Loading

თელავში საზოგადოებრივი ტრანპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ მაკა ხაზიური

წლებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა თელავში მოუგვარებელია. ადგილობრივები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამ საკითხის მოგვარებას სთხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ ამ პრობლემის გამო სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს მუნიციპალურ ცენტრში ჩასვლის სერიოზული პრობლემა ექმნებათ.

მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თელავში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ქალაქ თელავში საღამოობით ტარდება, ამ პრობლემის გამო კი ისინი სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ.

თამთა ყარაულიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს.თუ ქალაქ თელავში თავის მეგობრებთან ერთად საღამოს გატარებას მოინდომებს, სახლში აუცილებლად ტაქსით დაბრუნება მოუწევს, რადგან საღამოს 6 საათის შემდეგ სოფლებისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. ხანდახან კი თავის სოფლამდე 10 კილომეტრი ფეხითაც უვლია.

მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქაური ახალგაზრდებისთვის ერთერთი მთავარი პრობლემაა, რადგან სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ქალაქში საღამოობით ტარდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაზე საუბრობენ თელავის სახელმწიფო თეატრშიც.

მსახიობების განმარტებით, სპექტაკლების დროს მაყურებლის მობილიზება ჭირს, რომლის მიზეზიც გარდა სხვა საკითხებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაა, რის გამოც მაყურებლების უმეტესობა ჩატარებულ ღონისძიებებს ვერ ესწრება.

,,მე მახსოვს პერიოდი, როდესაც თელავის თეატრში ბილეთს ვერ იშოვიდი სპექტაკლზე და საჭირო იყო ,,ჩაწყობა’’. ახლა ეს ძალიან გაჭირდა. ახლა კვირაში ერთი ან ორი წარმოდგენა გვაქვს და აქაც უკვე ჭირს მაყურებლის მოზიდვა. მაყურებელმა იკლო და ფაქტიურად ჩვენ გავხდით პრემიერის თეატრი, რადგან პრემიერაზე ივსება, მეორე წარმოდგენაზე ნაკლებია და შემდეგ უკვე არის საწვალებელი რომ მოვიდნენ და დაესწრონ. ამის მიზეზი არის ადამიანების დაუინტერესებლობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც არის მოუგვარებელი’’,- განაცხადა თელავის თეატრის მსახიობმა თემურ ხუნაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში პირდება. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, თელავს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 10 ახალი ავტობუსი გადაეცემა. სხვადასხვა რეგიონისა და მუნიციპალიტეტისთვის 175 ავტობუსის ყიდვისთვის გამოყოფილია 17 მილიონი ევრო.

ავტობუსების შეძენას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გეგმავს.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. პროექტის ფარგლებში თელავს 10 ავტობუსი გადაცემა”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

თელავში მოქმედი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის დროულად მოგვარება ხელს შეუწყობს მოქალაქეების გააქტიურებას და მათ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ჩართვას.