Loading

მეტროს კარი იღება - შემდეგი სადგური... ფოტოამბავი

დილის 6 საათია. მეტროს კარი იღება. სადგურთან შეკრებილი მგზავრები შენობაში შედიან. სიჩუმე ირღვევა. ჩვენთვის ნაცნობი ხმა ბარიერს გვიხსნის და ექსკალატორზე ვდგებით. წინ ნელი ტემპით მივდივართ. მარცხნივ თუ მარჯვნივ - არჩევანის გაკეთება გვიწევს.
ბაქანზე მატარებელს ველოდებით და თვალს დროის ნიშნულისკენ ვაპარებთ. მატარებლის მოსვლამდე დროის გაყვანას ვცდილობთ - დავდივართ, მგზავრებს ვათვალიერებთ ან სარეკლამო ბანერის ტექსტებს ვკითხულობთ.
50-წლიანი ისტორიის განმავლობაში მეტროს მგზავრების რაოდენობა მატულობს. მიზეზი მარტივია - ის ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი ტრანსპორტია.
მეტრო ის ადგილია, სადაც ყველანაირი ტიპის ადამიანს შეხვდებით. აქ სოციალური ბარიერები არ არსებობს.
მეტროში მგზავრები ბეიჯების გარეშე ჩადიან, თუმცა მათი ამოცნობა შესალებელია. დილის საათებში ძირითადად, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვხვდებით. ასევე, მათ, ვინც სამსახურში მიიჩქარის. დილის მეტრო ის ადგილია, სადაც ხშირად მოუსწრებელ საქმეებსაც ვაგვარებთ. სარკეში ვიხედებით, თმებს ვისწორებთ, სასწავლო მასალას ვიმეორებთ ან უბრალოდ წიგნს ვკითხლობთ, ვუსმენთ მუსიკას და ზოგჯერ, მგზავრებით ვერთობით.
ყველაზე ხალხმრავალ სადგურებში ცოცხალი მუსიკის მოსმენის საშუალებაც გვაქვს.
თუმცა, ხშირად მუსიკა მძიმე რეალობის ფონია. აქ ადამიანები შემწეობას ითხოვენ.
მეტრო ერთგვარი სოციალური ქსელია, სადაც ადამიანების ქცევას ვაკვირდებით. ღიმილი “მოწონებაა”, ხოლო კომუნიკაცია “გაზიარების” ფიზიკური გამოვლინება.
წინ შემდეგი სადგურია...

ფოტო: დავით ბანცაძე

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.