Loading

„მეგო ბარი“ - განათლების და გართობის სივრცე ხანდაზმულებისთვის

ქუჩაში აუჩქარებელი ნაბიჯით მიმავალ 97 წლის ვალოდია კუკავას ზუგდიდში დროდადრო შეხვდებით. ასაკის მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობს და მეგობრების ნახვას ეშურება. შეხვედრის ადგილი უკვე ერთ წელზე მეტია, სოციალური კაფე „მეგო ბარია“.

ვალოდია პროფესიით ისტორიკოსია. ხობის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად 16 წელი იმუშავა. დღეს შვილთან, რძალთან, შვილიშვილებთან ცხოვრობს და უმეტეს დროს ოჯახში ატარებს, 2018 წელს კი „მეგო ბარის“ ხანდაზმულთა კლუბში გაწევრიანდა.

ამ სივრცეში ხანდაზმულები და ახალგაზრდები დროგამოშვებით სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად იკრიბებიან:

„რამე რომ გავიგო, ვისწავლო, ამიტომ დავდივარ. კიდევ რამე ახალი მინდა შევიძინო. ინტერნეტი მინდა ვისწავლო. აქ ყველაფერი კარგია. ძველად ასეთი ამბავი არ იყო. კარგია სწავლა, მისვლა-მოსვლა. მეგობრებიც შევიძინეო“, - ამბობს ვალოდია კუკავა.

ის ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს. რამდენიმე წლის წინ სენაკის სამხედრო ბაზაზე, მოხალისედ რეზერვშიც წავიდა, დღეს კი „მეგო ბარში“ და თავს მეგრული სიმღერით იქცევს.

სოციალური კაფე „მეგო ბარი“ ზუგდიდში 2017 წელს გაიხსნა. თავიდან მისი მიზანი ახალგაზრდებისთვის თავისუფალი შეკრების სივრცის შექმნა იყო, თუმცა შემდეგ სხვა დატვირთვაც შეიძინა.

ერთ-ერთ დამფუძნებელ ნანა შედანიას სოციალური კაფეს გახსნის იდეა გერმანიაში სწავლისას მოუვიდა. როგორც ამბობს, გადაწყვიტა, იქ გამოცდილება მშობლიურ ქალაქში ჩამოეტანა:

„მინდოდა ის შესაძლებლობები გარკვეულწილ მაინც ჰქონოდა ჩვენს ახალგაზრდებს, რაც აქვთ მათ თანატოლებს ევროპაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც შეძლებდნენ შეკრებას, თავიანთი იდეების განხორციელებასო“, - გვითხრა მან.

ნანა შედანიას ჩანაფიქრს თავიდან ბევრი სკეპტიკურადაც შეხვდა. თუმცა როგორც მეწარმე ამბობს, დასახული მიზნის მიღწევაში, შრომისმოყვარეობა და სამუშაოს სწორად დაგეგმვა დაეხმარა.

2018 წელს გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით „მეგო ბარში“ ხანდაზმულთა კლუბი შეიქმნა.

კლუბის მიზანი ხანდაზმულების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტად ჩართვაა. ისინი აქ აქტიური დასვენება-განტვირთის პარარელურად, ახალ უნარებს იძენენ - სწავლობენ კომპიუტერის გამოყენებას, კერძების განსხვავებული რეცეპტით მომზადებას და სხვა.

ნანა შედანიას თქმით, თავიდან მართალია თავიდან ცოტა გაუჭირდა მოხუცების შემოკრება: „ერთი მხრივ, ისინი ცხოვრების სხვანაირ რიტმს იყვნენ მიჩვეული - მეორე მხრივ კი, დამკვიდრებული სტერეოტიპები უშლიდათ ხელსო“.

ამ სივრცის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებს თანაბრად დაეთმოთ ადგილი, აქ ყოფნა მათთვის სასიამოვნო და სასარგებლოც იყოს.

„დავდივარ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. სად წავიდეთ არა? წასასვლელი არსად არ არის. ბედნიერებაა აქ რომ მოვდივარ და რაღაცას ვუსმენ, გვასწავლიანო“ - ამბობს 71წლის დინარა კაკაბაძე.

კლუბში ხშირად ეწყობა ფილმების ჩვენება და დისკუსიები, სადაც „მეგო ბარის“ ყველა სტუმარია ჩართული.

„ძალიან მიყვარს აქაურობა. თითქოსდა მაახალგაზრდავებს. უკან ვტოვებ ჩემს პრობლემებს. მოვდივარ აქ, ახალგაზრდებთან. ეს არის ჩემთვის პირველი დახმარების გზა“ - ამბობს 82 წლის ზაირა ღაჭავა.

„მეგო ბარის“ სივრცე ექვს საათამდე ახალგაზრდებს უსასყიდლოდ ეთმობათ, შემდეგ კი ბარი იწყებს მუშაობას.

სოციალური საწარმოს ერთერთი შემოსავლის წაყრო 2019 წლის იანვარში გახსნილი ჰოსტელია, რომელიც 22 ადამიანზეა გათვლილი. ნანა შედანიას თქმით, ჰოსტელის სტუმრებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან ურთიერთობა აინტერესებთ. ისევე როგორც ქართული კულინარია და ღვინო. აწვდიან ინფორმაციას რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე.

შემოსავლის მისაღებად „მეგო ბარი“ კლიენტებს კორპორატიული საღამოებისა და დაბადების დღეების მოწყობასაც სთავაზობს.