Loading

10 წელი მავთულხლართებს მიღმა რა შეცვალა "ბორდერიზაციამ". "საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიში კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებზე

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში“.

ანგარიში აღწერს თუ როგორ ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონების მოსახლეობა მას შემდეგ, რაც აქ რუსმა, ოსმა და აფხაზმა სამხედროებმა ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ გავლება ანუ „ბორდერიზაცია“ დაიწყეს.

კვლევის მიზანი "ბორდერიზაციის" პროცესის პოლიტიკური შეფასება არ არის. ის მხოლოდ იმ პრობლემებს აღწერს, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობას შეეხო.

ანგარიში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 150 ადამიანის ინტერვიუს ეფუძნება და ძირითადად კონფლიქტით დაზარალებულ იმ მოსახლეობას ეხება, რომელიც საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

"საერთაშორისო ამნისტიის" ექსპერტები საკმაოდ მძიმე დასკვნამდე მიდიან - „ბორდერიზაციამ“ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაზე გამანადგურებელი გავლენა იქონია.

JAMnews-ი მოკლედ მიმოიხილავს ვრცელი ანგარიშის მთავარ ასპექტებს.

* მასალაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც "საერთაშორისო ამნისტია" თავის ანგარიშში იყენებს.

მთავარი პრობლემები

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ბორდერიზაციის" პროცესმა, რომელიც უკვე 10 წელია მიმდინარეობს:

• ორად გაყო ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლები;

• შემოსავლის მთავარი წყაროს - სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშე დატოვა ადამიანები;

• შეუზღუდა მათ წვდომა საძოვრებზე, ხეხილის ბაღებზე, წყლისა და ტყის რესურსებზე;

• დაშალა ოჯახები, ადამიანები მოწყვიტა ნათესავებს;

• მოწყვიტა ისინი სალოცავებსა და ახლობელთა საფლავებს;

• აქცია მათი ცხოვრება მუდმივ სტრესად - ყოველწლიურად რუსი ოფიცრები ასობით ადამიანს აკავებენ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის;

• შეუზღუდა მათ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება - თავისუფლად გადაადგილება;

• შეზღუდა მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს მყოფ სოფლებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობა, რამაც კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

REUTERS/დავით მძინარიშვილი

კონტექსტი

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოკლე ისტორია

საბჭოთა კავშირის დროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიები იყო.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდა. იგივეს ითხოვდნენ ავტონომიებიც - მათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა არ სურდათ.

1980-იანების დასასრულიდან დაიწყო ქართულ-ოსური ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც 1990-1992 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.

რამდენიმე წელიწადში, 1992 წელს დაიწყო ომი აფხაზეთში და 1993 წელს აფხაზეთიდან ქართული სამხედრო ნაწილებისა და ეთნიკური ქართველების თითქმის მთლიანად გაძევებით დასრულდა.

ამ კონფლიქტებში მოსკოვი ფორმალურად საქართველოს უჭერდა მხარს, რეალურად კი, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ეხმარებოდა.

1994 წლისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების ძალაში შესვლისას, თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთის უდიდეს ნაწილზე და სამხრეთ ოსეთის ზოგიერთ რაიონზე.

სამხრეთ ოსეთში საქართველოს, რუსეთის და ცხინვალის ერთობლივი სამშვიდობო ძალები განლაგდნენ; აფხაზეთში კი, რუსი მშვიდობისმყოფელები.

აფხაზეთის შეიარაღებულმა კონფლიქტმა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დევნილად იქცა 250- 300 ათასი ადამიანი, უმეტესწილად ეთნიკური ქართველები. მოგვიანებით, დაახლოებით 40-50 ათასი ეთნიკურად ქართველი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა, თუმცა მხოლოდ გალის რაიონში. გალი ერთადერთი რაიონია აფხაზეთში, სადაც დღეს ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ.

