Loading

წართმეული სამშობლო - "ოქროს მაძიებელი" მესხები ავტორები: თაკო ფეიქრიშვილი, გიორგი ლონდარიძე

ზუსტად 75 წლის წინ, ამ ხალხს „არასანდოს“ სტატუსი მიაკერეს და საკუთარი მიწიდან აყარეს. ათეული წლების შედეგ დაბრუნებულები, საზოგადოების ნაწილმა ვერ მიიღო და ახლა სხვა იარლიყი მიაკრეს - „დაფლული ოქროს მაძიებლები“. თვითონ ისინი არ უარყოფენ, რომ წლები ოქროს ძიებას ნამდვილად მოანდომეს, ოღონდ მათთვის ეს ოქრო მშობლიური მიწაა.

ცხოვრება იარლიყებით

„სამშობლო მარტო მიწა არ არის, სამშობლო ხალხის გარეშე არაფერია. თუ ხალხი არ გიღებს, ისე გრძნობ თავს, როგორც უცხოეთში“, - ასე იწყებს საუბარს 83 წლის ალიხან ყურაძე. ის რეპატრირებული მესხია. შვიდი წლის იყო, როცა სამშობლო დაატოვებინეს. უკან დაბრუნებას წლების განმავლობაში ცდილობდა – უახლოვდებოდა და შორდებოდა, ჩამოდიოდა და ისევ უკან აძევებდნენ. ბოლოს, 33 წლის შემდეგ, ჩამოვიდა, მამულმა იცნო და მიიღო, მაგრამ თანამემამულეებმა ვერც იცნეს და მიღებაც გაუჭირდათ. ამიტომ გადასახლებაც და დაბრუნების მიუღებლობაც ერთნაირად სტკივა.

1944 წელს, 15 ნოემბრის ღამე ახსოვს. მშობლებთან ერთად გამოიყვანეს სახლიდან და სატვირთო მატარებლის ვაგონში აღმოჩნდა. დეპორტაციის გზა თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა.

„23 დღე მივდიოდით მატარებლით, სატვირთო ვაგონებში. თითო ვაგონში რვა ოჯახს ათავსებდნენ. შუაში ერთი პატარა ღუმელი იდგა. მაგრამ შეშა არ იყო. დრო და დრო მამაკაცები შეშას და ნახშირს შოულობდნენ და ამით ათბობდნენ ვაგონს, ალბათ ამან გადაგვარჩინა. ისე, შიმშილითა და ყინვით ზოგი დაიხოცა. ასტრახანის გავლით მივდიოდით და ურალში რომ მივედით, იქ ძლიერი ყინვა იყო. ბავშვებს ლოგინიდან არ გვიშვებდნენ. რაც ჰქონდათ, ყველაფერს გვაფარებდნენ. ტუალეტი არ იყო, აბანო არ იყო, არაფერი იყო. ან რა უნდა ყოფილიყო ვაგონში, რომლითაც პირუტყვი გადაყავდათ“, - იხსენებს ალიხანი.

დეპორტირებულები უზბეკეთში ჩაასახლეს, ფერგანას ოლქში. აქ მათ სულ სხვა გარემო დახვდათ – მძიმე სოციალურ ფონს, განსხვავებული კლიმატური პირობებიც ემატებოდა:

უზებეკეთიდან, მშობლებთან ერთად, ტაშკენტში გადავიდა საცხოვრებლად. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით, ის, სხვა მუსლიმ მესხებთან ერთად, აზერბაიჯანში გადაასახლეს. „თუ ადრე თურქებად გვწერდნენ, ახლა აზერბაიჯანელებად გადაგვწერეს“ - ამბობს ალიხანი.

აზერბაიჯანში ცხოვრების რვა წელს ალიხანი კარგად იხსენებს. ამბობს, რომ სოციალური პირობები ხელს უწყობდათ. იქ ტრაქტორისტად მუშაობდა, ბაღჩეულიც მოჰყავდათ. ჰქონდათ კოლმეურნეობა, რომელსაც „ადიგენი“ ერქვა და მესხეთში დასაბრუნებლად საკუთარი გზის გაჭრაც დაიწყეს - იატაკქვეშეთში ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომელსაც „ხსნა“ უწოდეს. იდეოლოგიით - საქართველო ჩვენი სამშობლოა, უნდა დავბრუნდეთ.

