Loading

პირველი რესპუბლიკის დროებითი ფულის ამბავი

დეკრეტი

საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემისა

  • ნება მიეცეს საქართველოს მთავრობას გამოსცეს საქართველოს რესპუბლიკის ბონი - სამასი მილიონი მანეთისა.
  • საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს დროებით, ვიდრე მიღებულ იქნებოდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთარი ფული, რომლის საშუალებით ბონი გამოყიდულ უნდა იქნეს.
  • საქართველოს რესპუბლიკის ბონი უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის მთელი ქონებით.
ეს არის ამონარიდი, 1919 წლის 11 ივლისს მიღებული 9-პუნქტიანი დეკრეტიდან - პირველი რესპუბლიკის დროებითი ეროვნული ფულის ერთეულის - ბონის გამოცემის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ალ.ლომთათიძე და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია.
(დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში)

დოკუმენტების მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბონის ნომინალები ასე განისაზღვრა - 5, 10, 25, 50, 100 და 500 მანეთი. ქვეყნის დედაქალაქში, სამხედრო შტაბის სარდაფში, ბონი 300 მილიონი მანეთის ოდენობით დაიბეჭდა.

ხურდების ნაცვლადაც ქაღალდის ფული იყო მიმოქცევაში, ქაღალდის ბანკნოტს ეწერა „50 კაპეიკი - მიღება სავალდებულოა როგორც ხურდა ფულის“

დროებით ფულის ნიშნის ესკიზზე კონკურსი, სპეციალურმა კომისიამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის 1 თვეში, ჯერ კიდევ 1918 წლის ივლისში გამოაცხადა. არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულად პირველი რესპუბლიკის გერბის შემქმნელი, იოსებ შარლემანის ვერსია დასახელდა.

ნიკო ჯავახიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი:

„ბონი იყო იგივე ფულის ერთეული, მაგრამ დროებითი. მისი ღირებულება არ იყო უზრუნველყოფილი ოქროთი. თავდაპირველად ყველაზე მაღალი ნომინალი 500 მანეთით განისაზღვრა. მასზე გამოსახულია ქართული ჩუქურთმები და ცენტრში საკარცხული, რომელზეც დაბრძანებულია ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი - როგორც საქართველოს სიმბოლო. უკანა მხარეს კი გერბია გამოსახული და წარწერები ქართულთან ერთად ფრანგულ და რუსულ ენებზე, რათა ქვეყანაში ჩამოსული უცხოელებისა თუ მეზობელი ქვეყნების მოსახლეობისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო“.

ფულის ერთეულზე მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და ფინანთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელკის ხელმოწერებია და წარწერა - „ბონისათვის პასუხისმგებელია საქართველოს რესპუბლიკა, მთელი თავისი ქონებით“. აქვე იყო კიდევ ერთი წარწერა „ყალბი ბონის დამზადებისთვის, ან გასაღებისთვის დამნაშავე დაისჯება სისხლის სამართლის წესით“ . როგორც მკვლევარები ამბობენ, არქივში დაცული მასალების მიხედვით, გაყალბების შემთხვევები იშვიათი არ ყოფილა.

ფასები და ხელფასის ოდენობა წლების მიხედვით ცვალებადი იყო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკო ჯავახიშვილის კვლევის მიხედვით, მაგალითად 1919 წ. ნოემბერში, საქმის მწარმოებლის ხელფასი თვეში 2500 მანეთს შეადგენდა, სამკურნალო-სანიტარული მუშაკის ყოველთვიური სარგო - 3100 მანეთს, სამხედრო სკოლის უფროსისა კი 6000 მანეთს.

რაც შეეხება ფასებს - ერთი გირვანქა ხორცი - 56 მანეთი, ერთი ფუთი ხორბალი - 2100 მანეთი, ერთი ფუთი სიმინდი - 1080 მანეთი. უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ეროვნული კურსი თავდაპირველად ასეთი იყო: ერთი გირვანქა სტერლინგი - 18 ათასი მანეთი, თუმცა მოგვიანებით, ბონი გამყარდა და ერთი გირვანქა სტერლინგი - 6 ათასს მანეთს გაუტოლდა, - განმარტავს ნ. ჯავახიშვილი.