90-იან წლებში სამხრეთ ოსეთში კონფლიქტს ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 60 ათასამდე ადამიანი კი, დევნილად იქცა. მათი უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ეთნიკურად ოსი იყო. დევნილად იქცა ასევე სამხრეთ ოსეთში მცხოვრები 10 ათასამდე ეთნიკურად ქართველიც.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, შეიარაღებული დაპირისპირებები დროდადრო ახლდებოდა როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში.

2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში არსებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველომ კონტროლი დაკარგა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც 2008 წლის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე აკონტროლებდა.

საომარი მოქმედებები 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით შედგენილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. 2008 წლის კონფლიქტმა დევნილთა ახალი ტალღა წარმოშვა - დაახლოებით 26 ათას ადამიანს, უმეტესად ეთნიკურად ქართველებს, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლების დატოვება მოუწიათ. ომის შემდეგ საკუთარ სახლებში მხოლოდ ახალგორის რაიონში მცხოვრები ქართველები დაბრუნდნენ.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა, ეს ორი ტერიტორია საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აღიარებული არ არის.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს დღეს რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. ცხინვალი და სოხუმი მიიჩნევენ, რომ რუსეთი მათი უსაფრთხოების გარანტორია, რომელიც მათ საქართველოს აგრესიული პოლიტიკისგან იცავს.

საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებს ოკუპაციას უწოდებს.

გაეროს წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

რა არის "ბორდერიზაცია"

„ბორდერიზაციის“ ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და აფხაზეწთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს.

ამ პროცესის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან სახელმწიფო და საერთაშორისო საზღვრად გადააქციოს.

„ბორდერიზაციის“ პროცესს ძირითადად რუსი სამხედროები წარმართავენ. მასში აფხაზი და ოსი სამხედროებიც მონაწილეობენ.

ისინი ავლებენ მავთულხლართებს, აწყობენ ლითონის ან ხის ღობეებს, გაჰყავთ თხრილები და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები, ამონტაჟებენ „საზღვრის“ აღმნიშვნელ აბრებსა და სათვალთვალო ინფრასტრუქტურას.

უკვე ათი წელია, რაც "ბორდერიზაცია" მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს. განსაკუთრებით კი იგი 2013 წლიდან გააქტიურდა. სწორედ ამ წელს გაჩნდა ე.წ. მავთულხლართები.

საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, ათი წლის თავზე რუსმა სამხედროებმა 34 სოფელში აღმართეს ფიზიკური ბარიერები;

მავთულხლართებმა სულ მცირე 20 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთზე გაიარა;

სოფელ დვანში სამი ოჯახი იძულებული გახდა გადასახლებულიყო. მათ საკუთარი სახლები დაშალეს და სამშენებლო მასალა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებლის ასაშენებლად გადმოიტანეს.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, „ბორდერიზაციის“ პროცესს უკანონოდ მიიჩნევს.

თბილისი გამყოფ ხაზს „საოკუპაციო ხაზად“ მოიხსენიებს. რუსეთი და დე-ფაქტო მთავრობები კი, საერთაშორისო საზღვრად მიიჩნევენ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ზოგჯერ „ბორდერიზაცია“ კონფლიქტური რეგიონის ტერიტორიას სცდება და რამდენიმე კილომეტრით წინ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოდის.

მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში კი აცხადებენ, რომ „ბორდერიზაციის“ პროცესისას ისინი საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს რუკით ხელმძღვანელობენ, როცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ოლქები იყვნენ. სწორედ ამ ავტონომიური ოლქების საზღვრების გასწვრივ გაივლის საერთაშორისო საზღვარი, აცხადებენ ისინი.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების დაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურია. რუსი ოფიცრები „საზღვარზე“ რეგულარულად პატრულირებენ.

რაც შეეხება თბილისს, როგორც "საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიშში ვკითხულობთ, მას ადმინისტრაციულ საზღვართან თავისი სამხედრო ძალები განლაგებული არ ჰყავს. ქართველი პოლიციელები ტერიტორიაზე მხოლოდ უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირებენ.