„ჩუმად, ჩემი ხელით გავაკეთე ჩვენი ორგანიზაციის ბეჭედი. დანის წვერით ხეზე ამოვჭერი. ასე გავაკეთე შტამპიც. ეს ყველაფერი ახლა მუზეუმში ინახება“, - ამბობს ალიხანი.

თუმცა დეპორტაციის გზა აქ არ დასრულებულა.

1969 წელს, აფხაზთში, გალის რაიონში ჩამოასახლეს. ფიქრობს, რომ მაშინ მოსკოვს არ ეგონა, თუ ამდენი ოჯახი დატოვენდა აზერბაიჯანში აწყობილ ცხოვრებას და საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდებოდა. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ ისინი სამ თვეში აფხაზეთიდანაც „გაისტუმრა“: „300 ოჯახი ჩამოასახლეს აფხაზეთში, მაგრამ ისევ უკან გამოგვყარეს. იძულებული ვიყავით, გადავსახლებულიყავით ჩრდილოეთ კავკასიაში. ზოგიერთი დაბრუნდა აზერბაიჯანში, მაგრამ ჩვენ, დაახლოებით 30–მა ოჯახმა, უარი ვთქვით და გადავსახლდით ყაბარდო–ბალყარეთში. იქ სასოფლო ტექნიკის სადგურის შენობაში შეგვასახლეს. რა თქმა უნდა, ცუდი პირობები იყო და ბევრი იქიდანაც წავიდა, ვინც ვერ აიტანა ეს მდგომარეობა. რვა ოჯახი დავრჩით მარტო“.

უკან, სამშობლოში დაბრუნება რვა წლის შემდეგ მოახერხა. 1977 წელს ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში დასახლდა. გული მაინც სამცხე-ჯავახეთისკენ მოუწევდა. ამიტომ 2011 წელს საკუთარ მიწაზე ცხოვრება დაიწყო. ახლა აბასთუმანში, ორსართულიან, ნახევრად მოსაწყობ სახლში ცხოვრობს. ქალიშვილი უვლის და შვილიშვილებს ისტორიას უყვება.

დაბრუნებით დაბრუნდა, მაგრამ ახლა მიუღებლობას განიცდის. ამბობს, რომ მეზობლებისთვის გაუგებარია, რატომ დაბრუნდნენ სამცხე-ჯავახეთში:

"სამოთხე", რომელზეც მშობლები ჰყვებიან...

გულჯამარ, იგივე გულო, ალიხან ყურაძის შვილია. ცხოვრება გადასახლების გარეშე არ ახსოვს. ამბობს, რომ ოჯახთან ერთად გამუდმებით უწევდა ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლები „დაკარგულ სამოთხეს“ ეძებდნენ. ეს სამოთხე კი მას არასდროს ენახა.

1968 წელს დაიბადა, ერთი წლის შემდეგ გალში წაიყვანეს საცხოვრებლად, კიდევ სამი თვის შემდეგ ყაბარდო-ბალყარეთში გადაასახლეს. სწორედ აქ მიხვდა, რომ ადგილობრივებისგან განსხვავებული იყო, გარეგნობით, სახის ნაკვთებით, თვალის ჭრილით. პირველი კითხვაც, „რატომ ვართ სხვანაირები“, იქ, შვიდი წლის ასაკში გაუჩნდა.

ახლა იხსენებს, რომ სკოლაში ჩუმად ქართულ ენასაც ასწავლიდნენ. ასევე ჩუმად გაიგო, რომ იგივე ენა ბებიამ და ბაბუამაც იცოდნენ, ოღონდ არ საუბრობდნენ, იმიტომ, რომ ეშინოდათ:

1977 წელს კიდევ ერთი გადასახლება იყო. იხსენებს, რომ მამამ ძალიან სწრაფად, „ქათმის ფასად“ გაყიდა უკვე აშენებული სახლი ყაბარდო-ბალყარეთში და საქართველოში წამოვიდნენ. „ჩვენ მუშა ხალხი ვიყავით, გაზაფხული იყო და ეგონათ, არ დავტოვებდით იქ ადგილს. ოზურგეთში ჩამოგვასახლეს. სკოლაში არ მიმიღეს, არადა, სექტემბრიდან უნდა დამეწყო მესამე კლასი. მამაჩემი ეუბნებოდა, ჩვენ რუსეთში ქართულ ენას ვასწავლიდით და მიიღეთ ქართულ სექტორშიო. მაგრამ კგბ–მ დირექტორებს აუკრძლა, რომ ქართულ სექტორში გვესწავლა“, - ამბობს გულო.

