მარიამ ნიშნიანიძე: "ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი-მეთქი და ასე დაიწყო ჩემი კარიერა სპორტულ ფოტოგრაფიაში"

მარიამ ნიშნიანიძე, 21 წლის, ფოტოგრაფი

-როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

-ფოტოგრაფია ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ აქტიურად უფრო დამამთავრებელ კლასებში დავინტერესდი. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ფოტოაპარატი ვთხოვე დედას და მიყიდა. ამის შემდეგ უფრო მეტად გაღვივდა ინტერესი და ასე გაგრძელდა.

-ფოტოგრაფია რას ნიშნავს თქვენთვის?

- აღბეჭდო წამის მეასედი, ერთი დაჩხაკუნება. განსაკუთრებით სპორტულ ფოტოგრაფიას ახასიათებს, იმ წამში თუ არ გადაიღე, ის კადრი აღარ გაქვს. თვალით ხედავ, მაგრამ შეიძლება, ვერ აღბეჭდო. ჩემთვის ფოტოგრაფია ნიშნავს, უცაბედად აღბეჭდო რაღაც, შეინახო, დაუტოვო ისტორიას, რაც შენ იმ წამში მნიშვნელოვნად აღიქვი.

-სპორტული ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობთ. რამ განაპირობა ეს არჩევანი?

- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. როდესაც პირველად შევიძინე პროფესიული ფოტოაპარატი, უბრალოდ ჩემთვის მინდოდა გადაღება, სწავლა. არ მქონდა სურვილი და ამბიცია, სადმე მემუშავა. მაგრამ მოულოდნელად ჩემმა ჯგუფელმა, რომელიც ერთ-ერთ სპორტულ საიტზე მუშაობდა, მითხრა, რომ მათ საიტზე ფოტოგრაფის ვაკანსია გამოცხადდა. ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი-მეთქი და ასე დაიწყო ჩემი კარიერა სპორტულ ფოტოგრაფიაში.

-ალბათ სპორტშიც გაერკვიეთ ამის შემდეგ, თუ მანამდეც გაინტერესებდათ?

- არა, სპორტი მანამდე დიდად არ მაინტერესებდა, ძირითადად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატებს ვუყურებდი. ახლა გავერკვიე, უკვე 2 წელზე მეტია, სპორტულ ფოტოგრაფიას ვიღებ.

ფოტოგრაფიის სხვა მიმდინარეობით თუ ხართ დაინტერესებული ?

-კი. ძალიან მიზიდავს პორტრეტები, ავანგარდული და სიურრეალისტური ფოტოები.

-ისეთი ფოტო თუ გადაგიღია, რომელიც კონკრეტულ მოგონებას უკავშირდება და ძალიან ემოციურია?

- კი, გადამიღია- ჯგუფ ლაუდსფიქერსის ვოკალისტი , Tbilisi Open Air-ზე. ყველაზე ემოციურია. კიდევ არის ჯგუფ პლასიბოს ფოტოები, ამავე ფესტივალზე გადაღებული, რომელიც ძალიან მომწონს.

-თქვენ სწავლობთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. თქვენი მომავალი პროფესია თუ გეხმარებათ ფოტოგრაფიაში.

- რაღაც განხრით მეხმარება. როცა იღებ ადამიანებს- პორტრეტს, ან სპორტულ ფოტოს, თუ რაღაც მაინც გაგეგება ფსიქოლოგიაში, შეგიძლია, ისე გადაიღო ფოტო, როგორც შენ გინდა, ისე დაელაპარაკო, რომ რა ემოციაც გინდა, ის გამოიწვიო მასში.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით?

- ვაპირებ, ჩემს პროფესიას, ფსიქოლოგიას, გავყვე. ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მინდა, რომ სამომავლოდ ერთ პროექტზე ვიმუშაო ჩემს მეგობარ მხატვართან ერთად.

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.