ციფრები

„ბორდერიზაცია“ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში:

60 კილომეტრზე მეტ სიგრძეზე გადაჭიმული უსაფრთხოების ღობეები;

20 კილომეტრზე განთავსებული სათვალთვალო ტექნიკას;

200-ზე მეტ ნიშანი წარწერით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი“;

რუსი მესაზღვრეების 19 ბაზა და ოთხი კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტი.

______

"ბორდერიზაცია" აფხაზეთში

40 კილომეტრზე მეტ სიგრძეზე გაჭიმული ღობეები;

სამეთვალყურეო კოშკურები, საიდანაც ადმინისტრაციული საზღვრის დაახლოებით 25 კილომეტრიანი მონაკვეთი კონტროლდება;

რუს მესაზღვრეთა 19 ბაზა და ორი კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტს.

ფოტო: REUTERS

გადაადგილების პრობლემები სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში

სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმოსვლის ორი რეჟიმი მოქმედებს.

ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის, სადაც დღემდე ბევრი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, განსხვავებული წესებია. ეთნიკურად ქართველ ახალგორელებს აქვთ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული ე.წ. „პროპუსკები“, რომელთა მეშვეობითაც ისინი რუსეთის FSB-ს დაქვემდებარებაში მყოფ გადასასვლელს კვეთენ.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის სხვა რაიონების მკვიდრ ქართულ მოსახლეობას, რომლებმაც რეგიონი 2008 წლის ომის დროს დატოვეს. მათ რეგიონში შესვლა და საკუთარი სახლების მონახულება დღემდე აკრძალული აქვთ. მათ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილება არ შეუძლიათ.

"რუსი სამხედროები სახლში მოვიდნენ და მითხრეს, რომ დღეიდან ეს საქართველო აღარაა. იმ დღესვე ჩემს ეზოში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. დანარჩენ სოფელსა და ქვეყანას მოვწყდი," - ამბობს 85 წლის დავით ვანიშვილი სოფელი ხურვალეთიდან. „ბორდერიზაციამ“ ის დანარჩენ სოფელს, მეზობლებსა და ნათესავებს დააშორა.

2013 წელს, როდესაც რუს და ოს სამხედროებს მის სოფელში მავთულხლართები გაჰყავდათ, დავით ვანიშვილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა - მან ან საკუთარი კარ-მიდამო უნდა დაეთმო, ან თავის სოფელს, ნათესავებსა და მეზობლებს დაშორებოდა. ვანიშვილმა სახლი ვერ დატოვა. ახლა ის და მისი მეუღლე მეზობლების იმედად ცხოვრობენ. მეზობლები მოხუცებს პენსიას, სამედიცინო დახმარებასა და სხვა ნივთებს მალულად, მავთულხლართებიდან აწვდიან. მადლიერების ნიშნად კი, დავით ვანიშვილი მათი გარდაცვლილი ნათესავების საფლავებს უვლის, რომელიც მისი სახლის მსგავსად, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა აღმოჩნდა.

გადაადგილების პრობლემები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

აფხაზეთში „ბორდერიზაციის“ პროცესს დამატებითი სირთულეები და შეზღუდვები ახლავს.

2016 წლამდე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ექვსი გადასასვლელი მოქმედებდა. ამ გადასასვლელებით კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი მოსახლეობა სარგებლობდა.

დღეს მხოლოდ ორი გადასასვლელია დარჩენილი. აქედან ერთი - ფახულანი-საბერიოს გადასასვლელი მხოლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თანამშრომლებს ემსახურება (ენგური აფხაზეთისთვის და თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიისთვის ელექტროენერგიის მთავარი წყაროა).