1920 წელს დროებითი ფულის ნიშნის დიზაინიც შიცვალა და ქაღალდიც. იოსებ შარლემანთან ერთად ახალი ნომინალის ესკიზის ავტორები დიმიტრი შევარდნაძე და ჰენრიკ ჰრინევსკიც იყვნენ. როგორც მკვლევარები ამბობენ, მაშინ სპეციალური ქაღალდი, გამჭვირვალე მონოგრამით „სდრ“ (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) იტალიის ზარაფხანიდან ჩამოუტანიათ, ექსპორტზე გატანილი თუთუნის სანაცვლოდ.

1921 წელს ქვეყანაში სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღებისთვის მზადება იწყება. იწყება მუშაობა ესკიზზე და სახელზეც. სამუშო ვერსია მარჩილი იყო, თუმცა პროცესი ვერ დასრულდა.

1919 წლის 11 ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე მთავრობამ ბონების ხუთი ემისია განახორციელა. თუ თავდაპირველად 300 მილიონის დაბეჭდვა იყო განსაზღვრული, მთლიანად, 2 წლის განმავლობაში დაიბეჭდა 18,4 მლრდ მანეთი.

დიმიტრი სილაქაძე, ისტორიკოსი, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი:

“დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანა ეკნომიკურ ბლოკადაში აღმოჩნდა - გასაღების ის ბაზარი, რომელიც იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოსთვის არსებობდა, ჩაიკეტა. საკმაოდ სუსტი იყო ქვეყნის ფინანსური სისტემა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თავად ევროპული ქვეყნებიც კი ფინანსურ კრიზისში იყვნენ ჩაძირულები. 1920-1921 წწ-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ევროპის სხვვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ მოლაპრაკებების წარმოებას, ევროპული კაპიტალის მოსაზიდად და გარკვეული წინასწარი შეთანხმებების ხელშეკრულებების დადებასაც ახერხებენ. 1921 წელი იყო იმედის წელი, როცა ევროპული კაპიტალის შემოსვლა, ბონის კურსის გამყარება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა დაწყებულიყო“.
ქართული ბონის ნიმუშები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმშიც ინახება. ეს ის ბანკნოტებია, რომელიც პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო და 90-იან წლებში მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად, გურამ შარაძეს, საქართველოში დასარუნებლად გადასცეს.
მათ მიერ საქართველოში დასაბრუნებლად გამოტანებულ ერთ-ერთ საქაღალდეში კი , 1921 წლით დათარიღებული საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პასპორტის ნიმუშიც ვნახეთ, წითელყდიანი, 32-გვერდიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქართულ-ფრანგულ ენაზე.
მეორე გვერდზე ასეთი წარწერაა, კვლავ ქართულ და ფრანგულ ენებზე: „გთხოვთ, ყველა მთავრობის პირთ, ვისაც მინდობილი აქვს საზოგადო მშვიდობიანობისა და წესიერების დაცვა, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ გაატარონ და დახმარება და მფარველობა აღმოუჩინონ“.

მე-4 გვერდზე კი საინტერესო ჩანაწერია - ნიშნები:

წლოვანება, ტანადობა, თმა, თვალები, სახე, სურათის ადგილი და პატრონის ხელმოწერა აქვეა ფურცლები ვიზებისთვის.

მფლობელის ფოტოს და ხელმოწერის ადგილი მე-6 გვერდზეა. დანარჩენი ფურცლები კი ვიზებისთვისაა განკუთვნილი.

ეს კი 1919 წლის 26 მაისს დაბეჭდილი და 1920 წელს ხელმეორედ გამოცემული პირველი რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკებია.

ესკიზის ავტორი ცნობილი არ არის. თუმცა ვარაუდობენ, რომ დიზაინი დიმიტრი შევარდნაძეს უნდა ეკუთვნოდეს. პირველი მარკა 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა და მათი ფასი 10 კაპიკიდან 3 მანეთამდე ვარირებდა.

საფოსტო მარკებზე დატანილი საგანგებო წარწერის მიხედვით, ისინი სახალხო გვარდიის დღისთვის გამოუშვიათ - „სახალხო გვარდიის დღე -1920 წლის 20 დეკემბერი“.

და ეს ყველაფერი მაშინ, როცა 1919-1920 წლის სახელმწიფოს შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვის პროექტის შესავალ ნაწილში პირდაპირ წერია, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წელი უბიუჯეტოდ იმუშავა.

თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესმა მხოლოდ 1005 დღე გასტანა. კრემლის ბრძანებით, წითელმა არმიამ თავისუფალი ქვეყნის მომავალი ძალისმიერი და 70-წლიანი გასაბჭოებით შეცვალა.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.