Loading

რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე

მას შემდეგ, რაც 2014 წელს, საქართველომ "ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა, საუბარი დაიწყო ევროპული ბაზრისა და მისი პერსპექტივის შესახებაც. უკვე მეხუთე წელია, მესხი ფერმერები ცდილობენ საკუთარი პროდუქცია იმ სტანდარტებს მიუახლოვონ, რასაც ევროპის ბაზარი და შესაბამისი კანონმდებლობა ითხოვს.

უვნებლობა, ხარისხობრივი მაჩვენებელი, ეტიკეტირება და ერთგვაროვანი პროდუქტის დიდი ოდენობა – ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომელთა დაკმაყოფილების გარეშეც, ფერმერებს ფართო ასპარეზზე გასვლა არ შეუძლიათ, თუმცა ევროპა და შესაბამისი კანონმდებლობა ამ მაჩვენებლებთან ერთად, გაცილებით მეტს მოითხოვს.

სოფლის–მეურნეობის სფეროს წარმომადგნლების განმარტებით, მესხეთიდან ევროპულ ბაზარზე გასასვლელად პერსპექტივა რამდენიმე პროდუქტს აქვს.

თაფლი
გიორგი მერაბიშვილი მეფუტკრეობით შვიდი წლის წინ დაინტერესდა. მას შემდეგ, ცდილობს საკუთარი მეურნეობა, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ პროექტებში ჩართვით განავითაროს.

2015 წელს იაფი აგროკრედიტის სესხი აიღო და ფუტკრის სკები, ოჯახები და რამდენიმე დანადგარი იყიდა, რომლებიც თაფლის წურვის პროცესს გაუმარტივებდა. ერთი წლის შემდეგ კი პარტნიორებთან ერთად კოოპერატივი „კოდი“ ჩამოაყალიბა, რომელიც დღეს ახალგაზრდა და გამოცდილ მეფუტკრეებს, 11 მეპაიეს აერთიანებს, მათ შორის, ოთხ ქალს.

კოოპერატივმა „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებულ და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მიერ განხორციელებულ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა: „მოვიპოვეთ გრანტი, რომლის საშუალებითაც 21 000 ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადმოგვეცა“.

გარდა ამისა, „კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული პროექტის ფარგლებში 100 “რუტის ტიპის” სკა მიიღეს.

2018 წელს, „ელკანას“საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ და ციბრუტის შეძენა დაუფინანსდათ, გარდა ამისა, შეიძინეს ჭეოსა და ყვავილის მტვრის მისაღები ხელსაწყოები.

მეფუტკრე ამბობს, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება, მას და მის პარტნიორებს ხარისხობრივად უკეთესი პროდუქციის წარმოებაში ეხმარება, თუმცა მათი სურვილი არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზრის დაკმაყოფილება, არამედ ევროპაში გასვლა და გარკვეული სეგმენტის ათვისებაცაა.

მერაბიშვილის თქმით, სწავლებისა და განვითარების პროცესში აღმოჩნდა, რომ ქართულ და ევროპულ კანონმდებლობას პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლის კუთხით, თითქმის მსგავსი მოთხოვნები აქვს. ამ მაჩვენებლებზე ზრუნვა მეფუტკრეებმა ეტაპობრივად დაიწყეს:

„კატეგორიულად ავკრძალეთ ანტიბიოტიკების ხმარება. უმჯობესია, სკა განადგურდეს და დაიწვას, ვიდრე ანტიბიოტიკებით ვუმკურნალოთ. იმიტომ, რომ ეს შემდეგ აისახება თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებში. ყველაზე მავნებელი ინოვაზიური დაავდადების, „ვარვას ტკიპას“ წინააღმდეგ კი ორგანული მჟავებით მკურნალობა დავიწყეთ, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა დაავადებასთან ბრძოლის თვალსაზრისით“.

ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესების შემდეგ, მეფუტკრეებმა ეტიკეტირებაზე იზრუნეს. USAID-ის პროექტ „ზრდის“ ფარგლებში, მათ თანადაფინანსების პროდუქციის ბრენდირება მოახერხეს და თაფლის ნაწარმს ევროპული მოთხოვნების შესაბამისი ეტიკეტი გაუკეთეს.

მიუხედავად არაერთი წინ გადადგმული ნაბიჯისა, ევროპულ ბაზრამდე რამდენიმე გამოწვევა მაინც დარჩათ, რომლებთანაც გამკლავება დამოუკიდებლად უჭირთ.

გიორგი მერაბიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ევროპულ ბაზარზე თაფლის გასატანად დაახლოებით 20 ტონა ერთგვაროვანი პროდუქციაა საჭირო.