ამჟამად, თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან აფხაზეთში მოხვედრა მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით შეიძლება. სწორედ ენგურის ხიდი რჩება რიგითი მოქალაქეებისთვის ერთადერთ გამტარად. ამ ხიდით დღეში სამი ათასამდე ადამიანი სარგებლობს. ისინი ძირითადად გალის რაიონში მცხოვრები ქართველები არიან, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგულარულად გადმოდიან ნათესავების სანახავად, სახლისთვის პროდუქტების შესაძენად, სავაჭროდ, სამედიცინო დახმარებისთვის, პენსიისა თუ დახმარებების ასაღებად და ა.შ.

ოთხი გადასასვლელის დაკეტვამ ძალიან გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება. ახლა ადამიანებს 20-25 კილომეტრით მეტი მანძილის გავლა უწევთ, რაზეც მეტი დრო და ფული იხარჯება.

მაგალითად, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრმა „საერთაშორისო ამნისტიას“ უთხრა, რომ ორსანტია-მეორე ოტობაიის გადასასვლელის დაკეტვამდე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად სულ ორი ლარი ეხარჯებოდა (0.77 დოლარი). ახლა კი, ენგურის ხიდის გავლით მგზავრობისთვის 12 ლარი (4.62 დოლარი) სჭირდება.

„ჩვენი სოფელი ჩიხად გადაიქცა, ისევე როგორც ჩვენი ცხოვრება,“ - ამბობს სოფელ ხურჩის 85 წლის მკვიდრი.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩის გადასასვლელი პუნქტი ჩაკეტა, სოფელმა სავაჭრო ფუნქცია დაკარგა. ხურჩელების ნაწილმა სოფელი დატოვა.

„ბორდერიზაციამდე“ ხურჩა ადგილობრივი მნიშვნელობის სავაჭრო ცენტრი იყო. ახლა კი აქ მიტოვებული მაღაზიები და კაფეებია.

ფოტო: ენგურის ხიდი. პატრიკ სალათი, JAMnews

ადამიანების დაკავება „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისთვის

2008 წლამდე სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ეთნიკურად ოსი და ქართველი მოსახლეობა ერთმანეთთან საკმაოდ თავისუფლად მიმოდიოდა. ე.წ. „საზღვარზე“ გადაადგილება ბევრად იოლი იყო. ოსურ და ქართულ სოფლებს შორის გაჩაღებული იყო ვაჭრობა. "საზღვრის" სხვადასხვა მხარეს მყოფი ნათესავები თავისუფლად დადიოდნენ ერთმანეთთან სტუმრად, გასვენებებსა თუ ქორწილებში.

2009 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ თავისი სასაზღვრო ძალები განალაგა, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - ე.წ. "საზღვარი" ყრუდ დაიკეტა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან „სამხრეთ ოსეთში უკანონოდ შესვლისთვის“ ყოველწლიურად ასობით ეთნიკურად ქართველს აკავებენ. როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, თვეში საშუალოდ ათს.

თუმცა, ე.წ. „საზღვარზე“ მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს როდი უქმნიან პრობლემებს. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დაკავებების სტატისტიკა გაცილებით უფრო დიდია. ოსური მხარის მონაცემებით, 2016 წელს „სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის“ 549 ადამიანი დააკავეს. საინტერესოა, რომ მათი უმრავლესობა (325 ადამიანი) „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები" იყვნენ, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.

რეგულარულად აკავებენ ადამიანებს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართანაც. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 2009 წლიდან 2016 წლამდე შვიდწლიან პერიოდში სულ 14 ათასი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა გალში მცხოვრები ქართველები იყვნენ.

„სასაზღვრო რეჟიმის“ დამრღვევებს, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ (განმეორებით დარღვევისას შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს, შესაბამისი ჯარიმით ან ორ წლიანი პატიმრობით).

სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში დაკავებულთა უმეტესობას გათავისუფლებისთვის 2000 რუბლის გადახდა უწევს (30 დოლარი).

გაცილებით უფრო მაღალია ჯარიმა აფხაზეთში -15 ათას რუბლი (232 დოლარი) და მეტი. განმეორებითი დარღვევა 30 ათასიდან (464 დოლარი) 60 ათას (928 დოლარი) რუბლამდე ჯარიმით ისჯება.

