Loading

გამოფენა, საიდანაც გასვლა აკრძალულია

"ჩვენ ვშრომობთ, სახლში და საწარმოში... ვზრდით შვილებს. მხოლოდ ჩვენს მხრებზეა ემოციური პასუხისმგებლობები...უმეტესობას დაგვავიწყდა რა არის ოცნება, რა არის პირადი სივრცე, საკუთარი ოთახი....არ ვიცით რა არის კედლის იქეთ, რომელიც დიდი ხანია ამოგვიშენეს და ჩვენ ეს მოცემულობად მივიღეთ.ჩვენ გვკლავენ , როცა ამ კედლის დანგრევას ვცდილობთ…“ ეს ტექსტი მხატვარ ლია უკლებას ეკუთვნის და იგი მისი გამოფენა-აქციის, „გასვლა აკრძალულია“, ერთგვარ მანიფესტს წარმოადგენს.

გამოფენა ჭიათურაში მაღაროებსა და ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკაში მომუშავე ქალების, და ზოგადად ქალის შრომას ეხება.

ლია უკლება გამოფენაზე ნახატებით, ინსტალაციებით, მოკლე ფილმებით ასახავს იმ რეალობას, რაც აკრძალვებისა და ვალდებულებებიდან ნაგები კედლით შემოსაზღვრულ სივრცეში ხდება. სივრცეში, სადაც ქალებს ნაკლებად აქვთ არჩევანი და საიდანაც გასვლა აკრძალულია.

„თუმცა რადგან გასვლა აკრძალულია ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდე და არ უნდა გახვიდე“,- ამბობს მხატვარი.

გამოფენა ლია უკლებამ მუშა ქალებს და ქალის დაუფასებელ, შეუმჩნეველ შრომას მიუძღვნა. „ამ ქალებისთვის გამოყენებიდან ამოღებულია სიტყვა „დასვენება“, ისინი ყოველდღიურ რუტინაში, ამ დაუსრულებელ შრომაში იკარგებიან“, - ამბობს პროექტის ავტორი.

გამოფენაზე ნაჩვენები იყო მოკლე ვიდეოები, რომლებიც საერთო კონცეფციის ნაწილს, ერთგვარ დოკუმენტურ ფონს წარმოადგენდნენ. გადაღებები მიმდინარეობდა ჭიათურის მაღაროებში და ქუთაისის სამკერვალო საწარმოში.

„პატარა, პროვინციულ ქალაქებში კიდევ უფრო თვალსაჩინოა თუ რა დიდია ქალის შრომა, რამდენი სიმძიმის დ ა ვალდებულების აღება უწევთ ქალებს საკუთარ თავზე,“- ამბობს პროექტის მონაწილე ეკა კუხალაშვილი.

მხატვარი აღნიშნავს, რომ გამოფენიდან გასვლა ეკრძალება დამთვალიერებელს, მანამ სანამ „ახლო ხედით“, გულისყურით არ დააკვირდება ქალის შრომას.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

მორიგი გამოფენა 25 თებერვალს ჭიათურაში გაიმართება.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.