Loading

learning to fly

წლების განმავლობაში, როდესაც ლალის სახლში სარეცხი მანქანა არ ჰქონდა და მთელი ოჯახის ტანსაცმლის ცივ წყალში, ხელით გარეცხვა უწევდა, მკერდის არეში აუტანელ ტკივილს გრძნობდა.

- თითქოს ორივე ძუძუ ‘მძვრებოდა’.

მოგვიანებით, როცა სარეცხი მანქანა იყიდა, სახლში კომფორტი მოიწყო და საოჯახო საქმეების გასაკეთებლად ცივ წყალში ხელის ჩაყოფა არ იყო აუცილებელი, შეამჩნია, რომ ტკივილის ლოკაცია შეიცვლა: ერთ ძუძუში საერთოდ გაქრა, მეორეგან კი - იღლიაში გადაინაცვლა.

ერთ დღესაც ლალიმ შეამჩნია, რომ მარჯვენა ძუძუს დვრილთან უხეში, ხოშოში ქსოვილი გაუჩნდა. ტკივილმა მკერდის არეში, რომელიც 10 წელი, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, აწუხებდა, გამოკვეთილი ბიოლოგური ფორმა მიიღო: მოყავისფროქსოვილოვან ამონაზარდად იქცა.

ლალის 30 წლის ასაკიდან ძუძუს მასტოპათია ჰქონდა და სენაკიდან თბილისში, ყოველ წელიწადში ერთხელ, კლინიკა “ქირონში” დადიოდა ონკოლოგთან კონსულტაციების გასავლელად. ექოსკოპიურად ძუძუს კიბოს სკრინინგ-ცენტრებში, წერეთლის გამზირზე და ვარკეთილში, ემოწმებოდა. ონკოლოგი ეუბნებოდა, რომ საშიში არაფერი იყო.

2010 წლის დეკემბრის თვეში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ მისვლაზე, როცა წერეთლის გამზირის სკრინინგ ცენტრში გაიკეთა ექოსკოპია, მდგომარეობა შეიცვალა.

- მახსოვს შეშფოთებული სახეები. მითხრეს, რომ სიმსივნე დაახლოებით 2 სანტიმეტრი სიგრძისა იყო.

წერეთლის კლინიკიდან ლალი პირდაპირ თავის მკურნალ ონკოლოგთან ავიდა “ქირონში” და შედეგები შეატყობინა. ონკოლოგი არ ენდო წერეთლის სკრინინგ-ცენტრის შედეგებს და ლალის ხელახლა გააკეთებინა ექოსკოპია, შეხედა გამოსახულებას ეკრანზე და თქვა:

- რაღაც არ მომწონს.

საჭირო იყო ძუძუს მოკვეთა. სხვა სცენარები ექიმსა და პაციენტს არ განუხილავთ.

- მითხრა, ქალების 90%-ს აქვთ მასტექტომია გაკეთებული. სხვა არაფერი უთქვამს.

მასტექტომიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური გვერდითი მოვლენა ძუძუს გარკვეული უბნების გაუგრძნობელობაა, ზოგ ადგილას კი - მგრძნობელობის მომატება. ეს იმიტომ ხდება, რომ ოპერაციის დროს ნერვული ქსელი ზიანდება. სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზიანებული ნაწილები, შესაძლოა, აღდგეს, მაგრამ პერიფერიული ნერვული სისტემის სრულყოფილად აღდგენა იშვიათ შემთხვევებში ხდება - მგრძნობელობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგება ხოლმე. ამაზე კი პაციენტი ქალები, ძირითადად, ოპერაციის შემდეგ იგებენ, ვიდრე მანამდე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მკერდისა და სხეულის სხვა უბნების გაუგრძნობელობის მიზეზები ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა მკურნალობის სტრატეგიების: ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, დამიზნებითი თერაპიის დროს საჭირო სხვადასხვა მედიკამენტები და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებები.

