Loading

ხადის ხეობის ფასი

თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მცხეთა-მთიანეთისკენ რომ გაუყვებით, სულ რაღაც საათნახევარში ერთ პატარა, უნიკალურ ხეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ.

ხადის ხეობა იშვიათია, რადგან ის ერთდროულად თავს უყრის ხელშეუხებელ ლანდშაფტს, ერთ ადგილას კონცენტრირებულ, დიდი რაოდენობით კულტურულ ძეგლებს - საქართველოში შემორჩენილ 60-მდე ისტორიულ, მსოფლიოში უნიკალურ კოშკს, ჯერ კიდევ შეუსწავლელ არქეოლოგიურ საგანძურს, რომელიც ენეოლითის ხანიდან ადამიანის ცხოვრების კვალს ადასტურებს, იშვიათ ბიომრავალფეროვნებას, მდინარე ხადისწყლის ჩანჩქერებს, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე გაშენებულ სოფლებს, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ ინახავს მთიულეთის უძველეს ტრადიციებს.

სწორედ ამ გამორჩეული თვისებების გამო და იმიტომაც, რომ ხადის ჯადოსნობაში მოხვედრა დედაქალაქიდან ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, ხადა ქართული ეკო-ტურიზმის სამოთხეა - დღეისათვის უკვე პოპულარული, უამრავი ახალი გეგმითა და პერსპექტივით.

უფრო სწორად - იყო.

დღეს უკვე ცნობილია, რომ ხადის ხეობას, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, განადგურების საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი ახალი საგზაო პროექტია - რუსეთისკენ მიმავალი მაგისტრალი, რომლის მონაკვეთის აგება საქართველოს მთავრობამ სწორედ ხადის გავლით გადაწყვიტა.

კობი-ქვეშეთის 23-კილომეტრიანი მაგისტრალი ხადაში გვირაბების გათხრას და ხიდების აგებასაც ითვალისწინებს.

ხადის მოსახლეობა პროექტს აპროტესტებს. გარემოს დამცველები, გეოლოგები, არქეოლოგები, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები ამბობენ, რომ მისი გარემოზე ზემოქმედება თითქმის არ არის შესწავლილი და ის ბევრად მეტ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, კულტურულ მემკვიდრეობას, ბიომრავალფეროვნებას, ტურისტულ შესაძლებლობებს, და გეოლოგიურ რისკებს შეიცავს, ვიდრე ეს პროექტის ოფიციალურ დოკუმენტებში წერია.

რას გვპირდება ახალი მაგისტრალი

ქვეშეთი-კობის ახალი მაგისტრალი სატვირთო გადაზიდვების ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის ნაწილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის გათვლით, ის სატრანსპორტო ღერძია რუსეთს, ბელარუსსა და უკრაინას, მეორე მხრივ, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანს, თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის.

„პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი… გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის“, -

აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

პროექტი ხადაში შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას გულისხმობს: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი - 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი. ეს ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტს 558 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.

ახალ გზას ის ჩინური კომპანია ააშენებს, რომელსაც, თაღლითობის გამო 2019 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით აუკრძალა - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”.

კადრი პროექტის ვიდეო-რენდერიდან: https://www.youtube.com/watch?v=bkO_QDEfgOc

ხადისა და სხვა სოფლების მოსახლეობამ „მწვანე ალტერნატივის“ კვლევით ჯგუფს ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში უთხრა, რომ ტენდერის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მათთან „რომელიღაც ჩინური კომპანიის წამრომადგენლები გამოჩნდნენ“ და ღიად უთხრეს, გზის მშენებლობას ჩვენ განვახორციელებთო.

558-მილიონიანი პროექტისთვიის სახელმწიფო თავდაპირველი ინვესტიიციის სახით 83.6 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს. 415 მლნ აშშ დოლარი საქართველოს მთავრობას ADB-იმ უკვე დაუმტკიცა. ის სესხის მიღებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგანაც (EBRD) ელოდება.

