Loading

მეორე გაფრთხილება კაცობრიობას - გარემოსდაცვითი პრობლემები და კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე

„1750-1950 მეტრი ზღვის დონიდან, მშრალი ჰავა - კურორტი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის როგორიცაა: სასუნთქი გზების დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, რაქიტი...“- ვკითხულობ ინტერნეტში, მთელი წლის ავადმყოფობის შემდეგ გადავწყვიტე ზღვაზე უარი ვთქვა და ბავშვი მთაში წავიყვანო.

თბილისიდან იქ ჩასულებს დიდი განსხვავება არ გვიგრძვნია. მშენებლობისა და დამცავი ბადეების არ არსებობის გამო ქუჩებში საშინელი მტვერია, ტყეში შესულს, განწყობას შორიახლოს დატოვებული ბოთლები, ხელსახოცები გიფუჭებს, პარკშიც, სეირნობით დაღლილს დიდი დრო გჭირდება, რომ რომელიმე ხის ქვეშ სუფთა ადგილი იპოვო დასასვენებლად.

პლასტმასის ბოთლს ბუნებაში დაშლისთვის 450 წელი სჭირდება, პენოპლატის ჭიქისთვის 50 წელია საჭირო, სიგარეტის ნამწვი 5-10 წელში დაიშლება, ალუმინის ქილა 200-500 წელიწადში, პოლიეთილენის პაკეტისთვის კი 200-1000 წელია საჭირო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, დაბინძურებული გარემოს გამო, ყოველწლიურად 1,7 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვი კვდება.

გარემოს დანაგვიანება კანონით ისჯება. თუ ქუჩაში ნაგავს დაყრით, 80 ლარის გადახდა მოგიწევთ, ფანჯრიდან გადმოყრილი ნაგავი 100 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ ტრანსპორტიდან გადმოყრით ნაგავს, ჯარიმა 120 ლარამდე იზრდება, მაგრამ ეს კანონის მიხედვით. სავარაუდოდ, მონიტორინგის სისტემის არ არსებობის გამო, რეალურად ქვეყნის მასშტაბით ის სურათი გვაქვს, რაც ზემოთ ავღწერეთ. თუმცა, ეკოლოგიური პრობლემები ამით არც იწყება და არც მთავრდება, პრობლემა უფრო გლობალურია და კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, რომლის ხსენებაც თუ ზოგიერთისთვის თავზარდამცემლია, ზოგისთვის მითი უფროა, ვიდრე რეალური საფრთხე. სწორედ კლიმატის ცვლილებაზე ამახვილებს "ფორტუნასთან" ყურადღებას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე და ამბობს, რომ კაცობრიობამ უკვე მეორე გაფრთხილება მიიღო.

„პირველი გაფრთხილება გაკეთდა 1992 წელს და ესაა მეორე გაფრთხილება, საუბარია იმაზე, რომ შეუქცევადი პროცესები შეიძლება განვითარდეს, რომელმაც შეიძლება მსხვერპლად მოიტანოს მთელი კაცობრიობა, სიცოცხლე.

"სულ მახსენდება გაეროს გენერალური მდივნის ინტერვიუ, რომელიც ამბობდა, რომ გაეროს ერთ-ერთი მიღწევა არის მდგრადი განვითარების მიზნები. 17 მიზანი დასახა დედამიწამ და მას უნდა მიაღწიოს გაეროში გაერთიანებულმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს. ამ მიზნებს პრაქტიკულად აღიარებს საქართველოც, იქ იყო წასული ჩვენი პრემიერმინისტრიც და თავის გამოსვლით დაადასტურა, რომ საქართველო უერთდება მდგრადი განვითარების მიზნებს.

"ყველა გეგმა, რომელიც არსებობს, უნდა ასახავდეს ამ მიზნებს. რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას, ეს სხვა საკითხია,“- აცხადებს ნინო ჩხობაძე.

ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოში უკვე არის გამოკვეთილი პროცესები, რომელიც ცხადყოფს, რომ გლობალური კლიმატის ცვლილება ნამდვილად დამდგარია.

"ჩვენ გვაქვს ამის რამდენიმე ნიშანი. პირველია მყინვარების დნობის პროცესი, რომელიც ცენტრალურ კავკასიაში დაფიქსირდა, კავკასიონზე დაახლოებით 1/3-ით შემცირებულია მოცულობა გამყინვარების. მეორე ფაქტორი, რომელიც ნათლად ჩანს, ეს არის ტენიანობის მომატება მთელ საქართველოში. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ტენიანობის კონტროლი მუდმივად არ ხდება საქართველოში. მესამე პრობლემა, ეს არის ტემპერატურული ცვლადობა - დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის მკვეთრი განსხვავება. ეს იწვევს მიწის სერიოზულ ეროზიებს და ნაყოფიერი ფენის კარგვას. აღსანიშნია, ასევე არასისტემური ნალექები, სეზონების აღრევა. ესაა ის ძირითადი კომპონენტები, რომელიც პრობლემატურია,"- ამბობს ნინო ჩხობაძე.

ნინო ჩხობაძე „ფორტუნასთან“ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უპირატესობებზეც საუბრობს და ამ მხრივ ბუნებრივ რესურსებზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, დასძენს, რომ ქვეყანა არსებულ რესურსებს არ უფრთხილდება და ამის გამო მტკნარი წყლის მარაგის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, რომელიც აღდგენადი არაა.

„უპირატესობაა ის, რომ ჩვენ დღეს ჯერ კიდევ გვაქვს ბუნებრივი ტყეები, ხელოვნურად გაშენებული კი არა, როგორიც ევროპის ძირითად ქვეყნებშია, არამედ ბუნებრივი. საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია მეტ-ნაკლებად კარგი მარაგი მტკნარი წყლის, მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს ტყეები. თუ ტყეები არ იარსებებს და ჩვენ ესეთი ინტენსივობოთ განვაგრძობთ ჭრას, როგორც ახლა და 27 წელია კი არ მცირდება, იზრდება ჭრების რაოდენობა, საბოლოო ჯამში, შეიძლება დავკარგოთ მტკნარი წყლის მარაგიც.

"ის დეფიციტურია დღეს აღმოსავლეთ საქართველოში, ჯერ-ჯერობით დეფიციტური არაა დასავლეთ საქართველოსთვის, თუმცა, ბოლო სამი წლის ზაფხულმა დაუდასტურა საქართველოს, რომ ძალიან ბევრ ადგილას, ჭებზე თოკები დაგრძელდა, დაშრა ნაკადულები და მცირე მდინარეები. ეს კავშირშია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან, ტყის ეკოსისტემის განადგურებასთან,“-აცხადებს ჩხობაძე.

ჩხობაძე ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებას ხედავს და ამბობს კლიმატი საქართველოში მნიშვნელოვნად იცვლება. საკითხზე საუბრისას, დედოფლისწყაროს მაგალითი მოჰყავს, სადაც ქარსაფარი ზოლის განადგურების გამო გაუდაბნოება დაიწყო.

ჩხობაძე მიიჩნევს, რომ გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სისტემაა დასანერგი, რომელიც წყლის, ჰაერის, ნიადაგის, ბიომრავალფეროვნების დაკვირვებას, ინსპექტირების გამკაცრებას გულისხმობს.

აღნიშნული მიმართულებით, დღეისათვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ტყეების უკანონო ჭრებთან დაკავშირებით მიდგომის გამკაცრებას გეგმავს. პრემიერმა სახელმწიფოს პოლიტიკა საპარლამენტო დარბაზში ცოტა ხნის წინ გაახმოვანა და აღნიშნა, რომ უკანონო ჭრებს სახელმწიფო ბრძოლას უცხადებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტყის რესურსების აღრიცხვას გეგმავს.