ლალიმ ოპერაციამდე არ იცოდა, თუ რას შეცვლიდა მასტექტომია მის ცხოვრებაში. თვითონაც შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას ინტერნეტში. ორი სიტყვა - “ძუძუს კიბო” ქართულად დაგუგლა. ახლა არ ახსოვს, კონკრეტულად რომელი ვებ-გვერდიდან ამოიკითხა ინფორმაცია და იყო თუ არა ის მეცნიერულად გადამოწმებული, თუმცა ახსოვს, რომ ის სიმპტომები, რაც ‘გუგლის’ საძიებო სისტემამ ამოუყარა, მის სიმპტომებს ემთხვეოდა.

იდეალურ პრაქტიკაში, ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტრატეგიის შედგენაში მულტიდისციპლინარული, 7-8 მედიკოსისგან შემდგარი ჯგუფი უნდა იღებდეს მონაწილეობას. ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორ, ძუძუს ქირურგ მარკ სიბერიგნის თქმით, ასეთ ჯგუფში შემდეგი სპეციალისტები შედიან: ონკო(პლასტიკური) ქირურგი, ძუძუს კიბოს სფეროში სპეციალიზებული ექთანი, კიბოს გენეტიკოსი, გენეტიკური მრჩეველი, ფსიქოლოგი, რადიოლოგი, პათოლოგი და გინეკოლოგი. პროფესორმა სიბერინგმა ეს მოსაზრება ქართველ კოლეგებს მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს თბილისში, ძუძუს კიბოზე გამართულ კონფერენციაზე, გაუზიარა.

რადგან საქართველოში ამ ქვე-სპეციალობებიდან ზოგიერთზე, მაგალითად, ონკოფსიქოლოგზე, ჩამოყალიბებული ტრადიცია არც არსებობს, ზოგზე კი - არსებობს, მაგრამ ახალდაწყებულია და სათანადოდ არ არის განვითარებული, დიაგნოზის პაციენტისთვის ახსნისა და შედეგების განხილვის ტვირთი მხოლოდ ექიმზე მოდის.

ათობით ქართველ ქალ პაციენტთან გასაუბრებისას ირკვევა, რომ მათი უმრავლესობა მასტექტომიის გადაწყვეტილებას დიაგნოზის მიღებამდე რამდენიმე დღეში, შოკის მდგომარეობაში, ისე იღებს, რომ შედეგები სათანადოდ არ აქვს გააზრებული და არც სხვადასხვა სცენარი აქვს გავლილი მკურნალ ონკოლოგთან.

- ასეა, გეთანხმებით, - ამბობს გოგიტა ძაგნიძე, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოქირურგი. - მიუხედავად იმისა, რომ მულტიდისციპლინარულ გუნდში, მინიმუმ, 7-8 წევრია, ქირურგი მაინც გუნდის ლიდერია. პაციენტი მას უცხადებს ყველაზე დიდ ნდობას - წვება საოპერაციო მაგიდაზე და მისი დანის ქვეშ ექცევა. მიუხედავად ამისა, იდეალურ შემთხვევაში, გუნდში მხოლოდ ქირურგი არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს: მთელი გუნდი ერთად მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანია ფსიქოლოგის როლი. საქართველოში მხოლოდ 2-3 მომზადებული ონკოფსიქოლოგი თუ მოიძებნება. როდესაც პაციენტი ჩემთან შემოდის, მე უკვე მხოლოდ ტექნიკური დეტალების ახსნა უნდა მიწევდეს. პაციენტები კი დასამშვიდებლად მაინც ჩემთან მოდიან.

სანამ საოპერაციო კაბინეტში შეიყვანდნენ, ლალის ძუძუს მოკვეთის წინასწარ თანხმობაზე მოაწერინეს ხელი. როცა ნარკოზიდან გამოიღვიძა, მისდა გასაკვირად, ძუძუ ისევ ჰქონდა. როცა იკითხა, თუ რატომ არ გაუკეთეს მასტექტომია, უპასუხეს, რომ ოპერაციის დროს საეჭვო ქსოვილის ექსპრეს-ციტოლოგიური (სწრაფი) კვლევა გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ ძუძუს მოკვეთა არ იყო აუცილებელი. მოგვიანებით ექიმმა უთხრა, რომ პირველი სტადიის სიმსივნე იყო, რომელიც ლიმფურ ჯირკვლებში არ იყო გასული.