ხადელები პროექტის წინააღმდეგ

მოსახლეობა ითხოვს, რომ მაგისტალი ხადის ხეობის გვერდის ავლით აშენდეს. მათ პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საერთაშორისო ბანკებს კი წერილი მისწერეს, რომელშიც ხეობის საფრთხეები დეტალურად აღწერეს.

წერილის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში ADB-იმ საქართველოს მთავრობას სესხი დაუმტკიცა.

ხადელები ამბობენ, რომ მაგისტრალი ხეობაში ცხოვრებას თითქმის შეუძლებელს გახდის, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათთვის მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებს, სოფლის მეურნეობის ჯანსაღი პროდუქტების წარმოებას, გვირაბი ეხება ვულკან-საშიშ ადგილებს. მოიმატებს ხმაური, ჰაერისა და გარემოს დაბინძურება. ხოლო მაგისტრალი იმდენად ფართოა, რომ ხადა მხოლოდ ხიდებისა და გვირაბების კალაპოტად გადაიქცევა.

მოსახლეობისთვის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი მიწებსა და მათ სანაცვლო კომპენსაციებს უკავშირდება. სხვადასხვა მიზეზით, მათი ნაწილი კუთვნილი მიწების რეგისტრაციას ვეღარ ახერხებს - მთავრობისგან უარი მიიღეს. ამბობენ, რომ უარის მიზეზი თავდაპირველად ხეობის „რეკრეაციულ ზონად“ გამოცხადება იყო. თუმცა, მოგვიანებით, აღმოაჩინეს რომ იგივე მიწები სახელმწიფოს სახელზე გადაფორმდა.

თუმცა, ხადელების ნაწილი მიწის დათმობას “არავითარ ფასად“ - მაღალი კომპენსაციის სანაცვლოდაც არ აპირებს.

ხეობის მიმდებარე სოფლებში - ქვეშეთში, არახვეთსა და მლეთაში მოსახლეობის ნაწილი პროექტის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, ყველა სოფელში თანხმდებიან ერთზე - მიწებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაცია ძალიან დაბალია: მთავრობამ ხადის ხეობაში 1 კვ. მ მიწა 5.60 ლარად შეაფასა, ქვედა სოფლებში კი ოდნავ მეტად - 8 ლარამდე. სოფლებში ამბობენ, რომ მამა-პაპისეული მიწებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ხადის ხეობის კულტურული ფასი

„როგორც ცნობილია, მრავალი თვალსაზრისით უნიკალურ ხადას ხეობაში კულტურულ მემკვიდრეობაზე ზეგავლენის საფუძვლიანი შეფასება აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღემდე არ განხორცილებულა…ჩრდილოეთ მაღალმთიანეთის ხუროთმოძღვრულ მემკვიდრეობაში ხადას ხეობას (დუშეთის რ-ნი) ადრე შუა საუკუნეების სათავდაცვო და საეკლესიო ნაგებობების, ასევე ეპიგრაფიკული ძეგლების დიდი კონცენტრაციით სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია“, - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი, გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი.

ქოროღოს ეკლესია, ცეცხლისჯვრის ციხე, იუხოს კოშკი, ხეობაში გაბნეული პატარა სოფლები შემორჩენილი ტრადიციული საცხოვრებლის ნიმუშებით, ციხეები, კოშკები, ეკლესიები, წარწერიანი ქვები და მემორიალური ადგილები (კაიშაურის ველი, ძველი სასაფლაოები) - ეს ხადის ხეობის ძეგლების მხოლოდ ნაწილია. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური მასალა ხადაში ენეოლითის ხანიდან ადამიანის ცხოვრების კვალსაც ადასტურებს.

ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები ამბობენ, რომ მასშტაბური მშენებლობა აღნიშნულ ძეგლებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, მით უფრო, იმ ფონზე, როცა პროექტი დეტალური კვლევების გარეშე დაიწყო.

