Loading

უძველესი აბანოები ოზურგეთში უძველესი კულტურის ძეგლებს მიწა უკეთ ინახავს ვიდრე ადამიანი?!

ისევე, როგორც ადამიანებს, საკუთარი იღბალი არქეოლოგიურ ნაშთებსაც გააჩნია. უძველესმა აბანოებმა, რომელიც ოზურგეთში იქნა აღმოჩენილი, მზის სინათლე ორჯერ იხილა. პირველად, აბანოების ნაშთები 1957 წელს იქნა აღმოჩენილი, მაშინ აღნიშნული ძეგლი ცოტა ხნით იკვლიეს, მერე კი ისევ მიწას მიაბარეს. მეორედ კი აბანოები 2012 წელს თავიდან აღმოაჩინეს, მაშინაც კვლავ მოკლევადიანი არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა და ამჯერად მიწის მიყრის ნაცვლად ძეგლი ღია ცის ქვეშ დატოვეს. დღეს კი არქეოლოგიური ნაშთები, რომელმაც შესაძლოა ოზურგეთის ისტორია გადაწეროს, უპატრონოდ არის მიტოვებული და წლიდან წლამდე ნადგურდება.

ოზურგეთი, 1957 წელი. 1957 წლის ოქტომბერში ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან „იზაბელას“ მშენებლობა გადაწყდა.ბულდოზერებმა ჯერ კიდევ შემორჩენილი გალავნის ნაშთები მიწასთან გაასწორეს, მაგრამ მოულოდნელად მშენებლობისას აბანოს ნაშთებმა იჩინა თავი.არქეოლოგიური ნაშთები ისტორიკოსმა ნინო ხოშტარიამ შეისწავლა: „ქალაქ მახარაძეში 400 კვადრატულ მეტრზე აღმოჩნდა ძველი ნაგებობის ნაშთი. შენობის დათვალიერებამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს ძველი აბანოს ნაშთებთან, რომლის მსგავსი ცნობილია საქართველოში ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან გვიანდელ დრომდე. ამ აბანოდან როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ შემორჩა ქვედა სართული – გასათბობი. ქ. მახარაძეში აღმოჩენილი აბანო, ისევე როგორც საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოები ორ იარუსიანია - ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო, როგორც უკვე ანიშნული იყო, ამ ტიპის აბანოები საქართველოში გვხვდება ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღემდე (არმაზის ხევი, ბიჭვინთა, კახეთი, დმანისი, ქვემო ჭალა, ახალციხე.)“

1957 წელი. ოზურგეთის აბანოების არქეოლოგიური გათხრები.

მიუხედავად აღმოჩენის მასშტაბურობისა, საბჭოთა ხელისუფლებამ ამ მოკლევადიანი არქეოლოგიური კვლევის შემდეგ ძეგლს მიწა მიაყარა და იქვე რესტორან ''იზაბელას'' მშენებლობა განაგრძო. აბანოს ნაშთები კი კვლავ მიწის ქვეშ აღმოჩნდა.

ოზურგეთი. 2012 წელი. აბანოს ნაშთებმა მზის სინათლე მეორედ იუსტიციის სახლის მშენებლობისას იხილა. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს უვნებლად შენახული ნაშთები აღმოჩნდა. ამ დროისთვის უკვე ხსენებული ძეგლი მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ვაჟა სადრაძემ ერთი თვის მანძილზე იკვლია, გადამწყვეტი შედეგი არც ამ კვლევას მოუტანია.

აბანოს ღუმელი თაღოვანი გადახურვით

2013 წელს კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა აბანოების დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც გამო არ განხორციელებულა. პროექტის ჩავარდნა მაშინ უსახსრობით აიხსნა. არადა ხსენებული პროექტი ოზურგეთის აბანოებს ტურისტულ ლოკაციადაც აქცევდა, რაც ქალაქს დამატებით შემოსავალს მოუტანდა.

სამაგიეროდ, შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციების გარეშე, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბანოები ბეტონის კედლით შემოეღობათ. რაც ისტორიკოს მანანა ლომაძის თქმით, დიდი შეცდომაა.

მას შემდეგ კი ''პროგრესი'', რაც ოზურგეთის აბანოებთან დაკავშირებით არსებობს, ხელისუფლების წარმომადგენლების ამ ტერიტორიაზე ვიზიტი და გეგმების დასახვაა, რომელიც მუდამ განუხორციელებელი რჩება.

მინისტრები ნ. რურუა, რ. ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვ. ჩიტაიშვილი, 2012 წ
მინისტრი გ. ოდიშარია, გამგებელი კ. შარაშენიძე, 2013 წ.
ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე 2015 წ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე. 2016 წელი.

მდგომარეობა კი ხსენებულ ძეგლთან დაკავშირებით წლიდან წლამდე რთულდება. ნადგურდება ძვირფასი მემკვიდრეობა, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდა.

აბანოების მდგომარეობა დღეს.

აქტიური მოქალაქეები კი ოზურგეთში დღემდე ცდილობენ ამ მიმართულებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. მომზადდა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ორ რამეს სთხოვენ: 1. აბანოს ნაშთებზე არქეოლოგიური სამუშაოების სრული ციკლის ჩატარება (არქეოლოგიური გათხრის, რესტავრაცია-კონსერვაციისა და მეცნიერული შესწავლის ჩათვლით); 2. აბანოს ნაშთებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი გრიგოლ მახარაძე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, თანამოაზრეებთან ერთად ჩაატარა არაერთი დისკუსია და შეხვედრა, თუმცა ოზურგეთის აბანოებისთვის ჯერ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიცალა.

მასალაში გამოყენებულია გრიგოლ მახარაძის მიერ შეგროვებული ფოტოები და მისი კვლევა.