Loading

მე თბილისის რკინიგზის სადგურში ვმუშაობ იანა კორბეზაშვილი, JAMnews, თბილისი

თბილისის ცენტრალურ სადგურში ყოველდღიურად ასობით ადამიანი ირევა.

შენობას, რომელსაც გარშემო ბაზრობები და გარე მოვაჭრეების დახლები აკრავს, დიდი ასოებით აწერია - “თბილისი ცენტრალი”.

ეს მოდური სახელწოდება 2010 წელს გაჩნდა, როდესაც შენობა კაპირალურად გაარემონტეს და რკინიგზის სადგურთან ერთად აქ სავაჭრო ცენტრი გახსნეს. მანამდე აქაურობას უბრალოდ ვაგზალი ერქვა.

ეს თბილისის სადგურის სულ პირველი შენობაა, რომელიც 1872 წელს ააშენეს. პირველი მატარებელი აქედან ფოთის მიმართულებით დაიძრა.

შემდეგ იყო 1952 წელს აშენებული სტალინური ამპირი - დიდი კოლონებითა და წვეტოვანი გუმბათით. ფოტოგრაფ შაჰ აივაზოვის ეს ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივშია დაცული

1982 წელს კომუნისტებს თბილისის სადგურის ახალი შენობის მშენებლობა დაუწყიათ. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს პირველ წლებში ამისთვის, აბა, ვის ეცალა?

ბნელ და პირქუშ 90-იანებში ეს ადგილი თბილისის ცენტრალური არტერიად იქცა - გაყინულ, უფანჯრებო დერეფნებში აფხაზეთიდან დევნილებს ეძინათ; დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქისკენ მომავალ მატარებლებს ტომრებით დატვირთული ადამიანები მოყვებოდნენ. მანდარინს, თხილს, ბოსტნეულსა და სხვა სოფლის ნობათს ისინი აქვე, სადგურის მიდამოებში ყიდნენ, რომ ამ ორი კაპიკით ოჯახები ერჩინათ. ასე იქცა სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია დიდ და უზარმაზარ ბაზრად - 90-იანების საქართველოს სავიზიტო ბარათად.

ბორჯომის ვაგზალზე ბოლო მატარებელი 2010 წლის 15 თებერვალს შევიდა. მისი გაუქმების შემდეგ, პლატფორმები მოვაჭრეებმა დაიკავეს. აქ მხოლოდ ლიანდაგები დარჩა, რომელთა ირგვლივაც ბაზრობაა მოწყობილი. მოვაჭრეების უმეტესობას არც კი შეუნიშნავს, რომ შესასვლელის თავზე დღემდეა შემორჩენილი ქართულ-რუსული წარწერა -“ბორჯომის ვაგზალი”.

ეს უკვე დღევანდელი, გარემონტებული ცენტრალური ვაგზლის ფოიეა. ამ ჩანთებს 90-იანებში "ლტოლვილების ჩანთებსაც" ეძახდნენ - ნივთების გადატანის ყველაზე იაფიანი და ტევადი საშუალება იყო. როგორც ჩანს, ამ ჩანთებს აქტუალობა არც დღეს დაუკარგავთ.

მე თბილისის რკინიგზის სადგურში ვმუშაობ

თბილისის სადგურში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც 90-იანებიც ახსოვთ და უფრო ძველი დროც.

ვასილ ელიაშვილი, მემანქანე. 47 წლის

"რკინიგზაში 14 წლის ასაკში მოვხვდი. თავიდან მემანქანეს ვეხმარებოდი, 2000 წლიდან კი, თავად ვმართავ მატარებელს. ერთი წელია, ახალი, ორსართულიანი მატარებლის მძღოლად გადმომიყვანეს. ჩემი სამსახური თბილისსა და ბათუმს შორის გზაა. ამ გზაზე ყველა ბუჩქი ვიცი. ბათუმში რომ ჩავალ, სამი საათი შესვენება მაქვს, მერე უკან - თბილისში ვბრუნდები. 90-იან წლებში ამ მანძილის გავლას ზოგჯერ სამ დღეს ვანდომებდით - დაეცემოდა ძაბვა, გავჩერდებოდით შუა გზაში, სადმე ტყეში და მგზავრებთან ერთად ვიყინებოდით. ისიც კი არავინ იცოდა, როდის დავიძრებოდით. ისეთი დრო იყო, საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან იარაღიანი ხალხი დარბოდა. მატარებლით მხოლოდ მაშინ ვმგზავრობ, როცა მას ვმართავ. სხვა სამოგზაურო დრო არც მაქვს, სულ სამსახურში ვარ. თბილისი-ბათუმის მატარებელი ყოველ დღე, დღეში ორჯერ გადის. ზაფხულში ამას კიდევ 2 რეისი ემატება".