გარემოსდაცვითი მიმართულებით კიდევ ერთი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა და ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება დედაქალაქშია, პრობლემებია საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

„ზოგადად ვიცით, რომ ქალაქის თავზე გვაქვს სმოგი, რაც მოქმედებს ადამიანზე და იმაზე , რაც ყველაზე პრობლემატურია გლობალური კლიმატის ცვლილების დროს, ტროპოსფერული ოზონის არსებობაზე ვსაურბობ, ვგულისხმობ მიწის ზედა ოზონის ფენას, რომელიც ზუსტად გამონაბოლქვის შედეგია და რომელიც დამღუპველია , ჩვენ კი მას არ ვზომავთ. ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს დაბინძურებასთან მიმართებით. ეს კარგად უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მიხვდეს, ეს არის პრობლემა დღეს. ეს იწვევს მაგალითად, ალეგრიულ რეაქციებს, ალერგიულ დაავადებებს, სასუნთქი სისტემების დაავადებებს, რაც სერიოზული პრობლემაა. თბილისში არსებული ჰაერი არ არის კარგი სასუნთქი სისტემისთვის,“-აღნიშნავს ჩხობაძე.

თუმცა, ჰაერის დაბინძურებას უფრო გლობალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, საკითხი საკმაოდ პრობლემურია და მას ზიანი არა მხოლოდ კონკრეტული ქალაქებისთვის მოაქვს.

"პრობლემატურია ტროპოსფერული ოზონის შრის მატება, ვგულისხმობ მიწის ზედა ოზონის ფენას, რომელიც ზუსტად გამონაბოლქვის შედეგია და რომელიც დამღუპველია , ჩვენ კი მას არ ვზომავთ. ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს დაბინძურებასთან მიმართებით და ამას ემატება ის პროცესი, რასაც ოკეანური პროცესი ჰქვია. ბოლო ინფორმაცია გავრცელდა ქსელებში, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე აკეთებს მეტ-ნაკლებად მონიტორინგს, რომ 2050 წლისთვის შესაძლებელია მატება იყოს შავ ზღვაზე ზღვის დონის 50 სანტიმეტრზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სანაპიროს და რეალურად, იმ ქალაქებს და დაბებს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. 50 სანტიმეტრით შავი ზღვის დონის მატება ნიშნავს, რომ კოლხეთის დაბლობს, რომელიც ისედაც ზღვის დონიდან ქვემოთ არის, სერიოზული საფრთხე შეექმნება,"-აცხადებს ნინო ჩხობაძე.

ჰაერის დაბინძრებაში რომ ავტომობილის გამონაბოლქვს დიდი წვლილი აქვს, ამას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი მიმართულების ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიზო ჭელიძეც ადასტურებს. თუმცა, ამბობს, რომ პრობლემა არა საწვავში, არამედ გაუმართავ ავოტომილებსა და საცობებშია.

მისი ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები კანონთან შესაბამოსობაშია და ამას 2016 წელს თბილისში, ხოლო 2017 წელს რეგიონებში ჩატარებული კვლევები მოწმობს. გიზო ჭელიძე ამბობს, რომ 2018 წლიდან ტექნიკური დათვალიერების დაწყების შემდეგ ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურება შემცირდება. თუმცა, ყურადღებას ამახვილებს, რომ ეს საკმარისი არაა და ეკოლოგიურად სუფთა მანქანების შემოყვანის წახალისებაზე ზრუნვა, გამწვანება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა საჭირო. მისივე თქმით, სახელმწიფოს საბოლოო მიზანი დღეს საწვავის დღეს არსებული სტანდარტი ევრო 5 არაა და ევრო 6-ზე გადასვლაც იგეგმება.

„საცობი მნიშნელოვანი ფაქტორია დაბინძურების თვალსაზრისით. როცა საცობია და მანქანების რაოდენბა აჭარბებს გამტარუნარიანობას, მანქანის გამართულობისა და ბენზინის ხარისხის მიუხედავადმ, იქ უკვე დაბინძურების წყარო იქმენება.