ერთ-ერთი საშიშროება წინასწარი შესწავლის გარეშეც იკვეთება - ხეობაში დაგეგმილი აფეთქებები. მთავრობის მიერ შემუშავებულ გზშ-შივე ნათქვამია, რომ სამუშაოები ზოგიერთი ისტორიული ძეგლიდან 50-100 მეტრის დაშორებით ჩატარდება და შესაძლოა „მათზე გარკვეული გავლენა იქონიოს“. ამავე დოკუმენტში, რომელიც წესით გარემოზე ზემოქმედების შემცირებასაც უნდა ითვალისწინებდეს, ძეგლების გადარჩენისთვის კონკრეტული, ქმედითი მექანიზმი არ არის შემოთავაზებული.

დაკარგული (ტურისტული) სამოთხე

ხადაში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო მარშრუტში მძიმე ინფრასტრუქტურულმა გეგმებმა ტურიზმის სექტორიც ააღელვა.

„საპროექტო გზისა და გვირაბის გაყვანას ხადას ხეობაში, ტურისტული კუთხით მოჰყვება უარყოფითი ზემოქმედება, როგორც ლანდშაფტურ-ვიზუალური ცვლილებები, ასევე ხადას ხეობის, როგორც უნიკალური ადგილის მიმართ ინტერესის შემცირება",

ამბობს საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე ია თაბაგარი. მისივე თქმით, "გუდაური რომ ინტენსიურად დაიტვირთოს ზაფხულის სეზონზე, ხადა უნდა იყოს დაცული ტერიტორია, სადაც ტურისტებს დახვდებათ ბუნება და კულტურის ძეგლები. და არა გვირაბები, ხიდები და განადგურებული ლანდშაფტი. ხადას ხეობის ეკო-ტურიზმი ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ვიდრე ახალი გზა“.

„დღემდე ხელუხლებელმა ხადას ხეობამ შეინარჩუნა ავთენტურობა. ამიტომ ბოლო წლების მანძილზე ის ქართველი და უცხოელი ტურისტების, მოლაშქრეების მზარდ რაოდენობას იზიდავს. ხეობის თვითმყოფადი ხასიათის გარდა ამ ინტერესს სხვა ფაქტორებიც განაპირობებს: თბილისთან სიახლოვე (1 საათისა და 25 წუთის სავალზე მანქანით) და ერთდღიანი სალაშქრო მარშრუტების მრავალფეროვნება. აქ დიდი ასპარეზია ჩიტებზე დამკვირვებლებისთვისაც: ევროპის ყველაზე დიდი ფრინველი, შავი სვავი, ადვილი სანახავია ხეობაში. იმის გამო, რომ კავკასიის ეს მაღალმთიანი ხეობა 12 თვის განმავლობაში არის მისაწვდომი, 9 კილომეტრიანი ხადას ხეობა მარტივად შეიძლება იქცეს ეკო-ტურიზმის განვითარების კერად. ეს კი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ვინაიდან ეკოლოგიური ტურიზმი მზარდ პოპულარობას იძენს გლობალური მასშტაბით.", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ფონდის - National Trust of Georgia-ს განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ მაგისტალის დამფინანსებელ ბანკებს მისწერა იმის ასახსნელად, თუ რატომ არ უნდა გაიაროს გზამ ხადის ხეობაში.

საფრთხე ბიომრავალფეროვნებას და გეოლოგიური რისკები

„ხადის ხეობა დიდი კავკასიონის ბიომრავლაფეროვნების ცხელი წერტილის განუყოფელი ნაწილია. მშენებლობა გამოიწვევს ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების, ალპური და სუბალპური ეკოსისტემების, წყლის რეჟიმების საგანგაშო ცვლილებებს“, - მანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტერნატივა".