გალში მცხოვრებმა რესპონდენტებმა "საერთაშორისო ამნისტიას" უთხრეს, რომ ასეთი მაღალი ჯარიმის გადახდის საშუალება მათ არ აქვთ. ამის გამო, დაკავებულთა ოჯახებს ფულის სესხება უწევთ, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო აუარესებს.

ასევე ხშირია „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ დაკავებულებზე ფიზიკური ძალადობა.

71 წლის ამირან გუგუტიშვილი სოფელ გუგუტიანთკარში ცხოვრობს. ის უყვება "საერთაშორისო ამნისტიის" ექსპერტებს, რომ 2017 წლის თებერვალში რუსმა ოფიცრებმა მაშინ დააკავეს, როცა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებდა. ოფიცრები მის ბაღში შევიდნენ და ძალის გამოყენებით დააკავეს. გუგუტიშვილის ნათესავები იხსენებენ, რომ როდესაც ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ ხანდაზმული კაცი სახლში დაბრუნდა, მას მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. გუგუტიშვილს გორის ჰოსპიტალში მკურნალობა დასჭირდა.

სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა 71 წლის ამირან გუგუტიშვილმა 2017 წელს, „ბორდერიზაციის“ გამო ხეხილის ბაღი დაკარგა:

„ყოველწლიურად დაახლოებით ასი ყუთი ვაშლი მომყავდა. ამით ვარჩენდი ოჯახს. 2017 წლის შემდეგ ჩემს ბაღში შესვლას ვეღარ ვახერხებ. რუსებმა იქ „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი დააყენეს. ზოგჯერ მოვდივარ ხოლმე და შორიდან ვუყურებ ჩემს ვაშლის ხეებს.“

რითი ირჩენენ თავს სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში?

საქართველო მაღალი შემოსავლის ქვეყანა არ არის. მსოფლიო ბანკის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. განსაკუთრებით უჭირს სოფლის მოსახლეობას.

მრავალწლიანი კონფლიქტით გადაღლილი სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი კი, სხვებზე მეტად ღარიბია. მოსახლეობის 59 პროცენტი აქ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი, ტრადიციულად, თავს ხილის, ბოსტნეულის და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოყვანით და მეცხოველეობით ირჩენდნენ.

ადრე აქაურები მოსავალს მეზობელ სოფლებში და ადგილობრივ ბაზრებში ყიდდნენ - როგორც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ისე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

თუმცა, მას შემდეგ, რაც „ბორდერიზაციის“ შედეგად სასოფლო-სამეურნეო მიწები მავთულხლართების მიღმა დარჩა, ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ოჯახებს, რომლებმაც მიწა დაკარგეს, ვერც სახელმწიფო ეხმარება. "საერთაშორისო ამნისტიის" მიერ გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო მიწები შესთავაზა. ზოგმა კი, ვისაც მიწა შესთავაზეს, ამ წინადადებაზე უარი თქვა, რადგან შეთავაზებული მიწები ან მათი საცხოვრებლიდან შორს მდებარეობდა, ან იქ სარწყავი წყლის პრობლემა იყო.

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს არც აქვს იქ დასარიგებელი მიწები: საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, შიდა ქართლის (რეგიონი რომელიც „ბორდერიზაციამ“ ყველაზე უფრო მეტად დააზარალა) მთლიანი ფართობი 69425 ჰექტარია. აქედან 56682 ჰექტარი მიწა კერძო საკუთრებაშია, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები (12116 ჰექტარი) თითქმის სრულად (95 პროცენტი) უკვე იჯარითაა გაცემული.

მიწის დამუშავების გარდა, თავის რჩენის სხვა ალტერნატივა აქ თითქმის არ არის.

ადრე, ვიდრე ერგნეთის ბაზრობა დაიკეტებოდა, ადგილობრივი ეკონომიკის ძირითადი კომპონენტი ვაჭრობა იყო. ერგნეთის ბაზრობა ცხინვალისა და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანების შორის ვაჭრობის არაფორმალური ცენტრი იყო.

