მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით.
ირაკლი მელაშვილი, უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი ამ მოვლენებს რუსეთის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად აფასებს, თუმცა პასუხისმგებლობას გამსახურდიას ხელისუფლებას აკისრებს: “პროვოკაციას როდესაც გიწყობენ, შენ არ უნდა აყვე მას. ხელისუფლებას უნდა ეყოს უნარი და ჭკუა, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვას”.
ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი
ირაკლი წერეთელი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილი ლიდერი. 1991 წელს ის გამსახურდიას ოპოზიციაში იყო, თუმცა, სამხედრო გზით ხელისუფლების დამხობას მხარს არ უჭერდა: “გამსახურდიას დამარცხების მიზეზი ორი ფაქტორი გახდა - ექსპრეზიდენტის არასწორი გადაწყვეტილებები და რუსეთის ჩართულობა. ზვიადმა თავდაპირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში, შეიარაღებული ძალების ჩარევა ძირშივე არ აღკვეთა. კიტოვანიც და ყველა სხვა, ვინც ხელისუფლების დასამხობად იარაღი აიღო, დასაწყისშივე ლიკვიდირებულები უნდა ყოფილიყვნენ. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი ძლიერი და თავმოყვარე სახელმწიფო და აქ არადემოკრატიული არაფერია. ზვიად გამსახურდიასთან პოლიტიკური დაპირისპირება, არავის აძლევდა იმის უფლებას, რომ შეიარაღებული გადატრიალება მოეწყოთ. ეს იყო პუტჩი, რომელიც შემდგომ მთელ ქვეყანას მოედო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა".
ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი
აკაკი ასათიანი, უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე: “გადატრიალება პირდაპირ ელცინისგან მოდიოდა, ამ საქმის ხელმძღვნელად მისი ყოფილი ფავორიტი, გენადი ბურბულისი დაინიშნა. ის უწევდა კოორდინაციას მთელ ამ პროცესებს. მოგვიანებით, დაახლოებით იგივე მოხდა ტაჯიკეთში და აზერბაიჯანშიც”.
ომს ვერც თბილისის მერიის შენობის საათი გადაურჩა. ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი.
საქართველოს პარლამენტის შენობის "ბუნკერში" გამაგრებული ხელისუფლების მდგომარეობა ყოველ დღე უფრო უარესდებოდა. ისინი კარგავდნენ მებრძოლებს, გაითიშა ყველა ტიპის საკომუნიკაციო წყარო, რამაც დეზინფორმაციის გავრცელებასა და არასწორი მოლოდინების შექმნას შეუწყო ხელი.
ზვიად ძიძიგური, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი: “ რამდენჯერმე შევედი ზვიადთან და ვუთხარი, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო ყველა ის განცხადება, სადაც ამბობდნენ, რომ მთავრობის დასახმარებლად მოდიოდა 10 ათასიანი, 5 ათასიანი ან 3 ათასიანი კოლონა. ეს იყო სპეციალურად შემოგდებული ჭორი, რაზეც ჩვენ ილუზორული იმედები უნდა შეგვქმნოდა”.
22 დეკემბერს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება 6 იანვარს დასრულდა, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ და მისმა ოჯახმა “ბუნკერი” დატოვეს და სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთში გადავიდა. თბილისის ომის დაწყების მომენტისთვის, გამსახურდია პრეზიდენტის თანამდებობაზე 10 თვის არჩეული იყო.
გამსახურდიას წასვლის შემდეგ საქართველოში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომელსაც ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობდა.
ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი
“ამ ომში არავის გაუმარჯვია, პირიქით, დამარცხდა საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს იდეა", - ამბობს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი. მისი თქმით, 15 დღიანი ომის ექო ქვეყანას თითქმის მთელი 90-იანი წლების განმავლობაში მიყვებოდა და სხვადასხვა სახით იჩენდა თავს:
“აფხაზეთში ჯარების შეყვანაც დიდწილად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეები სამეგრელოსა და აფხაზეთში მრავლად იყრიდნენ თავს. პირველი დეკრეტი, რომელიც აფხაზეთში ჯარების შეყვანის შესახებ გამოიცა, არის არა რკინიგზის უსაფრთხოებით განპირობებული, არამედ ზვიადისტების წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზით”.
2005 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით დაგმო 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული გადატრიალება და მას “ანტიკონსტიტუციური” უწოდა. თუმცა, პოლიტიკოსების მხრიდან საჯარო დაგმობის მიუხედავად, აღნიშნულ პროცესებს და მასში მონაწილე პირებს, სამართლებრივი შეფასება ან პასუხისმგებლობა არასდროს დაკისრებია.
*** მასალაში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული ფოტოები