ბოლოს აქტიური თემა იყო ბენზინში ტყვიის შემცველობა. ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში შემოტანილ საწვავში ტყვია საერთოდ არ ფიქსირდება. თუ ბავშვებში აღმოჩნდა ტყვია, სასურველია, რომ სხვა წყარო ვეძებოთ და აღმოვფხვრათ. ტყვია არც ჰაერშია,“-აცხადებს გიზო ჭელიძე.

მისივე თქმით, ავტომობილის გარდა, დაბინძურების სერიოზული წყაროა სამშენებლო სექტორი. გიზო ჭელიძე ამ კუთხით, კანონში ხარვეზებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ აქ უფრო აღსრულების პრობლემა იკვეთება.

„მაგალითად, მშენებლობიდან მტვრიანი ავტომობილი გამოდის, ამერიკულ ფილმებში გინახავთ ალბათ, ბორბლებსაც კი უწმენდენ მშენებლობიდან გამოსვლამდე ავტომობილს. ამის კონტროლის ვალდებულება აქვს მერიის ზედამხედველობის სამსახურს. ევროპულ ქვეყნებში და ამერიკაში ამას მწვანე საფარის მეშვეობით ებრძვიან,“-აღნიშნავს გიზო ჭელიძე.

მისივე თქმით, შექმინილია დოკუმენტი, რომელშიც სამშენებლო კომპანიებისთვის გარემოს დაცვითი მიმართულებით ვალდებულებები უფრო მკაფიოდ გაიწერა და დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება 2018 წლიდან დაიწყება.

„დამტკიცდა, მარტივად რომ ვთქვათ, თბილისის ჰაერის პროგრამა. ეს მოიცავს 40-მდე საკითხს. 2018 წლიდან უნდა დავიწყოთ ამის განხორციელება. გვაქვს სამოქმედო გეგმა და ვადები, როდის რა უნდა განხორციელდეს. მაგალითად აქ მოიაზრება ის, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, მკაფიოდ უნდა იყოს ასახული მშენებლის ვალდებულებები გარემოს დაცვითი მიმართულებით,“-ამბობს გიზო ჭელიძე.

სამშენებლო სექტორში ამ კუთხით არსებული პრობლემების მიმართულებით დღეისათვის ცნობილია, რომ სამშენებლო სექტორს მშენებლობიდან გამოსული ავტომობილების გარეცხვის ვალდებულება დაეკისრა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება.

ეკოლოგიური კუთხით კიდევ ერთი პრობლემა საკანალიზაციო სისტემებია. როგორც ნინო ჩხობაძე ამბობს, ის როგორც თბილისს, ასევე სხვა ქალაქებსაც აწუხებს.

„თბილისში ახალშემოერთებულ ტერიტორიებს არ გააჩნია საკანალიზაციო სისტემები დღესაც კი. ეს არის წყნეთი, წავკისი და ა.შ. ცენტრალური გამწმენდი საკანალიზაციო სისტემა არ გვაქვს იქ. გაწმენდაზეც არ არის ლაპარაკი, ცენტრალიზებულ სისტემაზეა ლაპარაკი, რომ არ გააჩნია და პირდაპირ ჩაედინება წყალში. ჩვენი კოლექორი 10 წელია დაზიანებულია. გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა ჯერ კიდევ ფეხზეა დასაყენებელი და არ მუშაობს. ევროკავშირის დირექტივით, მინიმუმ 2000 მაცხოვრებლით დასახლებულ პუნქტს საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა უნდა ჰქონდეს. სულ მთელ საქართველოში 4 000 დასახლებული პუნქტია, გაგვაჩნია ერთი თბილისის გამწმენდი, რომელიც ნახევრად მუშაობს, ბათუმის გამწმენდი ნაგებობა, ქობულეთის, საჩხერეს აქვს ძალიან კარგი, მეტი არ გვაქვს,“- ამბობს ჩხობაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ფორტუნა“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაუკავშირდა, სადაც თბილისის საკანალიზაციო კოლექტორზე რაიმე დაზიანების არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კოლექტორი გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება ახალშემოერთებულ ტერიტორიებს, კომპანიაში განმარტეს, რომ წყალანარინების ქსელი განვითარებულია და მასზე მომხმარებლების დაერთება მათი მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.

„კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ისეთტერიტორიებთან დაკავშირებით, სადაც წყალარინების სისტემა ისტორიულად არასოდეს ყოფილა განვითარებული,“-აღნიშნავენ კომპანიაში.

სტატია ურბანული დანაგვიანების პრობლემით იწყება, რაც ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე ხილული პრობლემაა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ კუთხით პრობლემები მენტალობის გარდა, ფინანსებშიცაა. როგორც ჩხობაძე ამბობს, მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ტექნიკა, რომელიც ნაგვის გამოტანისთვის არის საჭირო და მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში ნაგავს საკუთარ ეზოში ამოთხრილ ორმოში ყრის. მისივე თქმით, მათ მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა „სუფთა რეგიონი“ აჩვენა, რომ იშვიათია მუნიციპალიტეტი, რომელსაც ნაგვის მუდმივი გამოტანა აქვს.

„ძალიან ბევრი აჩევენებს, რომ დაფარვა ნაგვის გამოტანისა არის 40-50-60 % მაქსიმუმ. ზოგში, 20 % -ში ხდება გამოტანა და 30%-ში. ჩათვალეთ, რომ დანარჩენი მოსახლეობა ამ ნარჩენს ყრის მდინარეში.

თუ გამოტანის სერვისი არ იქნება, მოწოდება- მოდით, ნაგავი არ დაყაროთ, არ იმუშავებს. იმიტომ რომ მე ვმუშაობ მოსახლეობასთან და იმ წუთასვე გვიტრიალდება მოსახლეობა და გვეუბნება „სად დავყაროთ?“ - ამბობს ჩხობაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა ბურგულიანი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ნაგვის გამოტანის სერვისი 2020 წლამდე ქვეყნის 90%-ში იქნება. მისივე თქმით, 2019 წელს ჩნდება ნარჩენების ეტაპობრივი სეპარირების ვალდებულება და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც იგეგმება.

„მუნიციპალიტეტებმა წელს "იბიარდის" პროგრამის ფარგლებში მიიღეს მინიმუმ ორი გადამზიდი ავტომანქანა და ურნები. თუმცა, სერვისი, რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელია.

ამ ეტაპზე ზოგიერთ მუნიციპალიტეტს სეპარირება ნაწილობრივ დაწყებული აქვს, მაგალითად ქუთაისი აკეთებს პლასტიკის სეპარირებას, არის კიდევ ასეთი რამდენიმე,“-აცხადებს ირმა ბურგულიანი.

მისივე თქმით, 2019 წლის ბოლოს შემოდის კიდევ ერთი ვალდებულება მწარმოებლებისთვის, რომლემბაც სპეციფიური ნარჩენებისთვის, როგორიცაა შესაფუთი მასალები (პლასტიკის ბოთლი, მუყაოს ყუთები), საბურავები, გამოყენებული ზეთები, ელექტო მოწყობილობები, შეგროვების პუნქტები უნდა შექმნან.

რაც შეეხება გარემოს დანაგვიანებას, ირმა ბურგულიანი ამბობს, რომ ამაზე არის სანქციები და თუ დანაგვიანებაზე შესაბამისი პირები არ ჯარიმდებიან, მაშინ ჯარიმდება მუნიციპალიტეტი.

ბურგულიანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მოსაკრებელს კარგად ვიხდით, მთავრობას სუბსიდირება მაინც უწევს. მისივე ინფორმაციით, ამოღება კიდევ უფრო გართულებულია რეგიონებში და შესაძლოა, ე.წ. ნაგვის გადასახადი გაიზარდოს.

Created By
თაკო ივანიაძე
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.