ცხოვრება გურიაში დაიწყეს. ამბობს, რომ იმ დროს ინტელიგენცია ძალიან ეხმარებოდათ. 1997 წელს კი უკვე საკუთარი ნებით, სამუშაოდ წავიდა რუსეთში, იქვე გათხოვდა და ქმრის გვარიც მიიღო. გვარი, რომელიც დღემდე პრობლემას უქმნის: „ეკონომიკური სიტუაცია არ იყო საქართველოში კარგი. ვალებში ვიხრჩობოდით, მხოლოდ მჭადის ფქვილი გვქონდა. ვეძებდით გამოსავალს. ჩემი ძმები წავიდნენ რუსეთში და იქ დაიწყეს მუშაობა. მეც წავედი და იქ გავთხოვდი. მერე როცა რუსეთთნ ურთიერთობა გაგვიფუჭდა, გავშორდი ქმარს, დეპორტაცით დავბრუნდი უკან“.

2011 წელს პირველად ნახა სამცხე-ჯავახეთი: „წარმოდგენა არ მქონდა, როგორი იყო სამცხე–ჯავახეთი. უბრალოდ, ჩემები სულ ამბობდნენ სამშობლო–სამშობლო, მიწა–წყალიო და მეც ვფიქრობდი, ეტყობა სამოთხეა-მეთქი“.

ფიზიკურად ქართველი, იურიდიულად - "უცხო"

სარვარ საფაროვიც გადასახლებაში დაბადებული ქართველია. 1952 წელს ყაზახეთში გაჩნდა. დეპორტაციის, 1944 წლის 15 ნოემბრის ამბები მშობლებისგან გადმოცემით, მაგრამ ბევრი დეტალით იცის. ამბობს, რომ მისი ოჯახი ადიგენის სოფელ ზანავში ცხოვრობდა. სხვებთან ერთად, ისინიც სატვირთო ვაგონებში მოხვდნენ და გადასახლების ტვირთიც ზიდეს:

მესხეთიდან დეპორტირებული ხალხი, ძირითადად, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში ჩაასახლეს. სარვარი ამბობს, რომ ეს სამი რესპუბლიკა საბჭოთა ხელისუფლებამ აიძულა, რომ მიეღოთ ისინი.

სარვარის ოჯახი ყაზახეთში დაასახლეს. თორმეტი წლის განმავლობაში ისინი კომენდატურის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდნენ. მათი გადაადგილება მკაცრად კონტროლდებოდა. ერთი სოფლიდან მეორეში გადასვლაც კი არ შეიძლებოდა, ნებართვის გარეშე: „1956 წლის თებერვალში გამოიცა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბრძნებულება, კომენდატურის ზედამხედველობიდან გათავისუფლების შესახებ. ამ დადგენილების შემდეგ, სხვა ქვეყნებიდან გადასახლებულებმა შეძლეს დაბრუნება, მაგრამ საქართველოდან გადასახლებულებს გვეუბნებოდნენ: „საბჭოთა კავშირში“, სადაც გინდათ იქ იცხოვრეთ, მაგრამ არა საქართველოშიო“.

ყაზახეთიდან აზერბაიჯანში ჩაასახლეს: „1957 წლის 31 ოქტომბერს გამოვიდა ახალი კანონი, რომ ჩვენ ვართ არა ქართველი მუსლიმები, არამედ აზერბაიჯანელები. აი, ასე ძალადობით „შეგვცვალეს“ და წაგვართვეს სამშობლო".

წართმეულ სამშობლოში დაბრუნება 2008 წელს შეძლო: „აზერბაიჯანიდან ჩამოვედი, იქ ყველაფერი გავყიდე“. მშობლიურ სოფელ ზანავში არ დასახლებულა, რადგან ექიმია და ფიქრობს, რომ სამუშაოდ შესაფერისი ადგილი სჭირდება. ოჯახთან ერთად ახალციხეში ცხოვრობს. სამედიცინო კლინიკაში მუშაობს და სასწრაფოს ექიმიცაა.

სამართლიანობა უფლებების გარეშე

1944 წლის 15 ნოემბერს, სტალინის განკარგულებით, სამხრეთ საქართველოდან 120 ათასი მუსლიმი მესხი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

1999 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მესხების რეპატრიაციის საკითხი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვალდებულებად იქცა. საქართველოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, შეექმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც მესხები შეძლებდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

2007 წელს ქვეყანამ რეპატრიანტთა შესახებ კანონი მიიღო. 2010 წლიდან დაიწყო განცხადებების მიღება რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად. განაცხადი 5000-მა ადამიანმა შეიტანა.