ბაზრობა 2004 წელს საქართველოს მთავრობამ კონტრაბანდასთან ბრძოლის პოლიტიკის ფარგლებში დაკეტა.

ადგილობრივების თქმით, ბაზრობის დაკეტვის შემდეგ ისინი მაინც ახერხებდნენ მათი და საქართველოს სხვა რეგიონებში მოწეული მოსავლის რეგიონულ ცენტრში - ცხინვალში გაყიდვას. ზოგჯერ კი, ცხინვალის გავლით რუსეთშიც მიჰქონდათ. თუმცა, მავთულხლართების გაბმის შემდეგ, ვაჭრობა თითქმის სრულად შეწყდა.

ერგნეთელმა მეხილეებმა "საერთაშორისო ამნისტიას" უთხრეს, რომ 2008 წლის კონფლიქტისა და „ბორდერიზაციის“ შედეგად, ცხინვალის ბაზარზე მოხვედრა აღარ შეუძლიათ, რამაც მათი გაყიდვები გაანახევრა.

სოფელ ნიქოზის მოსახლეობა კი ამბობს, რომ „ბორდერიზაციის“ შემდეგ რძის პროდუქტების გასაღების ბაზარი დაკარგეს.

ორივე სოფელი ცხინვალიდან სამ კილომეტრშია. შესაბამისად, გლეხებს სატრანსპორტო საშუალების გარეშე, ყოველდღიურად შეეძლოთ ბაზარში გასვლა და მოსავლის გაყიდვა.

შედარებისთვის, ამჟამად მათთვის ყველაზე ახლო ბაზარი 30 კილომეტრში მდებარე გორი ან 100 კილომეტრში მდებარე თბილისია.

ფოტო: REUTERS/დავით მძინარიშვილი

რითი ირჩენს თავს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა?

თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელი ხურჩა „ბორდერიზაციის“ პროცესამდე ადგილობრივი მნიშვნელობის სავაჭრო ცენტრი იყო.

გადასასვლელთან კაფეები, რესტორნები და მაღაზიები მუშაობდა. ადგილობრივი ეკონომიკა ვითარდებოდა.

ერთ-ერთი ხურჩელის თქმით, სოფელს სავაჭროდ ხშირად სტუმრობდნენ ეთნიკურად აფხაზებიც. ადგილობრივების ძირითადი საარსებო წყარო სწორედ ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი იყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ ოთხი გადასასვლელი, მათ შორის ხურჩის პუნქტიც დაკეტა, აქაურების ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა. ხურჩელების მსგავსად, გადასასვლელების დაკარგვამ რეგიონის მთელ მოსახლეობას მიაყენა ფინანსური დარტყმა.

„საერთაშორისო ამნისტიასთან“ საუბარში იგივეს ამბობენ გალში მცხოვრები ქართველებიც. გადაადგილების შეზღუდვამ მათი ოჯახები მნიშვნელოვნად გააღარიბა, რადგან უკვე ხშირად ვეღარ დადიან ზუგდიდში [ქალაქი დასავლეთ საქართველოში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ესაზღვრება], სადაც ყველაფერი გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე გალში. ახლა ზუგდიდში გადასვლა გართულდა, ამიტომ ყველაფერს გალში, ორჯერ უფრო ძვირად ყიდულობენ და ზუგდიდიდან სავაჭრო საქონელიც ვეღარ მოაქვთ.

როგორ და რითი ეხმარება საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონის მოსახლეობას

2013 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ „ბორდერიზაციის“ შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი წამოიწყო: სოფლების გაზიფიკაცია, სარწყავი სისტემების მოწესრიგება, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება.

ადმინისტრაციული საზღვრის სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, რაც ადგილობრივებისთვის გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს - 20 პროცენტით მაღალი პენსია და სოციალური დახმარება, საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.

