Loading

საქართველოზე შეყვარებული პოლონელი ფოტოგრაფი ინტერვიუ მაგდალენა კონიკთან

​წარმოშობით პოლონელი ფოტოგრაფი ახლა საქართველოში ცხოვრობს. ამბობს, რომ სიღნაღი მის მშობლიურ ქალაქად იქცა, ქვეყანამ კი, მიიღო და შეიყვარა. იმ წუთიდან, როდესაც საქართველო აღმოაჩინა, ბევრი აღარ უფიქრია, ხელში ფოტოაპარატი აიღო და მოგზაურობა დაიწყო.

თავდაპირველად საქართველოს ლანდშაფტის გადაღებით იყო გატაცებული, შემდეგ ბუნებასთან ერთად ხალხიც აღმოაჩინა და ფოტოებით, ისტორიის თხრობა დაიწყო.

​მაგდალენა კონიკი უკვე რამდენიმე წელიწადია საქართველოს გარშემო მოგზაურობს და ქართულ ყოფას ფოტოამბად გარდაქმნის. როგორია მისი ისტორია, ამაზე უკვე მასთან ჩაწერილი ინტერვიუ მოგვითხრობს.

მაგდალენა კონიკი
მაგდალენა კონიკი: ​საქართველოში ფრილანსერ ფოტოგრაფად ვმუშაობ, ქართული და პოლონური მედიისთვის. ასევე, მაქვს ბლოგი მოგზაურობის შესახებ, სადაც ძირითადად საქართველოზე ვწერ.

თქვენი პროფესიის ადამიანისათვის, რამდენად საინტერესოა საქართველოში მუშაობა?

- ქართველები ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია, როგორც წესი, მათ არ აქვთ ფოტოების გადაღების დროს პრობლემა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ფოტოგრაფი მათდამი პატივისცემას გამოხატავს. საქართველოში ფოტოების გადაღებით საშუალება მეძლევა დავაფიქსირო ქვეყნის განვითარება და მისი ახალი ისტორია. გარდა ადამიანების გადაღებისა, გატაცებული ვარ ლანდშაფტური ფოტოგრაფიით, საქართველო კი, ამ მხრივ ნამდვილი სამოთხეა.

​საქართველოში გადაღებული თქვენი ფოტოები შთამბეჭდავია, რა არის ინსპირაცია?

- ჩემი მასწავლებელი ყოველთვის მეუბნებოდა, გადამეღო ის, რაშიც ემოციას, სიყვარულს ვხედავდი და რითაც ჩემს სათქმელს გამოვხატავდი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ დავბადებულვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. ბუნებრივია, მხოლოდ კარგი გამოცდილება არ მაქვს, ცუდი მომენტებიც ყოფილა, თუმცა ბევრი ადამიანი დამხმარებია და ამას ძალიან ვაფასებ. საქართველოში ბევრ ადამიანს დავუახლოვდი, ისინი ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ. თავს დაცულად ვგრძნობ და მაქვს საშუალება სამუშაოზე უფრო კონცენტრირებული ვიყო. ინსპირაციას კი ყველაფრისგან ვღებულობ. საქართველოში ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ის განსხვავდება ჩემი ქვეყნისგან.

თქვენ ფოტოებით ამბებს გვიყვებით, ცდილობთ ჩვენი ქვეყნის კულტურა დააფიქსიროთ, როგორ იყო გზა თქვენს საბოლოო ნამუშევრამდე?

​- ფოტოგრაფია მეხმარება, გავიგო ის ღირებულებები, რაც ქართველ ხალხს აქვს. რაც უფრო მეტად ვეცნობი ახალ კულტურას, მით უფრო მეტად მიჩნდება სურვილი დავაფიქსირო ეს გამოცდილება დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში. პირველ წელს, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, ვცდილობდი ულამაზესი ბუნება დამეფიქსირებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ მეგობრები შევიძინე, დავიწყე თქვენი კულტურის შესწავლა, ვისწავლე ენა და ობიექტივი ადამიანებზე მივმართე, დავიწყე ფოტოებით ისტორიების თხრობა.

თქვენს საქართველოს გარშემო მოგზაურობთ და ადამიანებს ხვდებით, როგორია მათთან ურთიერთობა და ის ემოციები, რომელიც თქვენს ნამუშევრებს მოაქვს?