ექიმმა ლალის 3 ქიმიოთერაპია დაუნიშნა, რომელსაც ყოველი 21 დღის გამოშვებით იკეთებდა. ქიმიოთერაპიის შემდეგ ლალი, თითქოს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა, ტკივილები ძუძუს არეში ისევ გრძელდებოდა. 2013 წელს თურქეთშიც წავიდა საქართველოში მიღებული დიაგნოზის გადასამოწმებლად, თუმცა, მასტექტომია არც იქ ურჩიეს.

მასტექტომიამდე ბოლო მონიტორინგზე ლალი 2016 წლის 24 აპრილს მივიდა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ქალიშვილი მოულოდნელად დაეღუპა. ტკივილები ძუძუს არეში განსაკუთრებულად ამ ტრაგედიის შემდეგ გაუმძაფრდა.

2017 წლის მარტში უკვე მივიდა ბოლო ქართველ ონკოლოგთან მივიდა, რომელიც სენაკში თბილისიდან საკონსულტაციოდ ჩასულმა ექიმმა ურჩია. ლალის მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენების მიუხედავად, მარჯვენა ძუძუს მასტექტომია უნდა გაეკეთებინა. ქირურგმა, წინა ექიმისგან განსხვავებით, აუხსნა, რომ შესაძლებელი იყო ძუძუს გადარჩენა.

- ცდილობდა, გაეგებინებინა ჩემთვის, რომ ძუძუს მოკვეთა სისხლის მიმოქცევის, ნერვული ქსელის დაზიანების, ფსიქოლოგიური კუთხით ადვილი არ იქნებოდა. უფრო დეტალურად არ მახსოვს, რას მეუბნებოდა. არ მაინტერესებდა და არც ვუსმენდი. მასტექტომია გადაწყვეტილი მქონდა. სხვა სცენარს არც განვიხილავდი. ძუძუს მოკვეთის შემდეგ, სიმართლე გითხრა, შვება ვიგრძენი. დავისვენე ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ.

საქართველოში ქალებში გავრცელებულ დაავადებებს შორის სარძევე ჯირკვლის სიმსივნე პირველ ადგილზეა. 2013 წლის 27 თებერვლიდან, რაც საქართველოში "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა" შევიდა ძალაში, რომელიც დაზღვევის არმქონე მოსახლეობას ფინანსურად ეხმარება, იმატა სარძევე ჯირკვალზე ჩატარებულმა ოპერაციების რაოდენობამაც: თუ ეს მაჩვენებელი 2012 წელს 2,028 იყო, 2013 წელს - 2,955 გახდა, 2014 წელს - 3,691, 2015 წელს - 3,661, 2016 წელს - 3,398, ხოლო 2017 წელს - 3,390.

43 წლის ანა მაზანიშვილს უკვე ლიმფური ჯირკვლები მქონდა შეშუპებული, ძუძუში წვისა და ქავილის მსგავსი სიმპტომებიც დაეწყო. სანამ მკურნალ ონკოლოგს აარჩევდა, თბილისში სამი ექიმი მოიარა.

ერთ-ერთი მათგანი კაბინეტში ნასვამიც დახვდა. ''მძიმე შემთხვევაა', - უთხრა და ორმაგი მასტექტომია შესთავაზა.

ანა იმ ონკოლოგთან მეორედ არ დაბრუნებულა: აგრძელებდა ინფორმაციის მოძიებას და ახალი ონკოლოგის ძებნას. მეოთხე და ბოლო ონკოლოგმა ანას უთხრა, რომ აუცილებელი არ იყო მასტექტომია. თუმცა, სიმსივნის შებრუნებით შეშინებულმა ანამ მაინც ორმაგი, პროფილაქტიკური მასტექტომიის გაკეთება გადაწყვიტა.

ქიმიოთერაპიის დროს, როდესაც აზომეტას ხსნარს უსხამდნენ ვენებში, ამ პრეპარატისადმი ძლიერი უკუჩვენებით იტანჯებოდა. დილით, სანამ სახლიდან გამოვიდოდა, Black Sabbath-ის Changes-ს უსმენდა.