თბილისი-ნიქოზის მატარებლის მგზავრები. ეს მატარებელი შვიდის ოც წუთზე გადის
ანა რამიშვილი, 44 წლის. გამცილებელი

"უკვე მეცამეტე წელია აქ ვმუშაობ. 12 წელი გამცილებელი ვიყავი, წელს დააწინაურეს - მატარებლის უფროსი ვარ. მთელი ცხოვრებაა ყურში მატარებლის ხმა ჩამესმის - სამსახურამდეც, როგორც წესი მატარებლით მოვდივარ - მეტროთი.

ორთაჭალაში ვცხოვრობ. ქალაქის ტრანსპორტი ისეთი მოუწესრიგებელია, ხშირად, რამდენიმეს გამოცვლა მჭირდება. ზოგჯერ, რომ არ დავაგვიანო, ტაქსითაც წამოვსულვარ. ჩემი სამსახური ქალაქიდან ქალაქში მატარებლით მოგზაურობაა. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა თბილისიდან ბათუმამდე. ბათუმიდან იმავე დღეს ვბრუნდები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეისის გამო ბათუმში დარჩენა მომიხდა. მიყვარს ბათუმი და იქ სიამოვნებით ვსეირნობ".

გამცილებელი მემანქანეს ფარნით ანიშნებს, რომ ყველაფერი რიგზეა და უკვე შეიძლება მატარებელი დაიძრას.
მარი ინწკირველი, მოლარე

"ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებს ვაგროვებ. ყველა ცნობილ ადამიანს ვინც ჩემთან სალაროში ბილეთის საყიდლად მოვიდა, ხელი მოვაწერინე. წელს ჩემს კოლექციას ნინო ქათამაძის ავტოგრაფი შეემატა. ყოველ დღე დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე ვმუშაობ. უკვე 10 წელია, აქ ვარ. პირველი ნახევარსაათიანი შესვენება 10.45-ზე მაქვს. ამ დროს სასაუზმოდ გავრბივარ. მეორე, უფრო დიდ შესვენებას იმისთვის ვიყენებ, რომ შვილი სკოლიდან გამოვიყვანო და სახლში გავუშვა - ძალიან ვჩქარობ, რომ დროში ჩავეტიო. სკოლა სანზონაშია, ღრმაღელის სადგურამდე მეტროთი მივდივარ და სამსახურში მეტროთივე ვბრუნდები. და ყოველ დღე ასე".

ლადო ზამბახიძე, შემნახველი საკნის დარაჯი. 32 წლის

“ბარგის დატოვება 2 ლარი ღირს. ხუთი წელია უკვე აქ ვმუშაობ, დღეში საშუალოდ 20-მდე მგზავრი მოდის და ბარგს ტოვებს. ერთხელ ერთმა კაცმა დამიტოვა ბარგი და ერთი წელი არ მოაკითხა. სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა ბარგი ავიწყდებათ. ზოგი მოდის და ამბობს, ციხიდან ახლახან გამოვედი, გადახდის საშუალება არ მაქვსო - რა უნდა ვუთხრა? ასეთებს ჩანთებს უფასოდაც ვატან ხოლმე”.

სიმონ ბიწაძე, მემანქანე. 59 წლის

"ბორჯომში ვიყავი, მატარებელთან ვიდექი. მგზავრი მოვიდა და მეკითხება - ეს მატარებელი ამ მხარეს მიდის თუ იმ მხარესო? არადა, ცალ მხარეს ლიანდაგი მთავრდებოდა".

ბავშვი თბილისი-გარდაბნის მატარებელში
გურამ იმნაძე, ყოფილი რკინიგზელი. 80 წლის

"ხშირად მოვდივარ აქ, რომ მოვინახულო ჩემი ძველი მეგობარი - რკინიგზა. 1970 წელს ამიერკავკასიის მუშათა მომარაგების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. სურსათი დაგვქონდა. კარგი დრო იყო. ბევრი ამხანაგი მყავდა, მერე ყველანი დავიშალეთ. 90-იან წლებამდე ვიმუშავე. მერე სადღა იყო სატარებელი სურსათი."

Created By
JAMnews Tbilisi
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.