Loading

ორი "სიცოცხლის" გზაგასაყარზე ქალაქი ამფითეატრის ფორმით

მწვანეში ჩაფლული ქალაქი ნგრევის და ომის კვალს ვერ ფარავს. კვალს, რომელიც 27 წლის წინ გაჩნდა, ათასობით ადამიანის გადადგმულ ნაფეხურზე.

ისინი აიძულეს...

იძულებით გადადგილებამ თავშესაფარი მიტოვებულ შენობებში აპოვნინათ...

შესახლება დროებითი უნდა ყოფილიყო. ასე არ მოხდა. მას შემდეგ უკვე 27 წელია აფხაზეთის ომის დევნილების ნაწილისთვის წყალტუბოს სტალინური ეპოქის სანატორიუმები მუდმივ საცხოვრებლად იქცა.

წლებთან ერთად, მათგან მხოლოდ ნაწილი გაასახლეს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ნასახლარზე, დაცარიელებული შენობები საბჭოთა კავშირის არქიტექტურულ ნაშთებად იქცა.
სანატორიუმი "მეშახტე", გათვლილი იყო 350 დამსვენებელზე. გაიხსნა 1952 წელს. (არქიტექტორები: გ.მ. ხიმშიაშვილი, მ.ვ. მელეგი, მშენებლობას ხელმძღვანელობდა კარლო მორეტი)

აფხაზეთის ომის შემდეგ, წყალტუბოს სანატორიუმებში შესახლებული 2 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახიდან 564 კვლავ განსახლების მოლოდინშია. მათ ცხოვრება არასათანადო, გაუსაძლის პირობებში უწევთ.

სანატორიუმი "მეგობრობა". გათვლილი იყო 620 დამსვენებელზე. გაიხსნა 1937 წელს. ს.მ. ლენტოვსკის პროექტით. ომის დროს აქ ჰოსპიტალი იყო.

სანატორიუმ „მეგობრობის“ სამსართულიანი შენობა დღითიდღე ფერს კარგავს, ცვდება, ყოველდღე თითო აგური აკლდება მობინადრეების ერთადერთ თავშესაფარს.

სანატორიუმი "მეგობრობა"

სანატორიუმის ყველაზე უხუცეს მაცხოვრებელს, ციალა კოპალიანს კარგად ახსოვს შენობის ცივ ოთახში შესვლის პირველი დღე. მაშინ არ იცოდა, თუკი „სტუმრობა“ ასე გაუგრძელდებოდა.

1992 წლის სექტემბერი, ხუთშაბათის დილის გარიჟრაჟი, რიცხვი არ ახსოვს, სამაგიეროდ, მის გონებას მკაფიოდ შემორჩა შენობის დაკეტილი, პირქუში კარები, რომლის ზღურბლზე უთხრეს, რომ იქ მხოლოდ ერთი, ოროთახიანი ნომერი იყო თავისუფალი. სხვა ყველა, ასევე, ტყვიისგან გამოქცეულ თანამოძმეებს ეჭირა.
ციალა კოპალიანი: „როგორ წარმოვიდგენდი შვილო, რომ ამ კედლებში მომიწევდა სიკვდილი. ყოველდღე მესიზმრება ჩემი სახლი, რომელიც ჩვენი წამოსვლიდან მალევე ცეცხლს მისცეს. როგორ მინდა ჩემს კარ-მიდამოს, ქუჩას, სოფელს უკანსაკნელად შევავლო თვალი“.
ციალა კოპალიანთან ერთად, სანატორიუმ “მეგობრობაში” გაუსაძლის პირობებში 83 ოჯახი ცხოვრობს.

„ყველას გვეგონა ყველაფერი მალე, ერთ თვეში დასრულდებოდა. გვაიმედებდნენ იანვარში წახვალთ... სექტემბერში წახვალთო... გამიჭირდა აქ შეგუება და ბევრჯერ მიფიქრია ფანჯრიდან გადახტომა, მაგრამ შვილების სიყვარულმა და ტყუილმა იმედებმა გაგვაძლებინეს, მარტო მე კი არა ყველას, აქ ვინც ვართ“, - ამბობს იძულებით გადაადგილებული პირი.

ის რაც დღეს წყალტუბოში დევნილების თავშესაფარია, ერთ დროს დამსვენებლებისთვის მოეწყო.

სანატორიუმი "ივერია", გათვლილი იყო 300 დამსვენებელზე. გაიხსნა 1962 წელს. მშენებლობა დაიწყო სსრკ ელექტროსადგურების სამინისტრომ 1952 წ. (არქიტექტორი მ.მ.ბუზოღლი (შვილი).