თაფლის სრული ლაბორატორიული კვლევების არარსებობას მიიჩნევს კიდევ ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად მერაბიშვილი. მისი თქმით, სოფლის-მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევა კანონმდებლობაში გაწერილი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ საჭიროა, თაფლის ევროპულ ლაბორატორიებში გამოკვლევა, რაც ძვირადღირებული პროცესია და მეფუტკრეების უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელი.

„ჩვენმა მეპაიეებმა, სათითაოდ უნდა შევამოწმოთ თაფლი ლაბორატორიულად და შემდეგ გავაერთიანოთ. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და ხელმიუწვდომელი სიამოვნებაა ჩვენთვის. ამაში სახელმწიფომ ან სუბსიდია უნდა გაიღოს ან ტარიფები უნდა გააიაფოს, იმისათვის, რომ საბოლოო პროდუქტის გასაერთიანებლად წინა ლაბორატორიული კვლევები იყოს ხელმისაწვდომი“.

თუ ამ გამოწვევებს გადალახავენ, გიორგი მერაბიშვილს სჯერა, რომ მესხი მეფუტრეებისათვის ევროპული ბაზარი შორი პერსპექტივა არ იქნება. თავად კი სანამ ფართო ასპარეზს შეუდგება, იქამდე მეურნეობის უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს. ხუთი სახეობის თაფლის, ჭეოსა და ყვავილის მტვრის წარმოებასთან ერთად, უახლოეს მომავალში ფუტკრის რძის გამოყვანასაც აპირებს.
კარტოფილი
სამცხე–ჯავახეთი მთელ საქართველოში კარტოფილის წარმოებით არის ცნობლი. შიდა ბაზრის დიდი წილიც სწორედ მესხურ კარტოფილს უჭირავს. ამიტომ, ფერმერები საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეგიონში ნაწარმოებ კარტოფილის ევროპის ბაზარზე გატანა ადვილი შესაძლებელია. თუმცა კვლევები სხვას ამბობს.

სოფლის-მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ხელძღვანელი ნანა ზუბაშვილი ამბობს, რომ რეგიონში კარტოფილის წარმოების საკმაოდ ბევრი პრობლემაა. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივი წარმოება და ოდენობა სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტს კონკურენციას ვერ უწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვითვლებით წამყვან რეგიონად კარტოფილის წარმოებში, ჩვენი საშუალო მოსავლიანობა, ბოლო სამი წლის განმავლოაბში, არ აღემატება ერთ ჰექტარზე 23 ტონას, რაც ძალიან ცოტაა. ამიტომ კონკურენციას ვერ ვუწევთ თურქეთიდან და უკრაინიდან შემოტანილ კარტოფილს. მათი საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით 60-70 ტონაა. ამდენად მათ უღირთ, იაფად შემოიტანონ კარტოფილი და თუნდაც 30 თეთრად გაყიდონ“.

გარდა ამისა, პრობლემას ქმნის რეგიონში მოყვანილი კარტოფილის შენახვა–დასაწყობებაც. ზუბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე დიდი პრობლემაა: „მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად აქვთ საოჯახო საწყობები, კარტოფილს მაინც ესაჭიროება კარგი სამაცივრე მეურნეობა“.

კარტოფილის მოსავალი - ახალქალაქი 2018

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ რეგიონში ნაწარმოებ კარტოფილს ევროპის ბაზარზე გასატანად დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა, სამმართველომ ყურადღება ბოსტნეულ კულტურებზე შეაჩერა. გამოიკვეთა, რომ რეგიონში ჭარბი რაოდენობით მოჰყავთ სტაფილო და ჭარხალი.

სამცხე-ჯავახეთში წარმოებულ სტაფილოს, საქართველოს ბაზრის 70% უკავია, გარდა ამისა, იგი სწრაფად გაყიდვადი პროდუქტია. ამიტომ ზუბაშვილი ფიქრობს, რომ დაახლოებით ორ–სამ წელში მესხური სტაფილო ევროპულ ბაზარზე გავა „თუ პირველადი წარმოების სახით არა, კონცენტრირებული, გადამუშავებული სახით მაინც“.

სტაფილო

ზურაბ სადათიერაშვილი, ერთ–ერთია იმ ფერმერებს შორის, ვინც კვლევის ფარგლებში 2018 წელს, სტაფილო მოიყვანა. ამბობს, რომ მოსავლიანობამ ოთხ ჰექტარზე 160 ტონა შეადგინა და არც რეალიზაცია გასჭირვებია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე შეისყიდა დიდმა კომპანიამ, რომელმაც შემდეგ პროდუქცია გადაამუშავა. „ჩვენს რეგიონში, კლიმატური და ნიადაგური პირობები სტაფილოსთვის შესაბამისია, სადაც სარწყავი სისტემა გამართულია, ყველაგან შეიძლება მისი მოყვანა. თუმცა პრობლემას მისი ზამთარში შენახვა წარმოადგენს, რადგან ჩვენთან შესანახი პირობები არ არსებობს. ამიტომ საქართველოში დიდი წილი შემოტანილ სტაფილოზე მოდის“.