თუმცა, "საერთაშორისო ამნისტიის" მიერ გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს დახმარება არასაკმარისია და ისინი თავს ხელისუფლებისგან „მიტოვებულად“ გრძნობენ.

"ვცხოვრობთ როგორც დევნილები საკუთარ სახლში," - ამბობენ ისინი.

აქაურების მთავარი პრობლემა, ისევე როგორც მთელს საქართველოში, სიღარიბე და უმუშევრობაა. ამას ემატება ისიც, რომ „ბორდერიზაციამ“ ამ ადამიანებს შემოსავლის ის მინიმალური წყაროები წაართვა, რაც მანამდე ჰქონდათ.

გლეხები ჩივიან, რომ მავთულხლართებს მიღმა აღმოჩენილი მიწებისა და საძოვრების სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მათ არც ანაზღაურება შესთავაზა და არც სხვა რაიმე ალტერნატივა.

გლეხებს არა აქვთ ფული, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმეში თავად ჩადონ ინვესტიციები. მაღალი რისკის გამო ბანკები მათ სესხსაც არ აძლევენ.

ზოგმა თქვა, რომ სახელმწიფომ მათ სოციალური შემწეობაც კი მოუხსნა, იმ მიზეზით, რომ მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებდნენ.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია გალის და ახალგორის მოსახლეობა. [ეს ორი რაიონი გამონაკლისია - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ მხოლოდ ორ რაიონში რჩება ეთნიკურად ქართული მოსახლეობა].

მართალია კონფლიქტის შემდეგ ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, მაგრამ მუდმივ სტრესსა და სიღარიბეში უწევთ ცხოვრება.

ისინი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუს ინარჩუნებენ, რადგან თბილისი მათ დაბრუნებას „უსაფრთხოდ და ღირსეულად“ არ მიიჩნევს. ამ სტატუსიდან გამომდინარე ქართული სახელმწიფო მათ ყოველთვიური შემწეობის სახით 45 ლარს (17 დოლარი) აძლევს. ასევე, პენსიონერები იღებენ ქართულ პენსიას - 200 ლარს (73 დოლარი) იღებენ. სულ ეგ არის მთელი დახმარება.

გარდა ამისა, ისინი არ სარგებლობენ არც იმ სამედიცინო შეღავათით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შერიგებისა და რეინტეგრაციის მიზნით აფხაზებისა და ოსებისთვის აამოქმედა. ამ პროგრამის მიხედვით, საქართველო სრულად აფინანსებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონშ მცხოვრები ადამიანების სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს. თუმცა, ეს არ ეხება გალის და ახალგორის ეთნიკურ ქართველებს. ისინი საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, მხოლოდ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ, ეს პროგრამა კი მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს.

გალის და ახალგორის ქართველები ამ პროგრამას დისკრიმინაციულს უწოდებენ, რადგან შეღავათებით სარგებლობა მხოლოდ ეთნიკურად აფხაზებსა და ოსებს შეუძლიათ.

ენგურის ხიდი. ფოტო: პატრიკ სალათი, JAMnews

გახლეჩილი ოჯახები

„ჩემი და ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე. ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობს - სულ რაღაც ხუთ კილომეტრში - მის სოფელს აქედან ვხედავ, მაგრამ ერთმანეთს მავთულხლართები გვაშორებს“

სოფელ წითელუბნის 60-წლის მკვიდრი „საერთაშორისო ამნისტიას“ დის მონახულების სირთულეებზე ესაუბრა. მისი და ცხინვალის მიერ კონტროლირებულ სოფელში - ორჭოსანში ცხოვრობს. წითელუბანი კი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა.

ამ სოფლებს შორის მანძილი მხოლოდ ხუთი კილომეტრია, თუმცა იმისთვის, რომ დებმა ერთმანეთი ნახონ, ორჭოსანში მცხოვრებმა დამ 300 კილომეტრიანი გზა უნდა დაფაროს ვლადიკავკაზის გავლით თბილისამდე.