​- მე ვფიქრობ, რომ საქართველო მენტალურად ძალიან სწრაფად იცვლება, ეს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების დამსახურებაა. მე ვხედავ, რომ სულ უფრო ცოტა ადამიანია დაინტერესებული მთავარი საგანძურით, ეს ერის ტრადიციებია. ადამიანების უმრავლესობა ქალაქში ცხოვრებას ამჯობინებს და ადვილად ტოვებს მაღალმთიან ადგილებს, განვითარებადი ქვეყნისათვის ეს ჩვეულებრივი მომენტია. მე ვხედავ, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა ადგილობრივი ხალხი ნაკლებად ზრუნავს ტრადიციების შენარჩუნებაზე. თბილისში ხალხმა ცხოვრება ისე დაიწყო, როგორც ეს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში ხდება. შენ უნდა იცოდე, რა არის შენთვის კარგი, ევროპისკენ სწრაფვა კარგია, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს ვინ ხარ და რამდენად ამაყი უნდა იყო იმ ტრადიციებით, რომელიც გაქვს. ბევრი განვითარებადი ქვეყანა კარგავს ამ დიდ საგანძურს და ეს სამწუხაროა.

​რომელია თქვენი საყვარელი ადგილი საქართველოში, სადაც ყოველთვის გსურთ კამერის ხელში აღება და მუშაობა?

​- საქართველოში ​3 საყვარელი ადგილი მაქვს, სადაც ყოფნის შანს ყოველთვის ვიყენებ. მოდით, სულ ბოლოდან დავიწყოთ - თრუსოს ხეობა, სტეფანწმინდასთან ახლოს. ეს ადგილი ჩემთვის კავკასიის რეგიონში ყველაზე ლამაზი ხეობაა. შემდეგ მოდის სიღნაღი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვცხოვრობდი. წლის ნებისმიერ დროს, მისი არაჩვეულებრივი მდებარეობა, მას საქართველოს ყველაზე ლამაზ ქალაქად აქცევს. სიღნაღში ცხოვრების დროს მქონდა შანსი დავახლოვებოდი ადგილობრივ მოსახლეობას. მათი სტუმართმოყვარეობა და დახმარება არასდროს დამავიწყდება, როდესაც საქართველოში ვიქნები, ამ ქალაქში აუცილებლად დავბრუნდები. ჩემს სამეულში კი, პირველ ადგილს თუშეთი იკავებს - ყველაზე ველური ადგილი საქართველოს კავკასიაში. როდესაც თუშეთში ჩემს პროექტზე ვმუშაობდი, ხალხმა საშუალება მომცა ჩავღრმავებოდი მათ კულტურასა და ყოფას. მთაში ცხოვრება ადამიანებს აძლიერებს, ისინი ისეთი უცხო ადამიანისათვის, როგორიც მე ვიყავი, ოჯახის წევრები ხდებიან. ისინი პატივს სცემენ წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს და იზიარებენ ცუდსა და კარგ დღეებს. ჩემს გზაზე თუშეთში არაჩვეულებრივ ადამიანებს შევხვდი. რა ადგილასაც არ უნდა წავიდე მსოფლიოში, თუშეთი ყოველთვის მემახსოვრება. ის ხომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ადგილია.

სიღნაღი/მაგდალენა კონიკი
თუშეთი

​გაქვთ ისეთი ერთი ფოტო, რომელიც საქართველოს საუკეთესოდ ასახავს?

- მე არ შემიძლია ერთი ფოტოს არჩევა. საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, ამიტომ ერთი ფოტოთი ქვეყნის მთელ სურათს ვერ დახატავ.

​როგორია თქვენი გეგმები, აპირებთ საქართველოში ფოტოგადაღებების გაგრძელებას?

- მთელი ზაფხული თუშეთში გავატარე, დავაფიქსირე ადგილობრივების ტრადიციები და ყოველდღიური ყოფა, ახლა კი, წიგნის დასაწერად ვემზადები. წელს საქართველოში ოქტომბრამდე ვრჩები, გეგმაში მაქვს ვნახო ის ადგილები, რომელთა გაცნობა უკეთ მინდა და ამისთვის დრო მჭირდება. ამ წლის შემდეგ უკვე ცვლილებებზე დავიწყებ ფიქრს. საქართველოში ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდები, თუმცა მიზნად მაქვს, დავაფიქსირო ძველი, გადაშენების პირას მყოფი კულტურები. სამომავლოდ ჩრდილოეთ კავკასიას, ყირგიზეთსა და მონღოლეთს ვესტუმრები. საბოლოოდ კი, დრო მიჩვენებს, რომელ ბილიკს გავუყვები.

მაგდალენა კონიკის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოები
Created By
Giorgi Urushadze
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.