ერთი შეხედვით მოწესრიგებული იურიდიული ნაწილის მიუხედავად, ასოციაცია „ტოლერანტში“ ამბობენ, რომ ასე პრობლემები არ მოგვარებულა. ეს ორგანიზაცია მუსლიმი მესხების საკითხებზე ათეული წლებია მუშაობს.

„ეს ადამიანები სახელმწიფოს ყურადღების ქვეშ აღარ არიან. იურიდიულად თუ შევხედავთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად და ვერაფერს მიედავები, მაგრამ მეორე მხრიდან, რეპატრიაციის კანონი და მისი პირობები აბსოლუტურად კაბალურია. სახელმწიფო მათ პირობადებულ მოქალაქეობას ანიჭებს და ისინი გარკვეული ვადის განმავლობაში, სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან უნდა გამოვიდნენ. თუმცა მათ ეშინიათ, რა უნდა ქნან, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას დატოვებენ და შემდეგ საქართველოც უარს ეტყვის მოქალაქეობაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ძალიან ცდილობს, რომ მათ არ დატოვონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა. თანაც, ძალიან ძვირია მოქალაქეობის დატოვება, მინიმუმ 500 დოლარი ერთი ადამიანისთვის“, - ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

მისივე განმარტებით, მოქალაქეობის გარდა, რეპატრირებულ მესხებს პრობლემა ექმნებათ აქ ცხოვრებასა და სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზეც, რის გამოც, ისინი საქართველოს ტოვებენ და კვლავ სხვა ქვეყნებში მიდიან: „ყველანაირად უშლიდნენ ხელს, რომ მიწა ეყიდათ. არადა, მშრომელი და მიწაზე ორიენტირებული ხალხია. ახლა მათაც შეეხოთ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ და საერთოდ ვეღარ იყიდიან. გარდა მაგისა, მოქლაქეობის არქონის გამო, ბავშვები სკოლიდან ატესტატს ვერ იღებენ და იძულებულები არიან, მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ“.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ საქართველო ამ ადამიანების სოციალურ დახმარებაზე არ იღებს პასუხისმგებლობას: „სახელმწიფო ამბობს, ჩვენ არ გაგვისახლებია ისინი, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეო. ამიტომ ამ ადამიანებს არანაირი სოციალური ან სამედიცინო დახმარება არ აქვთ“, - ამბობს მესხიშვილი.

პრობლემების შესახებ საუბრობენ თავად რეპატრირებული მესხებიც. გულო მურსალოვასაც და სარვარ საფაროვსაც გვარის პრობლემა აქვთ. ისინი მშობლიურ გვარს ვერ იბრუნებენ.

გულოს მამამ, ალიხან ყურაძემ, მშობლიური გვარი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1988 წელს აღიდგინა. ახლა პირადობაში ყურაძე უწერია, გადასახლებაში ისკანდაროვი იყო. გულო კი სამი გვარის გარშემო ტრიალებს.

პირადობით იგი ქმრის გვარზე - მურსალოვაა. უნდა, რომ ყურაძე იყოს, ამიტომ დახმარების თხოვნით იუსტიციას არაერთხელ მიმართა.

ქართული გვარის დაბრუნებისთვის სახელმწიფოს არაერთგზის მიმართა სარვარ საფაროვმაც. „ჩემი ქართული გვარი ლაზიშვილია. მის დასაბრუნებლად რამდენჯერმე მივმართე ხელისუფლებას, ახლაც ვაგრძელებ. მიზეზი არ ვიცი, რატომ არ მიბრუნებენ“.

სარვარი სწუხს, რომ რეპატრირებული მესხების უფლებები შეზღუდულია. პირადად მას საქართველოს მოქლაქეობა არ აქვს:

2013 წლამდე, სამცხე-ჯავახეთში, მუსლიმი მესხების დაახლოებით 50 ოჯახი ცხოვრობდა. მსგავსი პრობლემების გამო, მათმა ნაწილმა საქართველო დატოვა. ახლა ექვსი ოჯახი ადიგენის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს, 15 ოჯახი – კი ახალციხეში.

Created By
Tako Peikrishvili
Appreciate