1913 წელს წყალტუბოში არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეს – სამკურნალო წყლებს ქიმიური ანალიზი ჩაუტარდა და მისი უნიკალურობა დადასტურდა, რომლის შემდეგაც, 1920 წლიდან, წყალტუბო ბალნეოლოგიურ კურორტად ოფიციალურ გამოცხადდა, ხოლო 50-იან წლებში ქალაქის სტატუსი მიენიჭა, რომლის განაშენიანება გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა.

აიგო 22 სანატორიუმი, მათგან არაერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ხელოვნურად გააშენეს 150-ზე მეტი განსხვავებული სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული კულტურა. სიმწვანეში ჩაეფლო მკურნალი წყაროები და ცხრა სააბაზანო. ეს ყველაფერი გეგმის თანახმად, ამფითეატრის ფორმით განლაგდა.

ასე იქცა წყალტუბო საკავშირო დონის კურორტად.

ფოტო: გვერდი "ჩვენი წყალტუბო"
ფოტო: გვერდი "ჩვენი წყალტუბო"

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანატორიუმები დაიცალა, უფუნქციოდ დარჩენილ შენობებთან ერთად, წყალტუბოში საკურორტო ცხოვრებაც დასრულდა.

25 000 ჰექტარ მწვანე საფარზე გაშენებული ქალაქი წყალტუბოც ხავსში გაეხვა.
სანატორიუმი "ივერია"

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, დაცარიელებულ და მიტოვებულ სანატორიუმებს ახალი ფუნქცია დევნილებმა შესძინეს. 1992 წლიდან წყალტუბოსთვის მეორე სიცოცხლე დაიწყო - ქალაქში 10 000-მდე აფხაზეთიდან დევნილი ჩავიდა, რომლებიც სანატორიუმების ნომრებში შესახლდნენ.

სანატორიუმი "ივერია"
სანატორიუმი "ივერია"

ერთ-ერთი მათგანი სანატორიუმი "თბილისია", სადაც ამჟამად 145 დევნილი ცხოვრობს.

სანატორიუმი "თბილისი", გათვლილი იყო 240 დამსვენებელზე. (მშენებლობა დაიწყო 1950 წლის მარტში, დამთავრდა 1951 წლის მაისში), არქიტექტორები: ვ.კ.ოლტარჟევსკი, ბ.ა.სობოლევსკი)

სვეტლანა ქარდავა იმ დღეს იხსენებს, როცა მეუღლით და ორი მცირეწლოვანი შვილით სანატორიუმს მიადგა. მაშინ უთხრეს, რომ ობიექტი საცხოვრებლად უვარგისი იყო. არ უშვებდნენ, თუმცა, ძალდატანებით შესახლდნენ, რადგან სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ.

ქარდავების ოჯახი ოჩამჩირის სოფელ ახალდაბიდან არიან. სვეტლანა ამბობს, რომ მის სოფელს ალყა შემოარტყეს აფხაზებმა და ვერ მოასწრეს გაქცევა, რის შემდეგაც ტყვეობაში ჩავარდნენ და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეძლეს გამოპარვა.

„სანატორიუმში პირველყოფილებით ვიყავით, არც თეფში, არც ჭიქა, არაფერი გვქონდა. მაგრამ, თურმე ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ახლაც, თვალებს რომ დავხუჭავ, ის ერთკვირიანი ტყვეობა მახსენდება. რიგებიდან გამოვყავდით სრულიად უმიზეზოდ და ჩვენს თვალწინ ხოცავდნენ ადამიანებს. ასეთი მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი“, - იხსენებს სვეტლანა.
სანატორიუმი "თბილისი"

ხუთსულიან ოჯახში ამბობენ, რომ 27 წლის განმავლობაში ნორმალური საცხოვრებლის შეთავზება მხოლოდ ერთხელ, ექვსი წლის წინ მიიღეს. სვეტლანა ქარდავას თქმით, მაშინ იძულებული გახდა, შეთავაზებაზე მეუღლის ჯამრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა.

"ხუთი წელია გარდაიცვალა, მას შემდეგ არავინ მოსულა საცხოვრისის შემოთავაზებით, მაგრამ ითქვა, რომ წლის ბოლოს, ვინც აქ ვცხოვრობთ, ყველას გადაგვიყვანენ“, - ამბობს სვეტლანა ქარდავა.

მარგარიტა რეხვიაშვილი, სანატორიუმ "თბილისში" მცხოვრები": "გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან ვარ. აქ მარტო ვცხოვრობ. ერთი ოთახი მაქვს. ჯერ არ მომცეს ბინა, ქულები არ გაქვსო და ვუცდი. მე მეტი არაფერი მითხოვია მთავრობისთვის".