"მწვანე ალტერნატივამ" ქვეშეთი-კობის მაგისტრალის შესახებ ხადის ხეობასა და მიმდებარე სოფლებში მოკვლევა რამდენიმე თვის წინ ჩაატარა და პროექტის პრობლემური საკითხების მიმოხილვა 17 ივლისს გამოაქვეყნა. მიმოხილვაში საუბარია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზეც:

„იმის ნაცვლად, რომ ანგარიშის ავტორებს პროექტის ზემოქმედების აცილების, ან შერბილების ღონისძიებები შეემუშავებინათ, მათ რეალურად, ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების განხილვას თავი სრულად აარიდეს“,

ნათქვამია "მწვანე ალტერნატივის" დასკვნაში. მაგალითად, მაშინ, როცა ხადის ხეობაში, ორგანიზაცია „საბუკოს“ მონაცემებით ფრინველის 6-ზე მეტი წითელ წიგნში შეტანილი სახეობა აღირიცხება, არც ერთი მათგანი ქვეშეთი-კობის გზშ-ში მოხსენიებული არ არის.

სპეციალისტები პროექტის მხრიდან გეოლოგიური და სეისმოლოგიური რისკების შეფასებასაც აკრიტიკებენ - ანუ, იმას, რომ ეს რისკები პროექტში აღნიშნული არც არის. ეს მაშინ, როცა მაგისტრალის მიმდებარე ხადისწყლის, ნარვანის და მილიონას ხეობებისთვის დამახასიათებელია მეწყრები, ღვარცოფები და ზვავები. 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა კი 800 მეტრის სიღრმეზე, ვულკანურ ზონებთან ახლოსაა დაგეგმილი. ოღონდ, იმის წინასწრი შესწავლის გარეშე - თუ ამ სიღრმეებზე ჩასვლა მაგნურ პროცესებზე რა ზემოქმედებას მოახდენს, და - პირიქით.

“აღსანიშნავია პროექტის მოსალოდნელი, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ეკონომიკურ გარემოზე: ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ხმაური, ვიზუალური ლანდშაფტის დაბინძურება. ასევე, იძულებითი ეკონომიკური განსახლება, შემცირებული სასოფლო სამეურნეო წარმოება და ა.შ. მთლიანობაში, პროექტი წარმოშობს სადაო საკითხებს მრავალი - ეკონომიკური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, გეოლოგიური, კულტურული, პოლიტიკური, ბიომრავალფეროვნების კუთხით და არც ერთი მიმართულებით ქვეშეთი - კობის პროექტი სიღრმისეულ ანალიზს და კვლევებს არ მოიცავს“, - ამბობს მანანა ქოჩლაძე.

მაგისტრალის გარემოზე ზემოქმდების და მისი შეფასების შესახებ მოსაზრება CENN-მაც გამოაქვეყნა: “მიგვაჩნია, რომ პროექტში მოქმედი გზის საექსპლუატაციო პირობები სათანადოდ არ არის შეფასებული. საჭირო იყო მოქმედი გზის არსებული ნაკლოვანებების დეტალური ანალიზი და მათი აღმოფხვრის სარეაბილიტაციო ღონისძიებების საინჟინრო-ტექნოლოგიური დასაბუთება. მითუმეტეს, რომ ახალი გზის საექსპლოატაციო პირობები აუცილებლად გამოიწვევს ისტორიული ძეგლების დაცვისა და გეოეკოლოგიური ვითარების გამწვავების პრობლემებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარემოსდამცველების მითითებით, პროექტის ზეგავლენა ხეობაზე იმდენად მასშტაბურია, რომ უმჯობესია მთავრობამ ალტერნატიული ვარიანტები განიხილოს. ისინი დამფინანსებელ საერთაშორისო ინსტიტუტებსა და საქართველოს მთავრობას სთხოვენ, გზის ოპტიმალური ვარიანტი საზოგადოების ფართო მონაწილეობით, სათანადო კვლევების სიღრმისეულად ჩატარების შედეგად შეარჩიოს.

ხადა
Created By
Green Alternative
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.