მისივე თქმით, პრობლემას ქმნის მოსავლის აღებაც, რადგან რეგიონში შესაბამისი მექანიზაციაა, სტაფილოს ამღები მოწყობილობები არ არის, ამიტომ მთლიანი დატვირთვა მოდის მუშახელზე, რომლიც არასაკმარისია. დეფიციტური მუშახელი კი გავლენას პროდუქციის თვითღირებულებაზე ახდებს, რადგან შრომის საფასური ეტაპობრივად იზრდება.

ფერმერმა სტაფილო წელს უფრო დიდ ფართობზე დათესა. თუმცა ევროპულ ბაზარზე გატანას არ აპირებს, რადგან მომხმარებლები ადგილზეც ჰყავს.

ტენილი ყველი
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც ევროპულ ბაზარზე ხედავენ, მესხური ყველია. ტრადიციული „ტენილი“, რომელსაც ანალოგი არ აქვს, მხოლოდ მესხეთში მზადდება. ჩვეულებრივი ყველისგან იგი ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება.

გარდა ამისა, იგი რეგიონში შემოსული ტურისტებისთვის განსაკუთრებული პროდუქტია. მიუხედავად მისი მაღალი ღირებულებისა, უცხოელები "ტენილ ყველს" ადგილზე ყიდულობენ და საკუთარ ქვეყანაში მიაქვთ.

ახალციხის სოფელ ჭობარეთში არსებულ საწარმო „მზიანეთში“ მხოლოდ „ტენილი ყველი“ მზადდება. აქ მოსული ტურისტი, ყველის კეთების მასტერკლასს ეცნობა და მისი მომზადებაც შეუძლია.

"მზიანეთი" - ტენილი ყველის მომზადება

კოოპერატივ „ხარებას“ მენეჯერი, ალუდა ჯვარიძე ყველის საწარმოს უკვე მესამე წელია ამუშავებს. იგი მიიჩნევს, რომ ევროპაში ყველის გატანა ძვირი სიამოვნებაა, რადგან კანონმდებლობაში ისეთი მოთხოვნებია ჩადებული, რომლის დაკმაყოფილებასაც ფერმერები ვერ ახერხებენ.

„საწარმოს გადაკეთება გვჭირდება იმისათვის, რომ კრიტერიუმებში ჩავჯდეთ. ეს კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია აღჭურვილობაც, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია“, - ამბობს ჯვარიძე.

გასულ წლებში, ყველის ამერიკაში გატანა სცადეს, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, იმ ცხოველების სრული ანალიზი იყო სჭირო, რომლის რძისგანაც ყველს ამზადებდნენ. ის, რის საშულებასაც საქართველოში არსებული ლაბორატორიები აძლევდათ, გააკეთეს, თუმცა სრული კვლევისთვის უცხოური ლაბორატორიების დახმარება გახდა საჭირო, რაც მეწარმეებისთვის ფინანსური თვალსაზრისით შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ამ ეტაპზე ვაკმაყოფილებთ საქართველოს ბაზრებს. თბილისში მაღაზიაში შეგვაქვს ჩვენი ყველი. აეროპორტში „დუთი ფრიშიც“ შედის და იქიდან ყიდულობენ უცხოელები. ადგილზე მოდიან ტურისტები და ძალიან მოსწონთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ევროპაში პოპულარული იქნება, მთავრია ვინმე დაგვეხმაროს, რომ სტანდარტების შესაბამისად შევძლოთ მისი ევროპაში გატანა“, – ამბობს ჯვარიძე.

ევროპული ბაზრის კრიტერიუმები

პროდუქტის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირების დროს, აუცილებელია დადგინდეს პროდუქციის ქართული წარმოშობა. ამის დამადასტურებელ სერთიფიკატს შემოსავლების სამსახური გასცემს. სერთიფიკატი ძალაშია გაცემიდან ოთხი თვის განმავლობაში.

ცხოველური და არაცხოველური პროდუქტის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებისას, საექსპორტო პროდუქტმა უნდა გაიაროს შესაბამისობის შეფასება, სერთიფიცირება. რაც გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტსა და პროდუქტს შორის შესაბამისობის დადგენას, ასევე შესაბამისობის სერთიფიკატის მინიჭებას.

ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის პროდუქტებვისათვის, ორი ტიპის სერთიფიკატი გაიცემა - ფიტოსანიტარიული და ვეტერინარიული, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს. აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე.

ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:

✔ პროდუქტის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს;

✔ ექსპორტის მსურველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორც პროდუქტის წარმოების სრული ჯაჭვის, ასევე საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ჩატარებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შესახებ;

✔ საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ.) მსგავსი სისტემა.

ავტორები: თაკო ფეირიშვილი, ნანა ინასარიძე

Created By
Tako Peikrishvili
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.