დანგრევის პირას მისულ სანატორიუმ „თბილისში“ მცხოვრებ გეგეჭკორების ოჯახში ამბობენ, რომ დევნილთა სამინისტროს განსახლება მათთვის არც ერთხელ შეუთავაზებია და არც ოჯახის მოთხოვნა დაუკმაყოფილებია ბინის მიღებაზე.

„ბავშვებს ეძინათ, რაღაც საქმეს ვაკეთებდი და უცებ საშინელი ხმა იყო, თურმე საძინებლის კედელი ჩამონგრეულა, კიდევ კარგი, ბავშვებს არ დაეცათ და არ დავიღუპე“, - ამბობს თამარ გეგეჭკორი.

სანატორიუმ "თბილისში" მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლის ბოლოს ბინით დაკმაყოფილებას შეჰპირდნენ.

„ასე გვითხრეს, მაგრამ ჩვენ იმედი არ გვაქვს. როგორც კი დაღამდება დერეფანში ვერ გავდივართ, დენი არ არის, გაზი არ გვაქვს და არაფერი, გვეტირება ხოლმე ისეთ დღეში ვართ", - ამბობს თამუნა გეგეჭკორი.

სანატორიუმი "თბილისი"

1998 წელს წყალტუბოში 2 218 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული. დღეის მონაცემებით, მათი რიცხვი 564 ოჯახია. დანარჩენი წყალტუბოსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაასახლეს დ ახალი საცხოვრებლით დააკმაყოფილეს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლისთვის წყალტუბოში ექვსი ათსართულიანი კურპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც ძველ სანატორიუმებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეასახლებენ.

დევნილების მსგავსად, ახალ სიცოცხლეს ელოდებიან უკვე დაცლილი სანატორიუმები, სადაც მათი ცხოვრების კვალს ჯერ კიდევ ნახავთ.

კვალს, რომელიც ათასობით ადამიანის იძულებით გადადგმულ ნაფეხურზე გაჩნდა და რომელიც ახლა ინვესტორს ელოდება.

პანსიონატი "სავანე", გათვლილი იყო 150 საწოლზე, გაიხსნა 1975 წლის 1-ელ მაისს, როგორც კურორტის პოლიკნინიკა-პანსიონატი
პანსიონატი "სავანე"

რამდენიმე თვის წინ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, წყალტუბოში საბჭოთა დროს აშენებული ხუთი სანატორიუმი აუქციონზე გაიტანა.

გასაყიდ ობიექტებში კვლავ სასტუმროები და სანატორიუმები უნდა მოეწყოს.

ამავე პირობით გაიყიდა გასულ წლებში რამდენიმე სანატორიუმი, მათ შორის არის "ივერია" და "მეშახტე".

სანატორიუმ "მეშახტე", გათვლილი იყო 350 დამსვენებელზე. გაიხსნა 1952 წელს.

ხოლო გაცილებით ადრე გასხვისებულ შენობებში, ამჟამად სასტუმრო - დასასვენებელი კომპლექსი ფუნქციონირებს.

მარცხნივ -"წყალტუბო სპა რეზორტი (*ყოფილი სსრკ თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი. პირველი კორპუსი აიგო 1947 წელს, 1954 და 1957 წლებში კიდევ სამი კორპუსი, სულ 550 ადგილზე). მარჯვნივ - "წყალტუბო პლაზა"

თუმცა, ეს მხოლოდ ერთეულია. სანატორიუმების უმეტესობა კვლავაც საბჭოთა ეპოქის არქიტექტურულ ნაშთებად რჩება.

სანატორიუმი "ივერია"
პანსიონატი "სავანე"
ქალაქი ამტითეატრის ფორმით ახალ - მესამე სიცოცხლეს ელოდება.

ხუთვარსკვლავინი სასტუმროები, სამორინეები, კეთილმოწყობილი ეზოები და დასაქმებული ადგილობრივები - ეს არის ათეულობით მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებები და დაპირებაც, რაც სტალინური ეპოქის სანატორიუმების ადგილას უნდა ვიხილოთ და რომლებმაც წყალტუბო, როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, უნდა ააყვავოს.

თუმცა, მათ შესრულებამდე მოლოდინი რჩება, რომელსაც დროსთან ერთად, ვეღარც დევნილებისგან დაცლილი შენობები და ვეღარც ნგრევის პირას მისულ სანატორიუმებში იძულებით შესახლებული ოჯახები უძლებენ.

პანსიონატი "სავანე"

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.