- ყველა ნოტი რაღაცას მაძლევდა: ჩემს თავში ვპოულობდი ყველა ხაზსა და შტრიხს, რაც ამ სიმღერაში ისმის. იმ მიკარგულ ქალს ვეძებდი, რომელიც შინაგანად მყავდა და წლების განმავლობაში, უკანა პლანზე მყავდა გადაწეული.

თინეიჯერობაში გამხდარ, გრძელ და ხვეულთმიან ანას კლასელი ბიჭი ბრიტანელ მუსიკოსს, დეივიდ ქოვერდეილს ამსგავსებდა. 40 წლის წინ ანას მოროკერო, მეამბოხე სტილს დიდად არავინ იზიარებდა. როცა სახლიდან ყველა გავიდოდა და მარტო დარჩებოდა, ანა Queen-ის ‘I Want to Break Free’-ს ჩართავდა და ბოლომდე აუწევდა. სახლში ერთადერთი ამყოლი გულშემატკივარი ჰყავდა: თუთიყუში პაკო. როგორც კი ანა როკის რომელიმე ტრეკს ჩართავდა, პაკო თავის აქეთ-იქით ქანაობას იწყებდა, გალიაში დაკიდებულ საქანელაზე თავდაყირა, ცალი ფეხით ჩამოეკიდებოდა და მუსიკის დასრულებამდე ქანაობდა.

ქიმიოთერაპიის კურსებს შორის, როცა ტკივილის სიმძაფრე ოდნავ ცხრებოდა, Pink Floyd-ის Comfortably Numb ან Learning to Fly ყველაზე ხშირად მოსმენილი ტრეკების სიაში ლიდერობდნენ.

- ფრენის ხელახლა სწავლასავით იყო.

კლინიკის მისაღებში, გადახვევაზე მისულ ანას ახალი სახეები, შეშინებული და დაბნეული პაციენტები და მათი თანმხლები ოჯახის წევრები ხვდებოდა. თუ ოპერაციაზე შესულ გოგოს დედა გარეთ ელოდებოდა, ანა მომლოდინე მშობელს გვერდით მიუჯდებოდა და უყვებოდა, რომ თვითონაც გაიკეთა ოპერაცია, ოპერაციიდან მეოთხე დღეს თმა დამოუკიდებლად შეიღება ისე, რომ ხელების აწევაც კი უჭირდა, პირველ გადახვევაზე კი კლინიკაში ფერადი ტანსაცმლითა და მაღალი ქუსლებით მივიდა.

პაციენტთა დახმარებისა და რეაბილიტაციის მხარდამჭერ ორგანიზაცია ‘ევროპა დონა ჯორჯიას’ ანა მაზანიშვილი 2012 წელს შეუერთდა, ერთ წელში კი - ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდა. მას შემდეგ ათეულობით პაციენტის მეგობარი და დამხმარეა. პაციენტების ნაწილს პირადად არასოდეს შეხვედრია, მაგრამ მათთან სატელეფონო საუბრებში საათები გაუტარებია. მესენჯერის ჩატი, სადაც 60-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, პაციენტები ერთმანეთს ყველაფერს უზიარებენ: დიაგნოზით დაწყებული, გამოუყენებელი წამლების ჩუქებით თუ ავეჯის არჩევით დამთავრებული.

სანამ ანას შეხვდებოდა, 32 წლის ნესტან ჩხიკვაძე მეორე ქიმიოთერაპიას გადიოდა და თმა უკვე დაცვენილი ჰქონდა. სიმსივნე მეორე სტადიის დასაწყის ეტაპზე იყო, ჰორმონალურ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, არც ქიმიოთერაპია აღმოჩნდა საკმარისი აგრესიული სიმსივნური უჯრედების დასამარცხებლად.

ონკოლოგი ნესტანს მასტექტომიის რეკომენდაციას აძლევდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტს თვითონ უნდა მიეღო. დიაგნოზის მიღების მომენტში მეოთხე, თვენახევრის შვილი ძუძუზე ჰყავდა და დიაგნოზზე არანაკლებ ლაქტაციის შეწყვეტა და ჩვილის სტრესში ჩაგდება აშინებდა. სწორედ გამოსავლის ძიებაში გადააწყდა 'ევროპა დონა ჯორჯიას' ფეისბუქ გვერდს და იპოვა ანა მაზანიშვილი.