მათი ისტორია გამონაკლისი არ არის.

სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებით ბევრია შერეული, ქართულ-ოსური ოჯახი. ორად გახლეჩილი ოჯახები, "საზღვრის" იქეთა მხარეს დარჩენილი ნათესავები და მონატრების მუდმივი განცდა კიდევ უფრო რთულს და სევდიანს ხდის აქაურების ყოფას.

წითელუბნელები ჰყვებიან, რომ მავთულხლართების გავლებამდე, ისინი ნათესავების მოსანახულებლად ორჭოსანში თითქმის ყოველდღიურად დადიოდნენ.

დღეს კი, მალულად გადასვლაც სახიფათოა, რადგან დიდი ალბათობით „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ დააკავებენ.

სოფელ ნიქოზში მცხოვრებნი ჰყვებიან, რომ რუს მესაზღვრეებს არ უყვართ, როდესაც ადმინისტრაციული საზღვრის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს მავთულხლართებიდან ელაპარაკებიან. როცა რუსი ოფიცრები ხედავენ, რომ ოსები ქართველებს ესაუბრებიან, საუბარს აწყვეტინებენ და დაკავებით ემუქრებიან, ამბობენ ნიქოზელები "საერთაშორისო ამნისტიასთან" ინტერვიუში.

ასევე ძალიან რთულია თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველისთვის გალის რაიონში ნათესავებთან მოხვედრა. ამისთვის მას სპეციალური მოწვევა სჭირდება, რომელიც საკმაოდ რთული მოსაღებია. მოწვევის მიღებას დაახლოებით 10 დღე და 5 ათას რუბლამდე (73 დოლარი) სჭირდება. ან შეიძლება საერთოდაც დაუსაბუთებელი უარი გითხრან.

თუმცა, არც ეს მოწვევაა გალში შესვლის გარანტია. გალელმა რესპონდენტებმა „საერთაშორისო ამნისტიას“ უთხრეს, რომ „საზღვრიდან“ ხშირად განმარტების გარეშე აბრუნებენ მოწვევის მქონე პირებს.

ერთმა რესპონდენტმა „საერთაშორისო ამნისტიას“ უთხრა, რომ 2017 წლის ივლისში უარი უთხრეს გალში მყოფი მომაკვდავი ბაბუის მონახულებაზე და ეს მაშინ, როცა მოწვევა ჰქონდა. ბაბუა მალევე, შვილიშვილის უნახავად გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონის სოფლების ხურვალეთის, ქვეშის და კიდევ ექვსი სოფლის მოსახლეობას „ბორდერიზაციის“ პროცესმა ნათესავთა სასაფლაოები წაართვა. მავთულხლართების გავლების შემდეგ ამ სოფლის სასაფლაოები ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ლიბერთი ბანკის ჯიხური ენგურის ხიდდათ, სადაც გალში მცხოვრები ქართველები პენსიას იღებენ. ფოტო: პატრიკ სალათი, JAMnews

ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა?

საქართველო-რუსეთის 2008 წლის კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთზე/ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე საერთო ეფექტური კონტროლი რუსეთის ფედერაციას აქვს. “საერთაშორისო ამნისტიის” შეფასებით, ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება რუსეთს აკისრია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ დარღვევებზეც, რომელიც დე ფაქტო მთავრობების მიერ მოხდა.

ამავე დროს, "საერთაშორისო" ამნისტია თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ საქართველოს ელისუფლებამ მეტი ფინანსური დახმარება უნდა გამოყოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და როგორც მინიმუმ გააუქმოს დისკრიმინაციული ჯანდაცვის პროექტი, რომელიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს არ აძლევს უფასოდ მკურნალობის საშუალებას, აფხაზებსა და ოსებს კი, სამედიცინო ხარჯებს სრულად უფონანსებს.

ორგანიზაცია ასევე საერთაშორისო თანამედგობრობას მოუწოდებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსა და მათ უფლებებსა და საჭიროებებზე ზრუნვას.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.