- მახსოვს, ერთ დღესაც დამირეკე და მითხარი: 'ანა, მე უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ძალიან ბედნიერი ვარ.'

- კი. ქმართან ერთად თურქეთში ვიყავი. იქ გადავწყვიტე მასტექტომია და შვება ვიგრძენი.

ყელიდან რამდენიმე სანტიმეტრის ქვემოთ, მკერდთან, ანა და ნესტანი თითების განმეორებითი მასაჟებით კანის მგრძნობელობას იმოწმებენ.

- გაშეშებულობისა და დაჭიმულობის გრძნობაა, რომელიც რაღაც პერიოდში უფრო მძაფრდება.

- მთავარი დისკომფორტი ისაა, რომ ეხები და ვერ გრძნობ.

- რა ადგილებში არ გაქვთ მგრძობელობა?

- მთლიანად - სადაც ლიმფური კვანძები მქონდა და იქიდან მოყოლებული ... - ნესტანი იღლიის ქვემოთ იკიდებს ხელს და თითები წინა მიმართულებით მოაქვს ძუძუს დვრილის მიმართულებით. - ვცდილობ, არ შევეხო.

- მგრძნობელობა აღდგა, ნაწილობრივ მაინც?

- არა, არ აღმდგარა. აი, ამ ნაწილებში არაფერს ვგრძნობ.

- თავდაპირველად ძალიან რთული დასანახი იყო ჩემი თავი სარკეში. იღვიძებ. მიჩვეული ხარ, რომ რაღაც იყო. დაიხედავ და სულ სწორი ხარ, გაflatებული. გიჩნდება გრძნობა, ძალიან ისეთი ... რაღაც ...

ანა სიტყვებს ეძებს. ნესტანი ეხმარება:

- თითქოს გეცოდება შენი თავი.

- არ მიყვარს მაგ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ცოტა გეცოდება შენი თავი, კი. ერთხელ ჩემს ქმარს ვუთხარი, 'განა მართლა ძლიერი ვარ, შესაძლოა, ყველაზე სუსტი ვარ, მაგრამ ვთამაშობ ძლიერს. მინდა, ვიყო ძლიერი.'

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეროვნული სკრინინგ პროგრამა 2008 წლიდან მოქმედებს და 40-70 წლის ქალებს, 2 წელიწადში ერთხელ, სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევას სთავაზობს, საქართველოში ქალების უმრავლესობა ძუძუს კიბოს მხოლოდ მეორე სტადიაში აღმოაჩენს ხოლმე.

2015 წლიდან პირველ სტადიაზე აღმოჩენის პროცენტულობამ ათჯერ მოიმატა, თუმცა, მეორე სტადიაზე აღმოჩენის პროცენტულობა მაინც 30%-ს აღემატება.

- განსაკუთრებით სოფლებსა და საზღვრისპირა რეგიონებში: ქალებმა და არ იციან, რა ქნან. გალიდანაც გადმოდიან. სანამ მიწურული არ მოვა და მეოთხე სტადიამდე არ მივა სიმსივნე, ვერ მიდიან ექიმთან. რაიონებში მომსახურების ისეთი დონე არ არის, თბილისში ჩამოსვლა და გამოკვლევები კი ძალიან ძვირი ჯდება, - ამბობს ლალი, რომელსაც ხშირად ექმნება ასეთი შთაბეჭდილება სენაკის კლინიკაში, ექოსკოპიაზე, ვიზიტის შემდეგ.

* სტატიაში ერთ-ერთი გმირის - ლალის - სახელი, მისი თხოვნისამებრ, შეცვლილია.

ტექსტი: ცირა გვასალია

ილუსტრაციები: სოფი დათიშვილი

ეს სტატია ნაწილია 'კაქტუსის' (www.cactus-media.ge)პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

Created By
ცირა გვასალია
Appreciate

Credits:

ილუსტრაციები: სოფი დათიშვილი

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.